როცა მმართველი პარტია ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს - რა ირკვევა

26 ოქტომბერს "ოცნებამ" არჩევნებში გამარჯვების აღნიშვნა "გორბის" ეგზიტპოლების საფუძველზე დაიწყო. ოპოზიცია, მესამე სექტორი და პრეზიდენტი ამ გამარჯვებას არ აღიარებენ.

მაშინ, როცა ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მიერ საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობა ობიექტურ გამოძიებას ითხოვს, „ქართული ოცნება“ ხმების მოპარვაში ოპოზიციის „კლასტერს“ ადანაშაულებს.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ გამოავლინა თავისი მხარდამჭერი 81 პირი, რომლებიც მათი ნების საწინააღმდეგოდ იყვნენ დარეგისტრირებული ოპოზიციური „პარტიების წარმომადგენლებად“ სხვა საარჩევნო უბნებში, „ხშირ შემთხვევაში მოშორებით, მათი ჩაწერის ადგილიდან“ და ხელი ეშლებოდათ „ოცნების“ მხარდაჭერაში.

მმართველმა პარტიამ პროკურატურას საქმის გამოძიება მოსთხოვა.

რადიო თავისუფლება შეეცადა გაერკვია: ვინ და როგორ შეიძლებოდა მოხვედრილიყო ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში? საჭიროა თუ არა თანხმობა, თუკი საუბნო კომისიაში პარტია გნიშნავს? ვინ და როდის ამოწმებს დოკუმენტაციას?

რა ბრალდება “კლასტერს”?

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერებად „იდენტიფიცირებულები“ სპეციალურ სიაში ისე აღმოჩნდნენ, რომ „ამის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდათ“. ისინი სიაში შეიყვანეს „მოტყუებით, მათი პირადი მონაცემების მოპოვებით“.

ასევე ნახეთ „ქართული ოცნება“ ხმების დაკარგვის ბრალდებით ოპოზიციის წინააღმდეგ პროკურატურაში ჩივილს აპირებს

წინა კვირის მიწურულს მდინარაძემ დაასახელა რამდენიმე გვარი და სახელი, რომლებიც საარჩევნო უბნებზე ოპოზიციური პარტიების „წარმომადგენლებად“ დაინიშნნენ და შესაბამისად - სპეციალურ სიაში აღმოჩნდნენ:

  • ნონა ნემსაძე - დიდუბეში მცხოვრები, რომელსაც ხმა უნდა მიეცა 27-ე საარჩევნო უბანზე - „როდესაც მივიდა, იქ აღმოაჩინა, რომ დანიშნული იყო „ევროპული საქართველოდან“ ნინოწმინდაში წარმომადგენლად 25-ე საარჩევნო უბანზე“.
  • მაყვალა ხატიაშვილი - რეგისტრირებულია დიდუბეში, ხმა უნდა მიეცა დიდუბის 30-ე საარჩევნო უბანზე - „მივიდა და გაირკვა, რომ ის იყო დანიშნული 53-ე საარჩევნო უბანზე ალეკო ელისაშვილის პარტიიდან“.
  • ნინო დვალი - უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული მე-19 საარჩევნო უბანზე [სამგორში] - „ხმა ვერ მისცა მანაც იმის გამო, რომ აღმოჩნდა ამბროლაურში მეათე საარჩევნო უბანზე დანიშნული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
  • ელენე ელიოსიძე - ბორჯომში მცხოვრები, ხმა უნდა მიეცა მე-4 საარჩევნო უბანზე - „აღმოჩნდა დანიშნული „ლელოდან“ საბურთალოს მე-3 საარჩევნო უბანზე და ხმა ვერ მისცა“.
  • ნუკრი დოლაბერიძე - ხმა უნდა მიეცა წყალტუბოში, 24-ე საარჩევნო უბანზე - „აღმოჩნდა ქუთაისში დანიშნული 59-ე საარჩევნო უბანზე „ევროპული საქართველოდან“.
  • ნუგზარ ირემაძე - ადიგენში ხმა უნდა მიეცა მე-15 საარჩევნო უბანზე - „აღმოჩნდა ხულოში დანიშნული ალეკო ელისაშვილის პარტიიდან 23-ე საარჩევნო უბანზე“.

„ხშირ შემთხვევაში ჩვენი მომხრეები ვეღარ ახერხებდნენ, რომ ხმა მიეცათ. ბევრმა მათგანმა მოახერხა, ბევრმა მათგანმა ვერ მოახერხა… ეს არის გამოძიების საქმე და საქმე გვაქვს სავარაუდო დანაშაულთან, როდესაც ხელი ეშლება მოქალაქეს, თავისი არჩევანი თავისუფლად დააფიქსიროს. სხვათა შორის, 162-ე მუხლია სისხლის სამართლის კოდექსში“, - განაცხადა მდინარაძემ 1 ნოემბერს, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ისინი, ვისაც მამუკა მდინარაძე პარტიების წარმომადგენლებად მოიხსენიებს, სინამდვილეში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად არიან დანიშნული და ცესკოს ვებსაიტზე, საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობაშიც იძებნებიან. 25 ოქტომბრის მდგომარეობითაც, უკლებლივ ყველა კომისიის წევრებად ირიცხებოდნენ.

ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან კონკრეტული პირები სპეციალურ სიაში საარჩევნო ადმინისტრაციას გადაჰყავს.

როგორც ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა განუმარტა რადიო თავისუფლებას - სპეციალურ სიაში საუბნო კომისიის ყველა ის წევრი ხვდება, რომლის რეგისტრაციის მისამართი განსხვავდება იმ უბნების მისამართისგან - სადაც კომისიის წევრების ფუნქცია უნდა შეასრულოს, რადგან „კომისიის წევრს არა აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თუნდაც ერთი წუთით დატოვოს საარჩევნო უბანი და ხმის მისაცემად წავიდეს“.

სპეციალური სიები არ დგება პარტიის წარმომადგენლებისთვის, დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის.

ცესკოში არ მოგვაწოდეს ინფორმაცია - არიან თუ არა მამუკა მდინარაძის მიერ ჩამოთვლილები სპეციალურ სიაში. არც ის დაგვიდასტურეს - ხომ არ მიაწოდეს „ქართულ ოცნებას“ კომისიის წევრების სპეციალური სია.

ვიდრე სპეციალურ სიაში მოხვდებოდნენ, კონკრეტული პირები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად უფლებამოსილმა პარტიებმა დანიშნეს.

კანონმდებლობის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის 17-დან 8 წევრს საოლქო საარჩევნო კომისია ირჩევს, კონკურსის წესით, ხოლო დანარჩენ 9-ს - უფლებამოსილი პარტიები [რომლებიც მოხვდნენ 2020 წელს არჩეულ პარლამენტში] ნიშნავენ.

შესაძლებელია თუ არა, გახდე კომისიის წევრი თანხმობის გარეშე?

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ კონკრეტული პირები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ დანიშნეს და ისინი სინამდვილეში - „ოცნების“ ამომრჩევლები არიან.

„ოცნების“ ბრალდებებს სრულიად უსაფუძვლოდ თვლიან ოპოზიციაში.

„იმასაც ვერ ხვდებიან, რომ მათი პასუხისმგებლობაა ეს. კი, კომისიის წევრებს პარტიები ნიშნავენ, მაგრამ თუ არ არსებობს შესაბამისი მონაცემები და კონკრეტული პირის თანხმობა, ის პირი კომისიის წევრად არ უნდა შეიყვანონ. უნდა აცნობონ დამნიშნავ პარტიას, რომ - ამა და ამ უბანზე, ამა და ამ ადამიანს საბუთები აკლია და ხარვეზის გამოსასწორებლადაც დროა გამოყოფილი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ევროპული საქართველო“ წარმომადგენელი, აკაკი ბობოხიძე. ეს პარტია მამუკა მდინარაძის ჩამონათვალშია.

ბობოხიძე თავს იკავებს მიზეზების დასახელებისგან - თუ რატომ შეიძლება ეთქვათ კონკრეტულ ადამიანებს უარი კომისიის წევრობაზე და რატომ დადგინდა ეს ფაქტები დაგვიანებით, თუმცა ამბობს, რომ საოლქო კომისიებს თავად უნდა შეემოწმებინათ - იყო თუ არა კონკრეტული პირი თანახმა.

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის - კომისიის წევრები 3000 უბანზე დანიშნეს. ბობოხიძე ამბობს, რომ შეუძლებელია ყველა მათგანს პირადად იცნობდეს და, რომ მათი ნაწილი სხვადასხვა სანდო პირის წარდგინებით შეარჩიეს. ამასთან, ბობოხიძე აზრს მოკლებულად მიიჩნევს ათასობით ადამიანის თბილისში ჩამოყვანას მაშინ, როცა კომისიის წევრობაზე მათი თანხმობის ადგილზე შემოწმება უფრო იოლი იქნებოდა და თუკი ასეთი თანხმობა არ იყო - საარჩევნო ადმინისტრაციას უარი უნდა ეთქვა მის დამტკიცებაზე.

ცესკოს სპიკერის, ნათია იოსელიანის განმარტებით, პარტიებს არ ევალებათ, რომ დანიშნული წევრის თანხმობა საოლქო კომისიას წარუდგინონ; მაგრამ თანხმობის საბუთი თავად აუცილებლად უნდა ჰქონდეთ. ელექტრონულ პორტალზე კი უნდა ატვირთონ - კონკრეტული პირების კომისიის წევრებად დანიშვნის გადაწყვეტილება, დანიშნული წევრების სახელები/გვარები და პირადი ნომერი.

„პარტია ამით ადასტურებს, რომ ეს პირები აკმაყოფილებენ ყველა იმ მოთხოვნას, რაც კანონმდებლობით განსაზღვრულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის. [ამ წერილით] ითხოვენ, ცნობად მივიღოთ, რომ ეს კომისიის წევრები იქნებიან მათ მიერ დანიშნულები კონკრეტულ არჩევნებზე… ელექტრონულ პლატფორმაზე ატვირთული მონაცემები ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ დავადგინოთ სპეციალურ სიაში შეყვანის საჭიროება“, - გვეუბნება ნათია იოსელიანი.

თუმცა საარჩევნო კოდექსი საკითხს სხვაგვარად განმარტავს.

კოდექსის 25-ე მუხლის მე-12 პუნქტში, კომისიის წევრის თანხმობა ნახსენებია იმ დოკუმენტების ჩამონათვალში, რომელიც უფლებამოსილმა პარტიებმა საოლქო კომისიას უნდა მიაწოდონ.

კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის/დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს ან გადაწყვეტილებას თან უნდა ერთოდეს:

  • კომისიის წევრად არჩეული/დანიშნული პირის სახელი და გვარი
  • საუბნო საარჩევნო კომისიის ნომერი [რომლის წევრადაც დაინიშნა]
  • საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი;
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი
  • და კომისიის წევრად დანიშნული პირის თანხმობა.

ეს ყველაფერი უნდა შემოწმდეს კიდეც.

25-ე მუხლის მე-13 პუნქტში მითითებულია, რომ: პირი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არ ჩაითვლება, თუ დაირღვა საბუთების წარდგენის ვადები „ან/და წარდგენილი საბუთები არასრულია ან არაზუსტია“.

საარჩევნო კოდექსში ასევე მითითებულია, რომ:

  • თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ან ცესკოს თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) მას, ვინც აირჩია/დანიშნა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი.
  • შესწორებული საბუთები, შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიას ან ცესკოს 3 დღეში უნდა დაუბრუნდეს.

მაგრამ თუ დადგენილ ვადაში არ აღმოიფხვრა ამ საბუთებში არსებული ხარვეზები - კომისიის წევრად წარდგენილი პირი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არ ჩაითვლება.

ნათია იოსელიანს ხელმეორედ ვთხოვეთ, დაეზუსტებინა - შეატყობინა თუ არა საარჩევნო ადმინისტრაციამ პარტიებს ხარვეზის შესახებ - თუკი დოკუმენტაციას თან არ ახლდა კომისიის წევრად დანიშნული პირის თანხმობა.

ცესკოს სპიკერმა ინფორმაცია კვლავ გადაამოწმა შესაბამის დეპარტამენტში და გაგვიმეორა პასუხი, რომ - თანხმობის წარდგენა საჭირო არ იყო. მეტიც, იოსელიანის თქმით, არსებობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ - ელექტრონულ პლატფორმაზე აღარც პირადობის მოწმობის ასლის ატვირთვაა სავალდებულო.

მაგრამ ერთია კომისიის გადაწყვეტილება და მეორეა საქართველოს ორგანული კანონის - საარჩევნო კოდექსის მოთხოვნები, სადაც კვლავ სავალდებულო საბუთების ჩამონათვალშია - საოლქო კომისიებისთვის როგორც პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლის მიწოდება, ასევე - თანხმობის დასტურიც.

აკაკი ბობოხიძე გვეუბნება, რომ ხარვეზის შესახებ მათთვის არავის შეუტყობინებია.

„დარწმუნებული ვარ, რომ საუბნო კომისიის წევრების უდიდესი ნაწილის შემთხვევაში - სავალდებულო თანხმობა მიღებული არ ექნებათ… მაგრამ ეს ასე ხომ არ უნდა იყოს?! კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრები მხოლოდ და მხოლოდ მაშინ უნდა დაამტკიცოს, როცა მათგან სრულყოფილი დოკუმენტაცია ექნება მიღებული. წავიდნენ და პასუხი მოსთხოვონ იმ საოლქო კომისიის თავმჯდომარეს - რომელმაც ესა თუ ის პირი არასრულყოფილი საბუთების მიუხედავად, [საუბნო] კომისიის წევრად მაინც გაატარა რეგისტრაციაში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას აკაკი ბობოხიძე.

საარჩევნო კომისიების წევრთა დანიშვნის ვადა პარტიებს 11-დან 16 სექტემბრის ჩათვლით ჰქონდათ;

თუ დაწესებულ ვადას ვერ გამოიყენებდნენ ან/და სრულყოფილ დოკუმენტაციას არ წარადგენდნენ, საარჩევნო კოდექსის თანახმად, ვაკანტური ადგილების შევსება [კონკურსის წესით] საოლქო კომისიებს შეეძლოთ.

საუბნო კომისიების სპეციალურ სიებს საარჩევნო ადმინისტრაცია ადგენს „კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა“, რაც 16 ოქტომბერს უწევდა.

კიდევ რა პრეტენზიები აქვს ოპოზიციასთან “ქართულ ოცნებას”?

მეორე სქემა, რომელზეც „ოცნება“ ლაპარაკობს - გადასატან ყუთებს უკავშირდება. მამუკა მდინარაძის თქმით, როდესაც „ნაცმოძრაობის კლასტერის“ წარმომადგენლები ამომრჩევლებთან გადასატანი ყუთით მიდიოდნენ, „ქართული ოცნების“ მომხრეებს ხელს აღარ აწერინებდნენ და ამით ხმას უბათილებდნენ.

„როდესაც მათ აიღეს ეჭვი, განწყობაზე შეატყვეს, რომ ისინი მათ პარტიებს არ უჭერდნენ მხარს და “ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ, ხელი არ მოაწერინეს - ისარგებლეს იმით, მოქალაქეებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ შესაბამის ფურცელზე მათი ხელმოწერა უნდა ყოფილიყო. ასეთი გადასატანი ყუთის მონაცემები ანგარიშში ვერ შევიდა და გაუქმდა“, - მდინარაძეს ზესტაფონის საარჩევნო ოლქის ქვედა საქარის N38 საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის მაგალითი მოჰყავს, ხმების მოპარვას უწოდებს, მაგრამ არ აკონკრეტებს - რამდენი ხელმოწერა აკლდა ამ შემთხვევაში და არც მსგავსი შემთხვევების სრულ სტატისტიკას წარმოადგენს.

მინიშნება კეთდება კიდევ ერთ სქემაზე - როცა თითქოს „განსაკუთრებით ზუგდიდში, თელავში და რამდენიმე საარჩევნო ოლქში“ ოპოზიცია ცდილობდა, რომ „გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაეტოვებინათ ამომრჩევლები სახლში“. „მაგრამ სანამ არ გვექნება კონკრეტული მტკიცებულება და იდენტიფიცირებული მონაცემები, ამაზე არ ვისაუბრებ“, - თქვა მდინარაძემ 1 ნოემბერს.

ბრალდებები პირიქით

ოპოზიციაში ამ ბრალდებებსაც სრულ აბსურდად თვლიან და მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბრის არჩევნებზე საკუთარი მძიმე დარღვევების გადაფარვას ცდილობს.

„ჩვენ პირიქით გვაქვს მტკიცებულებები, მდინარაძე და მისთანები როგორ აყალბებდნენ არჩევნებს. ეს გამოგვაქვს სქემების, მტკიცებულებების სახით, თუ როგორ გადიოდნენ ადამიანები შიშის დერეფანს, კამერებით დაწყებული, „ძველი ბიჭებით“ დამთავრებული. მდინარაძის პასუხისმგებლობაა, მათ შორის ცესკოს კომისიები როგორც არის დაკომპლექტებული. ხომ არ გგონიათ, მხოლოდ კალანდარიშვილის პასუხისმგებლობაა?! “ოცნებამაც” უნდა აგოს პასუხი, მათი პარტიული აქტივით არის დაკომპლექტებული კომისიები. თუ რაიმეზე პასუხი უნდა გაგვცენ, ნება იბოძონ და მტკიცებულებებს გასცენ პასუხი, რომელიც მრავლად წარმოვადგინეთ“, - უთხრა ჟურნალისტებს, 4 ნოემბერს, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.

გახარიას პარტიაში პირველი რიგის ამოცანად მიიჩნევენ ცესკოს ამომრჩევლების ბაზის ნეიტრალური პლატფორმისთვის გადაცემასა და გამოქვეყნებას - პერსონალური მონაცემების დაცვით.

პარტიის განმარტებით, ამ სიებში ამომრჩევლები საკუთარ თავს მოძებნიან იმავე პრინციპით - როგორც ეს ცესკოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ამომრჩეველთა სიაშია შესაძლებელი და გამოჩნდება - თუკი რომელიმე ამომრჩევლის სახელით სხვადასხვა უბანზე მისცეს ხმა.

ამომრჩეველთა დაშინებისა და მოსყიდვის გარდა, ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და პრეზიდენტი მიუთითებენ ხმის მიცემის ფარულობის სისტემურ დარღვევაზე და, შესაბამისად - კონსტიტუციით დაცული ამ მოთხოვნის უგულებელყოფაზე.

ასევე ნახეთ მთელი სოფელი 10 წუთში გაიგებდა - ღია დავა საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევაზე

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2263 საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვდა. მისი საჩივრები საოლქო კომისიებში არ დაკმაყოფილდა. სასამართლოში კი - ერთადერთმა მოსამართლემ გაიზიარა.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა, რითაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი დაკმაყოფილდა.

მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე - წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი რამდენიმე ელექტრონული უბნის შედეგები გაბათილდა.

„დღეს ჩვენ განვიხილეთ საკითხი ფარულობასთან დაკავშირებით. სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ მტკიცებულებების გამოკვლევით, ამ საარჩევნო აპარატით ამ საარჩევნო ბიულეტენით, ამ საარჩევნო ჩარჩო კონვერტით, ხმის დაცულობის და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა. აქ ლაპარაკია გარანტიაზე“, - განაცხადა მოსამართლე ხუჭუამ, 4 ნოემბერს გამართულ სხდომაზე.

საიას შეფასებით, მოსამართლის ამგვარი გადაწყვეტილება ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩეველთა ხმის მიცემის ფარულობის დასაცავ ბრძოლაში.

ასევე ნახეთ ვინ არის მოსამართლე ხუჭუა, რომელმაც არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევა დაადგინა
ასევე ნახეთ "საქართველო გადარჩება - ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა" - პრეზიდენტი ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებაზე