ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მღვდელი გიორგი (პაპავა), რომელიც წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში მსახურობს, „ტვ პირველს“ ელაპარაკა დაინფიცირების სავარაუდო ადგილზე.
მღვდელი ამბობს, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებიდან მას მხოლოდ ტემპერატურის მატება აღენიშნებოდა. ის ადასტურებს, რომ ხარების დღესასწაულზე ეკლესიაში იმყოფებოდა. შეკითხვაზე, „თქვენ თუ ეზიარეთ?“ სასულიერო პირი პასუხობს: „რა თქმა უნდა, ყველა ეზიარა იქ, ვინც იყო“. მან შესაძლო დაინფიცირების წყაროზე მიუთითა: „მე ვფიქრობ, რომ ჩემს დასთან საავადმყოფოში ვიყავი და იქ დავინფიცირდი. ხალხმრავლობა იყო, ხალხი შედიოდა და გამოდიოდა შესაძლებელია, იქ დავინფიცირდი“. სასულიერო პირი განაგრძობს: „ეს ვირუსია ჩემო კარგო, გესმის, ნებისმიერ ადგილზე შეიძლება დაგეტაკოს. ამისგან დაზღვეული არც თქვენ ხართ, არც მე და არც არავინ დედამიწის ზურგზე“.
მღვდელი გიორგი პაპავა ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებაც გამოთქვამს მოსაზრებას: „21 აპრილამდე სახელმწიფოს დეკრეტი, რომ გამოვიდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მორჩა, 21-ის მერე არ იქნება?! რას ლაპარაკობთ, ეს წლის ბოლომდე იქნება. კაციშვილი არ დარჩება, ვისაც ეს არ დაემართება. ლიტურგიას არაფერმა არ უნდა დაუშალოს, ჩემო კარგო, ლიტურგია სხვა რამეა და ვირუსი სხვა რამეა. არ შეიძლება, ერთმანეთთან დაკავშირება. ვირუსი შეიძლება, ტაქსიში ჩაჯდე და იქ დაგემართოს“.
გიორგი პაპავა და მისი ოჯახის წევრები ბოჭორიშვილის კლინიკაში 13 აპრილს შეიყვანეს.
როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს, საავადმყოფოში სასულიერო პირის ოჯახის სამი წევრი მკურნალობს. მათგან ვინ გახდა ინფიცირების წყარო, ექიმისთვის ამ დროისთვის უცნობია.