12 მაისს, ონის კასკადის მშენებლობის თაობაზე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, სს "ონის კასკადმა: ვრცელი განმარტებითი განცხადება გაავრცელა: ჩამოთვლილ პუნქტებში უარყვეს ყველაფერი, რაც ონის ჰესთან დაკავშირებით მედიაში აქამდე ვრცელდებოდა.
კერძოდ, მასში წერია, რომ არ არის სიმართლე ის, რომ ონში ჰესის აშენებას 25 ჰექტარი ტყის მასივი შეეწირება და ადგილობრივი ეკოსისტემა გადადგურდება.
მათი განცხადებით, მოიჭრება მხოლოდ 1,064 მ³ მერქნული რესურსი, რომელიც ძირითადად მოიცავს მდინარე რიონის ხეობაში და ჭალებში არსებულ მცენარეებს (მაგ. თხმელას), „რასაც მდინარე რიონი ადიდების დროს ისედაც აზიანებს. ონის რაიონში წელიწადში იჭრება დაახლოებით 5,000-მდე მ³ ხე გათბობის მიზნით“.
სს "ონის კასკადმა: უარყო ინფორმაცია, რომ გვირაბები, რომელშიც რიონი უნდა მოექცეს, სოფლების თავზე გავა და რომ მთებს ააფეთქებენ - მათივე განმარტებით, გვირაბების 97%-ს გაიყვანენ „მსოფლიოში აპრობირებული და საქართველოში არაერთხელ გამოცდილი გვირაბგამყვანი მანქანით (TBM) დასახლებული პუნქტებიდან საშუალოდ 2 კმ-ის მოშორებით, რომელიც არ გულისხმობს აფეთქებას და ვიბრაციას“.
ამავე განცხადებაში პროექტის განმახორციელებელი კომპანია წერს, რომ ონის კასკადის მშენებლობა ცალსახად გათვლილია მაღალ სეისმურობაზე და რომ გაკეთებულია დეტალური სეისმური კვლევაც, კერძოდ, წამყვანი ევროპული კომპანიის Studer Engineering GmbH მიერ.
„ამ კვლევაზე დაყრდნობით მომზადებულია დადებითი დასკვნა საქართველოში აკრედიტებული გეოფიზიკის ასოციაციის მიერ, სადაც ჩართულები იყვნენ წამყვანი პროფესორები. კვლევა თავისი დასკვნით ხელმისაწვდომი იყო და არის საჯაროდ, გზშ დოკუმენტის დანართის სახით. ეს დოკუმენტაცია ასევე შესწავლილია სახელმწიფოს მიერ. ასევე, სათავე ნაგებობასთან, 8 მეტრი სიმაღლის კაშხალში დაგროვილი წყალი ძალიან მცირეა (35,600 მ³) და ონს საფრთხეს საერთოდ არ უქმნის“.
აქ სს "ონის კასკადს" არგუმენტად ის მოჰყავს, რომ მაღალი სეისმურობის ზონაში, საქართველოში, უკვე აშენებულია არაერთი მნიშვნელოვანი ჰესი, მათ შორის, ასახელებს შაორისა და ლაჯანურის ჰესებს თავისი წყალსაცავებით და წერს:
„არცერთ ჰესს ზარალი არ მოუტანია, არც გარემოსთვის და არც ადგილობრივი მოსახლეობისთვის 1991 წელს მომხდარი მძლავრი მიწისძვრის დროს“.
რიონი არ დაშრება და ონი უდაბნოდ არ გადაიქცევა - ვკითხულობთ სს ონის კასკადის განცხადებაში. არგუმენტი ასეთია:
ორივე ჰესის სათავე ნაგებობასთან მდინარე რიონიდან წყლის ნაწილს აიღებენ. დარჩენილ წყალს ასევე ემატება რიონის უამრავი შენაკადის ჰიდრო რესურსი, რაც საერთო ჯამში საკმარისზე მეტია წყალმცირობის პერიოდში, ზამთარში ადგილობრივი ფლორის და ფაუნის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის.
წყალუხვობის პერიოდში (გაზაფხული-შემოდგომა), ჰესის მიერ აღებული წყალი თითქმის შეუმჩნეველიც კი იქნება იმდენად ბევრი წყალი მოდის ბუნებრივად მდინარეში.
შემდეგი საკითხი მეწყერსაშიში ზონებია. აქაც ონის კასკადი სიცრუეს უწოდებს იმას, რომ პროექტის გეოლოგია მხოლოდ აეროფოტოს გადაღების საშუალებით გაკეთდა და პროექტი უარყოფითად იმოქმედებს აქტიურ მეწყრულ უბნებზე.
„სამჯერ ჩატარდა დეტალური გეოლოგიური კვლევები, გაიბურღა ყველა მნიშვნელოვანი ადგილი და გაკეთდა ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა. შესწავლილი იქნა პროექტის გავლენის ზონაში არსებული ყველა მეწყრული უბანი და დადგენილ იქნა, რომ პროექტის განხორციელება გამორიცხავს რაიმე სახის უარყოფით გავლენას გეოლოგიურ პროცესებზე. არსებული პროექტის დამუშავება მინდინარეობდა თითქმის 5 წლის მანძილზე. აღნიშნული კვლევები მუდმივად საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო საჯარო განხილვის პერიოდში“.
შემდეგ მოდის მინერალური წყაროების ბედი სოფელ უწერაში. ამ წყლების გაქრობის საფრთხეზე ლაპარაკობენ სწორედ გარემოსდამცველები.
სს ონის კასკადი პასუხობს:
„ ჩატარებული ჰიდროგეოლოგიური კვლევების საფუძველზე და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ონი 1 ჰესის გვირაბი სოფ. უწერიდან დაშორებულია 2.4 კმ-ით, მინიმუმამდეა დაყვანილი მინერალურ წყლებზე პროექტის უარყოფითი ზემოქმედება. შესწავლილია და აღრიცხულია ყველა მინერალური თუ სასმელი წყლის გამოვლინება. მშენებლობის და ოპერირების დროს მოხდება მინერალური და სასმელი წყლების დეტალური მონიტორინგი, რომელსაც ასევე მკაცრად გააკონტროლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. შესაბამისად, მინერალური წყლების დაკარგვის საფრთხე პრაქტიკულად გამორიცხულია“.
ამ დეტალური განმარტებების შემდეგ კი სს ონის კასკადი წერს, რომ პროექტს ძირითადად ის ექსპერტები აკრიტიკებენ, ვისაც მათთვის არც ერთხელ მიუმართავთ არც შენიშვნით და არც კითხვით.
კომპანიამ ასევე ყველას მოუწოდა თავი შეიკავონ ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ტარიფის თემით სპეკულირებისგან - მათი სიტყვებით, ამ საკითხთზე დღეს მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და „ონის ჰესების კასკადის პროექტის საბოლოო ტარიფი, უახლოეს მომავალში, მშენებლობის ნებართვის პირობებთან ერთად გასაჯაროვდება“.
რამდენიმე ცნობა ონის ჰესების შესახებ
- „ონის ჰესების კასკადის პროექტი“ ორ ჰესს მოიცავს - ონი 1 ჰესს და ონი 2 ჰესს.
- პროექტის ჯამური დადგმული სიმძლავრეა 206.1 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის დაგეგმილი საშუალო წლიური გამომუშავებაა 780 მლნ კვტ.სთ, რაც საქართველოს ელექტროენერგიის წლიური მოხმარების 6%-ზე მეტია.
- პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობაა $330 მილიონი აშშ დოლარი.
- „საქართველოს თანაინვესტირების ფონდი“ პროექტის 10% -იანი წილის მფლობელია, ხოლო 90%-იანი წილი კომპანიას, შპს „ფერის“ ეკუთვნის.
კრიტიკას, რომ პროექტს არ იქნება პოზიტიური გავლენა და სოციალ-ეკონომიკური სარგებელი, სს ონის კასკადი განცხადების ბოლოს ასევე პუნქტობრივად პასუხონს და სარგებელს შორის რამდენიმე ფაქტორს ჩამოთვლის:
• ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებას;
• ზამთრის პერიოდში რამდენიმე ასეული მილიონი კვტ.სთ-ით შემცირებული ელექტროენერგიის იმპორტს;
• ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ყოველწლიურად გადახდილი ქონების გადასახადი, რაც შეადგენს განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობის 1%-ს;
• მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე 300-400 ადგილობრივი მოსახლის დასაქმებას; ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მუდმივად 100-150 ადგილობრივი მოსახლის დასაქმებას;
ჩამონათვალში კიდევ არის ის, რომ გაიზრდება მოთხოვნა საოჯახო ტიპის სასტუმროებზე, გაუმჯობესდება ონის ინფრასტრუქტურა და ა.შ.
ასევე ნახეთ „თუ იქნება ჰესი, არ იქნება მდინარე“: ონში ჰესის მშენებლობას გარემოს დაცვის სამინისტრომ მწვანე შუქი აუნთოდა მაინც „არა ონის კასკადს“
ამ „არას“ იმეორებენ ონის ჰესების მოწინააღმდეგე მოძრაობის წევრები, აქტივისტები, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილიც.
„არა ონის კასკადს“ სარჩელის მომზადების პროცესშია - ისინი გეგმავენ სასამართლოში იდაონ და ასე შეუშალონ ხელი პროცესს.
მოძრაობის ერთ-ერთმა აქტიური წევრმა, თათა მეტრეველმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე რაჭაში საპროტესტო აქცია დაიგეგმება.
მოძრაობის ფეისბუკგვერდზე ბოლო დღეების განმავლობაში ონის კასკადის საწინააღმდეგო არაერთი უარყოფითი გამოხმაურება დაიწერა.
ასევე ნახეთ რატომ „არა“ რაჭაში ჰესის აშენებას? სამი მოსაზრებავინ რას ფიქრობს ონის ჰესსზე რაჭაში?
ონში ჰესის აშენებას რაჭის სათემო ორგანიზაციაც ეწინააღმდეგება. მისი ერთ-ერთი წევრი, ეთო არსანიძე ამბობს, რომ საგანგებო მდგომარების დასრულების შემდეგ სათემო ორგანიზაციაც გეგმავს ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს და მათ ინფორმირებას იმის თაობაზე, თუ რა საფრთხეები შეიძლება რაჭას შეექმნას.
ის საზოგადოებას სამ ნაწილად ყოფს - ერთი ჯგუფი, ვინც პროექტს იცნობს და ჰესების მშენებლობას კატეგორიურად ეწინააღმდეგება - ეს ძირითადად რაჭიდან წასული რაჭველები არიან.
მეორე ჯგუფია, ვინც ეთოს თქმით ნახეს ლამაზად შეფუთული პროექტის ანიმაცია - „მულტფილმი“, როგორც მას ეთო არსანიძ უწოდებს, რომელშიც ამ პროექტის სიკეთეებზე იყო მხოლოდ საუბარი და ამ ხალხს მოლოდინიც ასეთი აქვს, ანუ მომხრეა ჰესის მშენებლობის.
და მესამე ჯგუფი, ხალხი, ვინც ადგილზე ცხოვრობს, იმ სოფლებში, რომლის ახლოსაც ჰესები შენდება და ვისაც, სავარაუდოდ, ყველაზე მეტად შეეხება ეს პროცესი. მათ დეტალები არ იციან, როგორც ეთო არსანიძე ამბობს და სწორედ ამ ხალხთან ლაპარაკს გეგმავენ.
ჰესის მხარდამჭერები
საქართველოში მცირე ჰესების მშენებლობის საინფორმაციო მხარდაჭერი არის არის გამოცემა "ქრონიკა +", რომელიც ასევე ემხრობა ონში ჰესის აშენებას.
სწორედ ამ გამოცემის რედაქტორმა ელისო კილაძემ დაწერა ფეისბუკში ღია პოსტი ონის კასკადზე ტელეკომოანია „მთავარში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ, რომელშიც კილაძე წერდა, რომ საქართველოში ჰესების აშენება მხოლოდ რუსეთს არ აწყობს და რომ მშენებლობის პროცესში „არც რიონი გუბდება, არც ტყე იჩეხება, არც ფერდობი ფეთქდება“.
ჰესების მშენებლობის მხარდაჭერის მთავარ არგუმენტად კი ელისო კილაძემ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა დაასახელა - მისი თქმით, ჰესების წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია სწორედ ამ მიზანს უთხრის ძირს.
„რაც შეეხება გავრცელებულ აზრს, რომ თითქოს ამ პროექტის უკან ივანიშვილი დგას, თუ ის წყვეტს ამ ამბავს ასე ერთპიროვნულად, მაშინ რა საჭირო იყო ასე ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცესი და ნაბიჯ-ნაბიჯ ნებართვების მოპოვება? ერთი სატელეფონო ზარით შეიძლებოდა ამ პრობლემის გადაწყვეტა. მე მგონია, რომ ის, რაც ონის ჰესის გარშმო ხდება არის უბრალოდ პოლიტიკუსი პროცესის ნაწილი“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
ელისო კილაძე ასევე ამბობს, რომ სანამ ჰესის აშენების ნებართვამდე მივლენ (რაც ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გასცეს), კიდევ ხანგრძლივი და რთული პროცესია წინ და მშენებელ კომპანიას კიდევ არაერთი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევს. მისი თქმით, სწორედ ამაზე მუშობენ დღეს პროექტის მენეჯერები.
მთავრობაც ალაპარაკდა - ონის კასკადის სასარგებლოდ
12 მაისს ონში ჰესების აშენების საკითხზე პასუხები მოვისმინეთ ხელისუფლებისგანაც, რომლის პოზიციაც საქართველოს ენერგოპოლიტიკაზე ზოგადად ცნობილია ცნობილია და ამ პოლიტიკის თანახმად, საქართველოში ჰიდროელექტროსადგურები უნდა აშენდეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დეზინფორმაციული, უპასუხისმგებლო და მოღალატეობრივი უწოდა ონის ჰესების კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით კონკრეტული პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებებს, რომლებიც ბოლო დროს მედიით გავრცელდა.
„ყველა ფაქტი, რომელიც საინფორმაციო საშუალებებით მოსახლეობისთვის იყო მიწოდებული, იყო ტყუილი, აბსოლუტურად ყველა“, - თქვა მან 12 მაისს.
ასევე ნახეთ დავითაშვილი ონის კასკადზე: პოლიტიკოსები და არასამთავრობოები მოღალატეობრივ განცხადებებს აკეთებენონის კასკადის ამბავს მთავრობის სხვა წევრებიც გამოეხმაურნენ. მაგალითად, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ თქვა, რომ „ყველა პარამეტრი, რომლითაც უნდა შეფასდეს ჰესის მშენებლობა, არის მხოლოდ დადებითი და რომ ძალიან უნდა მოვინდომოთ, რომ პროექტი ნეგატიურად შევაფასოთ, რადგან როდესაც ჰესი დაიწყებს ელექტროენერგიის გამომუშავებას, დაახლოებით 780 მლნ კილოვატსაათს მივიღებთ. ხოლო ქონების გადასახადი, რომელიც ადგილობრივად მოხმარდება მოსახლეობას, იქნება 8 მლნ ლარი“.
მოკლე პასუხი გასცა ჟურნალისტის კითხვას (დგას თუ არა ონის კასკადის მშენებლობის უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესი და არის თუ არა ონის ჰესის მშენებლობა წამგებიანი როგორც ეკონომიკური, ისე ეკოლოგიური თვალსაზრისით) პრემიერმა გიორგი გახარიამ:
„ეს თქვენი დასკვნაა, ივანიშვილის ინტერესი ხომ არ დგას. დარწმუნებული ვარ, რომ არ დგას და ონის კასკადი საერთოდ ეკონომიკურად, სოციალურად თუ ეკოლოგიურად რას ნიშნავს, აი, ამ თქვენს ექსპერტების დასკვნას გავეცნობი აუცილებლად“.
Your browser doesn’t support HTML5
ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ კი, რომლის სამინისტრომაც უნდა გასცეს საბოლოო, მშენებლობის ნებართვა ონში ჰესების აშენებაზე, განაცხადა, რომ ონის ჰესის პროექტი არის უსაფრთხო, ის ასაქმებს ადამიანებს და „ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში“.
პს. 12 მაისს, ონის ჰესებზე გამოხმაურებების შემდეგ რადიო თვისუფლება, წინა თვეების განმავლობაში რამდენიმე უშედეგი მცდელობის შემდეგ დაუკავშირდა ონის კასკადის პროექტის მენეჯერებს, მშენებელი კომპანია "ფერის" ხელმძღვანელობას და მათთან ინტერვიუს უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.