სროლის დროს დახოცეს ექვსი თავდამსხმელი, მათ შორის ერთ-ერთი რაიონის ხელმძღვანელის ვაჟები და პროსამთავრობო პარტიის, „სამართლიანი რუსეთის“ ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელი.
რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დასრულდა დაღესტნის ქალაქებში, მაჰაჩყალასა და დერბენტში 23 ივნისს შემოღებული ანტიტერორისტული ოპერაციის აქტიური ეტაპი.
დაღესტნის მეთაურის, სერგეი მელიკოვის თქმით, დაჭრილია 16 ადამიანი: 13 პოლიციელი და სამი სამოქალაქო. მელიკოვის თქმით, რეგიონში ამჟამად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.
„უნდა გამოვლინდეს „ფარული უჯრედების“ ყველა მონაწილე, რომლებსაც, რა თქმა უნდა, ამზადებდნენ, მათ შორის საზღვარგარეთიდანაც“, - განაცხადა სერგეი მელიკოვმა, რომლის თქმითაც, მომხდარის გამო 24, 25 და 26 ივნისი დაღესტანში გლოვის დღეებადაა გამოცხადებული.
რუსეთის ფედერაციის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის (ეაკ) მიხედვით, ორი „ბოევიკი“ დერბენტში მიკლეს, დანარჩენები კი - მაჰაჩყალაში.
დერბენტში ბოევიკები თავს დაესხნენ მართლმადიდებლურ ეკლესიას და სინაგოგას, მაჰაჩყალაში - ეკლესიას, სინაგოგასა და საგზაო პოლიციის პოსტს, რომელიც სინაგოგის გვერდით მდებარეობს.
დერბენტში პოლიციელზე თავდასხმის შესახებ პირველი შეტყობინება რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 23 ივნისს 17:51 საათზე მიიღო, - წერს ტელეგრამარხი Baza. ამის შემდეგ თავდამსხმელებმა იერიში მიიტანეს ლენინის ქუჩაზე მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს თაგი-ზადეს ქუჩაზე მდებარე კელე-ნუმაზის სინაგოგას.
პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ორივე საკულტო ნაგებობა დაიწვა.
პარალელურად, მაჰაჩყალაში „ბოევიკებმა“ ცეცხლი წაუკიდეს სინაგოგას და ცეცხლი გაუხსნეს იქვე მდებარე საგზაო პოლიციის პოსტს. ცეცხლი გაუხსნეს ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარსაც, სადაც სროლის დაწყების შემდეგ თავი შეაფარა 19-მა ადამიანმა.
დერბენტის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაზე თავდასხმის დროს მოკლეს მღვდელი, 66 წლის ნიკოლაი კოტელნიკოვი, რომელიც 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსახურობდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში.
"მამა ნიკოლოზი მოკლეს დერბენტის ეკლესიაში, მას ყელი გამოჭრეს“, - დაწერა დაღესტნის საზოგადოებრივი მეთვალყურეობის კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, შამილ ხადულაევმა თავის Telegram-არხზე.
ხადულაევის თქმით, თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ეკლესიის დაცვის თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ გაზის პისტოლეტით იყო შეიარაღებული. დაცვის ერთი თანამშრომელი მოკლეს დერბენტის სინაგოგაშიც.
რუსეთის ებრაელთა კონგრესის (რეკ) განმარტების მიხედვით, თავდასხმა დერბენტის სინაგოგაზე საღამოს ლოცვამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა.
„პოლიციელებმა და დაცვის თანამშრომლებმა საკუთარ თავზე მიიღეს თავდამსხმელთა მთავარი იერიში, ისინი წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპნენ. ტერორისტებმა ცეცხლი წაუკიდეს შენობას მოლოტოვის კოქტეილებით“, - რუსეთის ებრაელთა კონგრესის ეს განმარტება გამოცემა „როსბიზნესკონსალტინგმა“ გაავრცელა.
თავდასხმის გამო 23 მაისს ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი შემოიღეს დაღესტნის მთელ ტერიტორიაზე. სროლების დროს დერბენტის ცენტრს ელექტროენერგია შეუწყვიტეს. მაჰაჩყალაში ბრძოლები მიდიოდა მაგომედთაგიროვისა და მირზაბეკოვის ქუჩებზე. გარდა ამისა, მაჰაჩყალაში, პლაჟ „ბერიოზკაზე“ დააკავეს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც წინასწარი მონაცემებით, ტერაქტების მომზადებაში არიან ეჭვმიტანილი. გარდა ამისა, სოფელ სერგოყალაში (სერგოყალის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრში), რომელიც დერბენტიდან 80 კილომეტრში მდებარეობს, თავს დაესხნენ პოლიციის ავტომობილს.
თავდამსხმელები
თავდამსხმელებს შორის იყვნენ დაღესტნის სერგოყალის ოლქის ხელმძღვანელის, მაგომედ ომაროვის ორი ვაჟი - ოსმანი და ადილი. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ მიხედვით, თავდასხმაში ასევე მონაწილეობდა ომაროვის ძმისშვილიც. სააგენტოს წყაროს თქმით, სამივე მათგანი დაიღუპა პოლიციის საპასუხო სროლის შედეგად.
დაღესტნური პრესა ირწმუნება, რომ მაგომედ ომაროვმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, ხოლო „იზვესტია“ და „როსბიზნესკონსალტინგი“ თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ რუსეთის მმართველი პარტიის „ედინაია როსიას“ დაღესტნის ფილიალმა ომაროვი თავისი რიგებიდან გარიცხა "პარტიის დისკრედიტაციისთვის". „ედინნაია როსიას“ საიტიდან მართლაც გაქრა ინფორმაცია დაღესტნელი ჩინოვნიკის შესახებ. მოგვიანებით რუსულმა საინფორმაციო სააგენტო ТАСС-მა დაწერა, რომ ჩინოვნიკი დაპატიმრებულია.
დაღესტნის საზოგადოებრივი მეთვალყურეობის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, შამილ ხადულაევი ამტკიცებს, რომ ყველა თავდამსხმელი სოფელ სერგოყალიდან იყო. დაღესტნის ტელეგრამარხები ასევე წერენ, რომ მოკლულ თავდამსხმელებს შორის იყო MMA-ის ყოფილი მებრძოლი და UFC-ის ყოფილი ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის კლუბის წევრი.
დაღესტნის სერგოყალის რაიონის ხელმძღვანელმა მაგომედ ომაროვმა დაკითხვისას თქვა, რომ თავდასხმაში მონაწილე მისი ვაჟები და ძმისშვილი „ვაჰაბიტები“ არიან. ამის შესახებ უსაფრთხოების ძალებთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით დაწერა Baza-მ.
ომაროვის თქმით, მას ბოლო წლებში შვილებთან ურთიერთობა არ ჰქონია. ომაროვმა ასევე დაარწმუნა გამომძიებლები, რომ არც თვითონ და არც მისი სხვა ნათესავები არ მიეკუთვნებიან ვაჰაბიტურ მოძრაობას. მოკლულები არიან:
31 წლის ოსმან ომაროვი, რომელიც, Mash-ის ინფორმაციით, თურქეთიდან (სადაც 1,5 წელი ცხოვრობდა) დაბრუნდა 2024 წლის აპრილში. „ვერსტკას“ ცნობით, მამაკაცი 2010-იან წლებში მუშაობდა კონიაკის ქარხანაში, შემდეგ „სბერბანკის“ ადგილობრივ ფილიალში. 2017 წელს ოსმან ომაროვმა მიიღო ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი შინაური ცხოველების მოშენებისთვის.
37 წლის ადილ ომაროვი, რომელიც წლების წინ სწავლობდა დაღესტნის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. გატაცებული იყო თავისუფალი ჭიდაობით. Mash-ის ცნობით, ომაროვის ვაჟები მაჰაჩყალაში სამშენებლო ბიზნესით იყვნენ დაკავებულნი და ასოცირდნენ კომპანია „როვ-სტროისთან“.
32 წლის აბდუსამად ამაძიევი, მაგომედლ ომაროვის ძმისშვილი, რომელიც მუშაობდა გაზის კომპანია „დაღესტანგაზსერვისში“.
28 წლის ჰაჯიმურად კაგიროვი - ტელეგრამარხების Mash-ისა და „მოი დერბენტის“ მიხედვით, MMA-ის მებრძოლი, მაჰაჩყალის ყოფილი მერის, მუსა მუსაევის ბიძაშვილი და UFC-ის ჩემპიონის ხაბიბ ნურმაგომედოვის კლუბის წევრი. სააგენტო აღნიშნავს, რომ კაგიროვი მუშაობდა დაღესტნის ერთ-ერთ ენერგოკომპანიაში.
36 წლის ალი ზაქარიგაევი, რომელიც „რია ნოვოსტის“ მიხედვით, 2015 წელს აირჩიეს სერგოყალის რაიონის აიმაუმახის სოფლის საბჭოში პარტია „სამართლიანი რუსეთის“ სიით და, რომელიც პარტიის ადგილობრივ ფილიალს ხელმძღვანელობდა.
43 წლის დალგათ დაუდოვი, რომელიც ომაროვების მსგავსად, ასევე მუშაობდა სამშენებლო კომპანია „როვ-სტროიში“.
ტელეგრამარხ Brief-ის ცნობით, „ყველა ბოევიკი დადიოდა სერგოყალის რაიონის გარეუბანში მდებარე ახალ მეჩეთში“.
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა 23 ივნისს მომხდარ თავდასხმებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლით (ტერორისტული აქტი).
ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) წერს, რომ მაჰაჩყალასა და დერბენტში თავდასხმების უკან შესაძლოა იდგეს „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანეთის ფილიალის კავკასიის უჯრედი - „ვილაიათ ხორასნის“ კავკასიელი წევრები. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული მედიაჯგუფის „ალ-აზაიმის“ რუსეთის ფილიალმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც შექებულია „კავკასიელი ძმების" მოქმედება დაღესტანში. ამასთან, „ალ-აზაიმს“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თავის თავზე არ აუღია, თუმცა, ISW-ის ცნობით, კავკასიაზე მითითება შესაძლოა მიანიშნებდეს „ვილაიათ კავკაზის“ ტერაქტში მონაწილეობაზე.
რუსეთის ხელისუფლების რეაქცია
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაღესტანში მომხდარ თავდასხმებზე კომენტარი არ გააკეთა.
მისმა პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ პუტინი არ აპირებს სპეციალური მიმართვის გაკეთებას სევასტოპოლზე განხორციელებული სარაკეტო იერიშისა და დაღესტანში მომხდარი თავდასხმების გამო. პესკოვის თქმით, ვლადიმირ პუტინი ღრმად თანაუგრძნობს მათ, ვინც დაღესტანსა და სევასტოპოლში ძვირფასი ადამიანები დაკარგა.
ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას, პესკოვმა ასევე თქვა, რომ რუსეთი დაღესტანში მომხდარი თავდასხმებით 2000-იანი წლების დასაწყისს ვერ დაუბრუნდება.
„არა, ახლა სხვა რუსეთია, საზოგადოება კონსოლიდირებულია. ისეთი კრიმინალური ტერორისტული გამოვლინებები, როგორიც დაღესტანშია, საზოგადოების მიერ არ არის მხარდაჭერილი, არც რუსეთსა და არც დაღესტანში“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა.
19 ივნისს, მაჰაჩყალასა და დერბენტში თავდასხმებამდე რამდენიმე დღით ადრე, დაღესტნის რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ, ფსბ-ის და ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის წარმომადგენლებმა გამართეს ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის დაღესტნის ფილიალის აპარატის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომლის დროსაც განიხილეს „სატრანსპორტო კომპლექსების, სასტუმროების და სხვა მასობრივი თავშეყრის ადგილების ანტიტერორისტული დაცვის უზრუნველყოფის საკითხები“.
შეხვედრისას განიხილეს სატრანსპორტო ობიექტების, სასტუმროებისა და სხვა ხალხმრავალი ადგილების ანტიტერორისტული დაცვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობა და „შემუშავდა აუცილებელი ერთობლივი ღონისძიებები რისკების თავიდან ასაცილებლად“.
სოციალურ ქსელებში რეზონანსი მოჰყვა რუსეთის ფედერაციის სენატორისა და კორპორაცია როსკოსმოსის ყოფილი დირექტორის, დმიტრი როგოზინის კომენტარს, რომლის მიხედვითაც, ჩრდილოეთ კავკასიაში მომხდარი ცალკეულმა პირებმა არ უნდა დაუკავშირონ უკრაინასა და დასავლეთის ქვეყნებს.
„სახელმწიფო დუმის დეპუტატი დაღესტნიდან [აბდულჰაკიმ] გაჯიევი მიიჩნევს, რომ დაღესტნის ტერაქტის უკან უკრაინის და ნატოს ქვეყნების დაზვერვის სამსახურები დგანან, - დაწერა როგოზინმა, - მე კი მიმაჩნია, რომ თუ ყველა ტერორისტულ თავდასხმას, რომელიც დაფუძნებულია ეროვნულ და რელიგიურ შეუწყნარებლობაზე, სიძულვილსა და რუსოფობიაზე, მივაწერთ უკრაინასა და ნატოს, მაშინ ეს ვარდისფერი ნისლი დიდ პრობლემებამდე მიგვიყვანს“.
რუსეთის პრეზიდენტის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი კირილ კაბანოვი კი მიიჩნევს, რომ მაჰაჩყალასა და დერბენტზე თავდასხმების მიზეზი მმართველობის სისტემური შეცდომებია. კაბანოვმა, რომელიც დაღესტანს „რადიკალიზმისა და შეუწყნარებლობის საყრდენს“ უწოდებს, MMA მებრძოლები და მათი „სულიერი ლიდერები“ საერთაშორისო ტერორიზმის იდეოლოგიის გავრცელებაში დაადანაშაულა.
„ყველა დამნაშავეა, ვინც თავისი უმოქმედობით დაუშვა MMA-ის „ბასმაჩებისა“ და მათი „სულიერი ლიდერების“ თავნებობა. უმოქმედობის გამო ამ ნაძირალებმა ქვეშ ამოიდეს ხელისუფლება რეგიონში. MMA-ის ზოგიერთი ვარსკვლავი, რომელსაც უცხოური პასპორტი უდევს ჯიბეში, რატომღაც ხმას არ იღებს, თუმცა ყველაფერი ლოგიკურია, ეს ხომ პალესტინა არ არის“, - დაწერა კირილ კაბანოვმა.
სავარაუდოდ, კაბანოვი ასე გამოეხმაურა სახელმწიფო სათათბიროს დაღესტნელი დეპუტატის, აბდულჰაკიმ გაჯიევის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, დეპუტატს „ეჭვი არ ეპარება, რომ ტერაქტები ასე თუ ისე უკავშირდება უკრაინისა და ნატოს ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებს“.
ასევე ნახეთ მაჰაჩყალის აეროპორტი დაიკავა ანტისემიტური აქციის ათასამდე მონაწილემდაღესტნელი სპორტსმენების მიმართ ბრალდებებს შეუერთდა კაბანოვის კოლეგა ადამიანის უფლებათა საბჭოში, მარინა ახმედოვა, რომლის თქმითაც, ყველაზე ცნობილი კავკასიელი სპორტსმენები იყურებიან „არა მოსკოვისკენ, არამედ ხალიფატისკენ, არაბეთის გაერთიანებული საამიროებისკენ“. საქმე ის არის, რომ ერთი თვის წინ ცნობილი გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დაღესტნელი სპორტსმენის, ხაბიბ ნურმაგომედოვის არაბეთის გაერთიანებული საამიროების მოქალაქეობის შესახებ.
რუსი პოლიტიკოსების განცხადებებს მეტი სიმწვავე შეჰმატა იმ გარემოებამ, რომ ჰაჯიმურად კაგიროვი, ერთ-ერთი მოკლული თავდამსხმელი, UFC ჩემპიონის ხაბიბ ნურმაგომედოვის საბრძოლო კლუბის წევრი იყო. ნურმაგომედოვმა თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა, მშობლებს კი მოუწოდა თვალყური ადევნონ, ვისთან ურთიერთობენ მათი შვილები:
„გაუფრთხილდით საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანებს. დაე ყველამ მიმოიხედოს ირგვლივ და გაარკვიოს ვისთან მეგობრობენ, ვისთან აქვთ ურთიერთობა მათ შვილებს“.
კიდევ ერთმა ცნობილმა დაღესტნელმა სპორტსმენმა, ისლამ მახაჩევმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე შეახსენა გამომწერებს, რომ ისლამი კრძალავს ძალადობას უდანაშაულო ადამიანებზე.
2024 წლის მაისის ბოლოს, კირილ კაბანოვმა განაცხადა, რომ დაღესტანი იქცა „რადიკალიზმისა და შეუწყნარებლობის საყრდენად“. ეს განცხადება კაბანოვმა კულტურისა და ეროვნული ტრადიციების ფესტივალის „მის რუსეთი - BRICS“-ის დერბენტიდან მოსკოვში გადატანის გამო გააკეთა, ღონისძიების ორგანიზატორებმა კი გადატანის გადაწყვეტილება მონაწილეების მიმართ გამოთქმული მუქარების გამო მიიღეს.
მარინა ახმედოვაც ცნობილია დაღესტნელებისა და UFC-ის ყოფილი ვარსკვლავის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მწვავე კრიტიკით. „ნურმაგომედოვის მსგავსი („გაუნათლებელი“ და „სამყაროს შეზღუდული აღქმის მქონე“) გმირების გამო ახალგაზრდები დარბიან აეროპორტში და ეძებენ ებრაელებს თვითმფრინავის ძრავებში“, - ასეთი კომენტარი გაუკეთა ახმედოვამ დაღესტნელი სპორტსმენის შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპთან, რომელსაც ნურმაგომედოვმა პალესტინაში ომის შეწყვეტა სთხოვა.
რა იწვევს კავკასიის რადიკალიზაციას?
„ისლამური სახელმწიფოს“ „მძინარე უჯრედებთან“ რეალური, პრევენციული მუშაობის ნაცვლად, უშიშროების ძალები ხალხს იარაღს და ნარკოტიკებს უდებენ, - ასეთი კომენტარი გააკეთა რადიო თავისუფლების ჩრდილოკავსიურ სამსახურთან (kavkaz.realii) საუბრისას ერთ-ერთმა დაღესტნელმა საზოგადოებრივმა აქტივისტმა, რომლის ვინაობასაც რედაქცია უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამოდინარე, არ ამხელს. ექსპერტმა ყურადღება იმ ფაქტზეც გაამახვილა, რომ თავდასხმაში სახელმწიფო მოხელის, გამგებლის ვაჟები მონაწილეობდნენ.
„შვილებს რომ ვერ აუხსნა, მუნიციპალიტეტს როგორ უხელმძღვანელებს? ეს ყველაფერი უსაფრთხოების ძალების დაუსჯელობის, კორუფციისა და ძალოვანი უწყებების ფორმალური მუშაობის ბრალია.
არ ტარდება არც სისტემური და არც პროფილაქტიკური სამუშაო, მათ შორის მუფთიათის მხრიდან. ახალგაზრდები არ უსმენენ ქადაგებებს მეჩეთებში, უინტერესოა, სამაგიეროდ გატაცებით უსმენენ ინტერნეტში ყველა რჯულის ამირებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში გაუნათლებლები არიან, მაგრამ სამაგიეროდ ემოციურად ქადაგებენ“, - უთხრა kavkaz.realii-ს დაღესტნელმა ექსპერტმა.
ჩრდილოეთ კავკასიის კიდევ ერთი ექსპერტი, ჰაროლ ჩემბერსი მიიჩნევს, რომ გახშირებული თავდასხმების ერთ-ერთი მიზეზი რესპუბლიკაში იარაღის კონცენტრაციის გაზრდაა, რასაც თავის მხრივ ხელს უწყობს ჩრდილოკავკასიელების უკრაინის ომში მონაწილეობა.
„თავდასხმისთვის შერჩეული ობიექტები ადასტურებენ ვარაუდს, რომ ტერაქტების უკან ისლამური სახელმწიფო დგას, თუმცა ეს ვერ ჩაითვლება დამაჯერებელ, წყალგაუვალ მტკიცებულებად, რადგან ღაზის სექტორში მომხდარი კონფლიქტის გამო ებრაელების მიმართ აგრესიას რეგიონის ჩვეულებრივი მცხოვრებლებიც კი ავლენენ“, - განმარტავს ექსპერტი.
ჩამბერსი ვარაუდობს, რომ უსაფრთხოების ძალებმა არ იცოდნენ მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, ისევე როგორც არაფერი იცოდნენ მოსკოვის მახლობლად მდებარე „კროკუს სიტი ჰოლზე“ დაგეგმილი თავდასხმის შესახებ.
ბოლო დროს ჩრდილოეთ კავკასიაში რადიკალური უჯრედების წინააღმდეგ პრევენციული ბრძოლა ფორმალურ ქმედებებამდე დავიდა.
„ეს საშინელი ტრაგედია დაღესტანში არ იყო მოულოდნელი - ერთი კვირით ადრე, როსტოვის წინასწარი დაკავების ცენტრში მძევლები აიყვანეს. წესით, სამართალდამცავ სამსახურებს უნდა გაეძლიერებინათ მუშაობა, მაგრამ ეს არ მოხდა“, - უთხრა Kavkaz.realii-ს რეგიონის კიდევ ერთიმა ექსპერტმა, რომელმაც ასევე ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.
მისი აზრით, იმის გაუანალიზებლად, თუ რამ აიძულა ბოევიკებს ამ ნაბიჯის გადადგმა, შეუძლებელია მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილება. მით უმეტს, რომ საკულტო, რელიგიურ შენობებს იარაღით ხელში თავს დაესხნენ არა პატარა ყმაწვილები, რომლებიც შეიძლება რადიკალურები გახდნენ სოციალური ლიფტებისა და ნორმალური სამუშაოს არარსებობის გამო, არამედ უკვე ჩამოყალიბებული კაცები, რომელთაგან ზოგიერთს საკუთარი ბიზნესი ჰქონდა:
„უნდა გავარკვიოთ, რა უბიძგებს მათ რადიკალიზაციისკენ და არ უნდა ვეცადოთ ინციდენტის ჩაფარცხვას, თითქოსდა ამ ყველაფრის უკან უკრაინა ან დასავლეთი დგას“.
- 2024 წლის 22 მარტს ვლადიმირ პუტინმა და რუსეთის უშიშროების წარმომადგენლებმა მტკიცებულებების გარეშე განაცხადეს, რომ უკრაინა მონაწილეობდა მოსკოვში „კროკუს სიტი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში, რაზეც პასუხისმგებლობა რადიკალმა ისლამისტებმა აიღეს. უკრაინის ხელისუფლებამ მაშინ მოსკოვი სიცრუეში დაადანაშაულა. 2024 წლის მარტში „კროკუს სიტი ჰოლზე“ მომხდარ თავდასხმას 145 ადამიანი ემსხვერპლა.
- 2023 წლის ოქტომბერში მაჰაჩყალის აეროპორტში ისრაელ-ჰამასის ომით შთაგონებული აგრესიული პირები შეიჭრნენ აეროპორტის ტერმინალის შენობაში. აეროვაგზალსა და ასაფრენ ბილიკზე, სადაც თელ-ავივიდან ჩამოფრენილი ხომალდი იდგა. მაშინ ათობით ადამიანის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.