"მცურავი ნაღმები" შავ ზღვაში - როგორ ავიცილოთ საფრთხე?

უკრაინელი სამხედროები საზღვაო ნაღმის გაუვნებელყოფის პროცესში, შავი ზღვის სანაპიროზე. 2022 წლის მარტი.

გამოძიება ვარაუდობს, რომ 13 თებერვალს ბათუმში, ნაპირთან აფეთქებული ნაღმი შესაძლოა ე.წ. მცურავი ნაღმი იყოს, რომელიც ზღვის ზედაპირზე უკონტროლოდ გადაადგილდება. პრაქტიკის თანახმად, ნაღმი ზღვამ შესაძლოა ნებისმიერი მიმართულებით წაიღოს, თუკი ის თავის ღუზას მოსწყდება.   

მათ ასევე „მოწყვეტილ ნაღმებსაც“ უწოდებენ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ვრცელდებოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული წყლების უკონტროლო დანაღმვის შესახებ.

„მცურავი ნაღმი“ ყველზე დიდ პრობლემას, თავისთავად, უქმნის უკრაინას და იქ უკვე არაერთი ადამიანის სიცოცხლეც შეიწირა; თუმცა ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყნისთვის და, მათ შორის - საქართველოსთვისაც. ზღვის მიერ გარიყული, მოტივტივე ნაღმები სხვადასხვა დროს უკვე აღმოაჩინეს თურქეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში.

14 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას, რომ „ზღვაში ან სანაპირო ზოლზე საეჭვო ნივთის შემჩნევის ან აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს და დეტალურად მიაწოდონ ინფორმაცია“.


„მცურავ ნაღმებთან“, იმავე „მოწყვეტილ ნაღმებთან“ დაკავშირებულ მოსალოდნელ საფრთხეზე რადიო თავისუფლებასთან, ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის ომის საწყის ეტაპზე, ლაპარაკობდა სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, გადამდგარი გენერალ-მაიორი, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ვახტანგ კაპანაძე. ახლა კი ის თითქმის დარწმუნებულია, რომ აფეთქება ბათუმის სანაპიროზე სწორედ ასეთმა საზღვაო ნაღმმა გამოიწვია.

„საზღვაო ნაღმები მრავალნაირია, მაგრამ ეს ძალიან ჰგავდა საღუზე გალვანური, დარტყმითი ტიპის პატარა საზღვაო ნაღმს, 1943 წელს გამოშვებულს, რომლებიც აქვთ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დიდ უმრავლესობას. სწორედ ასეთი ნაღმებით არის უკრაინის სანაპირო დანაღმული. ამ ნაღმს აქვს ე.წ. რქები, სადაც არის მოთავსებული ლითიუმის კაფსულა გალვანური ელემენტით [დენის წყარო]; საგანთან შეხებისას ეს კაფსულა ტყდება და ხდება აფეთქება... ეს არის, დიდი ალბათობით, შტორმის ან ირგვლივ აფეთქების შედეგად, ღუზიდან მოწყვეტილი ნაღმი“, - გვეუბნება გენერალი კაპანაძე. მისი განმარტებით, ზოგადად ასეთ ნაღმებს აქვთ დამცავი მექანიზმი, რომელიც, წნევის ცვალებადობის შედეგად, აფეთქებას იწვევს მაშინვე, როცა ნაღმი ღუზას მოსწყდება და წყლის ზედაპირზე აღმოჩნდება, მაგრამ „ამ შემთხვევაში ან სიძველის გამო არ ჰქონდა ეს მექანიზმი, ან მწყობრიდან იყო გამოსული“.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით დაიწყო, რაც აფეთქებას გულისხმობს. 14 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში უწყება აღნიშნავს, რომ "რეგიონში არსებული ვითარების გამო, ბოლო პერიოდში მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა შავი ზღვის მიმდებარე სხვა სახელმწიფოებშიც" და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ამოქმედდება უსაფრთხოების ყველა ზომა, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, სანაპირო ზოლის გასწვრივ, "სპეციალური ბარიერების" განთავსების ჩათვლით.

ასევე ნახეთ გუშინდელი აფეთქების შემდეგ შსს შავ ზღვაში სპეციალური ბარიერების მოწყობას გეგმავს

"სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის მეშვეობით მოახდენენ სანაპირო ზოლის დაცვის მონიტორინგს, განახორციელებენ უსაფრთხოების შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. ამასთანავე, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივ მეთევზეებთან, სანაოსნო-სატრანსპორტო საქმიანობაში ჩართულ ორგანიზაციებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან", - აცხადებს შს სამინისტრო.

ვახტანგ კაპანაძე განმრტავს, რომ ნაღმის შემჩნევა იოლია წყლის ზედაპირზე ტივტივის დროს და მისი გაუვნებელყოფა შესაძლებელია დისტანციურად, ცეცხლსასროლი იარაღითაც.

რა შეუძლია საზღვაო ნაღმს?

სამხედრო სპეციალისტების განმარტებით, ნაღმი ფუგასურია [მოქმედებს აფეთქების შედეგად წარმოშობილი გაზების ძალით] და ნამსხვრევების დიდ რადიუსზე გავრცელება მისი ფუნქცია არ არის. პატარა საღუზე ნაღმი გემს ვერ ააფეთქებს, მაგრამ აფეთქებისას მას შეუძლია გემის ფსკერის დაზიანება და მისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის შექმნა. ნაღმი აფეთქდება ნებისმიერ მყარ ზედაპირთან შეჯახებისას და თუკი ეს ნაპირთან მოხდება, შესაძლოა, პრობლემები შეექმნათ ზღვასთან ახლოს მყოფ ადამიანებს. უსაფრთხოდ მიიჩნევა რამდენიმე ათეული მეტრის დისტანცია.

ნაღმი სახიფათოა არა მხოლოდ იმ ადამიანისთვის, რომელსაც უშუალოდ შეიძლება შეეჯახოს ზღვაში, არამედ, როგორც ყოფილი უკრაინელი სამხედრო მყვინთავი, ოლეგ სოლოხა ეუბნება „გარდიანს“, სიცოცხლის საფრთხე იმ ადამიანსაც შეიძლება შეექმნას, რომელიც ზღვაში არც ისე ახლოს იქნება აფეთქების ეპიცენტრიდან.

„შესაძლოა ადამიანმა დაკარგოს გონება ან თავბრუსხვევა იგრძნოს. თქვენ ამ დროს კარგავთ ორიენტაციის უნარს და გონება ვერ ხვდება - რომელ მხარეს არის წყლის ზედაპირი და რომელ მხარეს - სიღრმე. ეს ძალიან სახიფათო მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი შესაძლოა იოლად დაიხრჩოს“, - განმარტავს სოლოხა.

საერთაშორისო მედია ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ შავი ზღვის განაღმვას არაერთი წელი დასჭირდება. პრობლემას ამძაფრებს ის ფაქტი, რომ დიდწილად არავინ იცის ზღვაში ჩაყრილი ნაღმების ზუსტი რიცხვი და ადგილმდებარეობა.

საზღვაო ნაღმების გამოყენება აკრძალული არ არის საერთაშორისო დონის შეთანხმებებით. მაგალითად, სახელმწიფოებს აქვთ უფლება, თავდაცვის მიზნით განათავსონ ისინი საკუთარ ტერიტორიულ წყლებში. "გარდიანი" წერს, რომ უკრაინაში ოფიციალურმა წყაროებმა დაადასტურეს ასეთი ნაღმების განთავსების ფაქტი.
უკრაინა ბრალს სდებს რუსეთს, შავი ზღვის აკვატორიის უკონტროლო დანაღმვაში ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც რუსეთმა დაბლოკა უკრაინის სანაპირო ზოლი და ყოველმხრივ უშლიდა ხელს უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს, რაც შემდეგ თურქეთის შუამავლობით მოხერხდა. უკრაინაში ვარაუდობდნენ, რომ რუსეთმა ზღვაში დაახლოებით 600 ნაღმი ჩაყარა. პერიოდულად ბრალდებები ისმოდა რუსეთიდანაც. გასული წლის მარტში მოსკოვი აცხადებდა, რომ 370 უკრაინული ნაღმი აღმოაჩინა.

„მცურავმა ნაღმებმა“ უკრაინაში მშვიდობიანი ადამიანების სიცოცხლეც შეიწირა.

2022 წლის მაისში, ოდესაში, ზღვაში ცურავდა 50 წლის დონეცკელი მამაკაცი და ის საკუთარი მეუღლის, შვილისა და მეგობრების თვალწინ აფეთქდა. გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ გარბიან სამოქალაქო პირები და სამართალდამცველები ზღვისკენ, შემთხვევის ადგილისკენ. ამ დროს ზღვაში ცურავდა კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც უვნებლად გადარჩა.

2022 წლის ზაფხულის განმავლობაში, ლეტალური შედეგით დასრულებული კიდევ არაერთი აფეთქების შესახებ წერდნენ და, მათ შორის - აგვისტოში, 2 მამაკაცი ერთდროულად დაიღუპა, ასევე ცურვის დროს, ირგვლივ მყოფები კი დაშავდნენ.

„ნუ ცურავთ დანაღმულ ზღვაში“ - რაც ომი დაიწყო, ოდესის ოლქის ადმინისტრაცია მუდმივად აფრთხილებს უკრაინელებს, მოერიდონ სანაპიროზე გასვლას და ყურადღებით იყვნენ ზღვაში მოტივტივე საგნების აღმოჩენისას. განცხადებაში მუდმივად მითითებულია, რომ საფრთხე მნიშვნელოვნად იზრდება ქარიანი ამინდებისა და შტორმის შემდეგ. უკრაინის ხელისუფლების განმარტებით, პრობლემა ის არის, რომ მოსახლეობა ყურადღებას არ აქცევს სანაპიროზე განთავსებულ გამაფრთხილებელ ნიშნებს.

„ნაპირიდან რამდენიმე ათეული მეტრის მანძილზე ის [საზღვაო ნაღმი] არ წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს. მაგრამ სახიფათოა ცურვა ან ზღვასთან სხვა რაიმე მიზნით შეხება. მადლობას ვუხდით მოქალაქეებს ყურადღებისთვის და დროული შეტყობინებისთვის, რათა მიღებულ იქნეს შესაბამისი ზომები“, - ნათქვამია ოდესის საქალაქო საბჭოს მაისის განცხადებაში.

ასევე აღრიცხულია არაერთი შემთხვევა, როცა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო დანაყოფმა დროულად აღმოჩენილი ნაღმები გააუვნებელჰყო. ერთი ასეთი შემთხვევის შესახებ უკრაინის ოფიციალური სამსახურები 2023 წლის 1 იანვრსაც აცხადებდნენ.

პრობლემა სხვა ქვეყნებისთვისაც

ადამიანებისა თუ მცურავი საშუალებების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საზღვაო ნაღმების აღმოსაჩენად ზომები გაძლიერებულია შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნებშიც - თურქეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში. ვრცელდებოდა ცნობები არაერთი ასეთი "მცურავი ნაღმის" გააუვნებელყოფის შესახებ.

ასევე ნახეთ შავ ზღვაში ბოლო სამ დღეში მეორე ნაღმი აღმოაჩინეს
ასევე ნახეთ რუსეთი და სანაოსნო სამსახურის წყაროები: შავ ზღვაში შტორმის გამო უკონტროლოდ დაცურავს უკრაინის ასეულობით საზღვაო ნაღმი

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ჯერ კიდევ ომის დასაწყისში, მარტში იუწყებოდა, რომ საზღვაო ნაღმი აღმოაჩინეს ბულგარეთის საზღვრის მახლობლად, თურქეთის ქალაქ იგნეადასთან. იტყობინებოდნენ, რომ ასევე "მოწყვეტილი ნაღმის" მიზეზით, გარკვეული დროის განმავლობაში, ბოსფორის სრუტის ჩაკეტვაც გახდა საჭირო. ანკარა აცხადებდა, რომ კოორდინაცია ჰქონდა როგორც კიევთან, ასევე მოსკოვთან.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, რუმინეთის მისადგომებთან, 2022 წლის გაზაფხულზე, "მცურავი ნაღმი" მეთევზეებმა დროულად აღმოაჩინეს და მისი განადგურება უპრობლემოდ მოხერხდა.

საერთაშორისო მედია იუწყება, რომ ომის დაწყების შემდეგ, თურქეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში თითქმის 40 საზღვაო ნაღმის გაუვნებელყოფა მოხერხდა. ბულგარეთის აკვატორიაში, ბოლო შემთხვევა 2023 წლის იანვრის ბოლოს აღირიცხა.

"დოიჩე ველე" წერდა, რომ სწორედ საზღვაო ნაღმების გამო, სადაზღვევო კომპანიები უარს ამბობდნენ საზღვაო რეისების დაზღვევაზე და გადამზიდავი კომპანიები იდგნენ დიდი ფინანსური რისკის წინაშე, თუკი გადაწყვეტდნენ გემების გაგზავნას რუმინეთში, მოლდოვაში, ბულგარეთსა თუ საქართველოში.