თუმცა, ამ სეზონში ცხრილის სათავეში სულ სხვა გუნდი დგას. ეს არის “უაიკომბ უონდერერს” რომელსაც წლის დასაწყისიდან ფლობს ქართველ-ყაზახი მილიარდერი მიხეილ ლომთაძე. მათ აგვისტოს შუა რიცხვების შემდეგ არც ერთი მატჩი არ წაუგიათ.
”ჩვენ საქმეებს სხვაგვარად ვაკეთებთ,” - თქვა დენ რაისმა, „უაიკომბ უონდერერსის“ სპორტულმა დირექტორმა და თავისი გუნდი შეადარა შემდეგ დივიზიონში დაწინაურების კიდევ ორ კლუბს - „ვრექსჰემს“ და „ბირმინგემ სიტის“.
„მათ აქვთ მკაფიო მიზანი, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდნენ ინგლისური ფეხბურთის მეორე ლიგაში და შემდეგ უკვე პრემიერ ლიგაში. ეს ჩვენც გვსურს, მაგრამ უფრო პრაგმატულები ვართ, კლუბის ზომის გათვალისწინებით. ჩვენ უფრო ორიენტირებულები ვართ კლუბის გაძლიერებაზე“, - უთხრა რაისმა რადიო თავისუფლებას ლონდონში, კლუბის ახალ სავარჯიშო მოედანზე ჩატარებული ინტერვიუს დროს.
ასევე ნახეთ "ქართველი ჯობსი" - რა ვიცით მიხეილ ლომთაძეზე, რომელმაც სიმდიდრით ივანიშვილს გაუსწრო?„ვრექსჰემის“ თანამფლობელია არიან დუეტი ჰოლივუდიდან - რაიან რეინოლდსი და რობ მაკელჰენი. მათ დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს თავიანთი კლუბის აღმავლობის შესახებ ინგლისური ფეხბურთის მეხუთე და მეოთხე დივიზიონებში, ხოლო საკუთარი სახელი კომერციული პარტნიორობების დასამყარებლად გამოიყენეს.
„ბირმინგემ სიტის“ მცირე წილი ეკუთვნის ამერიკული ფეხბურთის ლეგენდას, ტომ ბრეიდის. ეს კლუბს ბევრად მაღალ დონეზე უასპარეზია, ევროპულ შეჯიბრებებშიც გამოსულა და ფლობს 30,000 ტევადობის სტადიონს, რაც უაიკომბისაზე სამჯერ დიდია.
უაიკომისთვის, საქმის სხვაგვარად კეთება ნიშნავს "მსოფლიო კლასის" საფეხბურთო აკადემიის შექმნას, რომელსაც მომავალი ფილიალი ექნება ყაზახეთშიც - ქვეყანაში, სადაც მოიპოვა ქონება საქართველოში დაბადებულმა, ჰარვარდში განათლება მიღებულმა ლომთაძემ, რომელიც ფინანსური ტექნოლოგიების გიგანტის, Kaspi.kz-ს თანადამფუძნებელია.
"როგორც აქ გავაკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც გვსურს, ჩამოვიყვანთ ხოლმე ყაზახ მოთამაშეებსაც და, იმედია, ელიტურ გარემოს დავახვედრებთ. ჩვენ ნამდვილად ძალიან გვაინტერესებს ყაზახი ტალანტების მოზიდვა", - თქვა რაისმა.
დეტალებზე ორიენტირებული პატარა კლუბი
სავარჯიშო მოედანი, რომელსაც გუნდი ახლა იყენებს ჰარლინგტონში, ლონდონის დასავლეთით მდებარეობს. აქაურობა მეტყველებს საფეხბურთო კლუბზე, რომელიც განვითარების პროცესშია.
ძირითადი შენობის დიდი ნაწილი, რომელსაც კლუბი იზიარებს ლონდონის საიმპერატორო კოლეჯთან, სამშენებლო ობიექტს ჰგავს. ყველგან ახალი ობიექტები აღიმართება მზარდი პერსონალისთვის და მოთამაშეებისათვის.
აქაურობა მაინც ბევრად სჯობს სივრცეს, რომელსაც მოთამაშეები გასულ სეზონში იყენებდნენ. ის კლუბის მშობლიურ ქალაქ უაიკომბთან ახლოს, ლონდონიდან 50 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
იქაური მოედანი ჭაობდებოდა და გამოუსადეგარი იყო წელიწადში მინიმუმ სამი თვის განმავლობაში, რის გამოც მოთამაშეებს მყარ ხელოვნურ ზედაპირზე ვარჯიში უწევდათ, რაც ტრავმებს იწვევდა.
ზაფხულში კლუბმა რამდენიმე ჭკვიანური შენაძენი გააკეთა, მაგრამ ძირითადად მოთამაშეთა სესხებისა და უფასო ტრანსფერების სახით.
ეს ამ დონის კლუბების უმეტესობისთვის ნორმალურია. გამონაკლისია ბირმინგემ სიტი, რომელმაც 35 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა მოთამაშეებზე, რათა გარანტირებულად დაუყოვნებელივ დაბრუნებულიყო ლიგაში, საიდანაც ის გასულ სეზონში დაქვეითდა.
რაც შეეხება უაიკომის დაუმარცხებელ სერიას - ბოლოს მან აგვისტოში წააგო ვრექსჰემთან და ბირმინგემთან - რაისი წარმატებას მწვრთნელს, მეტ ბლუმფილდს მიაწერს, კლუბის ლეგენდას, რომელიც პოსტზე კლუბის გაყიდვამდე დაინიშნა.
ამავდროულად, კულისებში არაერთი ცვლილება განხორციელდა.
ზაფხულიდან კლუბის ახალ ახალგაზრდულ აკადემიას სათავეში ჩაუდგა ჯერემი ზაუერი, რომელიც ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონიდან გადმოვიდა, უმაღლესი დონის ინგლისური კლუბიდან, რომელიც ცნობილია სკაუტინგით და მოთამაშეთა განვითარებით.
პირველი გუნდის სავარჯიშო სესიებს ახლა დრონებით იღებენ - ეს ყოველდღიურ ნებართვას საჭიროებს ჰარლინგტონის ჰითროუს აეროპორტთან სიახლოვის გამო - შესრულების გასაუმჯობესებლად.
კლუბმა დიდი ინვესტიცია ჩადო სპორტული მეცნიერების უახლეს მიღწევებში, რომლებიც ფეხბურთელთა მალე გამოჯანმრთელებას შეეხება. ეს კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ, რომ კლუბი ყოველ სეზონში 46 მატჩს თამაშობს და აქ თასის თამაშები არ შედის.
არა აბრამოვიჩი 2.0
Kaspi.kz-ს არ აქვს პირდაპირი კავშირი უაიკომბ უონდერერსთან, რომელსაც ლომთაძე ფლობს მისი კომპანიის, Blue Ocean Partners Ltd-ის მეშვეობით.
თუმცა კლუბის შეძენა მოხდა იმ დროს, როდესაც კომპანია, რომელსაც ის მილიარდერ ვიაჩესლავ კიმთან ერთად ფლობს, ახალ ბაზრებს ეძებს მას შემდეგ, რაც ყაზახეთში ციფრული გადახდებისა და ბაზრის სერვისები სფეროები დაიპყრო.
ოქტომბერში Kaspi.kz-მა 1 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა „ჰეპსიბურადას“, თურქეთის ელექტრონული კომერციის ერთ-ერთი უდიდესი პლატფორმის საკონტროლო წილის შესაძენად. ნოემბერში კომპანიამ განაცხადა, რომ მეზობელი უზბეკეთის სახელმწიფო HUMO გადახდის სისტემაზე ტენდერში მონაწილეობას არ მიიღებდა, არადა მანამდე პრივატიზაციაში დაინტერესება გამოთქვა.
ინგლისური ფეხბურთი ახალი სფერო არ გახლავთ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მილიარდერებისათვის.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებული ლომთაძის პროექტი ბევრად უფრო მოკრძალებულად გამოიყურება, ვიდრე რუსი ოლიგარქის რომან აბრამოვიჩისა, რომელიც ლონდონის კლუბ ჩელსის 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. აბრამოვიჩისა და ჩელსის ურთიერთობა 2022 წელს გაწყდა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
ისედაც, ინგლისური ფეხბურთის ახალი წესები არსებითად შეუძლებელს ხდის რამდენიმე დღეში "სუპერკლუბების" შექმნას.
რეგულაციების თანახმად კლუბებისათვის დასაშვები ხარჯვის რაოდენობა პირდაპირაა დაკავშირებული ბილეთების გაყიდვიდან, სპონსორობით და სხვა კომერციული წყაროებიდან რეგულარული შემოსავლის მიღების შესაძლებლობასთან.
ამჟამად, უაიკომბ უონდერერს უჭირს სტადიონის შევსება. ბევრმა ადგილობრივმა მცხოვრებმა, ვისაც რადიო თავისუფლება გაესაუბრა, აღიარა, რომ მხარს უჭერდა ახლომდებარე ლონდონის უფრო დიდ კლუბებს.
უაიკომბი საუკუნეების განმავლობაში ითვლებოდა ეროვნული მნიშვნელობის ავეჯის დამზადების კერად - უონდერერსის კლუბის ისტორიული მეტსახელი „სკამის ბიჭებია“ (chairboys). ახლა კი ქალაქი ძირითადად იმით ფასობს, რომ ლონდონთან ახლოს მდებარეობს.
ჯონი ვიპონდი, რომელმაც ცოტა ხნის წინ პირველად წაიყვანა რვა წლის ქალიშვილი უონდერერსის საყურებლად, ამბობს, რომ კლუბი, რომელიც 137-წლიანი არსებობის განმავლობაში სამოყვარულო კოლექტივად მიიჩნეოდა, ახლა კარგ ფორმაშია.
"მოულოდნელად მაღალ სიმაღლეებს ვეპოტინებით?“ - იკითხა ვიპონდმა, ლუდი მოწრუპა და თავადვე უპასუხა შეკითვას - „ნამდვილად ასეა“.