5 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიების წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ბაზებში შეიყვანენ მოსამართლეებსაც, რომლებიც საქმეებს არაობიექტურად განიხილავენ.
„ლელოს“ წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა განმარტა, რომ მოხდება საქმის მასალების დეტალური დოკუმენტირება და ყველა დამნაშავე აგებს პასუხს, ხოლო დაზარალებულებს შესთავაზებენ „სწრაფ და კვალიფიციურ“ სამართლებრივ დახმარებას იმისთვის, რომ „გაუმკლავდნენ არალეგიტიმური რეჟიმის ზეწოლას“.
„ამ მასალებს [რეესტრს] გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დადგეს თითოეული მოძალადის საერთაშორისო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომელსაც ისინი ვერ გაექცევიან ვერსად. არ დავტოვებთ არცერთ საერთაშორისო მექანიზმს, მათ შორის - საერთაშორისო სასამართლოებს, სადაც არ წავიღებთ დაზარალებულების სახელით საქმეებს“, - აცხადებს ნაცვლიშვილი.
ასევე ნახეთ „ვერ ვხვდები, როგორ გადავრჩით“ - როცა პოლიცია გაზის კაფსულებს გესვრის და ჭყლეტაში ხვდები
როგორ მოხდება კონკრეტული საქმეების, დაზარალებული პირების მოძიება?
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ იმუშავებს სპეციალური ჯგუფი, რომლის მიზანი იქნება დაზარალებულების იდენტიფიცირება, მოძიება და მათ შესახებ ინფორმაციის შეგროვება. ასევე, შესაძლებელია, რომ დაზარალებულებმა მიმართონ ოპოზიციურ პარტიებს.
დაზარალებულებში გულისხმობენ ყველა იმ ადამიანს, ვინც სხვადასხვა ფორმით დაზარალდა ბოლო პერიოდში, პროევროპული მანიფესტაციების მსვლელობისას, მათ წინააღმდეგ საპოლიციო სისტემის მოქმედებების შედეგად. - მიუხედავად იმისა, იყო თუ არა კონკრეტული დაზარალებული პირი დაკავებული.
პოლიტიკური ჯგუფის „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლის, თენგო თევზაძის თქმით, რეესტრში შეყვანილი მოძალადეების [სპეცრაზმელების, გამომძიებლებისა თუ მოსამართლეების] შესახებ განახლებულ ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდიან საზოგადოებას. თევზაძე მოუწოდებს იურისტებს, ადვოკატებს, რომ ჩაერთონ დაზარალებულთა სამართლებრივი დაცვის პროცესში. „ყველას ეცოდინება, თუ ვინ დაზარალდა ამ რეჟიმის მიერ და ასევე, ვინ არიან მოძალადეები“, - აცხადებს თევზაძე.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, თამარ კორძაია მნიშვნელოვნად თვლის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ, ძალადობის ფაქტების ჭრილში, გაითვალისწინოს სამი კომპონენტი:
1. ჟურნალისტების, ფოტოგრაფებისა და ოპერატორების მიმართ მოპყრობა - რაც არის „მიზანმიმართული დევნა“ და ამ ეტაპზე აღრიცხულია 72 დაზარალებული სწორედ მედიასფეროდან;
2. სასტიკი ძალადობა ე.წ. ბუფერულ ზონებში - ადამიანებს „სცემენ დაკავების შემდეგ, მანქანებში… შემდეგ აყალბებენ დოკუმენტაციას და ადამიანებს აწერინებენ ხელს, რომ თითქოს დაკავებისას მიიღეს ეს დაზიანებები“.
3. ჩხრეკა პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციების ოფისებში - „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სრული იგნორირებით“, „არ არის წარმოდგენილი სასამართლოს დადგენილება და ჩხრეკაზე არ უშვებენ ადვოკატებს, უფლებამოსილ პირებს“.
„გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ზაზა თავაძე აცხადებს, რომ „ივანიშვილმა საქართველოში ჩამოაყალიბა ცალსახად რეპრესიული რეჟიმი, პოლიციური სახელმწიფო“, სადაც მასობრივად ირღვევა ადამიანის უფლებები.
„ყოველ ღამით ხდება ადამიანების [მომიტინგეების] წამება, მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობა. სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის დარღვევა. ასევე ჩვენ ვხედავთ, რომ ირღვევა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი, რომელიც ცალსახად კრძალავს წამებას და არაადამიანურ მოპყრობას“, - თავაძე დასძენს, რომ დანაშაული, რომელიც „ივანიშვილის წახალისებით“ ხდება, „არ დარჩება დაუსჯელი“ და დამნაშავეები დაისჯებიან „როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“.
ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომლებმაც ცესკოს მონაცემებით საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი გადალახეს, ერთობლივი საინფორმაციო ცენტრის შექმნის შესახებ 4 დეკემბერს გამოაცხადა.
პარტიებმა ერთობლივი განცხადებაც გამოაქვეყნეს. ტექსტშია ორი მოთხოვნა: პოლიტპატიმრების გათავისუფლება და მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და ასევე - ხელახალი არჩევნების დანიშვნა და ჩატარება, დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციისა და სამართალდამცავი უწყებების პოლიტიკური ნეიტრალობის პირობებში.
ასევე ნახეთ „მთავარი“ იმ სპეცრაზმელთა სიას აქვეყნებს, რომლებიც, ტელეკომპანიის თქმით, დემონსტრანტებს უსწორდებიან