8 ნაკვეთი - საჩუქარი ეკლესიას არჩევნების წინ

2024 წლის არჩევნებამდე სამი თვით ადრე ხელისუფლება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას ჰპირდებოდა, რასაც ეკლესია დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდა.

ეკლესიის და სახელმწიფოს ურთიერთობას უკვე არეგულირებს 2002 წელს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმება - ამის პარალელურად არსებობს დაუწერელი, მაგრამ წლების განმავლობაში მოქმედი წესი, რომლის თანახმადაც ეკლესია სახელმწიფოსგან იღებს უძრავ ქონებას და სხვა სიკეთეებს ან უსასყიდლოდ ან სიმბოლურ ფასად.

ეს პრაქტიკა შენარჩუნდა 2024 წლის არჩევნების წინაც - სექტემბერსა და ოქტომბერში მთავრობამ ეკლესიას 7 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 8 ნაკვეთი ან აჩუქა, ან სიმბოლურ ერთ ლარად გადასცა. ამ მიწის საერთო ფართი 228 070 კვადრატული მეტრია.

ასევე ნახეთ მიტროპოლიტ გრიგოლის თქმით, პატრიარქის სურვილია, დაჩქარებულად არ განიხილონ „ქართული ოცნების“ იდეა

17 და 18 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ ორი განკარგულება გამოსცა, რომლითაც სახელმწიფომ მართლმადიდებელ ეკლესიას გურიასა და აჭარაში სამი მიწის ნაკვეთი გადასცა.

18 ოქტომბერს განკარგულებით, ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 წლის ვადით, უსასყიდლოდ გადაეცა ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე 1619 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა. ეს არის კორომი ქალაქში, სადაც სავარაუდოდ ეკლესია დგას. ამ ტერიტორიას ესაზღვრება მიწის უფრო დიდი ნაკვეთი, რომელიც ლანჩხუთის მერიის საკუთრებაა.

უძრავი ქონების პორტალებზე გამოქვეყნებული განცხადებების მიხედვით, ლანჩხუთში ერთი კვადრატული მიწის ფასი 1$-დან 25$-მდე მერყეობს.

17 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ ეკლესიისთვის მიწების გადასაცემად ორი განკარგულება გამოსცა. პირველით 1 ლარად გადაეცა მართლმადიდებელ ეკლესიას ჩოხატაურის სოფელ შუასურებში მდებარე ორი მიწის ნაკვეთი, რომელთაგან ერთი 3610 კვ/მ-ია და მეორე 160 კვ/მ. ეს არის მოსაზღვრე ტერიტორიები ტყის პირას.

ჩოხატაურში მიწის ფასი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პორტალებზე 3$-დან 155$-მდე მერყეობს იმის მიხედვით, ნაკვეთი საცხოვრებლად არის გამოსადეგი, კომერციული საქმიანობისთვის თუ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის. მიწა, რომელიც ეკლესიამ მიიღო, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა.

17 ოქტომბერს გამოცემული მეორე განკარგულებით, კიდევ ერთი უძრავი ქონება მიიღო ეკლესიამ სიმბოლურ 1 ლარად - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში მდებარე 300 კვ/მ მიწის ნაკვეთი. ამ მიწის ნაკვეთზე საჯარო სკოლა დგას.

ხელვაჩაურში მიწის ფასი 25$-დან 200$-მდეა.

სახელმწიფომ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება უსასყიდლოდ ან სიმბოლურ 1 ლარად გადასცა საპატრიარქოს 2024 წლის სექტემბერშიც - გასულ თვეს საპატრიარქომ მიწის ნაკვეთები მიიღო გურჯაანში, მცხეთაში, თბილისსა და გორში.

20 სექტემბერს გამოცემული განკარგულებით, ეკლესიამ სიმბოლურ 1 ლარად მიიღო გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქოდალოში 318 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებით.

გურჯაანში მიწის ფასი 2$-დან 35$-მდე მერყეობს.

13 სექტემბერს ეკლესიას 1 ლარად გადაეცა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კევლიანში მდებარე 5670კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ესაა “მოშიშვლებული” ტერიტორია ტყის მასივში, სოფლის დასახლებული ნაწილიდან მოშორებით.

კევლიანში 1 კვ.მ. მიწის საშუალო ფასი 20$-ია.

13 სექტემბერსვე უსასყიდლოდ და 99-წლიანი სარგებლობის უფლებით მიიღო ეკლესიამ 215 389 კვ.მ მიწის ნაკვეთი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულაში. ამ მიწას სასოფლო-სამეურნეო, სახნავი დანიშნულება აქვს, ეკლესიას კი - მისგან მიღებული შემოსავლით სარგებლობის უფლება. ესაა მიწის ნაკვეთი საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს.

13 სექტემბერსვე გამოიცა განკარგულება, რომლითაც ეკლესიამ 1 ლარად მიიღო სამი შენობა და 1004 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქ. N41ა-ში.

ასევე ნახეთ მილიონებს დამატებული მილიონები - რამდენს უხდიან ქალაქები ეკლესიას