Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი


ფოტოილუსტრაცია:მთარგმნელი დათა ხარაიშვილი
ფოტოილუსტრაცია:მთარგმნელი დათა ხარაიშვილი

"წამებაა დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა", - ასე აფასებს სახალხო დამცველი პროევროპულ აქციებზე დაკავებულების და ნაცემების წინააღმდეგ გამოყენებულ არაპროპორციულ ძალას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, პოლიცია დანაშაულს სჩადის.

რადიო თავისუფლება განაგრძობს იმ ადამიანების ისტორიების შეგროვებას, რომლებიც აქციაზე წავიდნენ და იქიდან სახლის ნაცვლად იზოლატორებსა და კლინიკებში აღმოჩნდნენ.

დათა ხარაიშვილი 3 დეკემბრის ღამეს, 12-დან პირველ საათამდე მონაკვეთში, ბესიკისა და შევჩენკოს ქუჩების კვეთაზე დააკავეს

დათა ხარაიშვილი მთარგმნელია. 3 დეკემბრის ღამეს, როცა დააკავეს, მარტო იყო პარლამენტის შენობის სიახლოვეს. მასთან ინტერვიუ ჩვენ ინგოროყვას კლინიკაში ჩავწერეთ. პალატაში, სადაც გამთენიისას შეიყვანეს, აქციაზე დაკავებული და ნაცემი კიდევ 4 ადამიანი წევს. სანამ დათა თავისი ამბის მოყოლას დაიწყებს, მასთან ერთად მყოფ ადამიანებს ბოდიშს უხდის, რომ ამ ისტორიის მოსმენა კიდევ ერთხელ მოუწევთ.

"მარტო ჩავდიოდი პარლამენტის ზემოთ ქუჩებიდან რუსთაველისკენ. ბესიკის ქუჩაზე დაახლოებით ასამდე დემონსტრანტი იყო და ხაზზე დამდგარი სპეცრაზმი. ბესიკის ქუჩაზე შუამდეც არ ვიყავი მისული, როცა ზემოდან გამოიქცა ხალხი, სპეცრაზმი მოსდევდათ. ქვემოთ ჩამოსვლას ვარჩიე, ისევ შევჩენკოს ქუჩაზე ამერბინა.

ამ სირბილის დროს ტელეფონი დამივარდა. მოვტრიალდი, რომ ეს ამეღო და მანდ მომხვდა დახრილს პირველად ფეხი სახეში.

მომცვივდნენ სპეცრაზმელები, ეს იყო ე.წ. ხარებას სპეცრაზმი, ნიღბები ეკეთათ, აღჭურვილობა არ ჰქონდათ. დამიჭირეს თუ არა, ეგრევე დამიწყეს გინება. ორი მომათრევდა, ხელიდან გამომგლიჯეს ეგრევე ტელეფონი, საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერის მომენტშივე", - იწყებს დათა საკუთარი დაკავების ამბის მოყოლას. ამის შემდეგ ის ცემას, ლანძღვასა და დამცირებას გამოივლის. დათა იმ დაკავებულთა შორის აღმოჩნდა, ვისაც ფიზიკურად ე.წ. დაკავების მანქანაში, ანუ პოლიციის მინივენში გაუსწორდნენ.

"მარშუტკის კარი რო გააღეს, იქ ერთი ადამიანი იჯდა, რომელსაც სპეცრაზმელი საშინლად ურტყამდა და თან უშვერი სიტყვებით აგინებდა, "ამოიღე ხმაო". ის ადამიანი აღმოჩნდა მუნჯი. ვიღაცამ სპეცრაზმელებიდან უთხრა ამ კაცს, მგონი მუნჯია, გაანებე თავიო, ერთი მაგისიცო და ის არ ეშვებოდა, ამოიღოს ხმა, აქ რომ არის, აბა, როგორ უნდაო.

მე რომ შემაგდეს, მერე უკვე მე მომიტრიალდნენ. პერიოდულად კარი იღებოდა, ორი-სამი გაბრაზებული კაცი ამოცვივდებოდა და გვირტყამდნენ ხელებს, ფეხებს, იძახდნენ სახეში არ დაარტყაო და მაინც სულ სახეში გვირტყამდნენ", - გვიყვება დათა. ახალგაზრდა კაცი, რომელიც მას მინივენში დახვდა, ახლა მის გვერდითა პალატაში წევს მძიმე ტრავმებით. დათა ამბობს, რომ ამ ეტაპზე რთული სათქმელია, რამდენად მძიმედ დაუშავდა ერთი თვალი, რომელსაც ჯერ ვერ ახელს.

ახალგაზრდა კაცს სმენის პრობლემებით, ტრავმები აქვს სახეზე
ახალგაზრდა კაცს სმენის პრობლემებით, ტრავმები აქვს სახეზე

არასამთავრობო ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" კლინიკაში მისი მონახულების შემდეგ დაწერა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დ.ა. იმ დროს, როცა მას ნიღბიანი ადამიანები დაესხნენ თავს, აქციაზე არ იმყოფებოდა.

„[სახლში მიდიოდა, როდესაც] კორპუსებიდან გამოცვივდნენ აქციის მონაწილეთა ანგარიშსწორებისთვის სპეციალურად დამალული სპეცრაზმის თანამშრომლები და სასტიკად გაუსწორდნენ. განსაკუთრებულ სისასტიკეს წარმოადგენს ყრუ ადამიანზე ვერაგულად თავდასხმა, რადგან დ.ა.-ს არ ჰქონდა შესაძლებლობა გაეგო მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ან გაქცეულიყო უსაფრთხო ადგილას".

დათას ამ დღეს უცნობ დემონსტრანტებსა და ნიღბიან სპეცრაზმელებთან ერთად "ნაცნობებიც" შეხვდნენ.

"ხარება დავინახე, ამ ყველაფერს [მინივენებში ადამიანების ცემას - რ.თ.] ვიდეოზე იწერდა, გადაღებულ კარში იდგა, გვაგინებდა, ირონიულად იცინოდა და იძახდა "აბა, ახლა შეაგინეთ ხარებას", "ახლა გაუღიმეთ კამერას"... დაკავებულები სულ გვემატებოდა, ერთი ადამიანი ვიცანი, მსახიობია, ფილმი როა, "მანდარინები", იქ თამაშობს, "გიორგი ნაკაშიძე ვარ, ვერ მიცანითო", იძახდა, მაგრამ ეგეც "გაატარეს".

"ეს გაატარეთო" რომ იძახდნენ, ეს ნიშნავდა, ეს ცემეთო; ამ მინივენების უკან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იდგნენ, ამ ყველაფერს უყურებდნენ და შეიძლება იმას ვერ ხედავდნენ, როგორ სცემდნენ სპეცრაზმელები ადამიანებს, მაგრამ ამ ნაცემი ადამიანების ყვირილი შეუძლებელია არ გაეგოთ", - გვიყვება დათა და კიდევ ერთ პერსონაჟს იხსენებს.

"ერთი ტიპი იყო, ასე 30 წლამდე, რომელსაც ყველაზე ნაკლები მოხვდა, "ქურდებს სიცოცხლეო" იძახდა რუსულად და ქართულად, რაღაცნაირი პატივისცემა გამოიწვია მათ შორის".

იმ მანქანაში, სადაც აქციის მონაწილეებს აგროვებდნენ და სცემდნენ, დათას მონათხრობის მიხედვით, დაახლოებით 40 წუთი დააყოვნეს - ამ პერიოდში 6-7 ადამიანი სპეცრაზმელებმა პოლიციის ეკიპაჟებს გადასცეს სამმართველოში გადასაყვანად.

"სპეცრაზმელებიც და კრიმინალური პოლიციაც ხშირად იმეორებდნენ "ქართული ოცნების" პროპაგანდას, რომ ომი გვინდა. ერთმა სპეცრაზმელმა მკითხა, ჯარში თუ ვიყავი ნამყოფი, რომ ვუთხარი რო არა, კიდევ მცემეს - აბა, როგორ აპირებ ბრძოლასო. აქცენტი სულ მაგაზე ქონდათ, რომ აგენტები ვართ, ვიღაცის მართული, მტრები - მაგათი იდეოლოგების პირიდან რაც ისმის, იგივეს იმეორებდნენ და დამატებით გვცემდნენ.

დიღმის მასივშიც კრიმპოლის თანამშრომლები მეუბნებოდნენ, ევროპაში თუ ხარ ნამყოფი, თუ იცი, იქ კრიმინალი რა დონეზეაო, რაღაც რუსული პროპაგანდის მსგავსი სისულელეები. რილსებს სქროლავდნენ, აქციის კადრები თუ ამოვარდებოდა, დასცინოდნენ ამ ხალხს", - იხსენებს დათა.

წინასწარი დაკავების იზოლატორში შესახლებამდე ექიმმა გასინჯა და მკაფიოდ თქვა - კლინიკაშია დაუყოვნებლივ გადასაყვანიო.

"პოლიციელებს ეგ ძალიან არ მოეწონათ, გამომიყვანეს იმ ოთახიდან, მერე ისევ შემიყვანეს, ხელახლა გამიკეთეს შემოწმება ტვინის შერყევაზე და ბოლოს თქვეს, კაი, გადავიყვანოთ კლინიკაშიო.

ტვინის შერყევის გარდა ცხვირი მაქვს გატეხილი, თვალთანაც დაზიანება მაქვს, მაგრამ მხედველობა არ დამზიანებია. თავსა და სხეულზე დალურჯებები და ჰემატომები მაქვს, აქ ვინც არის, თითქმის ყველას აქვს "მარშუტკების გამოცდილება".

დათამ კლინიკაში, ყველაზე ცოტა, 48 საათი უნდა გაატაროს. იქიდან გამოსვლის შემდეგ შეეცდება მოძებნოს ტელეფონი და სხვა პირადი ნივთები, რაც სპეცრაზმის წევრებმა დაკავებისას "გააქრეს" - ახლა მეგობრის ტელეფონით რეკავს, ახლობლებს კი მისი ნახვა ვიზიტორებისთვის გამოყოფილ საათებში შეუძლიათ.

ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები

რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:

"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფოიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი

თბილისსა და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2028 წლამდე შეწყვიტა ქვეყნის ევროინტეგრაცია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG