ევროკავშირმა შექმნა მექანიზმი, რომლითაც სანქციებს დაუწესებს იმ პირებს ან ორგანიზაციებს, რომლებიც ძირს უთხრიან ან საფრთხეს უქმნიან დემოკრატიასა და სტაბილურობას მოლდოვის რესპუბლიკაში.
ეს შეზღუდვის რეჟიმი სპეციალურად მოლდოვის რესპუბლიკისთვის შეიქმნა და 24 აპრილს ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე უნდა იქნას მიღებული.
დოკუმენტი ადგენს ევროპული სანქციების ჩარჩოს იმ პირების მიმართ, რომლებიც ცდილობენ მოლდოვის რესპუბლიკის დესტაბილიზაციას და არ შეიცავს კონკრეტულ სახელებს.
კანონპროექტის თანახმად, რომელსაც რადიო თავისუფლება/ თავისუფალი ევროპა გაეცნო, ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ისეთ ორგანიზაციებსა და ინდივიდებს, რომლებსაც შემდეგ ქმედებებზე დაეკისრებათ პასუხისმგებლობა:
- დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის ხელის შეშლა ან შელახვა, მათ შორის არჩევნების ჩატარების ხელის შეშლით ან სერიოზული შელახვით, ან კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობით;
- მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვა ან მისი სტაბილურობისა და უშიშროებისთვის საფრთხის შექმნა, მათ შორის ძალადობრივი დემონსტრაციების ან ძალადობის სხვა აქტების დაგეგმვა, ხელმძღვანელობა, მონაწილეობა, პირდაპირ ან ირიბად მათი მხარდაჭერა;
- სერიოზული ფინანსური დარღვევები სახელმწიფო სახსრებთან მიმართებაში.
19 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია მოლდოვაში შიდა პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაში მონაწილე პირების მიმართ დაუყოვნებლივი სანქციების შესახებ. ევროპარლამენტარებმა ევროკავშირს მოუწოდეს, სანქციები დააწესოს გაქცეული მოლდოველი ოლიგარქების, ილან შორისა და ვლადიმირ პლაჰოტნიუკის წინააღმდეგ და, საჭიროების შემთხვევაში, მათი ბიზნესისა და პოლიტიკური ორგანიზაციების წინააღმდეგ, ასევე მოითხოვოს მათი ექსტრადიცია მოლდოვაში მათი გასამართლებისთვის.
2022 წლის ოქტომბერში შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა ილან შორის და ვლადიმირ პლაჰოტნიუკის წინააღმდეგ, მოლდოვაში არჩევნების რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე საფრთხეში ჩაგდებისა და სისტემური კორუფციის გამო. ამ ორი პირის წინააღმდეგ 2022 წლის დეკემბერში სანქციები ასევე დააწესა დიდმა ბრიტანეთმა.