რა ხდება, თუ ავად, ორსულად ან ხანდაზმული ხარ და სასჯელის გადავადებას მოითხოვ? - ომბუდსმენის ანგარიში

15 ივლისს გამოქვეყნდა სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში.

საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფ, ხანდაზმულ ან ორსულ პატიმრებს შეუძლიათ, სასჯელის გადავადება ან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება მოითხოვონ, თუმცა, როგორც სახალხო დამცველის ახალი, სპეციალური ანგარიშიდან ირკვევა, ამ სისტემას არაერთი ხარვეზი აქვს, რომელთა გამოსწორებაც კანონში ცვლილებებს მოითხოვს.

ავადმყოფი, ხანდაზმული ან ორსული პატიმრის მიმართ ასეთ ჰუმანურ მიდგომას კანონი იმ შემთხვევაში უშვებს, როცა სასჯელის აღსრულების აუცილებლობის საპირწონედ ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე თუ ბავშვის საუკეთესო ინტერესები დგას და მსჯავრდებულის საზოგადოებისგან იზოლირება აღარ არის საჭირო.

თუმცა, სახალხო დამცველი, სპეციალურ ანგარიშში, რომელიც 15 ივლისს გამოქვეყნდა, წერს, რომ მაგალითად, მძიმე ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდის გადავადება ან სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება ძალიან იშვიათია: არსებობს მხოლოდ ორი შემთხვევა, როცა სასამართლომ სასჯელის მოხდისაგან გაათავისუფლა ის მსჯავრდებული, რომელსაც მძიმე ავადმყოფობის გამო უკვე გადავადებული ჰქონდა სასჯელი.

ომბუდსმენის სპეციალურ ანგარიშში, რომელიც 194 მსჯავრდებულის საქმეზე დაყრდნობით მომზადდა, ასევე ვკითხულობთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ექსპერტიზას ნიშნავს და ატარებს თავად სპეციალური პენიტენციური სამსახური, ის თავად თითქმის არასდროს მიმართავს სასამართლოს. რაც უნდა მძიმე იყოს დასკვნა. სასამართლოს თავად მსჯავრდებულებმა უნდა მიმართონ.

იმ მსჯავრდებულს, რომელსაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო გადავადებული აქვს სასჯელის მოხდა, კანონი ავალდებულებს წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტაროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და შედეგები სასამართლოს აცნობოს მაშინაც კი, როცა ექსპერტიზის თავდაპირველი დასკვნის თანახმად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის.

სახალხო დამცველის შეფასებით, შედარებით უკეთ მუშაობს ორსულობის ან ბავშვის ერთი წლის ასაკის მიღწევამდე, მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოხდის გადავადების მექანიზმი.

მაინც, რა შემთხვევაში შეიძლება სასჯელის გადავადების ან მოხდისგან გათავისუფლების მოთხოვნა?

საქართველოს კანონმდებლობით, სასამართლოს შეუძლია სასჯელის მოხდისაგან გაათავისუფლოს სასჯელის მოხდის პერიოდში ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირი: ქალი 65 წლიდან, ხოლო მამაკაცი 70 წლიდან, თუ მას უვადო პატიმრობა არა აქვს მისჯილი და, ამავე დროს, მოხდილი აქვს სასჯელის არანაკლებ ნახევარი.

ან: თუ პატიმარი მძიმედ ავადაა და მისი გამოჯანმრთელება მოსალოდნელი არ არის.

კანონი ასევე ითვალისწინებს სასჯელის გადავადებას, მსჯავრდებულის მძიმე ავადმყოფობის შემთხვევაში, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას - გადავადების საკითხს სასამართლო წყვეტს - სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე.

რაც შეეხება ორსულობას, პატიმრობა შეიძლება გადავადდეს, თუ მსჯავრდებული განაჩენის აღსრულების მომენტისათვის ორსულადაა, ან მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე.

ასევე ნახეთ რატომ არ გადაუვადეს დაავადებულ პატიმარს სასჯელი

რა ხარვეზებს გამოყოფს სახალხო დამცველი?

ანგარიშის თანახმად, კანონმდებლობით არ არის დადგენილი და არც საერთო სასამართლოებს აქვთ ერთიანი პრაქტიკა იმასთან დაკავშირებით, თუ შუამდგომლობის წარდგენამდე რა პერიოდით ადრე უნდა ჩაუტარდეს მსჯავრდებულს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

ასევე, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც მსჯავრდებულის სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები შეიძლება აანაზღაუროს სახელმწიფომ - მსჯავრდებულმა ეს ხარჯები თავად უნდა გაიღოს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ხარჯების სახელმწიფოს მიერ ანაზღაურების შესაძლებლობას მხოლოდ გადახდისუუნარო ბრალდებულისთვის.

სახალხო დამცველი ასევე მიიჩნევს, რომ:

  • არ არსებობს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების ხანდაზმულობის გონივრული ვადები და ეს გადასახედია;
  • შუამდგომლობები ხშირად დაუსაბუთებელია;
  • ხშირად ვლინდება სასამართლო ქვემდებარობის ხარვეზები;
  • კანონმდებლობა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სასამართლომ დაადგინოს სამედიცინო ექსპერტიზის განმეორებით ჩატარებისა და დასკვნის წარდგენის განსხვავებული ინტერვალი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ გამოჯანმრთელების პერსპექტივა არ არსებობს;
  • ბუნდოვანია მუდმივმოქმედი კომისიისთვის მსჯავრდებულის/მისი ადვოკატის მიერ მიმართვის პროცედურები და ა.შ.

რით პასუხობენ სასამართლოები შუამდგომლობებს?

სასამართლოების მასალების თანახმად, 2015-2020 წლების პერიოდში საქართველოში საერთო სასამართლოებს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების თხოვნით მიმართეს 98 შუამდგომლობით, ხოლო სასჯელის მოხდის გადავადების თაობაზე - 96 შუამდგომლობით.

აქედან:

თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა 72 შუამდგომლობა სასჯელის მოხდის გადავადების შესახებ და 65 შუამდგომლობა სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების თაობაზე, თუმცა მათგან რამდენი დაკმაყოფილდა და რამდენი არა, ეს სტატისტიკური მონაცემები სასამართლოს არ აღმოაჩნდა.

ქუთაისში, მაგალითად, ამ პერიოდში, გათავისუფლების თაობაზე დაცვის მხარემ მიმართა სულ 3 შუამდგომლობით. აქედან 2 შუამდგომლობა დარჩა განუხილველი და 1 შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადავადების შესახებ დაცვის მხარემ მიმართა 7 შუამდგომლობით, აქედან დაკმაყოფილდა მხოლოდ ერთი, ხოლო გათავისუფლების თაობაზე სასამართლოს მიმართეს 3 შუამდგომლობით, აქედან სამივე შემთხვევაში შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ა.შ.

თუ ქალაქების სასამართლოების მიხედვით მსგავს შუამდგომლობებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მათი უმრავლესობა არ კმაყოფილდება.

სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტისგან მოითხოვს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს.

იუსტიციისა და ჯანდაცვის მინისტრებს სთხოვს გადაიხედოს გათავისუფლების მოქმედი მექანიზმი და უფრო მკაფიო გახდეს კომისიისთვის მიმართვის პროცედურა.

ხოლო მუდმივმოქმედი კომისიისგან ომბუდსმენი მოითხოვს, შესაბამისი სამინისტროების ოფიციალურ ვებსაიტებზე საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიშები პერიოდულად გამოაქვეყნოს.

ასევე ნახეთ დაავადებულ პატიმართა ბედი
ასევე ნახეთ დაავადებული პატიმრები შველას ითხოვენ
ასევე ნახეთ როგორ იცავს სახელმწიფო მძიმედ დაავადებულ პატიმართა უფლებებს