გამოთქმა, რომ "სულელები და გზები", რუსეთის ორი მარადიული უბედურებაა, მე-18-მე-19 საუკუნეების რამდენიმე რუს ავტორს მიეწერებოდა, მაგრამ სავარაუდოდ მე-20 საუკუნის იუმორისტს მიხაილ ზადორნოვს ეკუთვნის. 21-ე საუკუნეში ამ ორ უბედურებას როგორც ჩანს, მესამეც ემატება - ტუალეტები.
ცოტა ხნის წინ უკრაინული ტუალეტების შესახებ საჯაროდ ილაპარაკა პეტერბურგის გუბერნატორმა ალექსანდრ ბეგლოვმა, მოგვიანებით კი „საპირფარეშოების საკითხზე“ ყურადღება გაამახვილა თვით ვლადიმირ პუტინმა.
სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა ალექსანდრ ბეგლოვმა თავის ტელეგრამარხზე ჯარისკაცური პირდაპირობით დაწერა, რომ უკრაინაში მყოფ რუს სამხედროებს კარგად ესმით, რისთვის იბრძვიან.
„ამ ბიჭებს, რომლებმაც ნახეს სკოლის ტუალეტები, სადაც ორი განყოფილების - გოგოების და ბიჭების - ნაცვლად, სამი განყოფილებაა მოწყობილი - გოგოებისთვის, ბიჭებისთვის და გენდერულად ნეიტრალურებისთვის, არ სჭირდებათ ახსნა, თუ რა ღირებულებებს იცავენ“.
ბეგლოვს, რეგიონული მასშტაბის პოლიტიკოსს, შეიძლება ეპატიოს ზედმეტი გულწრფელობა, მაგრამ მალე მისმა უფროსმა, პრეზიდენტმა პუტინმაც აიტაცა ტუალეტების თემა, როცა ფორუმზე „მცირე სამშობლო - რუსეთის სიძლიერე“ მუნიციპალურ ჩინოვნიკებს აუწყა, რომ რუსი ემიგრანტები დასავლეთის ქვეყნებიდან ბრუნდებიან, რადგან მათთვის რთულია შვილების აღზრდა იქ, სადაც ბავშვებს - ბიჭებსა და გოგონებს - საერთო ტუალეტები აქვთ.
„ტრადიციული, ნორმალური ადამიანური ღირებულებების მქონე ადამიანებისთვის ძალიან რთულია ასეთ პირობებში ცხოვრება“, - დაასკვნა პუტინმა.
„მტრის ტუალეტები უდავოდ ძლიერი ტრიგერია არა მხოლოდ რუსი სახელმწიფო მოხელეებისთვის, არამედ რიგითი რუსი ჯარისკაცებისთვისაც, - ამბობს რუსი ისტორიკოსი, რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის წამყვანი და ანალიტიკოსი სერგეი მედვედევი, რომელიც იხსენებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ თვეებს, როცა 2022 წლის მარტ-აპრილში რუსი ჯარისკაცები შედიოდნენ რიგითი უკრაინელების მიერ მიტოვებულ სახლებში (კიევის მახლობლად ბუჩაში, ირპენში, გოსტომელში) და ნანახის გამო აღშფოთებას ვერ მალავდნენ:
„ქსელში მოხვედრილი რუსი ჯარისკაცების სატელეფონო საუბრების ჩანაწერებში ჩანს მათი უკიდურესი გაღიზიანება ბურჟუაზიის მოკრძალებული კეთილდღეობით; გაღიზიანება მოკირწყლული ბილიკების, ალპური ბორცვების, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და კომფორტული ტუალეტების გამო. სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, აღშფოთებულებმა პირდაპირ მაგიდებზე, საძინებლებსა და ბავშვებისთვის განკუთვნილ ოთახებში მოისაქმეს. უკრაინელები, რომლებმაც ეს ქალაქები ერთი თვის შემდეგ გაათავისუფლეს, გაოცებას ვერ მალავდნენ დატოვებული განავლის რაოდენობის გამო. ზოგიერთმა რუსმა ჯარისკაცმა მტრის სანტექნიკაც კი მოხრახნა და სამშობლოში, თავისიანებს გაუგზავნა“.
თვითონ რუსეთში ტუალეტები ერთ-ერთი უცვლელი უბედურება და დაავადებაა, რომელსაც ვერც საუკუნეები კურნავს, ვერც პოლიტიკური რეჟიმების ცვლილებები და ვერც კაპიტალიზმი თავისი ხვავრიელობითა და სისუფთავის კულტით.
სერგეი მედვედევის თქმით, წაბილწული საზოგადოებრივი ტუალეტი რჩება რუსული საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ ზნეობრივ სამაგრად და მნიშვნელოვან კულტურულ ინსტიტუტად, რომელიც რეპროდუცირდება ისეთ ძირითად ეროვნულ ღირებულებებში, როგორებიცაა: საერთო სიკეთის უპატივცემულობა, ადამიანის ზიზღი (განსაკუთრებით მისი ინტიმური გამოვლინებებისადმი), იძულებითი კოლექტიური სხეულობა და ა.შ.
„სწორედ სკოლის "საჭირო ოთახებში", სადგურების, საავადმყოფოებისა და სამხედრო ყაზარმების ტუალეტებსა და ციხე-კოლონიების ფეხსალაგებში ხდებოდა იძულებითი სოციალიზაცია საბჭოთა ადამიანისა, რომელსაც ჩამორთმეული ჰქონდა ინტიმურობის უფლება, - ამბობს სერგეი მედვედევი, - 1991 წელს პოეტმა ტიმურ კიბიროვმა დაწერა კომიკური პოემა "სორტირები", ერთგვარი აღმზრდელობითი რომანი, რომელშიც გმირი იზრდება და პიროვნებად ყალიბდება მომაკვდავი იმპერიის საპირფარეშოებში.
ერთი წლის შემდეგ, მხატვარმა ილია კაბაკოვმა კასელის თანამედროვე ხელოვნების გამოფენის, Documenta-სთვის შექმნა ინსტალაცია „ტუალეტი“: კლასიკურ საბჭოთა საზოგადოებრივ ტუალეტში (სამი ხვრელი, რომლებიც გადატიხრულია საღებავებით მოთხვრილი კედლებით) განათავსა მყუდრო მეშჩანური საცხოვრისი ტახტით, ტელევიზორით, კედელზე ხალიჩითა და სადილისთვის გაშლილი მაგიდით.
ზოგადად, საბჭოთა ადამიანის მთელი ცხოვრება ასეთი ტუალეტებისგან შედგებოდა და შემთხვევითი არ არის, რომ კიდევ ერთმა მოსკოველმა კონცეპტუალისტმა, მწერალმა ვლადიმირ სოროკინმა დაწერა რომანი "ნორმა", რომელშიც ყველა საბჭოთა ადამიანი ვალდებულია ყოველდღე მიირთვას პაკეტში დაფასოებული ნეხვის "ნორმა"“.
სერგეი მედვედევის თქმით, საბჭოთა ფეხსალაგების ტრადიცია ცოცხლობს XXI საუკუნის რუსეთშიც: საზოგადოებრივი და კერძო ტუალეტების ხელმისაწვდომობას, მათ ხარისხსა და სისუფთავეს რუსეთი გადაჰყავს ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების რიგებში.
2015 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია WaterAid-მა გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით „მსოფლიოში ტუალეტების მდგომარეობა“ - ტუალეტების ხელმისაწვდომობისა და ჰიგიენის ერთგვარი ნეგატიური რეიტინგი, რომელშიც ლიდერობს ინდოეთი, რუსეთი კი „საპატიო“ მეათე ადგილზე იმყოფება ეთიოპიის, პაკისტანის, ბანგლადეშის, კონგოსა და ტანზანიის შემდეგ.
ამ სიაში რუსეთს სხვა ქვეყნებისგან გამოარჩევს მისი არანორმალურად მაღალი მშპ ერთ სულ მოსახლეზე. რუსეთი როგორც საშუალოდ განვითარებული ქვეყანა, აჩვენებს ერთ-ერთ ყველაზე ცუდ შედეგს მსოფლიოში ტუალეტების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.
ამას მოწმობს ანგარიშის კიდევ ერთი ცხრილი Worst of the Best - საუკეთესოდან უარესი: ტუალეტებთან დაკავშირებული პრობლემები განვითარებულ ქვეყნებში, სადაც რუსეთი ლიდერობს დიდი სხვაობით და უსწრებს, მაგალითად, მოლდოვას, რუმინეთსა და ბულგარეთს. ამ კვლევის მიხედვით, 40 მილიონ რუსს არ აქვს წვდომა უსაფრთხო, საკუთარ ტუალეტზე.
ამ მონაცემებს ადასტურებს რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურიც: რუსეთის შინამეურნეობების 22.6%-ს არ აქვს ცენტრალიზებული საკანალიზაციო სისტემა, 16.8% კი ტუალეტებად იყენებს ორმოებს, მოსახლეობის 5.8%-ს საერთოდ არ აქვს საკანალიზაციო სისტემა.
სოფლად კიდევ უფრო უარესი მდგომარეობაა: ცენტრალიზებული საკანალიზაციო სისტემა არ აქვს სოფლად მცხოვრები რუსების 2/3-ს, ოჯახების 48.1% კი იყენებს ამოთხრილ ორმოებს, ე.წ. ჩეჩმებს, ხოლო 18.4%-ს საერთოდ არ აქვს საკანალიზაციო სისტემა, როგორც ასეთი.
„აი, ამგვარი ქვეყნის წარმომადგენლები ბედავენ, კომენტარები აკეთონ სხვა ქვეყნებში ტუალეტების თავისებურებებზე!“ - ამბობს სერგეი მედვედევი:
„როგორც ჩანს, ტუალეტის არსებობისადმი ზიზღი წარმოადგენს რუსული ცივილიზაციის დამახასიათებელ საფირმო თვისებას, სულიერების განსაკუთრებულ ნიშანს - შემთხვევითი არ არის, რომ კონსტანტინ ლეონტიევმა დასავლეთს უწოდა "water closet-ების იმპერია".
საქმე რესურსების, ტექნოლოგიებისა და ტუალეტების ნაკლებობაში კი არ არის, ეს არის შეგნებული არჩევანი, გამოწვევა გარე სამყაროსთვის, კომფორტისათვის, ბურჟუაზიული ნორმალურობისთვის, ეს არის ყოვლის მშთანთქავი ენტროპია, რუსული ქაოსისა და რუსული სალოსობის ნაზავი.
რუსეთში ცხოვრების ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მე მინახავს მრავალი ტუალეტი, სხვადასხვა ხარისხის უბადრუკობა, მაგრამ ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ტუალეტმა რუსული სიწმინდის ცენტრში, წმინდა სერგის სამების ლავრაში, უძველეს ციხის კედელში, მთავარი კარიბჭის უკან.
ტუალეტიდან ეპიკური მასშტაბის სიბინძურე გადმოედინებოდა გარეთ, რაც ისეთ კონტრასტს ქმნიდა ეკლესიების ბრწყინვალებასა და ღვთისმსახურების მშვენიერებასთან, რომ გავიფიქრე, ალბათ ასეთი საშინელი ტუალეტის მონახულებაც იყო მორჩილების, ხორციელი დამცირებისა და მართლმადიდებლური ასკეტიზმის ნაწილი... ეს იყო გასული საუკუნის 90-იან წლებში, მაგრამ მიღებული შთაბეჭდილება მთელი სიცოცხლე გამყვება.
შესაძლოა, მას შემდეგ ტუალეტი გაიწმინდა, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ლავრას ვსტუმრობ, იქ შესვლას ვერიდები, ამიტომ ზუსტად ვერაფერს ვიტყვი“.
ასევე ნახეთ ტუალეტი - საქართველოს ყოფითი კულტურის აბსოლუტური ნულირუსეთში, განსაკუთრებით 2022 წლის თებერვლის შემდეგ, მიღებულია პათოსით საუბარი „ცივილიზაცია-სახელმწიფოზე“, რუსულ სამყაროზე და ხაზის გასმა რუსული მპყრობელობის („ძერჟავის“) განსაკუთრებულ გზაზე მსოფლიო ისტორიაში.
„რუსეთი მართლაც ძალიან სპეციფიკური ცივილიზაციაა, რომელმაც ათასი წლის განმავლობაში ვერ შეძლო ტუალეტის პრობლემის მოგვარება - ახლა კი, "არასწორი" ტუალეტების გამო, მეზობელი ქვეყნის მცხოვრებლებს ხოცავს“, - ასკვნის სერგეი მედვედევი, რუსი ისტორიკოსი და რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის პოლიტიკური ანალიტიკოსი.