ომი და ღვინო

რუსული რაკეტის ფრაგმენტი უკრაინული მეღვინეობის კომპანია Olvio Nuvo-ს ვენახში. მიკოლაევის რეგიონი, უკრაინა

უკრაინაში მეღვინეობის განვითარებას იმპულსი 2000-იანი წლების დასაწყისში მომხდარმა “ნარინჯისფერმა რევოლუციამ” მისცა. იყო რაღაც სიმბოლური იმაში, რომ 2013 წელს საქართველოში შვებულების დროს პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ თავის კოლეგა მიხეილ სააკაშვილთან ერთად დაკრიფა ყურძენი.

შემდეგ, როგორც ღვინის დაყენების ტრადიციული წესი მოითხოვს, ყურძენი რეზინის ჩექმებით ხის საწნახელში ჩაჭყლიტეს.

რთველი ალუშტაში, "მასანდრის" მეღვინეობა. 2019 წლის აგვისტოში

საქართველოში, 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, როდესაც რუსეთმა ქართულ ღვინოს ემბარგო დაუწესა, ადგილობრივი მეღვინეები იძულებული გახდნენ, საკუთარი ღვინის ხარისხი გაეუმჯობესებინათ და რუსულის ნაცვლად მსოფლიო ბაზრები აღმოეჩინათ.

მაგრამ როგორ იმოქმედა რუსეთის ომმა უკრაინულ მეღვინეობაზე და როგორ უნდა მოხდეს ომის პირობებში უკრაინული მევენახეობის განვითარება და მსოფლიო ბაზრზებზე უკრაინული ღვინის ექსპანსია?

ამ შეკითხვებით რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური დაინტერესდა.

“ნამდვილი თავისუფლების სასმელი”

არსებობს მოსაზრება, რომ ღვინო საზოგადოების თავისუფლების დონის ერთ-ერთი ნიშანია.

გასული საუკუნის 60-იან წლებში მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორი იყო ალჟირი, ჩრდილოაფრიკული ქვეყანა, რომელიც იმხანად საფრანგეთის კოლონია იყო. მაგრამ როდესაც ქვეყანა გახდა დამოუკიდებელი და ხელისუფლებაში ისლამისტები მოვიდნენ, ალჟირული მეღვინეობისგან კვალიც კი აღარ დარჩა.

ესპანური მეღვინეობის აყვავება შესაძლებელი გახდა გენერალ ფრანსისკო ფრანკოს დიქტატურის დაცემის შემდეგ და ახლა ესპანეთს ალბათ ყველაზე დიდ ტერიტორიაზე, დაახლოებით მილიონ ჰექტარზე აქვს გაშენებული ყურძენი.

ჩილე ახალი სამყაროს მეღვინეობის ერთ-ერთი ფლაგმანი მხოლოდ გენერალ აუგუსტო პინოჩეტის დიქტატურის დაცემის შემდეგ გახდა.

ირანში მეღვინეობის აღსასრული 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, მკაცრი თეოკრატიული რეჟიმის დამყარებამ განაპირობა.

მუსლიმანურ უზბეკეთში, პრეზიდენტ ისლამ კარიმოვის ავტორიტარული მმართველობის შემდეგ, ახალმა, უფრო ლიბერალურმა ლიდერმა შავკატ მირზიოევმა საფრანგეთში ვიზიტის დროს პირადად ჩაიტანა ყურძნის ნერგები სამშობლოში, რათა დაეწყო, უფრო სწორად, აღედგინა ძველი ბუხარისა და სამარყანდის დროიდან ამ მიწებზე გავრცელებული უძველესი მეღვინეობა.

ანალოგიურად, ავტოკრატი ნურსულთან ნაზარბაევის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ მეღვინეობის აყვავებას განიცდის ყაზახეთი.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსაზრებას, რომ კაცობრიობის ისტორიაში ღვინო მრავალჯერ გამხდარა ლიბერალიზაციისა და დემოკრატიზმის ნიშანი. ნამდვილი თავისუფლების სასმელი, - ამბობს პროფესიონალი სომელიე ანა ევგენია იანჩენკო.

"აქ საკითხი უფრო ცივილიზაციასთან არის დაკავშირებული, ცივილიზაცია კი საკუთარ თავში თავისუფლებასაც განასახიერებს. ესაა აზრის თავისუფლება, არჩევანის თავისუფლება, ადამიანისათვის თანდაყოლილი ცხოვრების წესის არჩევის თავისუფლება. ასევე, დიქტატურებს ხშირად არ აქვთ ძლიერი საბაზრო კავშირები სხვა ქვეყნებთან. შესაბამისად, დიქტატურის ქვეშ მყოფ ადამიანებს არ შეუძლიათ ისარგებლონ უცხოური საქონლით, ან სხვებს შესთავაზონ თავიანთი საქონელი", - ასე განმარტავს თავისუფლებასთან კავშირის ისტორიულ ფენომენს ანა ევგენია იანჩენკო, ავტორი წიგნისა "ღვინო წესების გარეშე".

რთველი სამხრეთ უკრაინის ერთ-ერთ მეღვინეობაში

ომი და უკრაინული მეღვინეობა

დღეს ირანი და საქართველო დავობენ ერთმანეთში იმაზე, თუ პირველმა ვინ დაამზადა ღვინო. ჯერჯერობით ლიდერობენ ქართველები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მეღვინეობის ისტორია მათ მიწაზე 5000 წელს ითვლის.

და თუ დარგი ასეთ რთულ პირობებშიც კი ვითარდება, მაშინ ეს უნდა ნიშნავდეს, რომ მეღვინეობას მომავალი აქვს.
ანა ევგენია იანჩენკო

და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში მეღვინეობა, მისი დღევანდელი გაგებით, შედარებით ახალია, უკრაინის ტერიტორიაზე ღვინოს სადღაც 29 საუკუნის განმავლობაში ამზადებენ. დაახლოებით იმ დროიდან, როდესაც ყირიმს ანტიკურ საბერძნეთთან ჰქონდა კავშირი, ხოლო უკრაინის დუნაისპირეთი რომის იმპერიის ნაწილს შეადგენდა.

ამიტომ, უკრაინა განეკუთვნება ძველ-ახალ სამყაროს. ანუ მეღვინეობა თუ ახალგაზრდა დარგია, ტრადიციებია უძველესი.

უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულმა რუსეთის ომმა მძიმე დარტყმა მიაყენა უკრაინულ მეღვინეობას, ბევრმა მევენახემ იარაღს მოჰკიდა ხელი და უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში ჩადგა, ამ დარგის ზოგიერთი წარმომადგენელი ფრონტზე დაიღუპა. მეღვინეები აგროვებენ ფულს უკრაინის არმიისათვის. ზოგიერთი მეღვინეობის კომპანია დღემდე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება, რამდენჯერმე რუსული რაკეტები უკრაინის სამხრეთში მდებარე ვენახებშიც დაეცა.

"ზოგიერთი ღვინის ქარხანა ოკუპირებულია, ხოლო ისინი, რომლებიც დაპირისპირების ზოლში არიან, განაგრძობენ მუშაობას. ზოგიერთმა მათგანმა ფრონტისპირა ზონიდან ექსპორტის ორგანიზებაც კი დაიწყო. ქარხანა „ტრუბეცკოი“ (თავად ტრუბეცკოების აგებული ღვინის ქარხანა. მდებარეობს ხერსონის რაიონის სოფელ ვესელოეში. რედ) დეოკუპირებულია, მაგრამ დნეპრის მეორე მხრიდან დაბომბვა გრძელდება", - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში უკრაინული ღვინოების ელჩმა სერგეი კლიმოვმა, რომელიც ავტორია წიგნისა "უკრაინული მეღვინეობის უთქმელი ამბავი".

რამდენჯერმე რუსული რაკეტები უკრაინის სამხრეთში მდებარე ვენახებშიც დაეცა

საყურადღებოა, რომ სინამდვილეში ხერსონის ოლქში მდებარე „თავად ტრუბეცკოის“ მეღვინეობამ რუსეთის აგრესიის შემდეგ შეიცვალა თავისი სახელი და ეწოდა Stoic Winery, რათა გამოყოფოდა რუსულ ისტორიას და პატივი მიეგო „სტოიციზმისთვის“, უკრაინელთა სტოიკურობისთვის. Stoic Winery რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანდა და რუსეთის ოკუპაციის დროს გაიძარცვა.

მიუხედავად ომის სირთულეებისა, უკრაინული მეღვინეობა ვითარდება და თანაც საკმაოდ სწრაფი ტემპებით.

"მიუხედავად სამხედრო მდგომარეობისა და სამხედრო მოქმედებებისა, მეღვინეობის დარგი ფეხზე დგას. მევენახეები სიცოცხლის რისკის ფასად შრომობენ, მაგრამ მეღვინეობა ვითარდება. და თუ დარგი ასეთ რთულ პირობებშიც კი ვითარდება, მაშინ ეს უნდა ნიშნავდეს, რომ მეღვინეობას მომავალი აქვს", - ამბობს ანა ევგენია იანჩენკო.

დევიზი: „ვიყიდოთ უკრაინული ღვინო, რათა დავეხმაროთ უკრაინას“, - აღარ მუშაობს!


მიუხედავად ომისა, ამჟამად უკრაინელი მეღვინეები აქტიურად ავითარებენ ექსპორტს, მონაწილეობენ ღვინოს ბაზრობებში, პრომო-ტურებსა და დეგუსტაციებში.

იყო ყირიმული ღვინო, ქართული, ფრანგული, ხოლო უკრაინული კი არ იყო!
ივან პლაჩკოვი,

ექსპანსიისათვის პირველ რიგში განიხილავენ სკანდინავიის ქვეყნებს, ბრიტანეთს, გერმანიას, კანადას, აშშ-ს და ასევე ცენტრალურ ევროპას.

რა თქმა უნდა, ომმა თავდაპირველად გაზარდა ინტერესი ყველაფერ უკრაინულისადმი, მათ შორის ღვნისადმი, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, რამაც უკრაინელი მეღვინეები აიძულა რეალისტურად შეეხედათ საგნებისადმი.


„დიახ, ომის პირველ წელიწად-ნახევარში, ასეთი მოთხოვნა არსებობდა, მაგრამ შემდეგ უკვე ჩვენი ჯერი დადგა. უკვე აღარ მუშაობს დევიზი: „ვიყიდოთ უკრაინული ღვინო, რათა დავეხმაროთ უკრაინას“. ეს ტალღა უკვე ჩაცხრა. ადამიანები უფრო მშვიდად ეკიდებიან (უკრაინულ ღვინოს) და არჩევანს საფულეთი აკეთებენ. ისინი ირჩევენ ხარისხსა და ფასს. თანაც უკრაინული ღვინოები საზღვარგარეთ ძალიან იაფი სულაც არ ღირს. ამიტომ ჩვენთვის რთულია იტალიასთან, საფრანგეთსა და ესპანეთთან კონკურენციის გაწევა. შესაბამისად, მწვერვალი უნდა დავიპყროთ უნიკალურობით, ხარისხით, რაღაც ახლითა და საინტერესოთი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სვეტლანა ციბაკმა, მეღვინეობა Beykush Winery-ის ხელმძღვანელმა.

ასეთი კონკურენციის გაწევა კი შეუძლებელი იყო იმის გამო, რომ დიდი ხნის განმავლობაში „უკრაინული ღვინო“, როგორც ბრენდი, არც კი არსებობდა.

„იყო ყირიმული ღვინო, ქართული, ფრანგული, უკრაინული კი არ იყო! ჩვენ ავდექით და შევქმენით ორი ღვინო - შავი ოდესური და თეთრი ოდესური (სუხომლინური) და ამ ღვინოების ბაზაზე შევქმენით ბრენდი „უკრაინული ღვინო“. თუმცა ეს ბრენდი ძალიან ახალია თავად უკრაინელებისთვისაც, ისინი ამ ღვინოს პატივს სცემენ“, - ამბობს ივან პლაჩკოვი, ცნობილი მეღვინე, ოდესის ოლქში მდებარე შატო „კოლონისტის“ მმართველი.

"დავიბრუნებთ ყირიმს და კვლავ ნორმალურად ავაწყობთ მეღვინეობას"

ახლა უკრაინაში ღვინო იწარმოება კიევის მახლობლად, ჟიტომირის რეგიონში, ქვეყნის ჩრდილოეთით – ჩერნიჰივის რეგიონში. კლიმატური ცვლილებები თავისას შვრება და გრილ განედებში კარგი თეთრი ღვინო გამოდის. და არა მხოლოდ უკრაინაში. მაგალითად, ფინეთმა ცოტა ხნის წინ თავი ღვინის მწარმოებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა, ღვინო პოლონეთშიც იწარმოება, მათ შორის, არა თბილ ბალტიის ქვეყნებში.

ღვინის ქარხანა "ნოვი მირი" ყირიმის ქალაქ სუდაკში

უკრაინას ასევე აქვს ყირიმი თავისი ღვინით და ტრადიციებით. მიუხედავად იმისა, რომ ის ახლა რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა, კიევი ყურადღებით აკვირდება, თუ რას აწარმოებენ იქ არსებულ ღვინის ქარხნებში, მათ შორის მსოფლიოში ცნობილ „მასანდრაში“ ან შამპანური ღვინოების ქარხანა „ნოვი მირში“.

ცოტა ხნის წინ, უკრაინის უშიშროების სამსახურმა ეჭვმიტანილად ცნო რუსი ჩინოვნიკი, რომელიც ყირიმში „მასანდრის“ ღვინის ქარხნის უკანონო გაყიდვას ხელმძღვანელობდა. ეჭვის საფუძველი იმაში მდგომარეობს, რომ იალტელი ოფიციალური პირი დაეხმარა "პუტინის მეგობრების" კოჰორტაში შემავალ ერთ-ერთ რუს ოლიგარქს „მასანდრის“ პრივატიზებაში.

"დავიბრუნებთ ყირიმს და კვლავ ნორმალურად წარვმართავთ მეღვინეობას", - დარწმუნებით აცხადებს პლაჩკოვი.

მაგრამ დასაბრუნებელი არა მხოლოდ ყირიმი და იქ დარჩენილი ღვინომასალების ქარხნებია.

ხანგრძლივი ბრძოლებისა და დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის (ყოფილი არტიომოვსკის) დაცემის შემდეგ რუსი ოკუპანტების ხელში აღმოჩნდა ასევე ცნობილი ცქრიალა ღვინოების ქარხანა "არტვაინერი".

მშობლიური ჯიშები

უკრაინისათვის პრობლემაა ავტონომიური ყურძნის ჯიშების სიმცირე (შედარებისათვის, საქართველოში ყურძნის ჯიშების რაოდენობა 500-ზე მეტია).

ბევრი ჯიში უკრაინაში დაიკარგა საბჭოთა პერიოდში, მიხაილ გორბაჩოვის დროს დაწყებული ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგად, რაც, პირველ ყოვლისა, მეღვინეობისა და მევენახეობის წინააღმდეგ ბრძოლასა და ვენახების აჩეხაში გადაიზარდა.

"მასანდრის" ვენახები ყირიმში, სადაც მიხაილ გორბაჩოვის მიერ საბჭოთა კავშირში გამოცხადებული "ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ" ბრძოლის შედეგად უამრავი ნარგავი განადგურდა

მაგალითად, ყურძნის ჯიში „ტელტი კურუკი“ (თეთრი ყურძნის ჯიში - რედ.), შვეიცარიელი კოლონისტების მიერ ოდესის რეგიონში დაარსებული მეღვინეობა „შაბოს“ წყალობით გადარჩა. ყურძნის ეს ჯიში კი უკრაინაში, სავარაუდოდ, ოსმალეთის იმპერიიდან გავრცელდა.

"უკრაინაში ოდესღაც ყურძნის მრავალი ჯიში არსებულა, მაგრამ ახლა მათგან მხოლოდ სახელები დარჩა. და ჩვენ არ ვიცით, ისინი წმინდად უკრაინელი იყო, თუ მოლდოვურ, ყირიმულ-თათრულ, თურქულ თუ ბერძნულ ვაზებთან ჰქონდათ ნათესაობა. ჩვენ ეს არ ვიცით, მხოლოდ სახელები ვიცით. შემორჩა სახელები, მაგრამ ყურძენი თავად, სამწუხაროდ, აღარ არსებობს. ამ ყურძნის სახელები შევაგროვე და 100-ზე მეტი მივიღე. ვიმეორებ, შეუძლებელია იმის დამტკიცება, იყვნენ თუ არა ისინი უკრაინელი ავტოქთონური ჯიშები", - განმარტავს იანჩენკო ინტერვიუში.

კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ უკრაინული ღვინო ბევრი არ იწურება. მაგალითად, მხოლოდ შვედეთი წელიწადში უფრო მეტ ღვინოს სვამს, ვიდრე მთელი უკრაინა აწარმოებს!

გასულ წელს უკრაინამ 9 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტი განახორციელა. ეს არ არის ბევრი, მაგრამ საკმარისია ომში მყოფი ქვეყნისთვის. სამაგიეროდ, უკრაინაში იმპორტმა 188 მილიონი დოლარი შეადგინა. და მივადექით ყველაზე დიდ პრობლემას - როგორ შევაყვაროთ უკრაინული ღვინო ... თავად უკრაინელებს?

უკრაინელები და ღვინო

ევროპის „ალკოჰოლურ რუკაზე“ სამი მსხვილი მიკრორეგიონი გამოიყოფა. ესაა ღვინის ევროპა, უპირატესად კონტინენტის სამხრეთი. ლუდის ევროპა, ძირითადად კონტინენტის ჩრდილოეთი და ცენტრალური ნაწილები. და „არყის ევროპა“ - აღმოსავლეთი ევროპა და რუსეთი.

მაგრამ ეს უკვე მოძველებული მიდგომაა. მაგალითად, გერმანია და ჩეხეთი კარგი ლუდის გარდა, კარგ თეთრ ღვინოსაც აწარმოებენ. ხოლო, ვთქვათ, პოლონეთსა და უკრაინაში, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ძალიან გაიზარდა ლუდის მოხმარება.

უკრაინა საკუთარი ღვინის დაახლოებით 34 პროცენტს მოიხმარს. კიდევ 10 პროცენტი ე.წ. ფსევდოქართული ანუ უკრაინაში დამზადებული ქართული ბრენდების ღვინოა. და შიდა ბაზრის ნახევარზე მეტი იმპორტირებულ ღვინოს უკავია.

"ცივილიზებულ სამყაროს ესმის ღვინის ენა. ღვინო ცივილიზებული ქვეყნების უნივერსალური ენაა. უკრაინაში ღვინის ისტორია კი ათასწლიანი ისტორიაა", - ამბობს სერგეი კლიმოვი. „შეგიძლიათ გაიაროთ კიევში, ოდესაში ან სხვა ქალაქებში და ნახოთ ქუჩებში, ხეებზე შემოხვეული ვაზი. ეს მცირე ანარეკლია იმ ისტორიისა, რომელიც დაკარგული ან დავიწყებულია. ყველა უკრაინულ სოფელში არსებობს ყურძენი და ბევრი ოჯახი საკუთარი ხელით წურავს ღვინოს. ეს ჩვენი გენეტიკური კოდის ნაწილია“.

კოლაჟი

ღვინო vs არაყი

თუ ადრე უკრაინა არყის მსმელ ქვეყნად ითვლებოდა, ამჟამად იქ სულ უფრო იზრდება ღვინის სმის კულტურა. „ადრე არაყი იყო პოპულარული, ახლა კი შეხედეთ ასაკობრივ კატეგორიას 20-40 წელი. ამ ხალხს შორის განა არაყია პოპულარული? სრულიადაც არა! ვისკიც კი აღარ არის პოპულარული. თანამედროვე ახალგაზრდობა, თანამედროვე ადამიანი, სვამს და აფასებს ღვინოს. მე დღეს ვერ ვხედავ, რომ უკრაინაში არაყი უფრო პოპულარული იყოს, ღვინის პოპულარობა კი იზრდება და ძალიან სწრაფად“, - ამტკიცებს ცნობილი უკრაინელი მეღვინე ივან პლაჩკოვი.

დაკვირვება ცხადყოფს, რომ უკრაინულ სუპერმარკეტებში იზრდება ღვინის დახლები, ხოლო ძლიერი დასალევის დახლები ან სტაბილურია, ამ ნელ-ნელა მცირდება.

ღვინის ბარი MyWine ოდესაში, მხოლოდ უკრაინული ღვინოებით სპეციალიზდება

"ღვინის მწარმოებელ ქვეყნებში ალკოჰოლით თრობა უცხო, სოციალურად მიუღებელი იყო და გაკიცხვას იმსახურებდა. არადა, ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გვასწავლიდნენ, რომ ღვინო არ გვქონდა. გვიბიძგებდნენ, რომ არაყი უნდა გვესვა, თითქოს ეს ჩვენი ტრადიციაა. მაგრამ სინამდვილეში, არაა! ლიტერატურიდან, მოგზაურთა ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მეღვინეობა უკრაინაში მე-19, მე-18, მე-17 და მე-16 საუკუნეებში იყო განვითარებული. გესმით, თუ როგორი კულტურა გვქონდა?" - კითხულობს იანჩენკო.

ღვინის შესახებ უკრაინულ ლიტერატურაში ფილოსოფოსი გრიგორი სკოვოროდა წერდა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა სკოვოროდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნგრეთში ქალაქ ტოკაიში ღვინის შესყიდვაზე მუშაობდა.

ღვინოსთან კავშირი კვალად გასდევს ასევე მიხაილ კოციუბინსკის, პოეტ მაქსიმ რილსკისა და სხვათა შემოქმედებას.

"მეჩვენება, რომ ეს არყის კულტურა თავს მოგვახვიეს მე-17 საუკუნეში, როდესაც კიევი მოსკოვის მიერ იქნა ანექსირებული. მას შემდეგ დაიწყო ეს ცვლილება. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს [არყის სმა] ისტორიულად არ ყოფილა ჩვენთვის დამახასიათებელი", - ამბობს იანჩენკო.

უკრაინული ღვინოების ელჩი სერგეი კლიმოვი უფრო მკაცრად საუბრობს: "იმისთვის, რომ ძველი კულტურული ტრადიციებიდან გავთავისუფლდეთ, ბოდიშს ვიხდი პირდაპირობისთვის, ისინი რომ „ამოვარწყიოთ“, - აუცილებელია, რომ გარკვეული დრო გავიდეს. იმ ქვეყნებში, სადაც ღვინოს უფრო მეტს მოიხმარენ, ალკოჰოლიზმთან დაკავშირებული პრობლემები უფრო ნაკლებია. ერთი ბოთლი არყის და ერთი ბოთლი ღვინის დალევისგან მიღებული შედეგი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება“, - ამბობს სერგეი კლიმოვი.

მიუხედავად საომარი მოქმედებისა, უკრაინულ ღვინოს უკვე აქვს აღიარება, რაც უკრაინელი მეღვინისათვის დიდი სტიმულია.

„იმიტომ, რომ ჩვენ უკვე ვიცით რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც ომი დასრულდება და ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენ კიდევ უფრო და უფრო უკეთეს უკრაინულ ღვინოებს გავაკეთებთ!", - დასძენს ანა ევგენია იანჩენკო.