ნებისმიერ წამს სიკვდილის შიში, აფეთქებების ხმა, ყოველდღიური განგაში, უშუქობა, უწყლობა - არაფერი დარჩა ისეთი, როგორც ერთი წლის წინ იყო. უკრაინაში დარჩენილები რადიო თავისუფლებას უყვებიან, რა შეიცვალა მათ ცხოვრებასა და ქვეყანაში ომიდან 1 წლის შემდეგ.
უკრაინაში მცხოვრებ კინოდოკუმენტალისტ სვიტლანა ლიშჩინსკას, ქართველ რეჟისორ ზაზა ბუაძეს და ჟურნალისტ ტანია პასოვას პირველად ზუსტად 1 წლის წინ ვესაუბრეთ, რუსეთის თავდასხმიდან რამდენიმე დღეში. ამის შემდეგ მათთან კავშირი არ დაგვიკარგავს. სვიტლანა, ზაზა და ტანია თვეების განმავლობაში გვიყვებოდნენ, როგორ იცვლებოდნენ თავად და გარემო, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ ომის დაწყების შემდეგ.
სვიტლანა ლიშჩინსკა პირველად 26 თებერვალს, ომის დაწყებიდან მესამე დღეს თავშესაფრიდან გვესაუბრა.
ომის პირველივე დღეებიდან ის კიევის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის სარდაფში მოწყობილ თავშესაფარში ცხოვრობდა. მისი ოჯახის წევრები ქალაქის სხვადასხვა უბანში გაიფანტნენ და ერთმანეთთან დასაკავშირებლად მხოლოდ ტელეფონი დარჩათ.
"შეშინებულები ვართ, კი. ზოგჯერ მეც პანიკაში ვვარდები", - ჰყვებოდა თავის პირველ განცდებს 52 წლის კინორეჟისორი 26 თებერვალს. 2 დღის შემდეგ, ის აღწერდა, ნელ-ნელა როგორ ეგუებოდნენ ის და მისი ახლობლები ახალ რეალობას.
გაზაფხულზე სვიტლანა ერთი თვით დასავლეთ უკრაინაში, ლვოვში გადავიდა და დედაქალაქში მარტის ბოლოს დაბრუნდა. ომიდან ერთი წლის შემდეგ ის კიევიდან გვესაუბრა:
"მივეჩვიეთ ბომბებს, სარაკეტო თავდასხმებს. ეს ყველაფერი ნორმა გახდა ჩვენთვის და ძველებურად აღარ გვეშინია, რადგან ვიცით როგორ ვიმოქმედოთ. მივეჩვიეთ იმას, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება დავიხოცოთ. ძალინ რთული იყო, როცა შუქი, წყალი არ გვქონდა. განსაკუთრებით დედას უჭირდა. ის ასაკშია და როცა ავად იყო, ცხელ ჩაისაც ვერ ვუკეთებდი. მაგრამ, მადლობა ღმერთს, ეს ზამთარი საკმაოდ თბილი იყო ჩვენთან, თბილი ზამთარი ძალიან დაგვეხმარა", - ჰყვება სვიტლანა.
რამდენიმე დღეა, რაც უშუქობის პრობლემა ასე თუ ისე მოგვარდა. თუმცა რუსეთის სარაკეტო თავდასხმები არ წყდება. საჰაერო განგაშის დროს სვიტლანა თავშესაფარში აღარ გარბის და არც სარდაფში ჩადის, მხოლოდ დერეფანში თუ გავა.
"ახლა ინფორმირებულები ვართ. თავიდან არ ვიცოდით, რაკეტები რომელი მიმართულებიდან მოდიოდა და როდის დაგვეცემოდა. ახლა ვიცით საიდან ისვრიან. როცა საჰაერო განგაშია, ტელეგრამში შევდივარ და ვნახულობ, რომ ის მოფრინავს, მაგალითად, ბელარუსიდან, კასპიისა თუ შავი ზღვიდან. გამოთვლაც შეგვიძლია, რამდენ ხანში იქნება აქ. მაგალითად, ნახევარ სათში", - გვეუბნება კინორეჟისორი.
მთელი ამ ერთი წლის მანძილზე გადაღება არ შეუწყვეტია. ეს არის ის, რაც მას ომს აძლებინებს.
"ფილმის გადაღებები იმაზე, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ვაჩვენო, როგორ გადააქვთ ადამიანებს ომი, როგორ მიმდინარეობს ეს ისტორიული პროცესი. დიდი მოვლენები მიმდინარეობს ჩემ თვალწინ და ვერ მივცემ თავს უფლებას, ეს არ ავსახო. ამიტომ არ დავტოვე ქვეყანა", - ამბობს სვიტლანა.
მან დაკარგა სახლი მარიუპოლში, მისმა ქალიშვილმა - სამსახური, ამიტომ სვიტლანას შვილმა ოჯახთან ერთად დატოვა უკრაინა. ქმარსა და პატარა შვილთან ერთად ისინი ახლა ლონდონში ერთ-ერთ ოჯახში ცხოვრობენ.
Your browser doesn’t support HTML5
16 წელია კიევში ცხოვრობს ქართველი რეჟისორი ზაზა ბუაძე. მას პირველად ომის დაწყებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს ვესაუბრეთ. ის საკუთარი ბინის ფანჯრებიდან ხედავდა, როგორ შევიდნენ კიევში რუსული დივერსიული ჯგუფები.
"ერთმა წელმა რადიკალურად შეცვალა ყველაფერი: ქვეყანა, ხალხი, ცხოვრების წესი, ევროპაც შეიცვალა, აღმოსავლეთ ევროპა განსაკუთრებით. საქართველოც შეიცვალა, სხვათა შორის. ძალიან ბევრმა შეიცვალა პროფესია, სხვადასხვა პროფესიის ადამიანი გახდა ჯარისკაცი. გაჩნდა მოხალისის პროფესიაც. ძალიან ბევრი ადამიანი უკვე პროფესიულად ამით არის დაკავებული. ბევრმა შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი. ჩემს ცხოვრებაში არაფერი დარჩა ისეთი, როგორც იყო ერთი წლის წინ", - გვეუბნება ზაზა ბუაძე.
რეჟისორი ხან დასავლეთ უკრაინაშია, ხან კიევში, ხან ბუჩაში. ხშირად დადის უმეტესად აღმოსავლეთ ევროპაში, აწყობს უკრაინაში გადაღებული ფილმების საქველმოქმედო ჩვენებებს.
"ცხოვრების წესი ისეთი ვერ იქნება, როგორიც იყო. როცა, რასაც შენ აკეთებ დღის თუ ღამის მანძილზე პირდაპირ არის დაკავშირებული, მაგალითად, განგაშთან და განგაში შეიძლება დღეში რამდენჯერმე იყოს. როცა განგაშია, მაღაზიები იკეტება, სახელმწიფო დაწესებულებები ვალდებულნი არიან შეწყვიტონ მუშაობა და თანამშრომლები თავშესაფრებში ჩავიდნენ. ეს გახდა ცხოვრების წესი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პანიკაა. თუ სახლიდან მუშაობ, შენი ნებაა, შენ თვითონ გადაწყვიტე. მე დიდი ხანია არ ვყოფილვარ თავშესაფარში. გააჩნია სიტუაციას. აღმოსავლეთით უფრო მძიმე ვითარებაა, ხარკოვში თავშესაფარში ჩასვლა გადარჩენის პირობაა, დასავლეთისკენ ნაკლებად", - ამბობს რეჟისორი.
ის ასევე გვიყვება, რომ ომმა უკრაინაში ვერ შეაჩერა კულტურული ცხოვრება. სპექტაკლები ისევ იმართება, მუშაობს კინოთეატრები, იმართება კონცერტები, ფილმის პრემიერები. დარბაზები გადაჭედილია.
ასევე ნახეთ მაყურებლებით გადაჭედილი თავშესაფარი - რას ჰყვება ქართველი რეჟისორი ზაზა ბუაძე უკრაინიდან"მე ზუსტად 2 წლის წინ დავამთავრე ომზე გადაღებული ფილმი "მოციქულთა დედა" და მაშინ ვთქვი ჩემთვის, რომ ომზე ფილმს მეტს აღარ გადავიღებ-მეთქი. მაშინ არც ვიცოდით, რა გველოდა წინ. ახლა ცხადია, ეს თემა, გინდა - არ გინდა, ყველას ეხება. ამ თვეების მანძილზე ომმა ისე შეგვცვალა, გვერდის ავლა ალბათ შეუძლებელია. თუმცა ახლა კინოში რთულადაა საქმე, რადგან უკრაინულ კინოს, ძირითადად, სახელმწიფო აფინანსებდა, დღეს სახელმწიფოს ეს არ შეუძლია, მაგრამ არც არავინ გამოხატავს პროტესტს ამაზე. ამიტომ ვიღაცამ შეიცვალა პროფესია, ვიღაცა დარჩა, როგორც მე", - გვიყვება ზაზა ბუაძე.
მან წლის განმავლობაში ერთი დოკუმენტური და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი გადაიღო, რომელიც 4 ნოველისგან შედგება. მხატვრული ფილმი უკრაინელებზეა, რომლებიც ომის გამო იძულებულნი გახდნენ დროებით დაეტოვებინათ სამშობლო.
უკრაინაში მცხოვრები ქართველი რეჟისორი საუბრობს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკაზე უკრაინის მიმართ და ამბობს, რომ ეს მისი ყოველდღიური სირცხვილია.
"ერთი მხრივ, სირცხვილი, რომ არსებობს ეს მთავრობა და, მეორე მხრივ, ჩემი სიამაყე, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ქართველი იბრძვის უკრაინაში. აქ უკრაინელებმა ძალიან კარგად იციან, რა დღეში ვართ მე და ჩემნაირები ამ ორ ცეცხლს შორის, ისიც ძალიან კარგად იციან, რომ საქართველო და ქართველი ერი, როგორც იყო, ისე არის უკრაინელების უახლოესი მეგობარი და პარტნიორი. ალბათ, არასწორია, რომ მე აქ ვარ და არა საქართველოში და ვიღაცამ შეიძლება მითხრას, აბა, ერთი შენ იყო საქართველოში, ნახავდი რამდენად შესაძლებელია რამის გაკეთება, მაგრამ როგორ ვითმენთ?! ძალიან მინდა ისევე მჯეროდეს და მწამდეს, რომ საქართველო შეიცვლება, როგორც მჯერა და მწამს, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. ეს არის ალბათ დღეს ყველაზე მთავარი ჩემთვის", - ამბობს რეჟისორი.
Your browser doesn’t support HTML5
"ცაში რაკეტების ფონზე, თქვენი მხარდამჭერი დემონსტრაციები გვეხმარება", - ეუბნებოდა თავისუფლებას უკრაინელი ჟურნალისტი ტანია პასოვა ზუსტად 1 წლის წინ, 28 თებერვალს.
ასევე ნახეთ ცაში რაკეტების ფონზე, თქვენი მხარდამჭერი დემონსტრაციები გვეხმარება - რას ჰყვებიან უკრაინაში დარჩენილები8 თვე ოჯახთან ერთად ის უკრაინის ცენტრალურ ნაწილში, სოფელ ჟაშკივს აფარებდა თავს. განგაშის დროს კერძო სახლის სარდაფში ჩადიოდა.
9 ოქტომბერს კიევში დაბრუნება მოუწია, რადგან დისტანციურად მუშაობა ვერ ხერხდებოდა, სამსახურის დაკარგვა კი ვერ წარმოედგინა. 10 ოქტომბერს უკრაინელებს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დილა გაუთენდათ. კიევში დაბრუნებიდან მეორე დღეს ტანია რუსეთის სარაკეტო დარტყმების ხმაურმა გააღვიძა.
"ეს საშინელება იყო. სარაკეტო დარტყმის შემდეგ შუქი არ გვქონდა. ზამთარში უშუქობა ყოველდღიურობა გახდა. წარმოიდგინეთ, 8 საათი მუშაობ, დენი მხოლოდ 3 საათი გაქვს და ყველაფრის დაწერა 8-ის ნაცვლად 3 საათში გიწევს. ეს ძალიან რთული იყო, მაგრამ უამრავი ადამიანია, რომლებმაც ჩემზე უარესი გამოიარეს. როცა იბრძვი, ყოველთვის გამონახავ გადარჩენის და მტრის დამარცხების გზას. ბევრი თვე გავატარეთ გათბობის, ცხელი და ჩვეულებრივი წყლის გარეშე, რაც მარტივი არ არის, მაგრამ მივეჩვიეთ ყველაფერს", - ამბობს ტანია.
ბოლო 1 კვირაა, კიევში უშუქობის პრობლემა მოგვარდა. 15 თებერვლიდან კი შუქი ქუჩებშიც გამოჩნდა.
"ვერც წარმოიდგენთ როგორ მიხარია, რომ ფანჯრიდან წყვდიადის ნაცვლად შუქს ვხედავ. ფსიქოლოგები გვეუბნებიან, რომ უმრავლესობას უკვე გვაქვს ფსიქიკური აშლილობა, საშინელი ინფორმაციის ნაკადში ვცხოვრობთ, რომლებიც მხოლოდ სიკვდილზე, გაუთავებელ ბრძოლებზე, სარაკეტო დარტყმებზე, კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე მომდევნო შეტევის გეგმებზე გვიყვება. ხანდახან ვსქროლავ და სოციალურ ქსელებზე ისეთ მოკლე ვიდეობს ვუყურებ, სადაც ომის შესახებ არ ჰყვებიან, მაგალითად, ფისოებზე", - გვეუბნება ტანია.
განგაშის ხმაზე თავშესაფარში აღარც ის მიდის. სარდაფში აპრილის შემდეგ აღარ ჩასულა.
"გადავწყვიტე, რომ თუ დამეცემა ბომბი, დამეცეს. განგაშის საათები გრძელდება, ძირითადად, ღამით და წარმოიდგინეთ, უნდა ადგე, ჩაიცვა, მოაგროვო ნივთები და ჩახვიდე სარდაფში ან თავშესაფარში და ღამის პირველი საათიდან დილის 4-მდე იქ უნდა იჯდე. ცხადია, მეორე დღეს ვერ შეძლებ მუშაობას", - ამბობს ტანია.
მისთვის ბუნდოვანია, როდის დასრულდება ომი, მაგრამ ზუსტად იცის, რომ დანებება არ შეუძლიათ, რადგან ეს მათი ხალხის, ქვეყნის, სახელმწიფოებრიობის დასასრულს ნიშნავს.
24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ერთი წელი შესრულდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა თითქმის 5000 სარაკეტო და დაახლოებით 3500 საავიაციო დარტყმა განახორციელეს. 1100-მდე დარტყმა - უპილოტო საფრენი აპარატებით.
გაეროს თანახმად, რაც სრულ სურათს არ ასახავს, ომის შედეგად 8000-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებლის იძულებით დატოვება დაახლოებით 14 000 000 ადამიანს მოუწია. უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში განადგურებულია ათიათასობით სახლი, ადმინისტრაციული შენობები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები და კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტები.