ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.
ყველას ედავებიან „პოლიციელების დაუმორჩილებლობასა“ და „წვრილმან ხულიგნობას“.
ადამიანის უფლებათა დამცველები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან დაკავებულებული დაზარალებულად უნდა ცნონ, რადგან პოლიციამ მათზე იძალადა.
რადიო თავისუფლებამ შეაგროვა ინფორმაცია წუხელ დაკავებულ ცხრა ადამიანზე - ესაუბრა მათ მეგობრებს, ნათესავებსა და მათი ინტერესების დამცველებს.
აი, ვინ არიან დაკავებულები:
გელა ხასაია
27 წლის გელა ხასაია პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ (ზურაბ ჯაფარიძის „გირჩის“) წევრია.
მას ეკუთვნის პოპულარული გვერდი ფეისბუკზე, „აფხაზური ამბები“.
და ხშირად აპროტესტებს ხელისუფლების საკამათო გადაწყვეტილებებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი, თეო ზაქარაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ხასაიას მთელ სხეულზე აღენიშნება დაზიანებები.
„აქვს ისეთი დაზიანებები, რაც მარტივი ვიზუალური დათვალიერებითაც შეინიშნება“.
ხასაიას გარდა, ზაქარაშვილმა მოინახულა კიდევ ორი დაკავებული, რომლებსაც, ადვოკატის ცნობით, „გირჩის“ წევრის მსგავსად, დაზიანებები - მუშტებისა და ფეხების დარტყმების კვალი - აქვთ სახის, თავის, გულ-მკერდისა და წელის არეში".
ლევან ჯობავა
ლევან ჯობავა ერთ-ერთია მათგან, ვისაც კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.
იგი ახლაც ინგოროყვას კლინიკაშია.
ფეისბუკზე წერს, რომ ჭიჭინაძის ქუჩაზე გონება დაკარგა მას შემდეგ, რაც თავში გაურკვეველი საგანი მოხვდა.
„პოლიციელს როგორ შეაგინეო, ამაზე გაცოფებულები იყვნენ… ბუნებაში ვერ იპოვიან კადრს, სადაც პოლიციელს ან ჯარისკაცს შეურაცხყოფას ვაყენებ“, - წერს იგი.
„ცემა-ცემა და გინებით მიმათრიეს პარლამენტის მეორე მხარეს, სადაც პოლიციის მინივენი იდგა. 3 კაცი შეგვტენეს, ორივე მხრიდან კარი გამოაღეს და დაუნდობლად გვირტყამდნენ. ყრუ გაუთავებელი ხმები, გამეტებით მოქნეული მუშტი თავში და ზურგში მოხვედრის. რომ გერევა უკვე ეს ხმა, შენ მოგხვდა თუ შენ გვერდში მსხდომებს“, - წერს იგი.
„მუშტებისგან ლამის თავი და უძლურებისგან ლამის გული გამისკდა. პოლიციის მინივენს მომწყდარ შავფორმიანებსა და ნიღბიანებში შუაში ისევ ის დირიჟორი იდგა და ყველაზე მეტს ის იგინებოდა და ყველაზე მეტს ის ირტყმევინებოდა. პატრულის ახალგაზრდა ეკიპაჟი რომ არა, რომელიც უკვე მინივენში გადამეფარა და კარი დაკეტა, კიდე უფრო მეტი მომხვდებოდა“, - იხსენებს ის.
ამის შემდეგ იგი მინივენით გაიყვანეს, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, საიდანაც კლინიკაში გადაამისამართეს.
„კომპიუტერული ტომოგრაფია გადამიღეს, გადასხმა დამიყენეს, ამასობაში სხვა პატრულები მოვიდნენ, რომლებმაც ხელწერილის საფუძველზე "გამათავისუფლეს" და მითხრეს, რომ სასამართლოდან დამირეკავენ“, - იუწყება იგი.
სანდრო და გიგა ჯოხაძეები
ძმები, სანდრო და გიგა ჯოხაძეები პარლამენტის მარჯვენა, გვერდითა შესასვლელთან, 9 აპრილის ქუჩაზე მაშინ დააკავეს, როდესაც სხვა დემონსტრანტებთან ერთად აპროტესტებდნენ „აგენტების კანონს“.
18 წლის სანდრო ჯოხაძე სკოლის მოსწავლეა.
ფოტოზე, რომელიც წუხანდლიდან ვირუსულად გავრცელდა ფეისბუკზე, სანდრო ჯოხაძე და მისი მეგობარი თემო კოკოზაშვილი ჩანან სპეცრაზმელების პირისპირ.
ზუსტად ეს ფოტო გამოაქვეყნა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო პოსტში.
სანდრო ჯოხაძის მეგობარი თემო კოკოზაშვილი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ძმები ჯოხაძეები მას შემდეგ დააკავეს, რაც სპეცრაზმმა პარლამენტის უკან მდებარე პარკი დაიკავა.
„ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად. ერთ მომენტში ვხედავდი, რომ იდგნენ ისინიც [სპეცრაზმელები]. ჩვენც. როგორც ფოტოზეა. ორიოდე წუთი გავიდა. ჩამოხტნენ ყველანი ერთად და დაიწყო დაკავებები“, - ამბობს თემო კოკოზაშვილი, 18 წლის.
„ინსტინქტურად წამოვედი უკან. უკან რომ გავიხედე, სანდრო დამენახა, ვხედავ, რომ მიათრევდნენ უკვე“, - იხსენებს კოკოზაშვილი.
მისი თქმით, გიგა ჯოხაძეც ამ დროს დააკავეს: „გიგამაც რომ დაინახა, რომ სანდროს მიათრევდნენ, დასახმარებლად იყო, გვერდზე ედგა და მაგ დროს გიგაც ეგრე დაიჭირეს. ორივეს დაესივნენ სპეცრაზმელები“, - ამბობს იგი.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საიას) ადვოკატი ჯანო ჭკადუა, რომელმაც ისინი დიღმის იზოლატორში მოინახულა, რადიო თავისუფლებას ეუბნება:
„ორივეს შევხვდი წუხელ ღამის ორი-სამი საათისთვის, დიღომში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში. ორივე არის ნაცემი. ისინი ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დააკავეს“.
ლევან ბუდაღაშვილი
ბუდაღაშვილი ბოკერიას კლინიკაშია მოთავსებული.
ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში ჩანს, რომ მას, სულ მცირე, თავისა და სახის არეში აქვს დაზიანებები.
წუხანდელ ფეისბუკწლაივში ჩანს, რომ ბუდაღაშვილი სპეცრაზმის მოპირდაპირედ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოპირდაპირე მხარეს იდგა.
თორნიკე მარუაშვილი
ბუდაღაშვილთან ერთად ბოკერიას კლინიკაში იმყოფებოდა მოქალაქე თორნიკე მარუაშვილი, რომელსაც ოჯახის წევრები წუხანდელს შემდეგ ეძებდნენ.
ასევე ნახეთ აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი წერს, რომ კლინიკაში მასთან ერთად არის პოლიციის მიერ ნაცემი მასწავლებელი, რომელსაც ვერ პოულობდნენმარუაშვილი ისტორიის მასწავლებელია.
იგი ხელწერილით გამოუშვეს.
კადრებში, რომელიც გამოცემა OC Media-ს ჟურნალისტმა, ფოტოგრაფმა მარიამ ნიკურაძემ გადაიღო, ჩანს, როგორ ურტყამენ პოლიციელები მარუაშვილს.
„ძალიან არის ნაცემი. პარასკევამდე კლინიკაში დარჩება“, - უთხრა მისმა ოჯახის წევრმა რადიო თავისუფლებას.
ისაკო დევიძე
ისაკო დევიძე მოძრაობა „ჯიუტის“ წევრია.
„ჯიუტი“ სამოქალაქო აქტივისტების მოძრაობაა, რომლის წევრებიც წელიწადზე მეტია, ყოველდღე იკრიბებიან პარლამენტთან სხვადასხვა ბანერით.
„ჯიუტის“ ცნობით, დევიძე, - რომლის ადგილმდებარეობაც რამდენიმე საათის განმავლობაში არ იცოდნენ, - ზაჰესის იზოლატორშია მოთავსებული.
გ.ბ.
დაკავებულთა შორის მეორე 18 წლის, სკოლის მოსწავლეა - ინიციალებით გ.ბ.
ადვოკატის ცნობით, მასაც აღენიშნებოდა დაზიანებები სახეზე, კისერზე, ხელებზე, ტანზე. ასევე, თვალის არეში.
„როგორც განმარტა, თავის არეში ურტყამდნენ: რამდენჯერმე დაარტყეს, წააქციეს, და შემდეგაც თავის არეში გამეტებით ურტყამდნენ, რის შედეგადაც მიადგა დაზიანება“.
დ.გ.
დაკავებულთა შორისაა ასევე ახალგაზრდა კაცი, ინიციალებით დ. გ.
მისი მეგობარი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ისიც დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი.
„დაზიანებები აქვს სახის არეში. სავარაუდოდ, მანქანაში გაუსწორდნენ ფიზიკურად. დაბეჟილობები, ჩალურჯებები აქვს ძირითადად, სახის არეში“.
„დერეფნები“
დემონსტრაციების პირველ დღეს, 15 აპრილს, შსს-ს თანამშრომლებმა 14 ადამიანი დააკავეს, მეორე დღეს - 18.
საიას სისხლის სამართლის ადვოკატი, ჯუბა ქათამაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პირველ დღეს დაკავებულთაგან ხუთი ადამიანი მოინახულა დიღმის იზოლატორში.
„ხუთივე ერთსა და იმავეს ამბობს: როდესაც დააკავა კრიმინალურმა პოლიციამ და „დერეფნებში“ შეათრიეს, სწორედ იქ ხდებოდა ძალადობა“.
„როდესაც კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები „შეითრევენ“ ხოლმე დემონსტრანტებს, ამ დროს წარმოიქმნება ეს „დერეფანი“ ბუნებრივად, - და სანამ პოლიციის მანქანამდე მიიყვანენ, გვერდებიდან ძალადობენ“, - განმარტავს იურისტი.
ეს პირები არიან დაკავებული პირველ დღეს.
საიას ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ხუთი დაკავებულიდან ოთხმა თქვა, რომ მათზე „დერეფნებში“ იძალადეს, მეხუთემ კი თქვა, რომ აპირებდნენ ცემას, მაგრამ „დაიძახეს "დრონი, დრონიო" და აღარ იძალადეს“.
„ახლა აგინეთ რუსეთსო“
ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ იურისტი ხატია რეხვიაშვილი ოთხი დაკავებულის ინტერესებს იცავს.
ამ ოთხიდან სამი 16 აპრილს დააკავეს, ერთი კი დემონსტრაციის პირველ დღეს, 15 აპრილს.
„ყველას აქვს დაზიანებები. სცემდნენ როგორც დაკავებისას, ასევე შემდეგ, პოლიციის მანქანებით გადაყვანისას. ასევე, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ“, - ამბობს იგი.
მათი თქმით, ეუბნებოდნენ, „ახლა აგინეთ რუსეთსო“. „ასევე „რუსულ კანონზე იყო საკმაოდ არაეთიკური გამონათქვამები“.
რას ამბობს საგამოძიებო სამსახური?
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) იურისტი, გიორგი ტაბატაძე ამბობს: „ეს ადამიანები კი არ არიან სამართალდამრღვევები. პირიქით, ისინი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლები არიან. ისინი სასტიკად არიან ნაცემები“.
მისი განცხადებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აქვს ვალდებულება, დაუყოვნებლივ გამოიძიოს აღწერილი დანაშაულები.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება „პარლამენტთან მიმდებარე საპროტესტო აქციის დროს სამართალდამაცვების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების/ძალადობის შესაძლო ფაქტებზე გამოძიება გუშინვე დაიწყო“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო.
კითხვაზე, გამოკითხეს თუ არა სამართალდამცავები შესაძლო გადამეტებაზე, უწყებაში გვიპასუხეს, რომ „თავის კომპეტენციის ფარგლებში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო საპროცესო მოქმედებას ატარებს“.
„ყველა შემოსული საჩივარი და შეტყობინება განიხილება და გვაქვს შესაბამისი რეაგირება. გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, - ამბობენ უწყებაში.
ასევე ნახეთ პარლამენტმა „აგენტების კანონი“ პირველი მოსმენით მიიღო
16 აპრილს პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენა წიწაკის სპრეი და ხელკეტები.
აქციებზე არაერთი ადამიანი დაშავდა.
მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ წუხელ, როცა აქცია ფაქტობრივად დაშლილი იყო, პარლამენტის მიმდებარე ვიწრო ქუჩებში პოლიცია დასდევდა და სცემდა აქციის მონაწილეებს.
პროტესტი შარშან დემონსტრაციების შედეგად გაწვეული „აგენტების კანონის“ ხელახლა ინიციირებას მოჰყვა. კანონი პირველი მოსმენით დღეს, 17 აპრილს მიიღეს.
ევროპელი ლიდერების განცხადებით, ეს კანონი ხელს შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციას.
საერთაშორისო გამოხმაურებებს შორის რუსეთის ფედერაცია ერთადერთია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ტრაექტორიას უწონებს.
ასევე ნახეთ სრული სიმართლე „აგენტების კანონზე“