უკვე მესამე დღეა, ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების - პოლონეთისა და ლიეტუვის საზღვარზე, ბელარუსმა წამოიწყო სამხედრო წვრთნა, რომელშიც სხვადასხვა წყაროს ცნობით, „ვაგნერელებიც“ მონაწილეობენ.
რა წვრთნა ტარდება?
ადგილობრივი სადამკვირვებლო პროექტი „ბელარუსკი გაიუნი“ იტყობინება, რომ მე-6 მექანიზებული ბრიგადის წვრთნა ნაწილია პროცესისა, რომელიც მინსკმა 2022 წლის აპრილში დაიწყო და უკვე 67კვირაა, ახანგრძლივებს. წვრთნა სულ მცირე კიდევ 13 აგვისტომდე გაგრძელდება.
ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წვრთნა ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის [უკრაინასთან რუსეთის ომი] სტანდარტებით ტარდება და სამხედროებისთვის „რეალურ ომთან მიახლოებული პირობებია“ შექმნილი.
მათ შორის წვრთნებისას იყენებენ უპილოტო საფრენ აპარატებს და მუშაობენ სატანკო და მოტომსროლელი ქვედანაყოფების სხვა შენაერთებთან შეთავსებაზე.
წვრთნები ტარდება ე.წ. სუვალკის დერეფანთან, საიდანაც ბოლო კვირებია, განსაკუთრებულ საფრთხეებს მოელიან პოლონეთი და ლიეტუვა.
- ე.წ. სუვალკის დერეფანი 100 კმ-იანი, მეჩხრად დასახლებული ტერიტორიაა, რომელიც ბალტიის სამ სახელმწიფოს - ლიტვას, ლატვიასა და ესტონეთს ნატოს სხვა ქვეყნებთან აკავშირებს.
- ეს დერეფანი აშორებს ერთმანეთთან ბელარუსსა და რუსეთის კალინინგრადს, რომელსაც რუსეთის ტერიტორიასთან სახმელეთო საზღვარი არ აქვს.
სუვალკის დერეფანი ფეთქებადსაშიშ ზონად ითვლება, სადაც შესაძლოა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ნატო და რუსეთი. ეს მოლოდინი უკავშირდება რუსეთისთვის ხელსაყრელ ვერსიას - რომ იზოლაციაში მოაქციოს ბალტიის სამი სახელმწიფო, პოლონეთთან და ნატოს სხვა ქვეყნებთან მათი კავშირის გაწყვეტის გზით.
- 3 აგვისტოს, ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავიეცკი ერთმანეთს სწორედ ე.წ. სუვალკის დერეფანში შეხვდნენ, ბელარუსის ტერიტორიიდან მოსალოდნელი საფრთხეების განსახილველად.
ბალტიის ქვეყნების სიახლოვეს დაწყებულ წვრთნებს, მასშტაბისა და მახასიათებლების გათვალისწინებით, „ბელარუსკი გაიუნი“ ე.წ. სუვალკის დერეფანთან დაკავშირებულ საფრთხეებს არ უკავშირებს, ამ ტერიტორიაზე პოლიგონია, სადაც წვრთნები ადრეც ტარდებოდა.
რუსეთმა ბელარუსის ტერიტორია არაერთხელ გამოიყენა უკრაინაზე თავდასხმის დროს და ექსპერტები არ გამორიცხავენ რომ იგივე მოხდეს ბალტიის სახელმწიფოებთან დაკავშირებით.
უსაფრთხოების რისკებზე თეორიულ მსჯელობას ახლახან საყურადღებო ფაქტი მოჰყვა. 1 აგვისტოს - ბელარუსის ორმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საზღვარი დაარღვია და რამდენიმე კილომეტრით შეიჭრა ქვეყნის შიგნით.
ახლო წარსულში, "ვაგნერელების“ შეფარების შემდეგ, ბელარუსის ლიდერმა ლუკაშენკამ, პუტინთან შეხვედრის დროს, განაცხადა "ვაგნერელთა" სურვილზე თავს დაესხან პოლონეთს. მოგვიანებით კი თქვა, რომ იხუმრა, მაგრამ - იქვე დაამატა, რომ პოლონეთი თავდასხმის ღირსია უკრაინის მხარდაჭერის გამო.
ასევე ნახეთ შოიგუს თქმით, "რამდენჯერმე გაიზარდა" პოლონეთისა და ფინეთისგან მომდინარე საფრთხე9 აგვისტოს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ შოიგუმ განაცხადა, რომ გაიზარდა პოლონეთისგან მომავალი საფრთხეები. პოლონეთს მან „აშშ-ის ანტირუსული პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტი“ უწოდა.
შოიგუს სიტყვებით, „რუსეთისთვის რისკს“ შეიცავს პოლონეთის მიერ იარაღის ფართომასშტაბიანი შესყიდვები შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან და სამხრეთ კორეიდან“. მან რუსეთისთვის საფრთხედ დაასახელა ასევე ფინეთის ნატოში გაწევრიანება.
საზღვრების გამაგრება და მზადება
ბალტიის სახელმწიფოები საფრთხეებთან გასამკლავებლად ემზადებიან.
8 აგვისტოს პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ ბელარუსის საზღვარზე დამატებითი სამხედრო კონტინგენტის 1000 ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. საზღვრის გასაძლიერებლად ამდენივე ადამიანის დამატება ითხოვა მანამდე პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
Reuters-ი აღნიშნავს, რომ პოლონეთმა დაიწყო ბელარუსის საზღვარზე ბარიერების აშენება, რომლებიც ელექტრონული დაცვის საშუალებებით არის აღჭურვილი. ვრცელდებოდა ასევე დაუდასტურებელი ინფორმაცია საზღვრისპირა ტერიტორიების შესაძლო დანაღმვაზე.
ასევე ნახეთ პოლონეთი ბელარუსის საზღვარზე კიდევ აგზავნის დამატებით ჯარებსსაერთაშორისო მედია წერს, რომ პოლონეთის შემდეგ, საზღვრების დასაცავად სამხედროები ლიეტუვამაც გაგზავნა.
თადარიგს იჭერს ლატვიაც. 9 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ბელარუსთან საზღვარზე, 4 ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე საზღვრის დაცვის გაძლიერებული რეჟიმი ამოქმედდა.
ლატვიის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ბრძანება გამოიცა სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობისა და სახელმწიფოებრივი საფრთხის აღმოფხვრის მიზნით“, რადგან გამოვლინდა ლატვია-ბელარუსის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა მცდელობათა მზარდი ტენდენცია.
- საზღვრის დაცვის გაძლიერებული რეჟიმი 11 აგვისტოს ამოქმედდება, 2024 წლის 10 თებერვლამდე. 2024 წელს ლატვია დაასრულებს ბელარუსთან საზღვარზე 173-კილომეტრიანი ღობის მშენებლობას.
- პოლონეთს ბელარუსის საზღვარზე 5.5 მეტრის სიმაღლის 186-კილომეტრიანი კედელი აქვს აღმართული, წინა წლებში - მიგრანტების ნაკადების შესაჩერებლად.
აქვთ თუ არა ნატოს იმედი?
ბალტიის ქვეყნები ხშირად შეახსენებენ ნატოელ მოკავშირეებს, რომ ალიანსმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს რუსეთის გეგმით ბელარუსიდან მოსალოდნელ საფრთხეებს.
- პოლონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საზღვართან შენიშნეს რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები. პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ვითარება ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებს დაუკავშირა.
ნატოს გენერალური მდივანი და ალიანსის ქვეყნების ლიდერები ხშირად იმეორებენ, რომ ნატო დაიცავს თავის ტერიტორიას და ეს დაპირება აბსოლუტურად ყველა წევრ ქვეყანას შეეხება.
„ჩვენ გავუგზავნეთ მკაფიო მესიჯი მოსკოვსა და მინსკს, რომ ნატო თითოეულ მოკავშირეს დაიცავს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა ივნისის ბოლოს, ევროპელ ლიდერებთან და მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტთან ჰააგაში შეხვედრის შემდეგ.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ნატომ მნიშვნელოვნად გააძლიერა სამხედრო წარმომადგენლობა აღმოსავლეთ ფლანგზე. შემდგომი გაძლიერების გეგმებზე ვილნიუსში, ნატოს სამიტზე [11-12 ივლისი] იმსჯელეს.
სამიტის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ალიანსის მომავალ წევრ ფინეთში ჩავიდა და თქვა, რომ „აშშ NATO-ს ერთგულია“ და ის დაიცავს ალიანსის „ყოველ ინჩს“.