როგორ აკრძალეს ოლიგარქის პრორუსული პარტია მოლდოვაში

ილან შორი - ძებნილი მოლდოველი ოლიგარქი, პრორუსული პოპულისტური პარტია "შორის" თავმჯდომარე. 19 ივნისს პარტია კანონგარეშედ გამოაცხადა მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ.

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ღიად პრორუსული პარტია „შორი“ ქვეყანაში კონსტიტუციასთან შეუსაბამო საქმიანობას ეწევა. 19 ივნისის გადაწყვეტილებით შეიქმნა საფუძველი პოლიტიკური ძალის აკრძალვისთვის. პარტიის თავმჯდომარეა დასავლეთის მიერ სანქცირებული ოლიგარქი, ძებნილი ილან შორი.

პარტიის საქმიანობის კონსტიტუციასთან შესაბამისობის განხილვის მოთხოვნით მოლდოვის მთავრობამ სასამართლოს გასული წლის ნოემბერში მიმართა. ძირითად არგუმენტებად - რუსული ინტერესების გატარება, კანონის უზენაესობის ხელყოფა და მოლდოვის სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა დასახელდა.

პარტია „შორი“ არ აპირებს, რომ დაემორჩილოს სასამართლოს „პოლიტიკურად მოტივირებულ“ გადაწყვეტილებას, მაგრამ მას დიდი არჩევანი არ აქვს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ გასაჩივრდება.

ხანგრძლივი პროცედურა და აკრძალვა

„სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მხარის [პარტიის] მიერ გამოცემულ აქტებს აღარ აქვთ იურიდიული ძალა. იუსტიციის სამინისტრო შექმნის კომისიას, რომელიც მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას პარტია „შორის“ ლიკვიდაციისთვის და მის ამოსაღებად იურიდიული პირების სახელმწიფო რეესტრიდან“, - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ, ნიკოლაე როშკამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

მისი განმარტებით, პარტია „შორის“ წარმომადგენლები პარლამენტში დარჩებიან დამოუკიდებელი დეპუტატების რანგში, მაგრამ უფლება არ ექნებათ, შეუერთდნენ რომელიმე ფრაქციას.

მოლდოვის პროდასავლურმა მთავრობამ პარტია „შორის“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის ნოემბერში მიმართა. ის ამტკიცებდა, რომ ქუჩის აქციებისა და დაქირავებული მომიტინგეების საშუალებით, ეს პარტია მიზნად ისახავდა მოლდოვის დესტაბილიზაციას რუსეთის დახმარებით.

ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართვის საფუძველზე, 2022 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ პარტიის აკრძალვა „უკიდურეს ზომას“ წარმოადგენს და მისი გამოყენება შესაძლებელია ყველა სხვა საშუალების ამოწურვის შემთხვევაში.
თუმცა იმავე დასკვნაში ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ სასამართლომ საფუძვლიანად უნდა გააანალიზოს მთავრობის არგუმენტები და იქვე დაადასტურა ფაქტი, რომ - რუსეთის ომმა უკრაინაში გაზარდა უსაფრთხოების რისკები მოლდოვისთვის.
  • პარტია „შორის“ საკითხის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში მაისში ერთი კვირის განმავლობაში, დღეში 7 საათის ხანგრძლივობით მიმდინარეობდა;
  • განხილვა ამავე რეჟიმში გაგრძელდა 12 ივნისს, როცა უკვე 19 ივნისს კონკრეტული, საბოლოო გადაწყვეტილებით დასრულდა;
  • საკონსტიტუციო სასამართლოში მთავრობის ინტერესებს იცავდნენ არა საჯარო მოხელეები, არამედ ორი დაქირავებული იურისტი და ერთი თანაშემწე - იურიდიული კომპანიიდან, რომელშიც მანამდე მუშაობდა მოლდოვის იუსტიციის ამჟამინდელი მინისტრი;
  • სასამართლო სხდომებში მონაწილეობდა პარტიის არაერთი ლიდერი და მათ შორის ვიცე-პრეზიდენტი მარინა ტაუბერი, შინაპატიმრობის მიუხედავად [პარტიის უკანონო დაფინანსების ბრალდებით];
  • სასამართლომ არ დართო [ვიდეოკონფერენციის საშუალებით] მონაწილეობის ნება პარტიის თავმჯდომარეს, ოლიგარქად მიჩნეულ - ილან შორს, რომელიც საერთაშორისო ძებნილია.

საკონსტიტუციო სასამართლოს იურისტებმა წარუდგინეს მტკიცებულებები, რომ საპროტესტო აქციებს ილან შორი აფინანსებდა.

ილან შორი მოლდოვიდან 2019 წელს გაიქცა, როცა შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. მოლდოვური წყაროების თანახმად, სასამართლომ მას 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, 2014 წელს მოლდოვის საბანკო სისტემიდან მილიარდი დოლარის მოპარვაში მონაწილეობისთვის.

საპროტესტო აქციების ორგანიზების მთავარ მიზნად, იურისტებმა საკონსტიტუციო სასამართლოს დაუსახელეს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მოლდოვის აქტიური სწრაფვის ხელშეშლა და აღინიშნა, რომ ეს რუსეთთან კოორდინაციით ხდებოდა.

„სამარცხვინო და უპრეცედენტო“, - ასე შეაფასეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პარტია „შორში“, რომელიც წინასწარი განცხადებით - საქმიანობის შეწყვეტას არ გეგმავს და ბრძოლას „რამდენიმე ფორმულის“ დახმარებით გააგრძელებს.

„გაგრძელდება ჩვენი საქმიანობა“, - ამბობს პარტიის თავმჯდომარე ილან შორი, თავის ფეისბუკგვერდზე 19 ივნისს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში, რომელიც ანტიდასავლური მესიჯებით არის გაჯერებული. ის ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პრეზიდენტ მაია სანდუს „პირადი და პერსონალური ადვოკატია“ და მოლდოვაში კანონი აღარ აინტერესებთ.

პარტია „შორის“ თავმჯდომარე - მსჯავრდებული ინალ შორი, დისტანციურად, მაგრამ - აქტიურად არის ჩართული საპროტესტო განწყობების შექმნაში, რომლის ძირითადი მიზანი პრეზიდენტ მაია სანდუს გადაყენებაა.

რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკოსის მიერ ორგანიზებულმა აქციებმა, 2022 წელს, პერმანენტული სახე მიიღო, შარშან ის ყოველ კვირა დღეს იმართებოდა და გარკვეული პერიოდულობით, ახალ ძალებს იკრებდა.

„დასავლეთი დალპა“, „ევროკავშირმა და აშშ-მა დაკარგეს თავიანთი ფასეულობები“, - თავის ვიდეომიმართვაში შორი კრემლის მესიჯებს იმეორებს და მოლდოვას - ამერიკისა და ევროპის დაპყრობილ ტერიტორიად, ხოლო მაია სანდუს - დასავლეთის მიერ მართულად მოიხსენიებს.

ასევე ნახეთ მოლდოვა-საქართველო: პრეზიდენტები რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და პრორუსული პროტესტის ფონზე

2022 წლის ოქტომბერში, როცა კიშინიოვში მოლდოვის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მასპინძლობდა და ისინი ერთობლივ პრესკონფერენციას მართავდნენ, გარეთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, პრორუსი აქტივისტების მიტინგი იმართებოდა და ისინი ხმის მიწვდენას სალომე ზურაბიშვილისთვისაც ცდილობდნენ.

„გვინდა მივმართოთ ყველა საერთაშორისო სტრუქტურას, მათ შორის - საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ამჟამად მოლდოვის რესპუბლიკაში იმყოფება - შეხედეთ, რას აკეთებს ეს რეჟიმი მოლდოვაში... ის სიღარიბესა და კორუფციასთან კი არ იბრძვის, არამედ საკუთარ ხალხს ებრძვის“, - აცხადებდა მეგაფონში მიტინგის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც პრეზიდენტ სანდუს, სხვების მსგავსად, დიქტატორად მოიხსენიებდა. „გადადექი“, „გადადექი“, - სკანდირებდნენ, გამოქვეყნებული ვიდეოს მიხედვით, არცთუ მრავალრიცხოვანი მიტინგის მონაწილეები.

საპროტესტო აქციიდან ფეისბუკლაივი, თავის გვერდზე, პარტია „შორის“ ძებნილმა თავმჯდომარემაც გაუშვა.

მოლდოველმა ექსპერტებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ პარტია „შორი“ მხარდამჭერების ზრდას ვერ ახერხებს და როცა პარტია აცხადებდა, რომ ქუჩაში 50 ათასი ადამიანი გამოიყვანა, მოლდოვის შს სამინისტრო 6 ათას მომიტინგეს ითვლიდა.

რას წარმოადგენს „შორი“?

პარტია „შორი“ პრორუსული პოლიტიკური ძალაა, სანქცირებული აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ, კრემლის ინტერესებით მოქმედების გამო.

  • 2022 წლის ოქტომბერში - აშშ-მა სანქციები დაუწესა მოლდოველ ოლიგარქებს ილან შორსა და ვლადიმირ პლაჰოტნიუკს - მოქმედებებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია სისტემურ კორუფციასთან, მოლდოვის არჩევნებში ჩარევასთან, რასაც კრემლი უჭერდა მხარს. აშშ-ის მასშტაბით გაიყინა მათი აქტივებიც.
  • 2022 წლის დეკემბერში კი, მოლდოველ ოლიგარქებს იმავე ტიპის სანქციები დაუწესა უკვე დიდმა ბრიტანეთმა.

2022 წლის ოქტომბერში, მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ ფეისბუკზე წერდა, რომ ამერიკის მიერ დაწესებულმა სანქციებმა დაადასტურა ილან შორის შემხებლობა „კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრაში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სასარგებლოდ“ და, რომ ილან შორი მოქმედებს „პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციისთვის მოლდოვაში“, „სხვა კორუმპირებულ ოლიგარქებთან ერთად“ და საზღვარგარეთიდან გარკვეული პირების ჩართულობით.

პარტია „შორი“ მოლდოვის პარლამენტში 7 მანდატს ფლობს. მისი იდეური მხარდამჭერები არიან კომუნისტები და სოციალისტები, რომლებსაც მოლდოვის პარლამენტში 30-ზე მეტი მანდატი აქვთ.

12 ივნისს, ფეისბუკპოსტით ილან შორმა სიყვარული აუხსნა რუსეთის მოქალაქეებს, როდესაც მათ რუსეთის დღეს ულოცავდა.

ის წერს, რომ მოლდოველი და რუსი ხალხი ისტორიულად „მოძმეები“ არიან და, მოლდოვის ხელისუფლებაში დღეს მყოფი „პოლიტიკოსებისა და მედროვეების“ საპირისპირო მცდელობების მიუხედავად, რუსეთისა და მოლდოვის მჭიდრო მეგობრობა გარდაუვალი იქნება მომავალშიც. „რუსეთთან ერთად ჩვენ ვაშენებდით საერთო სახელმწიფოს, რომელიც მტრებს სათანადო პასუხს სცემდა და იცავდა საკუთარ მოქალაქეებს, სოციალური დაცვის ჩათვლით“, - დაწერა ილან შორმა ფეისბუკში.

პარტიების აკრძალვის გამოცდილება ევროპაში

გამოცდილება მოწმობს, რომ ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში, სხვადასხვა დროს, აიკრძალა არაერთი პოლიტიკური ძალა, რომელთა დიდი ნაწილი საფრთხეს უქმნიდა სახელმწიფოს დამოუკიდებლობას.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, 2022 წელს, უკრაინაში აიკრძალა დაახლოებით 10 პარტიის საქმიანობა, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ საომარი მდგომარეობის პერიოდით. მათ შორის არის ღიად პრორუსული„ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“.

2020 წლის ოქტომბერში საბერძნეთის სასამართლომ კანონგარეშედ გამოაცხადა ნეონაცისტური პოლიტიკური ჯგუფი - „ოქროს გარიჟრაჟი“, რომელიც 7 წლის განმავლობაში საბერძნეთის პარლამენტში იყო. მკვლელობის ორგანიზების გამო დააკავეს პარტიის ლიდერებიც.

1991 წელს კომუნისტური პარტია აიკრძალა ლიეტუვასა და ლატვიაში. ამავე წელს აიკრძალა მოლდოვაშიც, თუმცა 3 წლის შემდეგ დარეგისტრირდა პოლიტიკური ძალა, რომელიც კომუნისტური პარტიის იდეებს აგრძელებდა. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო ვლადიმირ ვორონინი, შემდგომში მოლდოვის პრეზიდენტი.

კომუნისტური პარტია 1991 წელს აიკრძალა თურქეთშიც. უკრაინაში კი ის 2015 წელს აკრძალეს - ნებისმიერი სახის კომუნისტური და ფაშისტური პროპაგანდის ამკრძალავი კანონის მიღების შემდეგ.

გერმანიაში მსჯელობენ პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) აკრძალვისთვის არსებული საფუძვლების შესახებ. „ადამიანის უფლებების გერმანული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, ამ პარტიის მიზანს გერმანიაში ლიბერალური დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი აღმოფხვრა წარმოადგენს. თუმცა პარტიების აკრძალვა გერმანიაში იოლი არ არის - ის საგანგებო დასაბუთებასა და მკაცრ პროცედურებს მოითხოვს.

AfD გერმანიაში საკმაოდ რეიტინგული პარტიაა. ის წარმოდგენილია ბუნდესტაგში და გამოკითხვებით, ელექტორატის 20%-მდე უჭერს მხარს.

თურქეთში რამდენიმე პარტიის აკრძალვის მცდელობის დროს, ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ, გადაწყვეტილებებში, ხელისუფლების უკანონო ქმედებებზე მიუთითა.

ევროპული სტანდარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვამდე, საგამოძიებო სტრუქტურებმა ფაქტები დიდი სიფრთხილით უნდა გამოიკვლიონ.