მცოცავი ოკუპაცია ერთბაშად სამ სოფელში

საოკუპაციო გამყოფი ხაზი

ჯერ ხურვალეთი, ახლა ნიქოზი და ატოციც. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ერთბაშად სამ სოფელში მუშაობენ და ე.წ. საზღვრებს ავლებენ. ბორდერიზაციის პროცესი ხურვალეთიდან 12 სექტემბერს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრეებმა ჯერ ძელები ჩასვეს, შემდეგ კი ამ ძელებზე მავთულხლართები გაავლეს. ახალი საოკუპაციო ხაზი სოფლის სასაფლაოსთან გადის. ხურვალეთელები ამბობენ, რომ სოფელში ცხოვრება სულ უფრო საშიში ხდება, რადგან შეიარაღებული პირები მათ თვალწინ მცოცავ ოკუპაციას აგრძელებენ.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები 14 სექტემბერს გამოჩნდნენ და იქ უკვე არსებული ღობის გასწვრივ პარალელური მავთულხლართებიანი ღობის მონტაჟი დაიწყეს. რუსეთის მესაზღვრეები პირბადეებით მუშაობენ, ადგილზეა ტექნიკა და შესაბამისი მასალაც მიტანილი აქვთ. ღობის გასწვრივ კი ნიქოზელების სახნავ-სათესი ფართობებია.

ოკუპანტები სოფელ ატოცთან. 7 ნოემბერი, 2018 წ.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში კი უკვე არსებული ღობე მეზობელი სოფელ კოდის მიმართულებით გააგრძელეს. გარდა ამისა, ატოცელები საკუთარი ნაკვეთებიდან ხედავენ, საოკუპაციო ძალები სათვალთვალო კოშკებს როგორ აშენებენ. სოფლის მცხოვრებმა გიული კარაპეტოვმა რამდენიმე წლის წინ, ბორდერიზაციის პირველ ეტაპზე, 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაკარგა. ოკუპირებული ოქონის მიმართულებით საოკუპაციო ძალებმა სამასი მეტრით შემოიწიეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე და სწორედ იქ მოხვდა კარაპეტოვის ნაკვეთიც. იგი ამბობს, რომ ე.წ. მესაზღვრეები ხშირად სოფლის განაპირას პატრულირებენ, ატოცელებს ბუჩქებში უსაფრდებიან და აკავებენ. კარაპეტოვი ახლა საკუთარ ნაკვეთში შეიარაღებულ და ნიღბიან პირებს ხედავს. დაზარალებული ადამიანი საქართველოს ხელისუფლებას კომპენსაციით ან ალტერნატიული ნაკვეთით დახმარებას სთხოვს.

სუს-ის განცხადებით, აღნიშნული უკანონო აქტივობა საოკუპაციო ძალების მორიგი სახიფათო და უკიდურესად დესტრუქციული ქმედებაა...

საოკუპაციო ძალების გააქტიურებას თვალს ადევნებენ ატოცის მცხოვრებლებიც. მათი თქმით, თუ აქამდე ოკუპანტები ტექნიკით მხოლოდ პატრულირების მიზნით გადაადგილდებოდნენ, ბოლო დღეებში ისინი სამშენებლო მასალით გამოჩდნენ.

მოსახლეობა საოკუპაციო ხაზთან მიახლოებას ერიდება.

საოკუპაციო ძალების მორიგ უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე გაააქტიურა „ცხელი ხაზი“. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები.

ასევე ნახეთ ხურვალეთის საძოვარი და სასაფლაო ოკუპაციის საფრთხის წინაშე

სუს-ის განცხადებით, აღნიშნული უკანონო აქტივობა საოკუპაციო ძალების მორიგი სახიფათო და უკიდურესად დესტრუქციული ქმედებაა, რომელიც ზიანს აყენებს გარემოს უსაფრთხოებას და ხელყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, რაც კიდევ უფრო გაართულებს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას. უსაფრთხო გარემოს დაზიანების კუთხით საოკუპაციო ძალების დესტრუქციული მოქმედების საკითხი კიდევ ერთხელ მწვავედ იქნება დასმული როგორც „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ (IPRM), ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდებზე,- წერია განცხადებაში.