11 ივლისს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში ნატოს 2024 წლის სამიტი დასრულდება, რომელიც ალიანსის დაფუძნების 75-ე წლისთავს ეძღვნება.
10 ივლისს, სამიტის დეკლარაციის გამოქვეყნებისთანავე თბილისში თვალში მოხვდათ, რომ დოკუმენტში საქართველოს შესახებ მხოლოდ ერთი ჩანაწერია:
„ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად გაიყვანოს ჯარი მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომელიც იქ ამ ქვეყნების ნებართვის გარეშე განათავსა“, - წერია დეკლარაციის მე-19 მუხლში, რომელშიც ალიანსის წევრები გმობენ რუსულ აგრესიას მის საზღვრებს გარეთ.
ეს ნატოს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში ერთადერთი წინადადებაა, სადაც საქართველო ნახსენებია.
Ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1991 წლიდან დაიწყო, 1994 წლიდან პარტნიორობა მშვიდობისათვის და 1997 წლიდან პარტნიორობის საბჭოს ფორმატში გაგრძელდა. საქართველო, როგორც პარტნიორი, მონაწილეობდა მოკავშირეების სამშვიდობო ოპერაციებში.
ორმხრივი ურთიერთობების დაწყებიდან ნატოს დეკლარაციებში ყოველთვის იყო საქართველოსთან თანამშრომლობა აღნიშნული. 2008 წლიდან მოყოლებული კი, საქართველოს ცალკე ეთმობოდა მთლიანი მუხლი, რომელიც ეხებოდა არა მხოლოდ ალიანსსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას, ურთიერთვალდებულებებს, არამედ ნატოს პირობას, რომ საქართველო ალიანსის წევრი უნდა გახდეს.
მაგალითად, ნატოს ბოლო სამიტის დეკლარაციაში, რომელიც 2023 წლის ივლისს ვილნიუსში გაიმართა, მე-80 მუხლი მთლიანად საქართველოზეა. მასში, სხვა პუნქტებთან ერთად, ვკითხულობთ:
- „ჩვენ (ნატო) ერთგული ვრჩებით ნატო-საქართველოს კომისიის და ყოველწლიური ეროვნული პროგრამის სრულად გამოსაყენებლად საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის გასაღრმავებლად და პრაქტიკული კოოპერაციისთვის“
- „ხელახლა ვაჟღერებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი“
- „მივესალმებით პროგრესს ნატო-საქართველოს გაძლიერებულ არსებით პაკეტთან დაკავშირებით, კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების, სამხედრო ინჟინერიის, უსაფრთხო კომუნიკაციების ჩათვლით“
2016 წლის ვარშავის სამიტის კომუნიკეში კი საქართველოს სამი მუხლი ეხებოდა - აქედან ორი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კუთხით პროგრესს და ერთიც ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
წლევანდელ დეკლარაციაში ეს ყველაფერი თითქმის გამქრალია.
„მთავარი საკითხი საქართველოსთან დაკავშირებით არის ის, რომ საქართველო აღარ არის ევროატლანტიკური დღის წესრიგში და, რომ საქართველოში მოხდა ისეთი ხარისხის დემოკრატიული უკუსვლა, რომელმაც შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოიტანოს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბათუ ქუთელიამ, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა და ყოფილმა ელჩმა აშშ-ში, რომელიც თავადაც ესწრება ვაშინგტონის სამიტს.
მოკლე, მაგრამ მრავლისმომცველი
„თავზარდაცემული ვარ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი.
„დიდი მოლოდინები არ მქონდა, მაგრამ მთლად ასეთს არ ველოდი, რომ არც ბუქარესტის სამიტის ჩანაწერს გაიმეორებდნენ, არც ნატო-საქართველოს პროგრამაზე ილაპარაკებდნენ, აღარც უელსის სამიტის არსებით პაკეტს ახსენებდნენ.
პრაქტიკულად, აღარაფერზეა საუბარი, აბსოლუტურად ყველაფერი განულებულია ამ მდგომარეობით. იმედი მაქვს, რომ მხოლოდ დროებით“, - გვეუბნება ის.
ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში საქართველოს მხოლოდ ერთხელ ხსენებას გამოეხმაურა ნატოში საქართველოს ელჩი, ვიქტორ დოლიძეც, რომლის შეფასებითაც ამის მიზეზი ისაა, რომ თავად დოკუმენტი უფრო იმაზე პატარაა, ვიდრე წინა წლებში:
„ეს იყო მოკლე სახის, პოლიტიკური დეკლარაცია, რომელიც 40 თავისგანაც არ შედგება, მაშინ როცა კომუნიკე 60-70-80 და უფრო მეტიც გვქონია.
საქართველოც არ იყო გამონაკლისი, ბუნებრივია, და არ იყო მომავალი პოლიტიკური გეგმები, როგორც ალიანსის, ასევე ჩვენი ქვეყნის ნახსენები“, - ვკითხულობთ ვიქტორ დოლიძის განცხადებაში.
მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელ დეკლარაციაში მართლაც უფრო ნაკლები მუხლია, ვიდრე შარშანდელში, თინა ხიდაშელს მიაჩნია, რომ დოლიძის შეფასება „ძალიან არასერიოზულია“:
„ამიტომ, დეკლარაციას არაფერი დაეწუნება - ის ზუსტად ისეთია, როგორიცაა დღევანდელი მსოფლიო. მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს შესახებ ეს დეკლარაცია ამბობს იმავეს, რასაც საქართველოს ხელისუფლება - რომ საქართველო დასავლეთისთვის არ არის სანდო და ერთგული პარტნიორი.
დეკლარაცია არის ყოვლისმომცველი, აბსოლუტურად ყველაფერზეა ლაპარაკი, დაწყებული ბირთვული საფრთხეებიდან, გაგრძელებული კიბერსაფრთხეებით, ჩინეთიდან მომავალი საფრთხეებით, ირანზე, რუსეთის ომზე, რუსეთის პარტნიორებზე, მეორადი პროდუქციის გაყიდვით მიღებულ სარგებელზე სხვადასხვა სახელმწიფოს მხრიდან და ამ ომით და ამ საფრთხესა და გამოწვევაზე... საუბარია აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერებაზე და კონკრეტულ ზომებზე, საუბარია შავ ზღვაზე, სადაც პირველად, საქართველო აღარ ხვდება დეკლარაციაში“, - ამბობს თინა ხიდაშელი რადიო თავისუფლებასთან.
სხვათა შორის, თინა ხიდაშელის შეფასებას, გარკვეულწილად, ვიქტორ დოლიძეც ეთანხმება - განცხადების ბოლოს აღნიშნავს, რომ სამიტის დეკლარაცია „საკმაოდ მრავლისმომცველია“.
თინა ხიდაშელი საქართველოს შესახებ ჩანაწერის არარსებობას ვიქტორ დოლიძის პირად ჩავარდნადაც მიიჩნევს და დასძენს, რომ „საკუთარი თავის პატივისმცემელი ელჩი ამის შემდეგ გადადგებოდა, როგორც უზარმაზარი მარცხის გამომწვევი ამ ქვეყნისთვის“.
„ის, რაზეც დღეს საუბრობს მთელი ცივილიზებული სამყარო და ნატო, დაიწყო საქართველოდან. ეს არ დაწყებულა 2014 წელს ყირიმის აგრესიიდან. მაგრამ, სამწუხაროდ, "ქართული ოცნებისა" და რუსეთის მცდელობით, ეს ნარატივი შეიცვალა, - ამბობს ბათუ ქუთელია დოლიძის განცხადების პასუხად, -
როგორ შეიძლება, რა ბიუროკრატიული მიზეზებიც არ უნდა მოვიყვანოთ, საუბარი იმაზე, რომ რაღაც ტექნიკური მიზეზებით მოხდა ასე? მე არ მგონია, რომ ამის დამწერს თავად სჯეროდეს იმისი, რაც დაწერა“.
შავი ზღვა საქართველოს გარეშე
თავდაცვის ყოფილი მინისტრი განსაკუთრებული სინანულით აღნიშნავს, რომ საქართველოს შესახებ საუბარი აღარაა შავი ზღვის კონტექსტში.
„ყველაფერთან ერთად, ჩემთვის ყველაზე ტრაგიკული ეს მომენტი იყო, იმდენი ვიბრძოლეთ 2016 წელს, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების ჩანაწერში საქართველო წევრების თანასწორი ყოფილიყო და ამას მივაღწიეთ 2016 წლის დეკლარაციაში“, - თქვა თინა ხიდაშელმა.
ნატოს 2016 წლის ვარშავის სამიტის დეკლარაციაში შავი ზღვის უსაფრთხოებაზე 23-ე მუხლში იყო საუბარი, სადაც ვკითხულობთ:
„გავაგრძელებთ შავი ზღვის მოსაზღვრე ქვეყნების რეგიონული მცდელობების შესაბამისად დახმარებას, რაც მიმართული იქნება უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამ თვალსაზრისით, გავაძლიერებთ დიალოგსა და თანამშრომლობას საქართველოსა და უკრაინასთან“.
2024 წლის ნატოს სამიტის დეკლარაციაში კი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას 31-ე მუხლი ეხება, სადაც საქართველო აღარ არის ნახსენები და წერია, რომ ალიანსი მიესალმება შავი ზღვის აუზის ნატოს წევრი ქვეყნების ერთობლივ მცდელობას მისი განაღმვის შესახებ.
ამ შეთანხმებაზე რადიო თავისუფლება ჯერ კიდევ იანვარში წერდა - 11 იანვარს სტამბოლში თურქეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა შავი ზღვის განაღმვის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს, რომელშიც საქართველო არ მონაწილეობდა.
საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, ვახტანგ კაპანაძემ მაშინ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეს პირველ ყოვლისა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და არა ტექნიკური:
„ჩვენ უნდა ვიყოთ ნებისმიერი ხელშეკრულების წევრი შავ ზღვაში, რადგან ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვთქვათ უარი საზღვაო ქვეყნის სტატუსზე“, - გვითხრა იანვარში ვახტანგ კაპანაძემ.
როგორ დარჩა საქართველო თამაშგარე მდგომარეობაში
2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე უკრაინას საქართველოსთან ერთად უთხრეს უარი წევრობის სამოქმედო გეგმაზე, იგივე MAP-ზე, რაც გაწევრების წინაპირობა იყო.
თუმცა იმავე სამიტის დეკლარაციაში გაჩნდა ცნობილი ჩანაწერი, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებოდნენ, კონკრეტული ვადების დაუკონკრეტებლად.
ბუქარესტის სამიტის დაპირება განმეორდა 2009, 2010 და 2012 წლებში ჩატარებული ნატოს სამიტების დეკლარაციებში.
2014 წელს კი ნატოსა და საქართველოს შორის „არსებით პაკეტს“ მოეწერა ხელი. მომდევნო წელს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კრწანისში გახსნეს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი - სწორედ ამას ითვალისწინებდა ერთ-ერთი პირობა არსებითი პაკეტის 15 ინიციატივიდან.
თინა ხიდაშელი წვრთნის ერთობლივი ცენტრის გახსნას ნატოსა და საქართველოს ურთიერთობებში საეტაპო ნაბიჯად მიიჩნევს, რის შედეგადაც, მისი თქმით, „საქართველოსთვის ყველა კარი იღებოდა“.
ამას მოჰყვა ვარშავის სამიტი, რომელსაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ასევე წარმატებულად აფასებს. შემდეგ კი, ხიდაშელი აღნიშნავს, რომ „ნატოსთან ურთიერთობაში ბიძინა ივანიშვილმა პირველი კლანჭები გამოავლინა“, როცა 2018 წლის ნატოს ბრიუსელის სამიტზე საქართველოს არავინ წარმოადგენდა, მათ შორის - არც თავდაცვის მინისტრი.
ევროპის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, რაც 2022 წლის დასაწყისში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ მოიტანა, ნატოს გაფართოებასაც შეეხო. ორმა სკანდინავიურმა ქვეყანამ, ფინეთმა და შვედეთმა, უარი თქვა ნეიტრალიტეტის ათწლეულოვან პოლიტიკაზე და ალიანსს შეუერთდა.
რაც შეეხება უკრაინას - ვილნიუსის შარშანდელ სამიტზე მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, უკრაინისთვის მოეხსნათ წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) წინაპირობა. წლევანდელ დეკლარაციაში კი აღნიშნულია, რომ უკრაინა ნატოს წევრობისკენ „შეუქცევად გზაზე“ დგას.
ამ ფონზე, საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია - ვაშინგტონის დეკლარაციაში ნატოს წევრები აღნიშნავდნენ, რომ მიესალმებოდნენ უკრაინის, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და წინ გადადგმულ ნაბიჯებს ალიანსში გაწევრების გზაზე. საქართველო აქაც არ ყოფილა ნახსენები.
როგორც ბათუ ქუთელია აღნიშნავს, ბუქარესტის სამიტის შემდეგ პირველად მოხდა, რომ საქართველო და უკრაინა ერთ კონტექსტში ნახსენები აღარაა.
„უკვე ბევრ რაღაცას ჩამოვრჩით - მსოფლიო შეიცვალა, ჩვენ კი საერთოდ ჩამოვშორდით მსოფლიოს უსაფრთხოების და ზოგადად, განვითარების დღის წესრიგს. აქ მოგვიწევს ძალიან დიდი ნაბიჯებით დაწევა“, - ამბობს ის.
ვაშინგტონში ნატოს 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტი 9 ივლისს დაიწყო და დღეს, 11 ივლისს სრულდება.