ოთხი კვერცხის და ამდენივე ღამის ამბავი

შოთა დიღმელაშვილი

„ნეტავ შემეძლოს სამუდამოდ დავიხშო ყურნი
და ჩემი გვამი ჩემივ ტანჯვის ციხედ ვაქციო...
არცა ხმა მესმას... არც არავინ შემოიხედოს...
მშფოთვარე სული იქნებ უფრო განისვენებდა...
ო, კითერონო! რად მიმიღე წიაღსა შენსა?“

ოიდიპოს მეფე
(სოფოკლე)

ვინც ჩემი ადმინისტრაციული დაკავების ამბავი იცოდით, გაგახარებთ, გამათავისუფლეს, ხოლო ვინც არ იცოდით – უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე უკანონო დაკავებების გასაპროტესტებლად მთავრობის სახლს ოთხი კვერცხი ვესროლე და თითო კვერცხის სანაცვლოდ თითო ღამე დავყავი იზოლატორებში: 8-დან 10 მარტამდე დიღომში, მერე სასამართლო და 10-დან 12-მდე – ზაჰესში.

რა მრჯიდა? პროტესტის გარდა, მინდოდა მშვიდად და მკაფიოდ მეჩვენებინა, რომ პოლიცია მშვიდობიან აქტივისტებს შერჩევით და უსაფუძვლოდ აკავებს, ხან თვითნებურად, ხანაც ხელმძღვანელი პირის მითითებით. რომ დაკავების ოქმები შაბლონური და არაინფორმატიულია, მისი შემდგენი კი არა ის, ვინც აკავებს, არამედ სხვა პოლიციელი, რომელიც სათანადო მიზნისა და დასაბუთების გარეშე იყენებს მაქსიმალურ ვადას. აგრეთვე ის, რომ (კარგი დამთხვევაა) 1984 წელს მიღებული ჩვენი საბჭოთა ადმინისტრაციული კოდექსი მოძველებული და ხარვეზიანია, უგულებელყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციას, არასწორად ანაწილებს მტკიცებულების ტვირთს და უმეტესად თვითონაც დაუსაბუთებელი და შაბლონურია, რადგან კრიტიკულად არ აფასებს პოლიციელთა მონათხრობის უზუსტობებს და შეუსაბამობებს. მაგალითად, ლაივჩართვაზე მყოფ ტელეფონს შეიძლება „ესმოდეს“ 20 მეტრში გატეხილი კვერცხის ტკაცანი, მაგრამ „არ ესმოდეს“ პოლიციელის „კანონიერი ბრძანება“ - შევწყვიტო „უკანონო“ პროტესტი.

სიმართლე გითხრათ, მაინც არ მოველოდი ოთხ კვერცხში ორ ღამეზე მეტის გადახდას არც მე და როგორც მოგვიანებით მენიშნა, არც ჩემი დაკავების ოქმის შემდგენი ახალგაზრდა პოლიციელი, რომელსაც ადრე დაუჭერია და სულ ექვსი დღით ჩაუსვამს ვიღაც, ვინც აქციაზე ბოთლი ესროლა და თავში გაარტყა. არ ველოდით აქაც ამხელა ინფლაციას. არგაწეული წინააღმდეგობისთვის ის ორი ღამეც მებევრებოდა, დიღმის დაკეტილ იზოლატორში რომ გავატარე. ეს შელახული შენობა საგანგებოდ გახსნეს 8 მარტს, მას შემდეგ, რაც უკრაინის სოლიდარობის მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დააკავეს და რამდენიმე მამაცმა გოგონამ უფორმო დამრბევის კამეჩის კისერზე დადგმულ თავზე ჩამოფხატული ნიღბის შემოხევით მიულოცა ერთმანეთს ქალთა დღე. სხვათა შორის, ნამდვილი ესთეტები ამ სანახაობას ანიჭებენ უპირატესობას რუსულ ბალეტთან შედარებით.

დიღმის იზოლატორში მხოლოდ სიბინძურეს ვინ ჩივის, მის სქელ კედლებში მთელი ზამთრის სიცივე და ნესტი იყო დაგუბებული კედელზე უფასური ავტოგრაფის ამომჩორკნელთა სულთან ერთად. ყოვლისმომცველი სუსხი საგარეო ტანსაცმლის სამ ფენაშიც ძვლამდე ატანდა; ამიტომ ქურთუკებს გარდა ორ ერთმანეთზე ბინძურ პლედში ვაგზლის შაურმასავით გახვეულებს გვეძინა. გახვევა კი აუცილებელი იყო, რადგან რამდენადაც მტვრიან-გაუბედურებული არ უნდა ყოფილიყო ალაგ-ალაგ სიგარეტით ამომწვარი პლედები, ის მატერია, რაზეც უნდა წამოვგორებულიყავით, ბევრად ნაკლებ ნდობას აღძრავდა. არც ვიცი, რა ჰქვია – არც მთლად დერმატინი, არც პოლიეთილენი, რაღაც ამათ შორის, ღრუბლოვანი მასა, რომელიც ერთდროულად ზეწრის, ლეიბის და ამობურცული თავით – ბალიშის როლს ასრულებს. „ბალიშის“ წმენდასაც აზრი არ ჰქონდა. სველი ხელსახოცის ნახევარი პაკეტი დავახარჯე და რამდენსაც გადავუსვამდი, იმდენი შავად იღებებოდა. იმდენად უაზრობა იყო წმენდა, რომ ბოლოს არ ვიცი, რომელი უფრო დამენანა – ხელსახოცი თუ ძალისხმევა. გადავწყვიტე პოზიტიურად შემეხედა: ბაკებთან ცოტა ჭაღარა შემომერია და სხვა თუ არაფერი, შეღებავს მაინც-მეთქი. სხვათა შორის, მეორე დღის ბოლოსაც გავიმეორე ხელსახოცის ექსპერიმენტი და იმდენი სიშავე იყო დარჩენილი, ჩემს ბაკებს კი არა, ბიძინას „ჩოლკასაც“ ბევრჯერ შეღებავდა.

თუმცა რამდენადაც ცუდი იყო ინფრასტრუქტურა, იმდენად კარგები იყვნენ თანამშრომლები – ექიმებით დაწყებული, ბადრაგით დასრულებული. ეტყობოდათ შეწუხება, თან არა მხოლოდ იმით, რომ ასეთ სიცივესა და ანტისანიტარიაში უწევდათ მუშაობა და ყოველმხრივ ცდილობდნენ ჩემი ხვედრი შეემსუბუქებინათ. კამერაც თხოვნისთანავე შემიცვალეს (დიდი ვერაფერი შეღავათი, ყველა ერთნაირად ცუდი ყოფილა), სახლში გამომცხვარი ორცხობილაც მიწილადეს და არც წიგნებზე სირბილი დაიზარეს. სასამართლომდე მარტო კითხვა თუ დამავიწყებდა დარდს 48 საათის სასტიკ მკვლელობაზე. იზოლატორი ხომ დალუქული იყო, შესაბამისად, ბიბლიოთეკაც არ არსებობდა. ჯერ იყო და ძლივ-ძლივობით საიდანღაც გამოაძრეს ლადო მრელაშვილის მოთხრობები, მაგრამ მათი აღმოჩენის სიხარულს აზიზობის ცივი წყალი გადავასხი და მოგვიანებით საქართველოს IX-XX საუკუნის ისტორია, „პალიტრის“ გამოცემული ოთხტომეულის ბოლო ტომი გამიჩითეს. სიმართლე გითხრათ, საჩუქარი თავიდან ცივად მივიღე – გარდა იმისა, რომ ეს წიგნი საშინლადაა დაწერილი, ვიწრო ეთნო-ნაციონალისტური პრიზმაც მეტისმეტად მრუდეა ჩემი თვალისთვის. თუმცა ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო და გიორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებიდან მოყოლებული ქართველების ყველა აჯანყების პაზლის აწყობა ვცადე გონებაში. ვიფიქრე, ნაძირლების ნაძარცვი კეთილშობილი ცნებები, როგორიცაა „პატრიოტიზმი“ თუ „კონსერვატიზმი“ ხო ყველა პონტში უკანაა დასაბრუნებელი და კარგი იქნებოდა რამე საინფორმაციო კამპანიისთვის იდეების გენერირება. რატომაც არ უნდა გვახსოვდეს უკეთ ყველა იმ ქართველის სახელი, ვისაც ჩვენი ტერიტორიის ქვეყნად ქცევაში რუსეთმა სიცოცხლე გადაახდევინა. უკრაინის მხარდამჭერ მშვიდობიან მანიფესტაციაზე დაკავებული აქტივისტები ცხრაში გათავისუფლდნენ (ნაწილს სამიათასიანი ჯარიმა დააკისრეს, ნაწილს რამდენიმე დღეში უწევთ სასამართლო და ალბათ 1984 წლის კოდექსით თავისუფლებას აღუკვეთენ ან კოლოსალურ ჯარიმას არგუნებენ), მე კი რახან მათზე ერთი დღით გვიან დამაკავეს, მთელი ციხე მხოლოდ ჩემს „განკარგულებაში“ დარჩა. სხვა დაკავებულებთან ერთად იზოლატორი თითქოს ზედმეტი ფორმალობებისგანაც დაიცალა და ახალშობილი კამპანიის ერთ-ერთ სამიზნე აუდიტორიის ფოკუსჯგუფთან ურთიერთობის შესაძლებლობაც მომეცა. ჯიგრები აღმოჩნდნენ.

მერე იყო სასამართლო, რომელზეც არხეინად ვიჯექი, რადგან ნებისმიერი ვერდიქტის შემთხვევაში, ვთვლიდი, მაცივარში გატარებული 48 საათი წინააღმდეგობისთვის უკვე საკმარისი საზღაური იყო. ადვოკატის კომპეტენტური თავდაჯერება ფსონს საკუთარ გამარჯვებაზე მაკეთებინებდა, თუმცა სადღაც ვუშვებდი, რომ მაინც გამამტყუნებდნენ: მართალია პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გამიწევია, მაგრამ მოგეხსენებათ, ზოგი ტლანქი გონება თავაზიანობას შეურაცხყოფად თარგმნის და, ამასთან, მოსამართლის განსჯის უნარებსა და სტიმულებზე არაფერი ვიცოდი (მოგვიანებით გავიგებ, რომ კარტოგრაფების საქმის მოსამართლის თანაშემწე ბრძანდებოდა და ახლოს მეგობრობს ე.წ. სასამართლო კლანის თავკაცის ოჯახთან, თუმცა ჩემი მხრიდან მაინც უსამართლობა იქნება ხელაღებით რამის მტკიცება, შესაძლოა ეს ყოველივე უბიწო დამთხვევაა და მართლაც შინაგანი რწმენით იხელმძღვანელა, ანუ თემიდას სიბრმავე ბრმადმორწმუნეობით დააკომპენსირა). თანაც ცუდად მენიშნა მოსამართლის ერთადერთი კითხვა ჩემდამი, მაინც, რამდენი კვერცხი ვესროლე მთავრობის სახლს? აგრეთვე, განაჩენის გამოცხადებამდე ჩვეულებრივზე რამდენადმე ხანგრძლივი შესვენება. თავად განაჩენის კითხვის მანერაც, რომელმაც ზვიაგინცევის „ლევიათანის“ ეპიზოდი გამახსენა – დაზეპირებული, განყენებული, დიაკვანისებრი თხრობა, უწერტილმძიმო, მსგავსი ბაზარში ხორცის ფარდულებთან ბუზების მონოტონური ბზუილისა, ან მოჩუხჩუხე რუსი, რომლის ნაკადზე მოტივტივე ფიქრებიც მონაცვლეობით იკარგებიან ხედვიდან და მსმენელს არა იმდენად თვლემას, რამდენადაც მედიტაციურ ტრანსს ჰგვრის. თუმცა განაჩენმა იცოცხლე, გამომაფხიზლა – 4 წლის ნეოს და 2 წლის დათას სიახლოვის გარეშე დაძინებული 4 ღამე, იმისთვის, რომ შენობას 4 კვერცხი ვესროლე. სხვათა შორის, ერთი 6 ნოემბერს დაიბადა, მეორე 19 ივნისს, თითქოს იმის ნიშნად, რომ ქვეყნის შეცვლისთვის მიძღვნილ დღეებზე წინ მოდიან.

მოსამართლის წაკითხული განაჩენით ჩემზე არანაკლებ გაკვირვებულმა დამკავებელმა კვლავ ხელბორკილი დამადო და დარბაზის უკანა კარიდან ქვედა სართულზე ჩამიყვანა, სადაც განსასჯელებისთვის განკუთვნილი საკნები მდებარეობს, რომლის ინტერიერიც საუცხოოდ ასახავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას მისი მოწყალების იმედად მყოფი დამნაშავეებისადმი თუ უდანაშაულოებისადმი. „საკანი“ ამ ვიწრო, ჭუჭყიანი გალიისთვის დაუმსახურებელი კომპლიმენტია. მას უთავმოყვარეო GUERILLA კი არა, თავმოყვარე გორილაც იუკადრისებდა. იმედი მქონდა, ამ ჟანგიან ღრჭიალს ზურგს უკან აღარასოდეს გავიგონებდი, თუმცა კაცი ბჭობდა, კლანი იცინოდაო. ჯერ ღრჭიალი გაისმა, მერე ჩემ კბილთა ღრჭენა (როგორც წესი, სხვა გაკავებს და ოქმს სხვა გიფორმებს. ეს უკანასკნელნი მეტწილად ახალგაზრდები არიან. ნეტავ იმიტომ, რომ უფრო გამოცდილი პოლიციელები რისკებს ირიდებენ თუ უბრალოდ, ინიციაციაა? ერთხელ მოაწერ ხელს ყალბ ოქმს და ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახულია, მერე უკანონო ბრძანებასაც შეასრულებ. ალბათ სწორი პასუხია გ – ორივე):

  • კმაყოფილი ხარ? – ვკითხე პოლიციის იუგენდს.

სიჩუმე.

  • არა, – მიპასუხა მან.

კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა თითქოს, მაგრამ ქუსლებზე მკვირცხლად დატრიალდა, მეწყვილისკენ დაიძრა და ჩუმი საუბარი გაუბა. მერე ისევ მოვიდა, ისევ შეყოვნდა და თავის მართლება სცადა: „პატიმრობა რომ მომეთხოვა, მეტს მოგისჯიდნენ“. მართლაც, გამახსენდა, როგორ ჩაეკითხა მოსამართლე, რა სასჯელს ითხოვდა, რაზე პასუხადაც გაუმეორა – „შესაბამის სასჯელს“. ნუთუ ტიპი, რომელმაც თქვა, რომ 24 საათი არ ეყოფა საკუთარი სამხრე კამერის ჩანაწერის ამოღებას და ამიტომ სასამართლომდე 48 საათი უნდა ვიჯდე მაცივარში და სასამართლოზე ამ სამხრე კამერის ჩანაწერი საერთოდ არ წარუდგენია, რამეს ნანობს?

სიმართლე გითხრათ, გულისხმიერების ნატამალი ბოლო რამ იყო, რასაც ამ ჩემი დამკავებლისგან მოველოდი. ერთი შეხედვით, სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან „პოლ ბოქსის“ ვარცხნილობის გარდა დისციპლინის სიყვარული გადმოჰყვა. ხოლო მკაცრი ხელის საქმის მიმართ გადამეტებული ენთუზიაზმი არა მგონია შეძენილი თვისება ყოფილიყო. ამას ემატებოდა „მუნდირის ღირსებაზე“ ჟან ვალჟანისეული აპლომბი.

ისე, რო დაუფიქრდე, სწორედაც მაშინ უფრო არ აღაგზნებს პოლიციელს „მუნდირის ღირსება“, როცა შს სამინისტროს მთლად უფროსი ამავდროულად ბიძინა ივანიშვილის არცთუ ყოფილი დაცვის უფროსია? დანარჩენ ღირსებას ხომ ისევე უნდა გაუფრთხილდეს, როგორც დიღმის იზოლატორის სტუმარი – სველ ხელსახოცებს? რა ქნას, თუ სახელმწიფოს პასუხისმგებლობებს ვერ ერევა? როგორ არ გაიტანს საკუთარი პასუხისმგებლობის ველს მიღმა? ქვეყანაც ხო ეგეთივე გვაქვს, თავის სასარგებლო წიაღისეულს თვითონ ვერ გადაამუშავებს და მადნის სახით იაფად აექსპორტებს. ის საქართველოა. მასაც ურჩევნია, არ გადაამუშაოს, მაგალითად, დისპროპორცია მშვიდობიანი აქტივისტებისა და აგრესიული კოლაბორაციონისტების ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შორის.

ბუნებრივია, იმედს ასეთი პერსონაჟი ვერ ჩამისახავდა, მაგრამ პრინციპში არც უიმედობას. აღმოჩნდა, მისი გულიც ძალაუფლებით მთვრალი უკვდავი კოშეის გულივით კვერცხში შეიძლება იპოვო, რომელიც პერსონაჟის გაყინულ შინაგან კონფლიქტთან ერთად შედეს მაცივარში. სითბოში სარისკოა, შეიძლება უცებ ისე აჩქარდეს, შინაგანი რწმენის დანაღმულ ველზე გადარბენა უბიძგოს. კათარზისისთვის ფეხის ერთი წამოკვრა და მერე, როგორც სოფოკლე იტყოდა – „ირგვლივ ღრუბლები, სულ ღრუბლები, შავი ღრუბლები... მხოლოდ წყვდიადი... უსასრულო... განუჭვრეტელი“. თუმცა გაყინული კონფლიქტი აგრესიას როდი აქრობს და ამ აგრესიას სხვა მით უფრო იზიდავს, რაც უფრო „სხვაა“. მაგრამ იმასაც ხო წყალი არ გაუვა, რომ ბიძინა უფრო სხვაა მისთვის, ვიდრე მაგალითად მე, ვიდრე თითოეული ჩვენგანი?

„ამდენი ხანი იცი, რატო გალოდინე? – მითხრა ჯერ მეწყვილესთან, შემდეგ ტელეფონზე ჩუმი საუბრიდან მობრუნებულმა, – დიღომი ხო არ მოგეწონა, ზაჰესში წაგიყვანთ. მომე ეგ, წამოგიღო“. „პირადად საწინააღმდეგო არაფერი მაქვს“, – მომაძახა მოშორებით მდგარ მაგიდასთან თავჩაქინდრულმა მისმა მეწყვილემ გალიიდან გაყვანისას.

ზაჰესში მეტი სითბო და სისუფთავე იყო. როცა დაგჭირდებათ, იცოდეთ, წინასწარი დაკავების საკნებს შორის ლუქსი ეგაა.

მუნდირის ღირსების შესანახად ბოლო აქტში ვიღაცები ამ მუნდირებს აუცილებლად იხდიან.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.