„ჩვენ შეიძლება ოსური დაგვავიწყდეს“ - გამოკითხვა ცხინვალში

ცხინვალი

15 მაისი ოსური ენის დღეა. იუნესკომ ოსური გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფ ენებს შორის დაასახელა. „ეხო კავკაზამ“ ცხინვალელებს ჰკითხა, თუ რომელ ენაზე ლაპარაკობენ უმეტესად და მიაჩნიათ თუ არა, რომ ოსური მართლაც გაქრება.

აზა: „რუსულად და ოსურად ერთნაირად ვლაპარაკობ. სამსახურში, რა თქმა უნდა, უფრო რუსულად, მაგრამ ხანდახან სტუდენტები მთხოვენ: „შეძლება ოსურად გიპასუხოთ?“ ამ დროს ვეუბნები, რომ ქულასაც კი დავუმატებ. სახლში ვცდილობთ მშობლიურ ენაზე ვისაუბროთ, მით უფრო, რომ ჩემი ნაცნობებიც ოსურად ლაპარაკობენ.

მეც მგონია, რომ ოსური ენა შესაძლოა გაქრეს. ხშირად მესმის, რომ ბავშვები ერთმანეთში რუსულად ლაპარაკობენ. როცა ჩხუბობენ და ილანძღებიან, მაშინაც რუსულზე გადადიან. მგონია, რუსულად უფრო უადვილდებათ, თუმცა, მშობლიური ენაც იციან“.

მარინა: „ვცდილობთ ოსურად ვილაპარაკოთ. ეს თემა სამხრეთ ოსეთისთვის ძალიან აქტუალურია. არ მესმის იმ ოსების, ოსური რომ არ იციან. ჩემი გოგო აქაური არ არის, სკოლაში და ბაღში ვლადიკავკაზში დადიოდა. მაგრამ ახლა მოვთხოვეთ, ოსური ისწავლოს. მის გამო სახლში მხოლოდ ოსურად ვსაუბრობთ. ოსური ენა საფრთხეშია. თუ მშობლები არ შეეცდებიან, შვილები პროფილურ უმაღლეს სასწავლებლებში გაუშვან, ოსური ენა შეიძლება დავიწყებას მიეცეს. თუ ოჯახებში პატრიოტები არ იქნენ, როგორც ერი დავიკარგებით“.

რიმა: „სახლში ოსურად ვლაპარაკობ. სამსახურში რუსულად მიწევს ურთიერთობა, რადგან საქმისწარმოება რუსულად არის. ზოგ მეგობარს რუსულად ველაპარაკები, რადგან ისინი ჩრდილოეთ ოსეთში ცხოვრობენ. იგივე შემიძლია ვთქვა იქაურ ნათესავებზეც. აქაურებთან ოსურად ვლაპარაკობ. ოსური ენა გადაშენების საფრთხის ქვეშაა. ამაზე განგაში უნდა ავტეხოთ“.

არინა: „ჩემი და ჩემი მშობლების თაობა ძირითადად ოსურად ლაპარაკობს. სანამ სასწავლებლად რუსეთში არ წავედი, არც შემიმჩნევია რამდენად ხშირად ვსაუბრობ მშობლიურ ენაზე. პატარა ბავშვები, სკოლის და სკოლამდელი ასაკისები, შეცდომებით, მაგრამ რუსულად ლაპარაკობენ. მგონია, რომ მხარდაჭერაა აუცილებელი. ჩვენი ენა საფრთხეშია. ჩვენს ენას მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს“.

ალინა: „უფრო რუსულად ვლაპარაკობ, ქუჩაშიც და სამსახურშიც. ბავშვებს ოსურადაც ველაპარაკები და რუსულადაც. მათ ოსური ურჩევნიათ. მე ბავშვობიდან რუსულად ვსაუბრობდი და შეიძლება ითქვას, ოსურად ლაპარაკს ბავშვებმა შემაჩვიეს. ერთხელ უფროსმა შვილმა შენიშვნაც კი მომცა, უფრო სწორად, მკითხა: „დედა, შენ რა, რუსი ხარ?“ სამი ბიჭი მყავს, ისინი ქუჩაში ოსურად ლაპარაკობენ. ჩემს მეგობრებსაც ოსურად ელაპარაკებიან, მეზობლებსაც. ისიც კი შევამჩნიე, რომ მეგობრების თანდასწრებით მეც ოსურად მელაპარაკებიან. მათთვის ოსურად ლაპარაკი უფრო ფასეულია. სკოლაში საკმარისი საათებია ოსური ენის, პედაგოგებიც მოწადინებულები არიან. ბავშვებს ოსური უყვართ. თუ სკოლებში ყოველთვის ასწავლიან ოსურს... დაე, ყველა ენა ისწავლონ, ყველას აითვისებენ, ოსურსაც, რუსულსაც, ინგლისურსაც“.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებუ რესპუბლიკებში.