„პრეზიდენტ მაია სანდუსა და მთავრობის წევრებთან ერთად პარლამენტის ფრაქცია „მოქმედებისა და სოლიდარობის“ მიერ ჩატარებული არაერთი კონსულტაციის შემდეგ, გადავწყვიტე დსთ-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან მოლდოვის რესპუბლიკის გამოსვლის პროცედურის ინიციირება. ჩვენ ვეღარ ვისხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან აგრესორ სახელმწიფოსთან ერთად“, - განაცხადა კვირის დასაწყისში მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა, იგორ გროსომ.
გარდა ამისა, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ აღებული კურსი მოლდოვას უკარნახებს, რომ დატოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირთან შეუთავსებელი სხვა ეკონომიკური, საბაჟო, სავაჭრო და სასაზღვრო პროცედურები მოქმედებს.
„დსთ არის ორგანიზაცია, რომელიც რუსეთმა სსრკ-ს ნანგრევებზე დააფუძნა“
მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვა საპარლამენტო ასამბლეის დატოვებით მხოლოდ ახლა იწყებს დსთ-დან გამოსვლის პროცესს, ამ ინიციატივის შემოქმედად და მამოძრავებლად ქვეყნის პრეზიდენტი, პროევროპელი მაია სანდუ ითვლება. 2020 წლიდან მოყოლებული, რაც მაია სანდუ მოლდოვის პრეზიდენტად აირჩიეს, მას ერთხელაც არ მიუღია მონაწილეობა დსთ-ის სახელმწიფო მეთაურთა სამიტში.
2023 წლის დასაწყისში მოლდოვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რესპუბლიკა იწყებს გამოსვლას დსთ-ის ფარგლებში ხელმოწერილი რამდენიმე შეთანხმებიდან.
10 აპრილს მოლდოვის მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე ტელერადიოკომპანია „მირის“ ხელშეკრულების დენონსაცია მოახდინა და შეწყვიტა ამ კომპანიისათვის დსთ-ის სალაროში საწევროს გადახდა. „მოლდოვა სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღარ დააფინანსებს პროპაგანდას და დეზინფორმაციას“, - თქვა ამ გადაწყვეტილების კომენტირებისას მოლდოვის მთავრობის პრესმდივანმა დანიელ ვოდემ.
მაისის დასაწყისში მოლდოვა დსთ-ის საპარლამენტო ასამბლეას ტოვებს.
წყალგამყოფად რუსეთის მიერ მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია სახელდება.
„მას შემდეგ, რაც დსთ-ს დამფუძნებელმა რუსეთმა უკრაინაზე ბარბაროსული თავდასხმა დაიწყო, ამ ორგანიზაციას თანამეგობრობას ვეღარ ვუწოდებთ. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის დსთ-დან გასვლის პირველი ნაბიჯი, რომლისგანაც მოლდოვა უკრაინის მიერ კავშირის დატოვების შემდეგ გეოგრაფიულად განცალკევებულია... მოლდოვა სუვერენული ქვეყანაა და დამოუკიდებლად შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ დემოკრატია და თავისუფლება გვინდა... დსთ არის ორგანიზაცია, რომელიც რუსეთმა სსრკ-ს ნანგრევებზე დააფუძნა, რათა პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე კონტროლი შეენარჩუნებინა. ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდასთან აგრესორ სახელმწიფოსთან ერთად ვეღარ დავრჩებით“, - აღნიშნა 15 მაისს მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა იგორ გროსუმ.
მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვის რესპუბლიკა 1994 წლიდან იმყოფება დსთ-ის სტრუქტურებში, - გროსუს თქმით, - ეს ვერ დაეხმარა კიშინიოვს დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარებაში და ვერც წლევანდელი წლის შუა ზამთარში დაიცვა ქვეყანა რუსეთის მხრიდან ეკონომიკური ემბარგოსა და „ენერგეტიკული შანტაჟისგან“.
მაგრამ შესაძლებელია თუ არა, დსთ-ის დატოვების გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაართულოს ევროპის ყველაზე ღარიბ ქვეყნად მიჩნეულ მოლდოვაში მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა? ამ შეკითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამჟამად არ არსებობს, ვინაიდან ჯერჯერობით არ დაწყებულა სავაჭრო და ეკონომიკური შეთანხმებებიდან მოლდოვის გასვლის პროცესი, მაგრამ გარკვეული იმუნიტეტი მოლდოვამ უკვე გამოიმუშავაო, - ამბობს ვალერიუ პაშა, ორგანიზაცია WatchDog.MD-ის თავმჯდომარე.
„საქმე ისაა, რომ რუსეთი გამუდმებით არღვევს ამ შეთანხმებას მოლდოვის წინააღმდეგ ამოქმედებული ემბარგოთი. გასაგებია, რომ არსებობს გარკვეული მოცულობის ვაჭრობა და ეს დაკავშირებულია სხვადასხვა საქონლის ექსპორტთან არა მხოლოდ რუსეთში, არამედ დსთ-ის სხვა ქვეყნებთან, მაგალითად, ბელარუსსა და ყაზახეთთან. მაგრამ ასეა თუ ისე, უკრაინასთან რუსეთის ომის გამო ჩვენ უკვე დავკარგეთ ამ ბაზრის ნაწილი. მართალია, რუსეთს დამატებითი ემბარგო არ დაუწესებია მოლდოვისთვის, მაგრამ იქ ექსპორტის განხორციელება სულ უფრო და უფრო რთული, ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება. შესაბამისად, ეკონომიკურ პლანში ჩვენ რაღაცას დავკარგავთ, მაგრამ არა ისე, რომ ეს იყოს ძალიან დიდი დარტყმა ჩვენს ეკონომიკაზე. თანაც ეს „დანაკარგი“ სრულად იქნება კომპენსირებული თავისუფალი დაშვებით ევროპულ ბაზარზე, სადაც ჩვენ უკვე ისედაც ვახდენთ საქონლის ექსპორტს. ამასთან, დსთ-დან გამოსვლა არის აუცილებელი პირობა ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებისა, ვინაიდან შეუძლებელია იყო, ერთსა და იმაზე დროს, ორი ბაზრის წევრი. ასეთ შემთხვევაში მოლდოვის გავლით დსთ-ს ქვეყნებიდან მოხდება ევროკავშირის სტანდარტებთან შეუსაბამო საქონლის რეექსპორტი“, - ამბობს ვალერიუ პაშა.
მოლდოვაში ანგარიშს უწევენ იმასაც, რომ რუსეთი დსთ-დან გასვლის პასუხად დესტაბილიზაციის პროვოცირებას პრორუსულად განწყობილი მოლდოვური პოლიტიკური ძალების ხელით, თავად მოლდოვის შიგნიდან შეეცდება. მაგრამ ეს მცდელობა ბოლო წლის განმავლობაში რამდენჯერმე იყო მოლდოვაში, რასაც მკაცრად აღუდგნენ წინ ქვეყნის სამართალდამცავი და უსაფრთხოების სტრუქტურები. მძლავრი მხარდაჭერის სიგნალი მიიღო მოლდოვის ხელისუფლებამ ევროკავშირიდანაც.
19 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია მოლდოვაში შიდაპოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაში მონაწილე პირების მიმართ დაუყოვნებლივი სანქციების შესახებ. ევროპარლამენტარებმა ევროკავშირს მოუწოდეს, სანქციები დააწესოს გაქცეული მოლდოველი ოლიგარქების, ილან შორისა და ვლადიმირ პლაჰოტნიუკის წინააღმდეგ და, საჭიროების შემთხვევაში, მათი ბიზნესისა და პოლიტიკური ორგანიზაციების წინააღმდეგ, ასევე მოითხოვოს მათი ექსტრადიცია მოლდოვაში მათი გასამართლებისთვის.
ასევე ნახეთ ევროკავშირმა მოამზადა საფუძველი იმ პირების სანქცირებისთვის, ვინც მოლდოვის დესტაბილიზაციას ცდილობენხოლო მოგვიანებით ევროკავშირის საბჭომ რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლისთვის მოლდოვაში მიავლინა პარტნიორული მისია. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მაშინ, როცა მოსკოვი ჰიბრიდული ქმედებებით განაგრძობს კიშინიოვის დესტაბილიზაციის მცდელობას, ნათქვამია ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ჟოზეპ ბორელის განცხადებაში.
ასევე ნახეთ ევროკავშირი მისიას გზავნის მოლდოვაში, რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლისთვისმისია შედგება სამოქალაქო სპეციალისტებისგან, რომლებიც ორი წლის განმავლობაში იმუშავებენ მოლდოვის ტერიტორიაზე, რათა გაზარდონ ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის გამძლეობა და წინააღმდეგობის უნარი ინფორმაციით მანიპულირების მცდელობებზე.
რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი ნარატივი მოლდოვასა და საქართველოშიც
როგორც მოსალოდნელი იყო, დსთ-დან მოლდოვის გასვლის პროცესის გამოცხადებას მაშინვე დაუპირისპირდნენ ყველაზე მსხვილი პრორუსული „სოციალისტური პარტია“ და მისი მომხრე სხვა ძალები. ისინი მოსახლეობას აშინებენ, რომ თითქოს მოლდოვა „დაიღუპება“ დსთ-სა და ევრაზიულ კავშირში მყოფ ქვეყნებთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გარეშე და აცხადებენ, რომ ამ იდეის ინიციატორი „პოლიტიკური ავანტიურისტები“ ვადამდელი არჩევნების გზით ჩამოშორდებიან ხელისუფლებას.
„ქვეყნის სუვერენიტეტისა და ნეიტრალიტეტის კონსტიტუციური პრინციპების შეცვლის, დსთ-დან გასვლის ან მოლდოვის რესპუბლიკის გეოპოლიტიკური სტატუს-კვოს ნებისმიერი სხვა ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება შეიძლება მხოლოდ ეროვნული რეფერენდუმის საფუძველზე. პრეზიდენტ მაია სანდუს და პარტია PAS-ს, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ფლობენ, არ აქვთ უფლება ასეთი გადაწყვეტილებები მთელი მოლდოველი ხალხის სახელით მიიღონ“, - ნათქვამია მოლდოვის „სოციალისტური პარტიის“ განცხადებაში.
მოლდოვის პრორუსული ძალების ფლაგმანი, „სოციალისტური პარტია“ აცხადებს, რომ ქვეყნის დსთ-დან გამოსვლის გადაწყვეტილებას სჭირდება რეფერენდუმის ჩატარება და აპირებს „საერთო-ეროვნული კამპანიის“ დაწყებას დსთ-ის წევრობის შესანარჩუნებლად. მეორე პრორუსული საპარლამენტო ძალა „პარტია შორი“ (ოლიგარქ ილან შორის მიერ დაარსებული პარტია) კი ცდილობს საქმე ისე წარმოადგინოს, თითქოს დსთ-ში ყოფნა და ევროკავშირისკენ სწრაფვა ერთმანეთთან თავსებადი იყოს და ამიტომ მოლდოვამ არ უნდა დატოვოს თანამეგობრობა, რომელიც თითქოს მას სხვა ქვეყნებთან სასარგებლო სავაჭრო, სასაზღვრო, საბაჟო და ეკონომიკურ რეჟიმებს უწესებდეს.
„ისინი ცდილობენ განავითარონ ეს აბსოლუტურად მცდარი ვერსია, თითქოს ერთგანაც შეიძლებოდეს ყოფნა და მეორეგანაც, იმათთანაც და ამათთანაც. ეს არის პრორუსული პროპაგანდის ერთ-ერთი ნარატივი მოლდოვაში: ჩვენ ვიქნებით დსთ-ში, ვიქნებით ევროკავშირშიც, ყველასთან ვიმეგობრებთ და ყველაფერი კარგად იქნება. პრინციპში, ეს საკმაოდ ახლოსაა იმ რიტორიკასთან, რომელიც ამჟამად საქართველოს ხელისუფლებას ახასიათებს“, - ამბობს ვალერიუ პაშა.
საქართველო იმის მაგალითიცაა, ამბობს ვალერიუ პაშა, რომ 2008 წლის აგვისტოში დსთ-ში ყოფნამ იგი ვერ დაიცვა მეორე წევრის, რუსეთის თავდასხმისგან და საქართველოს ორი ტერიტორიის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (სამაჩაბლოს) დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებისგან.
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დატოვების თაობაზე საქართველომ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის დროს მიიღო გადაწყვეტილება. ხოლო ერთი წლის თავზე, 2009 წლის 18 აგვისტოს, საქართველო დსთ-დან გამოსვლის პროცესი დასრულდა.
ასევე ნახეთ საქართველომ საბოლოოდ დატოვა დსთამასთან, როგორც იმხანად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავდა, ვენის კონვენციის შესაბამისად, საქართველოსთვის კვლავ მოქმედებდა დსთ-ის ფარგლებში გაფორმებული საერთაშორისო, მრავალმხრივი ხელშეკრულებები, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის და თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ.
„საქართველოს შემთხვევაში ფაქტობრივად ერთდროულად მოხდა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტისა და დსთ-დან გამოსვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ თავად გამოსვლის პროცედურა დროში გაწელილია, იმიტომ რომ, ჯერ უნდა გაიგზავნოს შეტყობინება, სამდივნომ უნდა დაამტკიცოს ის და ასე შემდეგ. და ჩვენ ამ პროცესისთვის, გამოსვლის პროცედურისთვის მოუმზადებლები ვიყავით. „მომზადებაში“ ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც ქვეყანა ტოვებს რომელიმე ბლოკს, მაშინ ის წინასწარ ემზადება, რომ ბლოკში არსებული მრავალმხრივი შეთანხმებები გადაიტანოს ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში. და ვინაიდან საქართველოს დსთ-დან გამოსვლა ომმა განაპირობა, ჩვენ ამის კეთება გზადაგზა ფორსმაჟორულად გვიწევდა. რაც შეეხება მოლდოვას, როგორც ჩანს, კიშინიოვს მეტი დრო აქვს ამ მომზადებისთვის და, როგორც ჩანს, სერიოზულადაც ემზადებიან, რომ რაიმე ფორმით არ დაზარალდნენ. აქ ძირითადად უფრო არის ეკონომიკური ნაწილი, იგივე ვაჭრობა, საბაჟო, უვიზო მიმოსვლა [დსთ-ის] სხვა სახელმწიფოებთან და სხვა საკითხები“, - ამბობს საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსი მკვლევარი, თენგიზ ფხალაძე.
საქართველო 1993 წლის 3 დეკემბერს, სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს გადაწყვეტილებით, გაწევრიანდა დსთ-ში, რასაც წინ უძღოდა აფხაზეთის ომი და ედუარდ შევარდნაძის ფაქტობრივი იძულება წასულიყო ამ ნაბიჯზე. 1993 წლის 9 დეკემბერს საქართველო შეუერთდა დსთ-ს წესდებას.
მოლდოვამ კი 1994 წელს მოახდინა დსთ-ს წესდების რატიფიკაცია და ამჟამად დაახლოებით 300 სხვადასხვა შეთანხმება აქვს გაფორმებული თანამეგობრობის შიგნით, საიდანაც მხოლოდ ორის დენონსაცია მოახდინა და - საპარლამენტო ასამბლეის დატოვებისთვის ემზადება.