რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივი პროექტის, The CurrentTimes-ის რედაქციას დაუკავშირდა ტაჯიკეთის მკვიდრი, 32 წლის ჯოვიდი, რომელიც რუსულ ციხეში იხდის 7-წლიან სასჯელს.
ჯოვიდი საუბრობს ტაჯიკ და უზბეკ პატიმრებზე, რომლებიც მასთან ერთად იხდიან სასჯელს მოსკოვის მახლობლად მდებარე მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. მისი თქმით, პატიმრები იმყოფებიან კრიტიკულ ვითარებაში: ერთი მხრივ, მათ არ სურთ ომში წასვლა, მაგრამ მეორე მხრივ, გაუსაძლისია ის პირობები, რომლებსაც მათ საგანგებოდ უქმნიან კოლონიაში.
„არ იციან როგორ მოიქცნენ. ამბობენ, თავს მოვიკლავთ, მაგრამ უარს არ ვიტყვით ჩვენს მოქალაქეობაზე და არ წავალთ ომშიო, - ამბობს ჯოვიდი, - სუიციდი გვირჩევნია სამშობლოსთვის ზურგის შექცევას და ომში წასვლასო“.
ჯოვიდის თქმით, მსჯავრდადებულ ტაჯიკებსა და სხვა უცხოელებს აიძულებენ უარი თქვან თავიანთ მოქალაქეობაზე და მიაღებინონ რუსეთის მოქალაქეობა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმების პარალელურად.
„თუ ხელს არ მოაწერ, საჯარიმო იზოლატორში ჩაგსვამენ. თუ მოქალაქეობაზე უარს იტყვი, შესაბამის განცხადებას გაგზავნიან ტაჯიკეთში, შემდეგ გააფორმებენ სათანადო დოკუმენტებს და ომში გაგიშვებენ, - ამბობს ტაჯიკი პატიმარი, - არ ვიცი, შეიძლება ჩვენ მაგივრად თვითონ აწერენ ხელს სათანადო ქაღალდებს. აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.
ჯოვიდმა არ იცის, რამდენმა პატიმარმა მოაწერა ხელი კონტრაქტს, მაგრამ ამბობს, რომ მას და მის რამდენიმე თანამემამულეს არ უნდათ ტაჯიკეთის მოქალაქეობის დათმობა, რის გაკეთებასაც კოლონიის ადმინისტრაცია აიძულებთ ზეწოლითა და შანტაჟით.
პატიმარ მიგრანტთა ჯგუფმა იმ კოლონიიდან, სადაც ჯოვიდი იხდის სასჯელს, ახლახან წერილიც მისწერა The CurrentTimes-ის რედაქციას.
„გარდა იმისა, რომ ციხის ადმინისტრაცია უხეშად გვექცევა და შეურაცხყოფას გვაყენებს რელიგიურ ნიადაგზე, ის ასევე აქეზებს დანარჩენ პატიმრებს ჩვენ წინააღმდეგ“, - ნათქვამია მიმართვაში.
ჯოვიდის თქმით, კოლონიაში დაახლოებით 400 პატიმარია უზბეკეთიდან და ტაჯიკეთიდან. მიგრანტ პატიმრებს ასევე ართმევენ და უწვავენ კოლონიის მიერ გაცემულ ე.წ. ციხის ფორმას, რათა მათი ყოფა კიდევ უფრო აუტანელი გახდეს.
„რამდენიმე დღის წინ შეადგინეს სია და დაგვემუქრნენ, რომ, მიუხედავად ჩვენი მოქალაქეობისა, მაინც გაგვიშვებდნენ უკრაინაში. როგორც ჩანს, მათი მიზანია ჩვენთვის ისეთი მძიმე პირობების შექმნა, რომ ომში დაღუპვა ვამჯობინოთ აბუჩად აგდებასა და დამცირებების ატანას, - ვკითხულობთ პატიმრების წერილში, - გვეუბნებიან, ვისაც გვინდა, იმას გავგზავნით ომშიო. გვირჩევენ, საკუთარი ნებით წავიდეთ. ასეთ შემთხვევაში თითქოს უკეთეს ადგილზე მოვხვდებით, ხოლო თუ იძულებით გაგვიშვებენ, პირდაპირ წინა ხაზზე გვიკრავენ თავს, სადაც გადარჩენის არანაირი შანსი არ გვექნება“.
გავრცელებული ხმების თანახმად, ვინც ომში წავიდა, ყველა დაიღუპა ორ-სამ დღეში, - ამბობს ჯოვიდი იმ პატიმრებზე, რომლებმაც ვერ გაუძლეს ადმინისტრაციის ზეწოლას და იძულებული გახდნენ ომში წასულიყვნენ. ჯოვიდი ასევე ამბობს, რომ ზედამხედველები განსაკუთრებულ ზეწოლას ახდენენ ახალგაზრდა პატიმრებზე, რომლებსაც სასჯელის ვადა ეწურებათ.
„მე 1992 წელს ვარ დაბადებული. ზოგს, ჩემსავით, 7-8 თვე აქვთ დარჩენილი, ზოგს ერთი-ორი წელი“, - ამბობს ის.
ასევე ნახეთ პუტინმა რუსეთში უვიზოდ შემსვლელი საქართველოს მოქალაქეების სია გააფართოვაროგორც რუსეთის მედია წერს, პროექტმა Migrant.Media მიმართა ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და შეატყობინა ოფიციალურ ხელისუფლებას რუსეთის კოლონიებში ტაჯიკი პატიმრების მდგომარეობის შესახებ. გამოცემას უწყებებიდან ოფიციალური პასუხი ჯერ არ მისვლია.
რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან აგზავნის პატიმრებს ომში იძულებით. თავდაპირველად ამით იყო დაკავებული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ და მისი ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი, რომელიც პატიმრებს თავისუფლებას ჰპირდებოდა საომარ მოქმედებებში მონაწილეობის ექვსი თვის სანაცვლოდ, ახლა კი პატიმრების რეკრუტირება ხდება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მეშვეობით და განსხვავებული პირობებით: პატიმრებს აგზავნიან ფრონტის წინა ხაზზე ყოველგვარი ვადების გარეშე, ომის დასრულებამდე.
ასევე ნახეთ პრიგოჟინი ირწმუნება, რომ უკრაინასთან საომრად პატიმრების დაქირავება შეწყვიტაქალაქ ბახმუტზე იერიშის დროს რუსული და უკრაინული მედია წერდა ათიათასობით პატიმრის დაღუპვის შესახებ. დაღუპულთა შორის იყვნენ ტაჯიკეთის მოქალაქეები, რომელთა ცხედრების სამშობლოში გადასვენების შესახებ აქტიურად იტყობინებოდა ტაჯიკური მედია.
ამჟამად, რუსეთის ციხეებში მყოფი ტაჯიკეთის მოქალაქეების ზუსტი რაოდენობა უცნობია: ბევრ მათგანს ასევე აქვს რუსეთის მოქალაქეობა და, შესაბამისად, სტატისტიკაში რუსებად არიან აღრიცხული. 2020 წელს რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტაჯიკეთის 10 ათასი მოქალაქე იქნა პასუხისგებაში მიცემული. 2024 წელს ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთის ციხეებში მყოფი ტაჯიკეთის დაახლოებით 100 მოქალაქე გაიგზავნა უკრაინის ფრონტზე, თუმცა, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ეს რიცხვი ვერ ასახავს სინამდვილეს, რომელიც ბევრად უფრო სავალალოა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ასევე სამიზნეში ჰყავს ამოღებული ის შუააზიელი მიგრანტები, რომლებიც ციხეებსა და კოლონიებში არ იმყოფებიან. როგორც რადიო აზატიკი (რადიო თავისუფლების ყირგიზული რედაქცია) იტყობინება, რუსეთის ჯარის შემადგენლობაში ბევრი ტაჯიკი, უზბეკი, ყირგიზი და ყაზახი იბრძვის.
„ფული არ არის რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმების ერთადერთი მიზეზი. შუააზიელ მიგრანტებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ მიღებული, უარის შემთხვევაში, ციხეში ჩასმით ემუქრებიან. ასე იყო ჩვენი რესპონდენტის, აიჟარკინის ქმრის შემთხვევაში, - წერს რადიო აზატიკი, - ქალის თქმით, მისმა ქმარმა რუსული პასპორტი დაახლოებით 10 წლის წინ მიიღო, მაგრამ "რამდენიმე თვის წინ ჩემი ქმარი არჩევანის წინაშე დააყენეს. უთხრეს, ან ომში წახვალ ან შვიდი წლით ციხეშიო. იძულებული გახდა ცოლი და ოთხი შვილი მიეტოვებინა და ფრონტზე წასულიყო. მოვიდნენ, თქვეს, რომ სპეციალისტია და წაიყვანეს. არაფერი უთქვამთ ომისა და სპეციალური სამხედრო ოპერაციის შესახებ“.
რადიო აზატიკის რესპონდენტი, ოთხი შვილის დედა ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ყირგიზეთიდან, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ესმოდა, ვიღაც დაჭრეს, ვიღაც მოკლესო.
„ჩემს ქმარზე მითხრეს, თუ ხელშეკრულებითაა წაყვანილი, კარგ ფულსაც გადაუხდიანო. მაგრამ მე არ დავინტერესებულვარ. იმის გარკვევისაც კი მეშინია, სად არის ის”, - ამბობს რუსეთში მცხოვრები ყირგიზი ქალი.
რუსეთში შუააზიელი მიგრანტების ყოფის შესახებ საუბრისას მიგრაციის ყირგიზი სპეციალისტი, რახათ შერალი რადიო აზატიკს ეუბნება, რომ მიგრანტები რუსეთის ჯარის ცოცხალი ძალით შევსების მნიშვნელოვანი წყაროა:
„ახლა კვლავ მოიმატა იმ ადამიანთა რაოდენობამ, რომლებიც ეძებენ ნათესავებს. ყოველ ჯერზე, როცა [რუსეთის] თავდაცვის სამინისტრო ზრდის კონტრაქტის გადასახდელი თანხის ოდენობას, იზრდება ომში წასვლის მსურველთა რიცხვი. რუსეთში ჩასულ მიგრანტებს ორი ძლიერი სურვილი ამოძრავებთ: რუსეთის მოქალაქეობის მიღება და ფულის გამომუშავება. ამიტომ ყველაზე ხშირად ისინი თანხმდებიან თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმებას. ფრონტზე გაცილებით მეტ თანხას იღებენ, ვიდრე სამოქალაქო სექტორში მუშაობით გამოიმუშავებენ. ყოველივე ამას ხედავს რუსეთის ხელისუფლება და მანიპულირებს. სამწუხაროა, რომ მოქალაქეობის მოპოვების მიზნით ბევრი მიგრანტი ებმება ამ ხაფანგში”.
2023 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, უცხოელებს, რომლებიც ხელს მოაწერენ კონტრაქტს თავდაცვის სამინისტროსთან უკრაინის ომში მონაწილეობის შესახებ, რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭებათ. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეობას იღებს არა მხოლოდ ხელშეკრულების გამფორმებელი პირი, არამედ მისი ოჯახის ყველა წევრი, ოღონდ ერთი დათქმით, ასეთ ადამიანს არ აქვს რუსეთის დატოვების უფლება თავდაცვის სამინისტროსთან დადებული კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე.
ასევე ნახეთ რუსეთში მიგრანტობა დამამძიმებელ გარემოებად ცხადდებარუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი იყო პირველი მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე, რომელიც გამოვიდა იმიგრანტების ომში გაგზავნის ინიციატივით. ალექსანდრ ბასტრიკინი მიიჩნევს, რომ აუცილებელია რუსული პასპორტის გაცემისა და სამხედრო აღრიცხვის პროცედურების გაერთიანება. საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ უკვე მოიხელთეს რუსეთის პასპორტის მქონე 30 ათასი მიგრანტი, რომელთაგან 10 ათასი გაიგზავნა კიდეც უკრაინაში. უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ხელისუფლება უკრაინის ომში ხალხის მოზიდვის რამდენიმე მეთოდს იყენებს, მათ შორის ყველაზე ხშირად დაშინებასა და მოსყიდვას.
ალექსანდრ ბასტრიკინი და მისი უწყება რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან მიზანმიმართულად მუშაობენ მიგრანტების რუსეთის შეიარაღებული ჯარების რიგებში ჩაყენების საკითხზე.
„აუცილებელია ოპერატიული ქვედანაყოფების მონაწილეობით ეგრეთ წოდებული სპეციალური რეიდების ჩატარების პრაქტიკის გაზრდა და მისი გეოგრაფიის გაფართოება „არალეგალების“ გამოსავლენად. აუცილებელია მიგრანტების უკანონო ქცევის შესახებ საინფორმაციო რესურსების მუდმივი მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება. სინამდვილეში, საგანგაშო მდგომარეობაა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გაააქტიუროთ მუშაობა ამ მიმართულებით“, - განაცხადა ალექსანდრ ბასტრიკინმა მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე, სადაც ის ასევე გამოვიდა „მნიშვნელოვანი ინიციატივით“, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვათ იმ მიგრანტებს, რომლებიც უარს იტყვიან უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე.
„ვიდრე სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ვფიქრობ, რომ აუცილებელია მათი ჩართვა ამ ღონისძიებაში. თუ თქვენ, როგორც რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, არ ხართ მზად, შეასრულოთ თქვენი სამხედრო მოვალეობა, მაშინ მოგვიწევს მივიღოთ გადაწყვეტილება მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე“, - განაცხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ