ოთხი ერთისთვის და ერთი პრეზიდენტობისთვის

გრიგოლ ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძეს, საპრეზიდენტო კანდიდატს გაერთიანებული ოპოზიციისა „ძალა ერთობაშია“, ოთხი საპრეზიდენტო კანდიდატი დაეხმარება, რომ 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ მან გაიმარჯვოს. გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსი ამ კანდიდატებს ტექნიკურ კანდიდატებს უწოდეს და ამბობს, რომ ისინი ვაშაძისთვის განკუთვნილ ხმებს არანაირ საფრთხეს არ შეუქმნიან.

Your browser doesn’t support HTML5

ოთხი ერთისთვის და ერთი პრეზიდენტობისთვის

გაერთიანებულ ოპოზიციაში „ძალა ერთობაშია“ შემავალი ოთხი კვალიფიციური სუბიექტიდან თითოეული თავის საპრეზიდენტო კანდიდატს წარადგენს და ასე შეეცდება ერთი საერთო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის, მხარდაჭერას. ანუ, როგორც გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე განუმარტავს რადიო თავისუფლებას, ეს ნაბიჯი მათი საარჩევნო სტრატეგიის ნაწილია და ოთხ კანდიდატს ტექნიკურ კანდიდატებად მოიხსენიებს.

ასევე ნახეთ მოძრაობამ "ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა გრიგოლ ვაშაძე

„იმისთვის, რომ მოვახდინოთ გაყალბების პრევენცია, მეტი წარმომადგენლობა გვყავდეს ყველა საარჩევნო დონეზე, აქედან გამომდინარე, ჩვენ ტექნიკურად ვარეგისტრირებთ კანდიდატებს, რომ ეს ყველა სიკეთე, რაც მოსდევს კვალიფიციურ სუბიექტს, იქნას გამოყენებული, რომ მოვახდინოთ არჩევნების გაყალბების პრევენცია. ეს ნიშნავს იმას, რომ თითო კვალიფიციურ სუბიექტზე გვეყოლება ერთი წარმომადგენელი, რომლის საშუალებითაც მოვახდენთ გაყალბების პრევენციას. სარეკლამო დროის თვალსაზრისითაც გამართლებულია მსგავსი ნაბიჯი“.​

გიორგი ვაშაძე იმასაც ამბობს, რომ ტექნიკური კანდიდატები არანაირ საფრთხეს არ შეუქმნიან გრიგოლ ვაშაძისთვის განკუთვნილი ხმებს:

„მთელმა საქართველომ იცის, რომ ჩვენ გვყავს საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი, ძალიან ღირსეული კანდიდატი და პროფესიონალი ადამიანი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც მართლაც შეეფერება იმას, რომ ის იყო საქართველოს პრეზიდენტი და სახე და აქედან გამომდინარე, ეს პროცესი ჩვენი კამპანიის ნაწილია და ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ტექნიკური თვალსაზრისით“.​

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისათვის საქართველოს პრეზიდენტობის სურვილი უკვე გამოთქმული აქვს 31 პირს, თუმცა ცესკოს ოფიციალურად მიმართა 30-მა სუბიექტმა.

ამ დროისათვის გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი ხუთი კვალიფიციური სუბიექტიდან საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი დასახელებული ჰყავს „ახალ საქართველოს“. მათი კანდიდატია ზვიად ბაღდავაძე. საკუთარი კანდიდატი დაასახელა პარტიამ “ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა”, რომელიც ასევე შედის ოპოზიციურ გაერთიანებაში “ძალა ერთობაშია”. მათი კანდიდატია ზვიად იაშვილი. კანდიდატი დაასახელა „ქრისტიან-კონსერვატიულმა პარტიამაც“.

გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი კვალიფიციური სუბიექტებია: „სახელმწიფო ხალხისათვის“, „ახალი საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ და „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისათვის საქართველოს პრეზიდენტობის სურვილი უკვე გამოთქმული აქვს 31 პირს, თუმცა ცესკოს ოფიციალურად მიმართა 30-მა სუბიექტმა. საარჩევნო კომისიამ 14 სუბიექტის საინიციატივო ჯგუფს კანდიდატის დაყენებაზე მოთხოვნა უკვე დაურეგისტრირა, ხოლო 16 სუბიექტის მოთხოვნას კვლავ განიხილავს. ოპოზიციურ გაერთიანებას ჯერჯერობით საარჩევნო კომისიისთვის არ წარუდგენია თავისი კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე 17 ივლისს ქუთაისში წარადგინა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კანდიდატების წარდგენის ვადა 8 სექტემბერს იწურება.