მოსახლეობის ნაწილი საკომპენსაციო თანხების გაზრდას ითხოვს

საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, საპროტესტო აქცია გამართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის მცხოვრებთა ნაწილმა, რომელმაც კომპენსაციის სანაცვლოდ კუთვნილი მიწები დათმო სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის. აქციის მონაწილეები ითხოვდნენსაკომპენსაციო თანხების გაზრდას, რის პირობა, როგორც ამბობენ, ხელისუფლებისგან მიიღეს და სწორედ ამიტომ 160-მდე ოჯახმა პროექტის სასარგებლოდ უარი თქვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე. მათ შორისაა ამირან ტაკიძე:

„კომპენსაცია გვინდა, საერთოდ მიწა რომ წაგვართვენ და დასათესი აღარ გვაქვს უკვე. სოფელში ვცხოვრობთ - პირუტყვი და ფრინველი გვყავს, ხომ გვინდა რაღაცა? ჩაკეტილები ვართ“.

საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მიხეილ ნოღაიდელი, ამბობს, რომერთ კვადრატულ მეტრ მიწაში 5 ლარი და 60 თეთრი გადაუხადეს, რაც, მიწის ნორმატიულ ფასთან შედარებით,ძალიან დაბალია, ამიტომ საკომპენსაციო თანხის 8 ლარამდე გაზრდას ითხოვს:

„თითქმის ერთი წელი ვიბრძოდი ამ დანამატზე. გზაც კი გადავკეტეთ და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი იყო მოსული - არ გადაკეტოთო. შემდეგ მინისტრი ამოვიდა და გვითხრა, რომ სანამ თქვენი მოთხოვნა არ იქნება შესრულებული, მანამდე ნაგავსაყრელის სამშენებლო სამუშაოები არ დაიწყებაო. მოთხოვნა გვქონდა, რომ 8 ლარზე ნაკლები თანხა არ გადაეხადათ. განვიხილავთ და მოგაწოდებთ პასუხსო. განიხილეს და კვადრატულ მეტრზე 80 თეთრი გადაგვიხადეს ორი წლით მიწის გაცდენის თანხა“.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ, თუ საკომპენსაციო თანხებს არ გადაუხდიან, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცეცხლაურთან, ნაგავსაყრელის მშენებლობას არ დაუშვებენ. საკითხზე სასაუბროდ მათ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან შეხვედრა მოითხოვეს, მაგრამ მთავრობის თავმჯდომარის ნაცვლად საპროტესტო აქციაზე მთავრობის აპარატის წარმომადგენელი, კახა შაშიკაძე, გამოვიდა და განაცხადა, საკომპენსაციო თანხების ოდენობა ექსპერტმა დაადგინა და თუ მოსახლეობას იგი არ აკმაყოფილებს, სასამართლოს უნდა მიმართოსო:

„თანხას ვერ შეცვლის ვერც მთავრობის და ვერც კომპანიის წარმომადგენელი. თუ აღნიშნულთან დაკავშირებით არის განსხვავებული მოსაზრება, მაშინ ამ გადაწყვეტის ერთადერთი გზა არის სასამართლო. თუ მოსახლეობა ან კონკრეტული ოჯახი არ ეთანხმება კომპენსაციის მოცულობას, უნდა შესთავაზოს ალტერნატიული შეფასება მიწის და დაასაბუთოს მისი ღირებულება“.

რაც შესაძლებელი იყო, კომპენსაცია მოსახლეობაზე ორჯერ გავეცით და ახლა რამდენჯერაც მოსახლეობას ფინანსური პრობლემა ექნება და კომპენსაციები მოითხოვოს სახელმწიფოსგან, თუ კანონმდებლობა ამის საშუალებას არ მოგვცემს, ვერ გავცემთ...
ნოდარ კონცელიძე

აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, ადგილზე არ იმყოფება და მასთან შეხვედრა მომავალი კვირის დასაწყისში შედგება. მოსახლეობა, პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საპროტესტო აქციის განახლებას აპირებს. მათივე თქმით, თუ საკომპენსაციო თანხებს არ გაუზრდიან, ისინი არ მისცემენ ქობულეთში დაგეგმილი ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის საშუალებას, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „ჰიგიენა 2009“ ახორციელებს. გასულ წელს ამ კომპანიის ანგარიშიდან 5 მილიონი ლარის მითვისებისთვის ყოფილი დირექტორიდააკავეს, სასამართლომ მას 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სწორედ ამ თანხების მითვისების გამო ვერ უხდიან მოსახლეობას საკომპენსაციო თანხებს, ამბობს გიორგი დიასამიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი:

„ამ ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილია თაღლითობა. ერთხელ მისცეს თანხის ნაწილი, გაცილებით ნაკლები, ვიდრე არის მიწის ნორმატიული ფასი. დანარჩენ ფულს ამ ხალხს არ აძლევენ და იურიდიული კაზუისტიკით სარგებლობენ“.

ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაარსებული შპს „ჰიგიენის“ დირექტორის მოადგილე ნოდარ კონცელიძე ამბობს, რომ კომპენსაციის დამატებას მოითხოვს მხოლოდერთი ჯგუფი და არა მოსახლეობის დიდი ნაწილი. ოჯახების დიდმა ნაწილმა, რომელმაც, დაახლოებით, 40 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა დათმო ახალი ნაგავსაყრელის პროექტისთვის, კომპენსაციასახელმწიფოს კეთილი ნებით მიიღო, დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნის საფუძველზე:

„რაც შესაძლებელი იყო, კომპენსაცია მოსახლეობაზე ორჯერ გავეცით და ახლა რამდენჯერაც მოსახლეობას ფინანსური პრობლემა ექნება და კომპენსაციები მოითხოვოს სახელმწიფოსგან, თუ კანონმდებლობა ამის საშუალებას არ მოგვცემს, ვერ გავცემთ“.

საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

ნოდარ კონცელიძის თქმით, ქობულეთში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა, რომლის გახსნა მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმებოდა, მომავალი წლისთვის გადაიდო და ეს ფაქტი არ უკავშირდება კომპანიის ანგარიშიდან თანხების მითვისებას.

აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი EBRD-ისა და SIDA-ს მხარდაჭერით ხორციელდება და საერთო ინვესტიცია 7 მილიონი ევროა. ნაგავსაყრელის პროექტი ითვალისწინებს ახალი სანიტარიული ნაგავსაყრელის პოლიგონისა და მისასვლელი გზის მშენებლობას, ასევე ბათუმისა და ქობულეთის მოქმედი ნაგავსაყრელების ეტაპობრივ დახურვას.