ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარედ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 1280 ოჯახისთვის 12 კორპუსის აშენება იგეგმება. გასულ წელს აშენდა 16- სართულიანი ერთი კორპუსი და 160 დევნილ ოჯახს ერთ, ორ და სამოთახიანი ბინები გადაეცა. ამ დროისთვის მიმდინარეობს სამი კორპუსის მშენებლობა. „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამით გათვალისწინებული სამშენებლო პროცესი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დაათვალიერა და განაცხადა, რომ სამუშაოები მიმდინარეობს ხარვეზებითა და ვადაგადაცილებით. სამინისტროს ინფორმაციით, კონტრაქტორ კომპანიას საჯარიმო სანქციები დაეკისრა წყალტუბოში, სადაც პროგრამის ფარგლებში ორი კორპუსის მშენებლობა ნელი ტემპით მიმდინარეობს.
ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარედ, დევნილთათვის ბინების მშენებლობის ტემპითა და ხარისხით უკმაყოფილოა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. როგორც მან კორპუსების მშენებლობის მონახულების შემდეგ განმარტა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს უკვე გადაეგზავნა დოკუმენტები მშენებლობის პროექტით გათვალსიწინებული ვადების შესასწავლად, ბიურო გამოიკვლევს ასევე მშენებლობის ხარისხს.
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის, განცხადებით, სამინისტროს დევნილებისთვის საცხოვრებლების მშენებლობის ფუნქცია ერთი თვის წინ გადაეცა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა მნიშვნელოვანია, რათა სწორად წარიმართოს სამინისტროსთვის ბინების გადაცემის პროცესი. მინისტრის განმარტებით, აღმოჩენილი ხარვეზების გამოსასწორებლად კონტრაქტორთან უკვე იმუშავეს და სამ კორპუსში დაახლოებით 500 ბინის მშენებლობა 2019 წლისთვის დასრულდება.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარმომადგენელ გიორგი სამთელაძის განცხადებით, „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში მომდევნო ორ წელიწადში დაახლოებით 700 დევნილი ოჯახისთვის იგეგმება ბინების საკუთრებაში გადაცემა.
ბინებში არსებული პირობებით კმაყოფილი არ არის პარლამენტის მიმდებარედ გასულ წელს აშენებული 16-სართულიანი კორპუსის მცხოვრებთა ნაწილი. პირველ სართულზე ბინის მფლობელები ამბობენ, რომ კედლებმა და იატაკმა ნესტისგან უკვე დაშლა დაიწყო.
როგორც რადიო თავისუფლების რესპონდენტი ამბობს, პრობლემის გამოსასწორებლად ამ დრომდე არავისთვის მიუმართავთ და მომავალში საკუთარი სახსრებით აპირებენ მასთან გამკლავებას. კორპუსის მცხოვრებთა თქმით, მაღალ სართულებზე მცხოვრებთ მსგავსი პრობლემები არ აწუხებთ.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარმომადგენელ გიორგი სამთელაძის განცხადებით, „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში მომდევნო ორ წელიწადში დაახლოებით 700 დევნილი ოჯახისთვის იგეგმება ბინების საკუთრებაში გადაცემა. გიორგი სამთელაძის ინფორმაციით, სამინისტრომ უკვე გამოისყიდა მენაშენეებისგან 52 ბინა ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, და კიდევ შენდება რამდენიმე კორპუსი, რომლებშიც სამინისტრო 250-მდე ბინას შეიძენს დევნილი ოჯახებისთვის და საკუთრებაში გადასცემს მათ.
140-მდე დევნილი ოჯახისთვის ორი კორპუსი შენდება წყალტუბოში, სადაც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონტრაქტორ კომპანიას საჯარიმო სანქციები დაეკისრა „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამით გათვალისწინებული სამშენებლო პროცესის შენელებისთვის.