მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს, რომლებმაც მთელი ქვეყანა მოიცვა, მოჰყვა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ სასტიკი რეპრესიები. ამ მოვლენების ფონზე რეჟიმმა დაიწყო ახალგაზრდობის სამხედრო-პატრიოტული აღზრდის დანერგვა და პროპაგანდის გაძლიერება სასწავლო დაწესებულებებში. განსაკუთრებით ინტენსიურად ეს ხდება საბავშვო სახლებში.
ობოლი ბავშვები, სხვათა შორის, მართლმადიდებლური ინტერნატებიდანაც, დაჰყავთ სამხედრო პოლიგონებზე, ასწავლიან იარაღის დაშლა-აწყობას, საგანგებოდ მართავენ წვრთნას „ვაგნერის“ დაქირავებული რაზმების სამხედროებთან ერთად. მათ აძალებენ წერილები მისწერონ ჯარისკაცებს.
საჩუქრები „ომონისგან“: გასეირნება საბადრაგო მანქანით და ჯარისკაცის ფაფა
სამხედრო-პატრიოტული აღზრდისთვის ბელარუსში ოთხი სამინისტროა პასუხისმგებელი: განათლების, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და საგანგებო ვითარებათა სამინისტროები.
ამ უწყებების თანამშრომლობის შედეგია სამხედრო ბანაკების შექმნა ექვსი წლის ბავშვებისთვის „ვაგნერელების“ მონაწილეობით და მასტერკლასები იარაღის დაშლა-აწყობაში, რომლებსაც ომონი მართავს.
ობოლი ბავშვებისთვის ბელარუსში რა ხანია ეწყობა შეხვედრები მათთვის სამხედრო საქმის გასაცნობად. არ აკლიათ მათ ექსკურსიები სამხედრო ნაწილებში, - ჯარისკაცებთან შეხვედრები, პატრიოტული კონკურსები და სამხედრო ბანაკები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
2021 წელს შინაგან საქმეთა მინისტრმა კურბაკოვმა „ომონთან“ ერთად ობოლ ბავშვებს საახალწლო „საჩუქარი“ მოუმზადა. ბავშვები ასეირნეს საბადრაგო მანქანებით, მისცეს ყუმბარმტყორცნებითა და შაშხანებით თამაშის საშუალება, საგანგებოდ მოუმზადეს ჯარისკაცების ფაფა. „ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ [ობოლ ბავშვებს] ოჯახურ ატმოსფეროში ეგრძნოთ თავი“, - თქვა ამ შეხვედრის შემდეგ მინსკის „ომონის“ მეთაურმა, დმიტრი ბალაბამ.
მაგრამ, 2022 წელს შესამჩნევად გაიზარდა ობოლი ბავშვებისთვის მოწყობილი სამხედრო-პატრიოტული ღონისძიებების რაოდენობა.
ასევე ნახეთ რუსეთში იქმნება პატრიოტული აღზრდის სამინისტრობელარუსის ბავშვთა ფონდმა პროექტი სახელწოდებით „ხსოვნის გზებზე“ წამოიწყო საგანგებოდ ობოლი ბავშვებისთვის, რომლებიც სოციალურად სახიფათო გარემოში იმყოფებიან, ასევე შშმ ბავშვებისთვის და პატარებისთვის, რომლებიც რთულ ვითარებაში ცხოვრობენ.
ბავშვებისთვის ეწყობა პატრიოტული კარვების ბანაკები, „სიმამაცის მარათონი“, პატრიოტული ლიტერატურული კონკურსები, სამხედრო-პატრიოტული თამაშები, ექსკურსიები მემორიალებთან და მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი მემორიალების ტერიტორიის მოვლის ღონისძიებები.
ამ ჩარჩოებში, ბავშვთა სახლების და ინტერნატების აღსაზრდელებს ავალებენ ჯარისკაცებისთვის წერილების მიწერას.
როგორც განათლების სამინისტრო იტყობინებოდა, წერილებში ბავშვები არმიაში სამსახურისადმი თავიანთ დამოკიდებულებაზე წერდნენ, „მადლობას უხდიდნენ სამხედროებს ქვეყანაში მშვიდობისთვის“ და „მომავალში სამშობლოს სამსახურისთვის მზადყოფნას გამოთქვამდნენ“.
თვით სპორტული შეჯიბრებებზე დასწრება ობოლი ბავშვებისთვის პატრიოტულ კონტექსტში ხდება. ივნისის დასაწყისში, როცა ოჯახური ტიპის საბავშვო სახლის აღსაზრდელები ფეხბურთზე, ბელარუსი-რუსეთის ამხანაგურ თამაშზე დასასწრებად მიჰყავდათ, მათ ჯერ „სტალინის ზოლის“ სახელით ცნობილი ისტორიულ-კულტურული კომპლექსი ანახეს. სამთავრობო მედიაარხმა ეს ასე ახსნა: რათა არ მოხდეს „ისტორიული ხსოვნის დავიწყება“, რაც ასე სურთ ზოგიერთებს.
ბოლო წლებში ბელარუსში განსაკუთრებით გაიზარდა სამხედრო ნაწილებთან არსებული სამხედრო საზაფხულო ბანაკების რიცხვი, სადაც უფასოდ ასწავლიან ობლებს, სოციალურად დაუცველ ბავშვებს.
2021-2022 წლებში ასეთი 480 ბანაკი მუშაობდა, შარშან მათმა რიცხვმა მიაღწია 583-ს და იქ ექვსი ათასმა ბავშვმა გაატარა ზაფხული. 2024 წელს მოელიან, რომ სამხედრო-სპორტული ბანაკები 14 ათას ბავშვს მიიღებენ.
ამ ბანაკების პროგრამას რაც შეეხება, როგორც თავდაცვის სამინისტროს იდეოლოგიური მუშაობის განყოფილების ხელმძღვანელი სერგეი კორნევი ამბობს, „დიდი ყურადღება ექცევა პატრიოტულ აღზრდას“. ამისთვის იწვევენ სამხედრო სამსახურის ვეტერანებს, მებრძოლ-ინტერნაციონალისტებსა და სხვა სამხედრო მოსამსახურეებს.
შარშან სამხედრო-პატრიოტულ კლუბ „რისში“ ყმაწვილებს წვრთნა ჩაუტარეს დაქირავებულ მეომართა რაზმის „ვაგნერის“ წევრებმა. მათ დაფარული ჰქონდათ სახეები, მაგრამ არ მალავდნენ სამხედრო ორგანიზაციის ემბლემას. შეხვედრას ესწრებოდა ბელარუსის შინაგანი ჯარის უფროსი ნიკოლაი კარპენკოვი. „ვაგნერის“ მეომრებთან ერთად ის ბავშვებს ასწავლიდა მისალმების ჟესტს, რომელიც „ვაგნერელებს“ შორის არის პოპულარული: ჯესტი „ჯამბო“ კეთდება ცერა და ნეკა თითების მაღლა აწევით, როცა დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული.
ის, რომ ობოლ ბავშვებს პატარაობიდანვე ამზადებენ სახელმწიფო სამსახურისთვის სამხედრო მიმართულებით, ჩანს საგანგებო ვითარებათა სამოქალაქო თავდაცვის უნივერსიტეტის სპეციალური ლიცეუმის კურსდამთავრებულთა მონაცემებიდან. ლიცეუმის წარმომადგენელთა თანახმად, ყოველი მესამე მოსწავლე ობოლი ან მოზარდია, რომელიც მშობელთა მეურვეობის გარეშე დარჩა. ხოლო მათი 60% ნაკლებად უზრუნველყოფილი, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდანაა.
ლიცეუმის ათი კურსდამთავრებულიდან ცხრა მიდის უმაღლეს სკოლებში, ძალოვან სფეროში განათლების მისაღებად.
მოსკოვის კვალდაკვალ: მართლმადიდებლობა ტყვიამფრქვევით ხელში
ბელარუსის განათლების სამინისტრომ წელს, მაისის თვეში შესწორება შეიტანა ბავშვთა სახლების შესახებ დებულებაში. ახალი წესით, გაიცა მართლმადიდებელ მონასტრებთან ბავშვთა სახლების გახსნის ნებართვა.
შარშან, რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარემ, ნატალია კოჩანოვამ ეს შესაძლებლობა განიხილა ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობასთან.
ასევე ნახეთ ომის პროპაგანდა და მეხსიერებისთვის ბრძოლა რუსეთის სკოლებსა და ქუჩებშიმისი თქმით, ბავშვთა სახლებიდან ბავშვების მონასტრებში გადაცემის იდეის შესახებ მოსკოვში ვიზიტის დროს შეიტყო. კოჩანოვამ ახალი ტიპის საბავშვო სახლების შექმნის პერსპექტივა განიხილა გროდნოს ღვთისმშობლის შობის ქალთა მონასტრის წინამძღვარ გავრილასთან. იღუმენია გავრილამ სახელი გაითქვა სკანდალური ქმედებით 2020 წლის მოვლენების შემდეგ. მან დაიწყო ხელმოწერების შეგროვება არქიეპისკოპოს არტემის წინააღმდეგ, რომელმაც დაგმო საპროტესტო გამოსვლების წინააღმდეგ ძალადობა. გავრილა (გლუხოვა) ტორტებს ჩუქნიდა დემონსტრაციების ჩახშობის მონაწილე მილიციელებს, დემონსტრანტებს „ჯოჯოხეთში პირდაპირ გზას“ ჰპირდებოდა და მათ „უგუნურების ბრბოს“, „განრისხებულ ნახირს“ უწოდებდა. ის მიესალმა უკრაინაში რუსეთის შეჭრას და 2024 წელს უკრაინაში რუსი ჯარისკაცებისთვის საკვირაო სკოლის ბავშვების წერილების გადაცემას გაუკეთა ორგანიზება.
მართალია, მართლმადიდებლურ-სამხედრო აღზრდა ბელარუსში დიდი ხანია არსებობს, ბელარუსის ჰელსინკის კომიტეტის წარმომადგენელი, ეკატერინა დეიკალო ხაზს უსვამს ბოლო წლებში სამართალდამცველი ორგანოების და ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობის გაფართოებას აღზრდის პროცესში.
ეპარქიებთან სამხედრო-პატრიოტული ბანაკები ბელარუსში 2020 წლამდეც არსებობდა. მაგალითად, მართლმადიდებლური სამხედრო-პატრიოტული კლუბი „დრუჟინა“ ჯერ კიდევ 2007 წელს დააარსა მღვდელმა ევგენი პაველჩუკმა, რომელიც შარშან გააძევეს ბულგარეთიდან იმის გამო, რომ ხიფათს წარმოადგენდა სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის. ბულგარეთის ხელისუფლების განცხადებით, მისი საქმიანობა ეხებოდა „რუსეთის ფედერაციის ჰიბრიდული სტრატეგიის სხვადასხვა ელემენტის განხორციელებას ბულგარეთში სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებზე მიზანმიმართული ზემოქმედებისთვის რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე“.
2015 წელს ბელარუსულმა გამოცემა „ნაშა ნივამ“ გამოიძია „დრუჟინას“ და მსგავსი კლუბის, „სლავების“ (რომელიც პაველჩუკმა ასევე დააარსა გროდნოში) საქმიანობა. გაირკვა, რომ ორივე ეს გასამხედროებული კლუბი ძირითადად აგროვებდა მოზარდებს, რომლებიც არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექციაში იყვნენ რეგისტრირებული. ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ მოზარდების ინსტრუქტორები იყვნენ „რუსული სამყაროს იდეოლოგიის მატარებლები“, რომლებიც აქტიურად უჭერდნენ მხარს ბელარუსის რუსეთთან გაერთიანების იდეას, კაზაკთა ფორმირებების წევრები.
სოციალურ ქსელებში მათ გამოაქვეყნეს იმპერიული და რუსული დროშები, მხარდაჭერას უცხადებდნენ დონბასელ სეპარატისტებს და გაავრცელეს რუკები, სადაც ბელარუსი რუსეთის ნაწილია. ბანაკებში მოზარდებს ასწავლიან ხელჩართულ ბრძოლას, პისტოლეტით და ტყვიამფრქვევით სროლას, გადარჩენას და სამედიცინო მომზადების საფუძვლებს. მაშინ პაველჩუკმა განაცხადა, რომ ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს.
დონბასში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, კლუბებმა „სლავებმა“ და „დრუჟინამ“ ღიად განათავსეს თავიანთ გვერდებზე სოციალურ ქსელ VKontakte-ზე განცხადებები ომში „რუსებისთვის, ნოვოროსიისა და რუსეთისთვის“ გაწევრიანების შესახებ. „დრუჟინას“ და „სლავების“ გარდა, გროდნოს ეპარქიაში შეიქმნა კიდევ ოთხი მართლმადიდებლური სამხედრო-პატრიოტული კლუბი: „ვიტიაზი“, „ბრატსტვო“, „ვოევოდები“ გროდნოში და „ბელაია რუსი“ სოფელ ვერტელიშკში. „ვოევოდებს“ და „სლავებს“ ევგენი პაველჩუკი ხელმძღვანელობდა. „მედიაზონის“ შეფასებით, 2023 წლის მდგომარეობით, ბელარუსში არსებობდა 20-მდე მართლმადიდებლური სამხედრო-პატრიოტული კლუბი.
ვიტებსკის არაერთმა სამხედრო-პატრიოტულმა კლუბმა ბელარუსი მოზარდები გაგზავნა რუსეთში ბანაკებში, სადაც მათ გააცნეს დონბასის ომის მონაწილეები. ბანაკს უკრაინაში განსაკუთრებული სისასტიკითა და ძარცვით ცნობილი კერძო სამხედრო კომპანია - სკანდალური ჯგუფი Е.Н.О.Т.-ი მართავდა. როგორც 2016 წელს არხ Belsat-ის ჟურნალისტებმა შეიტყვეს, იქ ბავშვებს ასწავლიდნენ „საბრძოლო უნარებს“.
ასევე ნახეთ ყაზარმაში დაბადებულები. ავტომატი და დრონი რუსეთის სკოლებშირატომ აკეთებს ხელისუფლება აქცენტს ობლებზე?
ოჯახებისგან განსხვავებით, სადაც არიან მშობლები ან მეურვეები და მოზრდილებს შეუძლიათ დაეხმარონ ბავშვს წინააღმდეგობა გაუწიოს სკოლაში სამხედრო-პატრიოტულ პროპაგანდას, ბავშვთა სახლებში მათ ასეთი არჩევანი არ აქვთ. ბავშვთა ფსიქოლოგი და უფლებადამცველი ოლგა ველიჩკო ასევე აღნიშნავს, რომ სისტემა მიზნად ისახავს კრიტიკული აზროვნების ჩახშობას. მთავარი საფრთხე, მისი აზრით, არის ის, რომ ბავშვები არ სწავლობენ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას, მათი შედეგების შეფასებასა და შეცდომების გამოსწორებას.
„იდეოლოგიზაცია, რომელსაც ბელარუსის სახელმწიფო ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, იწვევს ბავშვებში სტერეოტიპული ქცევის ნიმუშების ჩამოყალიბებას და თუ ეს უფრო რთულია ბავშვებთან, რომლებსაც მშობლები ჰყავთ, ობლების სამხედრო-პატრიოტული აღზრდა ბევრად უფრო ადვილია“, - განმარტავს ველიჩკო .
ბელარუსში დღეს ბავშვები ზოგადად უფრო ირიდებენ იდეოლოგიურ გავლენას ინტერნეტსა და ინფორმაციის სხვადასხვა წყაროზე წვდომის შესაძლებლობის გამო, მაგრამ ობლების სიტუაცია განსხვავებულია, ამბობს ფსიქოლოგი. ბავშვთა სახლებში ინფორმაციის მკაცრი კონტროლი უფრო ეფექტიანს ხდის იდეოლოგიურ გავლენას.
„ობოლი ბავშვები ტრავმირებული არიან, მათ არ აქვთ დაცულობის შეგრძნება, ბავშვისთვის მშობელი ნიშნავს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას. ამიტომ ყველა მოზრდილი, ვინც მათთან კანფეტებით ან ლამაზი სიტყვებით მიდის, მათთვის პირობით დაცვას წარმოადგენს. ბავშვები მას დადებით გმირად აღიქვამენ, რომელსაც უნდა მიბაძონ“, - ამბობს ის.
ბელარუსში ბავშვების მილიტარიზაცია თანდათან ხდება ადამიანის უფლებათა დამცველების შეშფოთების საგანი. 2023 წელს, შერიგების საერთაშორისო კავშირმა (IFOR) გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე შეშფოთება გამოთქვა ბელარუსში მილიტარიზებული პატრიოტული ბანაკების რაოდენობის ზრდისა და ბავშვების სამხედრო წვრთნებში ჩაბმის გამო. IFOR-მა თავის ანგარიშში აღნიშნა, რომ 2022 წლის ზაფხულში 18 000-ზე მეტმა ბავშვმა გაიარა წვრთნა ამ ბანაკებში, სადაც ექვსი წლის ასაკის ბავშვები ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას სწავლობდნენ.
UNICEF-მა მხარდაჭერა გამოუცხადა ბელარუსში 2020 წლის ძალადობის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს და ხაზი გაუსვა ბავშვების ყველა ფორმის ექსპლუატაციისგან დაცვის მნიშვნელობას. გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა დირექტორმა, აფშან ხანმა განაცხადა: „UNICEF-ი მზადაა მხარი დაუჭიროს ყველა ქმედებას, რომელიც იცავს და ხელს უწყობს ბელარუსში ბავშვების უფლებების დაცვასა და კეთილდღეობას“. თავად UNICEF-ი აგრძელებს თავის საქმიანობას ქვეყანაში, მჭიდროდ თანამშრომლობს ბელარუსის რეჟიმთან.
გაზაფხულზე კი ცნობილი გახდა, რომ 2022 წელს უკრაინელი ბავშვების „გაჯანსაღება“ ბელარუსში, UNICEF-ის მიერ იყო თანადაფინანსებული. გამოძიების თანახმად, UNICEF-მა მონაწილეობა მიიღო უკრაინიდან ბელარუსის ტერიტორიაზე გადაყვანილი ბავშვების „გაჯანსაღებაში“. პროგრამით, ბავშვები შეახვედრეს მილიციელებს, ბელარუს სამხედროებს და სამხედრო პოლიგონებზეც დაჰყავდათ.
ასევე ნახეთ "პატრიოტიზმის გაკვეთილები" - რას უყვებიან რუსეთში მოსწავლეებს პუტინის ომზე?2020 წლის შემდეგ ქვეყანაში არაკომერციული სტრუქტურების მასიური ლიკვიდაციის შემდეგ, ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები თითქმის სრულ იზოლაციაში აღმოჩნდნენ, რაც მათ სახელმწიფო პროპაგანდისგან კიდევ უფრო დაუცველს ხდის.
„ადრე არსებობდნენ ორგანიზაციები, რომლებიც ამ ბავშვების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ალტერნატივას წარმოადგენდნენ, - ამბობს ველიჩკო, - ახლა ისინი სახელმწიფომ ჩაიბარა და, ამასთან, გარკვეული მიზნები აქვს დასახული“.