„განცხადებები, რასაც ვისმენთ, იგივე ელჩის მხრიდან, პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში ჩარევის მცდელობაა... უნდა მოვუწოდოთ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები“, - უთხრა ჟურნალისტებს მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, რომელიც ევროკავშირის ელჩს „ქართული ოცნების“ ბანერების უარყოფითი შეფასებისთვის აკრიტიკებს.
კალაძე ასევე ამბობს, რომ "ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე“.
ევროკავშირის ელჩმა 4 ოქტომბერს „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი“ უწოდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებს, რომლებზეც, ერთმანეთთან შესადარებლად, უკრაინის დაბომბილი ქალაქების შავ-თეთრი ფოტოები და საქართველოში მშვიდობიანი ცხოვრების ამსახველი ფერადი ფოტოებია აღბეჭდილი.
პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოსა და ევროკავშირში მშვიდობის შენარჩუნება „უკრაინელი ხალხის მსხვერპლის წყალობით“ გახდა შესაძლებელი და „ისინი [უკრაინელები] იმსახურებენ ჩვენს უკიდურეს პატივისცემას“.
ასევე ნახეთ „უარს ვამბობთ „ოცნების“ ამორალური ბანერების ეთერში გაშვებაზე, გვემუქრება ჯარიმები“ - სამი ტელეარხიპარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, სწორედ ელჩ ჰერჩინსკის შეფასებები დაედო საფუძვლად სამი ტელეკომპანიის [ფორმულა, მთავარი არხი, ტვ პირველი] გადაწყვეტილებას - არ დაუთმოს ეთერი „ქართული ოცნების“ საარჩევნო რეკლამას, სადაც სადავო ბანერებია გამოყენებული.
„ამ შემთხვევაში, ევროკავშირის ელჩის განცხადებამ გამოიწვია ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კანონის დარღვევა, მათ შორის გამოიწვია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული NGO-ების მხრიდან ამის გამართლება. ამიტომ, როგორი თამამიც იყო ევროკავშირის ელჩი ამ სარეკლამო რგოლის შეფასებაში, იმედია, ასევე თამამი იქნება ის საარჩევნო დარღვევის შეფასებაში და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არასამთავრობოების მხრიდან კანონდარღვევის გამართლების დაგმობაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ კვლავ გააკრიტიკა აშშ-ც - ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნებისთვის დაწესებული საფინანსო სანქციების გამო და თქვა, რომ "ვერავინ გარედან საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა მართლმსაჯულების მხრივ".
„ვერავინ ვერ ნახა მათ [სანქცირებულების] წინააღმდეგ წამოყენებული პრეტენზიების მტკიცებულება, მათ არ მიეცათ სამართლიანი სასამართლოს უფლება, მათ არ მიეცათ დაცვის უფლება. არცერთი რაიმე ფაქტი ან პრეტენზია, თუკი აქვს აშშ-ს, გასაჯაროებული არ იქნა. ამიტომ, ეს იყო ტიპური დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს... აშშ-ში, ჩვენ ინგლისურად კი გვქვია „ჯორჯია“, მაგრამ ჩვენ არ ვართ აშშ-ის შტატი ჯორჯია“, - აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე.
ასევე ნახეთ კობახიძის თქმით, აშშ-სგან დამატებითი ნაბიჯების შემთხვევაში მოუწევთ პოზიციების გადახედვააშშ-მა საფინანსო სანქციები 14 სექტემბერს დაუწესა საქართველოს ოთხ მოქალაქეს: განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს - ზვიად ხარაზიშვილს, მის მოადგილე - მილერი ლაგაზაურს და ასევე ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი პრორუსული პოლიტიკური ჯგუფის - „კონსერვატიული მოძრაობის“, იგივე „ალტ-ინფოს“ ლიდერებს - კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს.
გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ორ ეტაპად, სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს 100-მდე მოქალაქეს, მათ შორის - ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებს. გვარები არ გასაჯაროებულა.