თბილისიდან მყინვარწვერი (ყაზბეგი) თქვენც დაგინახავთ?
აგერ ოლივერ უორდროპს ზუსტად 100 წლის წინ მთაწმინდიდან შეუვლია თვალი მისი დათოვლილი წვერისთვის. „შუადღისას მე, გრანდი და უაეითი ავედით მთაზე, რომელიც წმინდა დავითის ეკლესიის უკან, ქალაქიდან ათასი ფუტის სიმაღლეზეა... თბილი ამინდით ძალიან ვისიამოვნეთ. მთის წვერზე სასიამოვნოდ ქროდა ნიავი. ჩვენ თვალწინ შესანიშნავი ხედი გადაიშალა, თითქოს ასობით მილი დაგვიდეს ხელის გულზე. ყაზბეგის ულამაზესი, დათოვლილი მთა ძალიან ნათლად მოჩანდა, დასავლეთითაც შეიძლებოდა მწვერვალების დანახვა“, – წერდა მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი 1919 წლის 30 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში.
თუმცა წერილების გარდა, სერ ოლივერი სამშობლოში სხვა ნივთებსაც აგზავნიდა, მაგალითად 1920 წლის 22 მარტს ბოდლეინის ბიბლიოთეკისათვის გაგზავნა ხელნაწერები, რამდენიმე პორტრეტი და მტკვრის სანაპიროს ტფილისური პეიზაჟები, რომელზეც, როგორც თვითონ ბრიტანელი დიპლომატი შენიშნავდა, ყაზბეგიც მოჩანს.
ყაზბეგი იგივე მყინვარწვერია, რომელსაც, უორდროპამდე ბევრად ადრე, ილია ჭავჭავაძეც უტრიალებდა მეტაფორულად. „მყინვარი!.. დიდებულია, მყუდრო და მშვიდობიანი, მაგრამ ცივია და თეთრი. დანახვა მისი მაკვირვებს და არ მაღელვებს, მაციებს და არ მათბობს“-ო.
ყაზბეგი შეუმჩნეველი არ დარჩენია ვლადიმირ მაიაკოვსკის, დიდ პოეტს ხან ქართველი რომ იყო და ხანაც რუსი. აღფრთოვანებული იყო მთის სიდიადით, მაგრამ არა იმდენად, რომ რევოლუციის სამსხვერპლოზე არ მიეტანა.
„აშენე,
იმ ძველის
დანგრევაც მოასწრე
და ახალ სართულებს
ჩაუჯექ დარაჯად.
ყაზბეგიც
რომ საქმეს გიშლიდეს, –
მოაძრე,
რა უშავს –
ნისლებში
მაინც ხომ არა ჩანს“. (ВЛАДИКАВКАЗ – ТИФЛИС)
როგორ თუ არ ჩანს?
ვისაც საქართველო გულით უყვარდა, აკი, ის თბილისიდანაც ხედავდა?!
მაიაკოვსკის ВЛАДИКАВКАЗ – ТИФЛИС ქართულად ირაკლი აბაშიძემ თარგმნა. ხან ქართველმა დიდმა პოეტმა (Только нога вступила в Кавказ, я вспомнил, что я – грузин) ეს ლექსი 1924 წელს დაწერა, როცა სერ ოლივერსა და საქართველოს დამოუკიდებლობის სხვა უცხოელ და ადგილობრივ მხარდამჭერებს ან დატოვებული ჰქონდათ ქვეყანა ან პარტიზანულად იბრძოდნენ.
ლექსი გრძელია. მაიაკოვსკი მეფის პერიოდსაც იხსენებს და მენშევიკების დროსაც („ეს ვიგინდარები – თვით მტკვარზე მღვრიენი, ხელს ტლოშნით აქ ფრანგებს ართმევენ“). ცხადია, არც ერთი მოსწონს და არც – მეორე, სამაგიეროდ სიხარულით ეგებება ახალ საქართველოს: „დღეს კი აქ დროშები ფრენს ბოლშევიკური, სხვა საქართველოში ვბრუნდები.“
ფინალში, როგორც პირველივე სტრიქონებში, ისევ იმეორებს რომ:
დიახ, ქართველი ვარ
და ვის ესურვება
მიწოდოს კინტო,
მსმელი და აშარი.
მე ველი –
საყვირმა დასჭექოს ზურნებად,
სად კინტო იდგა და
ვირების ლაშქარი.
მაგრამ დღეს მწყურიან
მე მათზე ადრიან
ქარხნების მღერა
და კრანთა შაირი.
ყაზბეგთან საუბარი აქვს გაბმული ბორის პასტერნაკსაც 1931 წელს დაწერილ უსათაურო ლექსში („Пока мы по Кавказу лазаем,/ И в задыхающейся раме/ Кура ползет атакой газовою/ К Арагве, сдавленной горами...“).
მწერალი გადმოივლის კავკასიონის ქედს და მოემართება საყვარელ თბილისისკენ, სადაც მას, როგორც სხვაგან ( „მგზავრის ჩანაწერებში“) ამბობს, ქართველ მეგობრებთან – ტიციანთან და პაოლოსთან ერთად, ელოდება „გაშლილ სუფრაზე შუქ-ჩრდილის ხლართი, ღვინო, სანთლები და ვარსკვლავები“.
„ყაზბეგო, რისთვის შეიხსენ ბჭენი?
როცა სიმაღლე სუნთქვას გვიმოკლებს
და გუნდრუკს გვიკმევს მთათა სარკმელი,
ნუთუ გგონია, ჩემო სიცოცხლევ,
რომ შემომაკლდა შენთვის სათქმელი?“
მოკლედ ასეთი ამბავია ყაზბეგის თავს: ერთნი თბილისიდან ხედავენ, მეორენი უწყვეტ დიალოგში არიან მასთან, მესამენი კი დასანგრევად იმეტებენ იმის გამო, რომ ნისლის ფარდა ფარავს და არ ჩანს. არადა, წესით უნდა ჩანდეს. სულ ცოტა, ბოლო 70 წლის განმავლობაში, ყაზბეგმა (მყინვარწვერმა) 11 მეტრით მოიმატა სიმაღლეში. აკად. ალექსანდრე ჯვახიშვილის გეოგრაფიის სახელმძღვანელოს მიხედვით, 1947 წელს ყაზბეგის სიმაღლე 5043 მეტრი იყო, 2019 წლის 27 მაისს ჩატარებულმა აზომვამ კი აჩვენა, რომ 5054 მეტრამდე გაზრდილა!
...ისე, მთა როგორ გაიზრდებოდა?
ალბათ, ფეხის წვერებზე თუ აიწია უკეთ გამოსაჩენად!
ბოლოს და ბოლოს, იტყვით, თბილისიდან მყინვარწვერი თქვენც დაგინახავთ თუ არა?