ახალი სახლების მშენებლობისა თუ დაზიანებულ ნაგებობათა აღდგენა-განახლების პროცესი არც წარმატებულია, არც სწრაფი და არც ქალაქში დაბრუნებული ადამიანები არიან კმაყოფილი იმით, რასაც ძველი ბინების ნაცვლად სთავაზობენ ქალაქში, სადაც სამუშაოს მოძებნა პრაქტიკულად შეუძლებელია.
რა სიტყვები ამოჭრეს პუტინის მოგზაურობის ამსახველი სიუჟეტიდან?
„ეს ყველაფერი სიცრუეა. ეს ყველაფერი თვალის ასახვევადაა“, - წამოიყვირა უცნობმა მამაკაცმა ოკუპირებულ მარიუპოლში, როდესაც მარტის ბოლოს ქალაქის ერთადერთ აღდგენილ, „ნევსკის“ მიკრორაიონს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი სტუმრობდა.
ოფიციალური ცნობით, პუტინმა მაშინ დაათვალიერა სანაპირო ზოლი იახტკლუბის ტერიტორიაზე, თეატრის შენობა და „ნევსკის“ მიკრორაიონში ის ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრა.
ამ შეხვედრის ამსახველი ვიდეო, რომელზეც მარიუპოლელი კაცის წამოძახილი მოხვდა, თავდაპირველად კრემლის საიტზე გამოქვეყნდა. მედიაში ატეხილი ხმაურის შემდეგ, კადრებიდან ეს ეპიზოდი ამოჭრეს. პირვანდელი სიუჟეტიდან ასევე „დაიკარგა“ კიდევ ერთი, დაახლოებით, 70 წლის მამაკაცის სიტყვები. მან პუტინის გასაგონად დაიჩივლა, რომ „ცარიელ-ტარიელია დარჩენილი“.
არადა „ნევსკის“ მიკრორაიონის აღდგენა, რომელიც პუტინს დაათვალიერებინეს, ოფიციალური ცნობით, მშენებლებმა ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში, რუსეთის ჯარების მიერ საზღვაო ქალაქის სრული ოკუპაციიდან ხუთი თვის თავზე დაასრულეს.
საბრძოლო მოქმედებები მარიუპოლში გასული წლის მაისში დასრულდა, ხოლო უკვე ივნისში ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში საცხოვრებელი კომპლექსების სამშენებლო მოედანი გაიშალა. მარიუპოლში ახალ სახლებს საქველმოქმედო ფონდი „პობედა“ (გამარჯვება) აშენებს. მიუწვდომელია ინფორმაცია ფონდის შემოსავლების და ხარჯების თაობაზე.
ოფიციალური. ვებ-გვერდიდან ირკვევა, რომ მარიუპოლში 29 საქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობის დონორი ქალაქი პეტერბურგია. ეს ობიექტები მოიცავს საცხოვრებელ სახლებს, სკოლებსა და ბაღებს, ონკოლოგიურ და ქირურგიულ ცენტრებს, დონეცკის საოლქო აკადემიურ დრამატულ თეატრსა და მის მიმდებარე პარკს.
უცნობია, თუ რა უჯდება პეტერბურგს მარიუპოლის აღდგენა. რუსეთის ხელისუფლება არ ასახელებს იმ თანხის მოცულობას, რაც ოკუპირებულ ქალაქზე იხარჯება.
ნიდერლანდელმა არქიტექტორმა, უკრაინული ქალაქების აღდგენის კორპორაცია Ro3kvit-ის თანადამფუძნებელმა, ფუკლო ტრეფერსმა 2022 წლის შემოდგომაზე გამოთვალა, რომ მარიუპოლის აღდგენით სამუშაოებს 12-18 მილიარდი ევრო დასჭირდებოდა.
2023 წლის თებერვალში საოკუპაციო ხელისუფლების დანიშნული მარიუპოლის მერი, ოლეგ მორგუნი ამბობდა, რომ ქალაქში 1,5 ათასი ბინა ჩააბარეს. ხოლო მთლიანად ამ წელს 2000 ბინის მშენებლობა უნდა დასრულდეს. უცნობია, თუ ჯამში რამდენი სახლი უნდა აშენდეს. მაგრამ ცნობილია ის, რომ წლის ბოლომდე უნდა აიღონ 400 მრავალსართულიანი სახლი მაშინ, როცა მარიუპოლში, ომის შედეგად, ნაწილობრივ ან ბოლომდეა დანგრეული 32 ათასი კერძო სახლი.
მშენებლებმა მარიუპოლში მწერალ ალექსანდრ კუპრინის სახელობის ქუჩაზე ხუთსართულიანი ბლოკის სახლების კვარტალი 80 დღეში ააშენეს. მთელი კვარტლის გენერალური მოიჯარე „სამხედრო-სამშენებლო კომპანიაა“, რომლის დამფუძნებელიც 2003 წლის იანვრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტროა.
2023 წლის მარტში, სწორედ ამ ხუთსართულიანი სახლების ფონზე გამოელაპარაკა ვლადიმირ პუტინი მარიუპოლში რამდენიმე ადამიანს.
ასევე ნახეთ კრემლი აცხადებს, რომ პუტინი ოკუპირებულ მარიუპოლს ეწვია„ჩვენთან უკრაინაში ყველაფერი არცთუ ისე ცუდად ყოფილა“
რომანი (ყველა გმირის სახელი, უსაფრთხოების მიზნით, შეცვლილია - რედ.) დაახლოებით 40 წლისაა. ომამდე ის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა მარიუპოლში, სადაც ერთ-ერთ საწარმოში ელექტრიკოსად მუშაობდა. რომანი და მისი ოჯახი გადარჩა, ისინი რუსეთში ჩაიყვანეს და დროებითი განთავსების ერთ-ერთ იმ პუნქტში დააბინავეს, სადაც რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის შემდეგ სხვა უკრაინელებიც ჩაჰყავდათ.
იქიდან ოჯახი გადავიდა პეტერბურგში, რომანი იქ თავისი სპეციალობით მოეწყო სამსახურში და ორჯერ განაწილებით მარიუპოლშიც მოხვდა ახალი სახლების მშენებლობაზე.
„აშენებენ სწრაფად. მაგრამ ხარისხის შესახებ მე ვერაფერს ვიტყვი, მხოლოდ საკუთარ სამუშაოზე ვაგებ პასუხს“, - ამბობს რომანი. - „ბევრი მუშა მუშაობს შუა აზიიდან. თუ თვალყურს ადევნებ, ისინი ნორმალურად მუშაობენ. თუ თვალს მოაშორებ, მაშინ ძალიან ხშირად მათი შესრულებული სამუშაო გადასაკეთებელია. მაგალითად, ფანჯრებს იმდენად ცუდად სვამენ, რომ ზოგჯერ 3-4-ჯერ გვიწევს ჩასმა“.
მარიუპოლში 2,5 თვით მუშაობის განმავლობაში რომანმა, დიდი დავიდარაბის შედეგად, თვეში დაახლოებით 100 ათასი რუსული რუბლი (დაახლოებით 3000 ლარი) გამოიმუშავა, რაც ორჯერ მეტი აღმოჩნდა იმ ანაზღაურებაზე, რაც პეტერბურგში ჰქონდა.
„ისეც ხდება, რომ ადამიანები მუშაობენ, მაგრამ არაფერს არ უხდიან. ეუბნებიან, ფული არ არისო. ფირმებსაც ვერ მიაგნებ - სადღაც უკვალოდ ორთქლდებიან“, - ამტკიცებს რომანი.
რომანის მხოლოდ ერთმა,ომამდე მარიუპოლში მცხოვრებმა ნაცნობმა მიიღო ახალი ბინა, მაგრამ ოჯახს არ მისცეს კერძო საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, მიუხედავად იმისა, რომ დანგრეული ბინა მათ საკუთრებას წარმოადგენდა.
გამოცემა The Village-ი ადრე წერდა, რომ მარიუპოლის მცხოვრებლებს დანგრეული კვარტლების ადგილზე აშენებულ ბინებს კერძო საკუთრებაში გადასცემდნენ. მაგრამ ამის ნაცვლად მათ სთავაზობენ სოციალური ქირავნობის ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზე საბოლოო ჯამში ბინის გაქირავება ან გაყიდვა არ შეიძლება.
რომანის თქმით, ორდერს მხოლოდ იმას აძლევენ, ვისაც მარიუპოლში ჰქონდა კერძო საკუთრება და ის მთლიანად განადგურდა. მაგრამ, თუ ადამიანს საცხოვრებელი ფართი ჰქონდა არა მხოლოდ მარიუპოლში, არამედ არაოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე, ან თუ ფლობს წილს რუსეთში არსებულ კერძო საკუთრებაში, - ის ბინას ვერ მიიღებს. ამასთან, საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებული საკითხის მოსაგვარებლად ადამიანი პირადად უნდა ჩავიდეს მარიუპოლში.
„არც ერთ მოხელეს არ აღელვებს ის, რომ ადამიანები უკვე დიდი ხნით ცხოვრობენ და მუშაობენ სხვა ქალაქებში, სადაც ჰყავთ ოჯახები - მოხუცები და ბავშვები, რომლებიც ან უნდა დატოვოს, ან თან უნდა წამოიყვანოს, რომ გადაწყვიტოს ბინასთან დაკავშირებული საკითხი. მაშინაც კი, როცა მარიუპოლს აღადგენენ, მე არ ვიცი, როგორ იცხოვრებს ეს ქალაქი“, - მსჯელობს რომანი.
„ის იყო ნახევარმილიონიანი ქალაქი, ახლა მისგან სურთ შექმნან კურორტი, მაგრამ კურორტი ხომ სეზონურად ცხოვრობს. რუსეთში ცხოვრების ერთი წლის განმავლობაში ძლიერ შემეცვალა დამოკიდებულება მომხდარისადმი. აღმოჩნდა, რომ ჩვენთან უკრაინაში ყველაფერი არცთუ ისე ცუდად ყოფილა... ჩვენ კი გამუდმებით მეზობლისკენ (რუსეთისკენ - რ.თ.) გაგვირბის თვალი, თითქოს, მეზობელთან ვაშლი უფრო გემრიელი იყოს. თავდაპირველად ის შეიძლება მართლაც იყო უფრო გემრიელი, მაგრამ შემდეგ დამპალი აღმოჩნდა“, - დასძენს რომანი.
ასევე ნახეთ როგორ შიმშილობდნენ და იხოცებოდნენ მარიუპოლში„პენსიონერებისთვის ყველაფერი უფრო იოლია“
დანგრეული ქალაქი მარიუპოლი ლარისამ მეუღლესთან ერთად 2022 წლის გაზაფხულზე დატოვა, მაგრამ შემდეგ უკან დაბრუნდნენ, რათა მოხუცი მშობლებისთვის მოევლოთ. ლარისა ამბობს, რომ ისინი იძულებული გახდნენ აეღოთ რუსეთის პასპორტები, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებდნენ მუშაობას. მისი თქმით, ოდესღაც ვეებერთელა ქალაქში მხოლოდ რამდენიმე ახალი კვარტალია აშენებული.
„ახალმშენებლობები არის, მაგრამ ისინი არცთუ ისე ბევრია, დაახლოებით 6-7 მოედანია, რაც ასეთი ქალაქისთვის ძალიან ცოტაა. ადამიანს ახალი ბინის მიღების პრეტენზია მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს, თუ საცხოვრებელი მთლიანად დაკარგა და გაუნადგურდა დოკუმენტები, რაც ახალი ბინის მიღებას სჭირდება. თუ შეღავათის მიმღები პენსიონერია, მაშინ ბინის მიღება უფრო იოლია. მაგრამ ახალ ბინებს ცოტა ხალხი იღებს: ადამიანს ან დოკუმენტები არ ჰყოფნის, ან ახალი ადგილი არ მოსწონს, ან განადგურებულ ბინასთან შედარებით უფრო მცირე ფართს სთავაზობენ“, - ამბობს ლარისა.
მარიუპოლელი თამარა მშობლიურ ქალაქში ოჯახთან ერთად, ლენინგრადის ოლქიდან დაბრუნდა. ქალი ამჟამად იმ სახლში ცხოვრობს, რომელიც დაბომბვის შედეგად ძლიერ დაზარალდა. სახლს ისე აშენებენ, რომ მობინადრეები არც კი გაუყვანიათ.
„მუშაობენ უზბეკეთიდან და ტაჯიკეთიდან ჩამოყვანილი მუშები, არა უშავს რა სპეციალისტები არიან, ვეწვალებით“, - მოკლედ ახასიათებს იგი მუშებს.
საკუთარ ცხოვრებას დანგრეულ ქალაქ მარიუპოლში თამარა უწოდებს „კარგს“ და სიამოვნებით საუბრობს მარიუპოლის აღდგენაზე ისე, რომ ომს ერთი სიტყვითაც არ ახსენებს.
კლიმატი გაუმჯობესდა, რადგან ქარხნები უკვე აღარ მუშაობენ, - ირონიულად ამბობს თამარა. - „ქმარმა ძლივს იშოვა სამუშაო, ახლა კი იმის გამო შიშობს, რომ „გადააგდებენ“ და ხელფასს არ გადაუხდიან“.
ოლგა უკვე პენსიაზეა. ქალიშვილ ნატალიასთან ერთად მარიუპოლში 2023 წლის იანვრის ბოლოს დაბრუნდა. მანამდე ისინი ლენინგრადის ოლქში ცხოვრობდნენ, დამლაგებლად მუშაობდნენ და მძიმე სამუშაოთი მიღებული მცირე შემოსავლით ბინას ქირაობდნენ. ერთხელ სამსახურში ოლგას მიანიშნეს, რომ იგი იმ სამუშაო ადგილს იკავებდა, რომელზეც ადგილობრივსაც შეეძლო მუშაობა. „კარგი, ვინ იმუშავებს ამ ფულად იატაკის მხეხავად?“ - აღშფოთებულა ოლგა, რომელიც ომამდე მარიუპოლში ბუღალტრად მუშაობდა, ხოლო მისი ქალიშვილი - ილიჩის სახელობის კომბინატში სატუმბი სადგურის ოსტატად.
მათი ბინა მარიუპოლში მეტ-ნაკლებად მთელი გადარჩა, მაგრამ ავეჯი და მთელი ქონება მაროდიორებმა გაზიდეს. საბოლოო ჯამში, დედამ და ქალიშვილმა მარიუპოლში დაბრუნება გადაწყვიტეს. თავდაპირველად ბინის გარემონტებას ელოდებოდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ფანჯრები უხარისხოდ და მობრეცილად ჩაუსვეს, - დედა-შვილმა გადაწყვიტა, რომ თავად გაეკეთებინათ ბინის რემონტი. ნატალია არალეგალურად ყიდის სიგარეტს და ამგვარად თვეში დაახლოებით 15 000 რუსულ რუბლს (460 ლარი) გამოიმუშავებს. ოლგა კი იშვიათად დადის სავაჭროდ ბაზარში და მოთმინებით ელოდება, როდის დაუნიშნავენ 10 000 რუბლის (300 ლარი) პენსიას, რომელსაც პენსიონერები ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში იღებენ.
ოლგას სამმა პენსიონერმა მეგობარმა მარიუპოლში ბინები უკვე მიიღო, მაგრამ იქ არ ცხოვრობენ. ბინების ორდერები მათ მესამე ცდაზე მიიღეს, პირველ ორ შემთხვევაში თავად თქვეს უარი - დაბომბვამდე ისინი მარიუპოლის ცენტრში ცხოვრობდნენ, ახლა იქ მოშიშვლებული ადგილია და მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. აშენებენ მხოლოდ ქალაქის განაპირას.
„მესამედ დაუძახეს და უთხრეს: „ხათაბალას აუტეხავთ თავს. ქალაქში ბევრი ხალხი ბრუნდება და თუ მესამედაც უარს იტყვით [ბინის მიღებაზე], საერთოდ არაფერს არ მიიღებთ. აიღეთ, სადაც გაძლევენო“, - უთხრეს. ამის შემდეგ დათანხმდნენ. საერთოდ რა განსხვავებაა, თუ სად იცხოვრებ? მთავარია მშობლიური ქალაქი. ქუჩაში არავინ დარჩენილა. ყველა სადღაც მოეწყო“, - ამბობს ოლგა.
მისი მეგობარი ქალები ახალ ბინებში ჯერ არ ცხოვრობენ და ფულს აგროვებენ მათ მოსაწყობად. და სანამ შესაბამისი თანხა არ აქვთ, ომში გადარჩენილ ნაცნობ-მეგობართა ბინებში საშინელ სივიწროვეში აგრძელებენ ცხოვრებას.
ოლგას თქმით, საცხოვრებელი ბინის მოსაწყობად 100 000 რუბლს (3000 ლარი) იძლევიან, მაგრამ ეს არის „ზღვაში წვეთი“ და ამ თანხით მხოლოდ მაცივრის, სარეცხი მანქანის და თითო-ოროლა ჭურჭლის შეძენა შეიძლება. უამრავ ადამიანს, ვისაც ყველაფერი დაეწვა და გაუნადგურდა, ნორმალური რემონტის გასაკეთებელი ფული არ აქვს. მარიუპოლში კიდევ გავრცელებული ყოფილა პრაქტიკა, როდესაც აღებენ ქალაქიდან წასული ადამიანების ბინებს და მათში სხვებს ასახლებენ.
„მოდიან საცხოვრებელ-საექსპლუატაციო კანტორის თანამშრომლები, აღწერენ ქონებას. მაგრამ თუ ბინის მფლობელები დაბრუნდებიან, მათ ბინებს, რა თქმა უნდა, უკან დაუბრუნებენ. მაგრამ ვინ იცის“, - ამბობს ოლგა.
მომზადებულია „სიბირ. რეალიის“ მასალების მიხედვით