მღვდელი როგორც კორონავირუსის გადადების წყარო - ფაქტები თანმიმდევრობით

სადეზინფექციო სამუშაოები იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში. 14 აპრილი 2020 წ.

14 აპრილს, როდესაც მამა გიორგი პაპავამ მედიას მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსით მისი ინფიცირება სავარაუდოდ კლინიკა „თიმში“ (TIM) მოხდა, უკვე გარკვეული იყო, რომ ინფიცირების პირველწყაროს თავად სასულიერო პირი წარმოადგენდა. კლინიკაში რადიო თავისუფლებას ასევე უთხრეს, რომ ყველაფერი ზუსტად იციაან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელობაშიც. თუმცა ცენტრში არაფერს ამბობენ.

13 აპრილს ღამით, თბილისის მედიცინის ინსტიტუტში - კლინიკა „თიმში“ უკვე იცოდნენ, რომ მათთან დასაქმებულ ექიმს კორონავირუსი რეანიმაციული განყოფილების მთავარი ექთნისგან გადაედო; ხოლო თავად ექთანს დაავადება თავისმა ძმამ, სასულიერო პირმა - მამა გიორგი პაპავამ გადასდო.

ასევე ნახეთ შეთანხმება გამოცხადდა - დიდ ეკლესიებში დისტანცია, მცირეში -  მხოლოდ სასულიერო პირები

„ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები საერთოდ აღარ არსებობს - მე ვიცი, რომ ბატონი ამირანი (გამყრელიძე) და ბატონი პაატაც (იმნაძე) საქმის კურსში არიან და ცალსახად იციან ეს ყველაფერი... გვქონდა ძალიან აქტიური კომუნიკაცია დაავადებათა ეროვნულ ცენტრთან. გარკვეულია ყველაფერი - ჩვენი კლინიკისთვის პირველწყარო იყო სასულიერო პირი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კლინიკა "თიმის" ერთ-ერთმა დირექტორმა, გიორგი კაჭახიძემ.

მისი მონათხრობის თანახმად:

  • კლინიკის ექიმს კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი შაბათს, 11 აპრილს დაუდასტურდა;
  • ამ ფაქტიდან 48 საათის შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის აქტიურობით, ზუსტად იყო დადგენილი - თუ როგორ მოხვდა კორონავირუსი კლინიკის სივრცეში;
  • ამ 48 საათის განმავლობაში დაუდასტურდა კორონავირუსი სასულიერო პირსაც და მის დასაც - რეანიმაციული განყოფილების მთავარ ექთანს;
  • მამა გიორგი თავის დას 6 აპრილს ჰყავდა მიყვანილი საავადმყოფოში ანალიზებისთვის, რადგან ის თავს კარგად არ გრძნობდა და სახლში, დის დახმარებით მკურნალობდა;
  • დადგენილია, რომ: მამა გიორგი პაპავამ დაავადება გადასდო მის დას, რომელსაც სიმპტომები არ აღენიშნებოდა, განაგრძობდა სამსახურში სიარულს და მისგან გადაედოთ კლინიკის თანამშრომლებსაც.

„[მამა გიორგის და] ძალიან განიცდის, ნერვიულობს, რომ ასეთი რამ მოხდა. მან ყველაფერი იცის, რა და როგორ იყო. რამდენჯერმე მომწერა ... მინდა ვუთხრა, რომ არაფერი პრობლემა არ არის და იფიქროს მხოლოდ თავისი და თავისი ოჯახის ჯანმრთელობაზე“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი კაჭახიძე.

მამა გიორგი, მისი და და მცირეწლოვანი დისშვილი ამჟამად ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობენ. კლინიკის ინფორმაციით, ბავშვი თავს კარგად გრძნობს, ხოლო ზრდასრულების მდგომარეობა „საყურადღებოა“.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით:

  • კლინიკის თანამშრომლების, მამა გიორგის დისა და მცირეწლოვანი დისშვილის გარდა, ამ წრეში ინფიცირებულია ასევე მამა გიორგის დის დედამთილიც;
  • ამჟამად კლინიკა „თიმის“ სულ 6 თანამშრომელია ინფიცირებული და 50-მდე თანამშრომელი კარანტინისა და თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფება;
  • კლინიკა ისევ კარანტინშია - კვლავ არ იღებენ ახალ პაციენტებს, ხოლო დარჩენილებს უკვე მეოთხე დღეა, საავადმყოფოდან გამოუსვლელად უვლის ინფიცირებულ პირებთან შეხებაში არყოფნის ნიშნით შერჩეული მედპერსონალი.

მართლაც სასულიერო პირი იყო ინფიცირების წყარო თუ პირიქით, როგორც თავად ვარაუდობს - მას შეეყარა კორონავირუსი კლინიკა „თიმში“?

ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერს ამბობენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. რადიო თავისუფლებას უთხრეს მხოლოდ ის, რომ ამ სახზე კომენტარი პირადი ინფორმაციის შემცველი იქნება და ამიტომ იკავებენ თავს.

პასუხი ვერ მივიღეთ ვერც სხვა შეკითხვებზე: დასრულებულია თუ არა კონტაქტების მოძიება, სულ რამდენი ადამიანი იქნა გამოკვლეული და ამ წრიდან რამდენ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი.

რისთვის არის აუცილებელი სიმართლე?

„ამ საკითხზე მე არც დავიწყებდი ლაპარაკს, სიმართლის საწინააღმდეგო ინფორმაცია რომ არ გავრცელებულიყო... რახან საკითხი ასე დადგა და შეკითხვები ისმება, მეც ვპასუხობ - რაც არის სიმართლე“, - ამბობს კლინიკა „თიმის“ დირექტორი, გიორგი კაჭახიძე.

ვერის წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური, მამა გიორგი პაპავა 15 აპრილს მედიის ზარებს აღარ პასუხობდა. თუმცა 14 აპრილს გაკეთებულ განმარტებებში მან სწორედ კლინიკა „თიმი“ დაადანაშაულა, როგორც ინფიცირების სავარაუდო წყარო.

ასევე ნახეთ კოვიდ-19-ით დაინფიცირებულმა პირმა ღვთისმსახურება ხარების დღესასწაულის მეორე დღესაც ჩაატარა

თუმცა სხვადასხვა მედიასაშუალებებთან მისი ნაამბობის მიხედვით:

  • ინფიცირება მოხდა სავარაუდოდ 6 აპრილს, კლინიკაში, სადაც ხალხმრავლობა იყო და ბევრი ადამიანი მიდი-მოდიოდა;
  • როცა კლინიკა „თიმში“ მივიდა სისუსტეს გრძნობდა, რაც მარხვის პერიოდში, ბრონქების პრობლემის გამო, მას ისედაც აღენიშნება ხოლმე და დამ შესთავაზა ანალიზების გაკეთება;
  • 6 აპრილს კლინიკიდან ეკლესიაში წავიდა და 7 აპრილს ხარების დღესასწაულზე, ღვთისმსახურების შემდეგ - უკვე მაღალი სიცხე ჰქონდა;
  • მაღალი სიცხე ჰქონდა 8 აპრილსაც, როცა ის მაინც მივიდა ეკლესიაში, ღვთისმსახურების ჩასატარებლად.
ასევე ნახეთ გახარია: ბზობის დღესასწაულზე შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტურად უნდა ემოქმედა

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მამა გიორგი პაპავამ ხარების ღვთისმსახურება სოციალური დისტანციის დაცვითა და უსაფრთხოების ყველა ზომის გათვალისწინებით ჩაატარა. თუმცა რამდენად საკმარისი იყო ეს ყველაფერი, არავინ იცის. ამჟამად თვითიზოლაციაშია 5 მღვდელი და ერთი სტიქაროსანი.

ჯაღმაიძემ თქვა, რომ დეზინფექციის გამო დახურული ეკლესია სააღდგომოდ გაიხსნება და იქ სხვა, არა ამ ტაძრის მოძღვრები აღასრულებენ ღვთისმსახურებას.

„რაც არ უნდა მოინდომო, შეუძლებელია ტაძრებში უსაფრთხოების წესების ისე დაცვა, რომ სრულად მოხდეს ვირუსის გავრცელების პრევენცია“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის ფონზე ხალხმრავლობა ყველგან საშიშია და კატეგორიულად მცდარია მოძღვრებისა თუ მრევლის წარმომადგენლების განცხადებები, რომ ეკლესიაში და ეკელსიიდან ვერ მოხდება ინფექციის გავრცელება.

„სასულიერო პირის ინფიცირება თვალსაჩინო მაგალითად და იმის საფუძვლად უნდა ქცეულიყო, რომ ხელისუფლებას უფრო კატეგორიულად მოეთხოვა ეკლესიისთვის - სააღდგომო დღესასწაულებზე მრევლის არდასწრება და სახიფათო ხალხმრავლობის თავიდან აშორება... ჩემი ინფორმაციით, ამ ფაქტის გაგების შემდეგ, სწორედ ამისთვის მივიდა პრემიერი გახარია საპატრიარქოში 13 მარტს, მაგრამ, როგორც ვხედავთ, სახელმწიფომ ეკლესიის დაყოლიება ვერ მოახერხა“.

ქვეყანაში დაწესებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, როცა მათ შორის - იკრძალება სამ პირზე მეტი ადამიანის შეკრება და ამისთვის მოქალაქეები 3 ათასი ლარით ჯარიმდებიან, ეკლესიებში (მით უფრო - აღდგომის წინა პერიოდში) კვლავაც ბევრი ხალხი იყრის თავს და ეს ბზობის დღესასწაულზეც გამოვლინდა. არ გავრცელებულა ინფორმაცია ამ ჭრილში თუნდაც ერთი ადამიანის დაჯარიმების შესახებ.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ 15 აპრილს თქვა, რომ გამორიცხულია ეკლესიიდან ინფექციის გავრცელება და რომ ადამიანები ეკლესიაში, პირიქით, განკურნების მიზნით მიდიან.