გასული წლის დეკემბრის ბოლოს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრებ გენადი ბესტაევს.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გენადი ბესტაევი 2019 წლის 21 ნოემბერს დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით. დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ მას 9 გრამი მარიხუანა აღმოუჩინეს. 29 ნოემბერს ბესტაევს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და „ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდის“ ბრალდებით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. გენადი ბესტაევის ნათესავები მიიჩნევენ, რომ ბრალდება გამოგონილია.
ვინ არის გენადი ბესტაევი?
გენადი ბესტაევიგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრებია. დაიბადა 1968 წელს. 2017 წლის შემდეგ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით უკვე მეხუთედ დააკავეს.სოფელში, ბესტაევის ეზოში, საოკუპაციო მავთულხლართია გაბმული და სახლში მისვლისას მას ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით აკავებდნენ ხოლმე. ბესტაევს სოფელში ბიძაშვილები ჰყავს. და სხვა სოფელშია გათხოვილი, ცოლ-შვილი კი ცხინვალში ცხოვრობს. წინა შემთხვევებში მის გასათავისუფლებლად ნათესავებმა თანხა შეკრიბეს და ცხინვალის ციხიდან გამოიყვანეს. ბესტაევის ბიძაშვილი, იური ბესტაევი, ამბობს, რომ მისმა ნათესავმა ცხინვალის ციხეში გასულ წელსაც ორი თვე გაატარა და იქიდან ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს, ახლა კი ბესტაევი, ფაქტობრივად, უყურადღებოდ არის დარჩენილი.
ასევე ნახეთ დე ფაქტო სასამართლომ ე.წ. საზღვართან დაკავებულ მოქალაქეს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯაზარდიაანთკარელები აცხადებენ, რომ გენადი ბესტაევი აუტანელ პირობებში ცხოვრობდა. ეზოში მავთულხლართი ჰქონდა გაბმული და ხელისუფლებას დასახმარებლად მიმართავდა. ზარდიაანთკარელი ციცინო ელიკაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ბესტაევს ის გორის მერიის ადგილობრივ წარმომადგენლობაში თავად გაჰყვა და იქ თავშესაფრის მიღების თხოვნით განცხადებაც დააწერინა. ეს განცხადება მერეთის თემში გორის მერის წარმომადგენელ რუსუდან კილაძესთან დაიწერა.
გორის მერის წარმომადგენელი მერეთის თემში რუსუდან კილაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ბესტაევის მიერ დაწერილი განცხადება გორის მერიაშია და ის თავშესაფრის მიღებას ელოდება. გორის მერია, გარკვეული პერიოდულობით, სოციალურად დაუცველებს ხის კოტეჯებს გადასცემს ხოლმე. როგორც რუსუდან კილაძე განმარტავს, დაკავებამდე ბესტაევიც ამ კოტეჯის მოლოდინში იყო.
ბესტაევის საკითხზე 20 იანვარს სპეციალური განცხადება გაავრცელა „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ და ხელისუფლებას დაკავებული საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად აქტიური ქმედებებისკენ მოუწოდა. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას გენადი ბესტაევის დასახმარებლად საკმარისი ძალისხმევა არ გამოუჩენია:
„პასუხისმგებელი უწყებები და თანამდებობის პირები, აღნიშნული საკითხის უგულებელყოფით, საოკუპაციო ძალების პირისპირ მარტო ტოვებენ არარსებული საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებულ ადამიანს“.
არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს თხოვნით, გამოიჩინოს სათანადო ძალისხმევა საკუთარი მოქალაქის გასათავისუფლებლად: „ქვეყანაში არც ერთ მოქალაქეს არ უნდა დარჩეს განცდა, რომ მისი თავისუფლება სახელმწიფოსთვის ღირებულებას არ წარმოადგენს”, - აღნიშნულია განცხადებაში.„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ყოფილ სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის აზრით, სახელმწიფოს მიდგომა საქართველოს მოქალაქეების დაკავებების მიმართ არ არის თანმიმდევრული. ნანუაშვილის თქმით, მოქალაქის სტატუსი არ უნდა განსაზღვრავდეს ხელისუფლების აქტიურობისა თუ პასიურობის საკითხს.
გენადი ბესტაევის მსგავსად, დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, საზღვრის განზრახ დარღვევის მუხლით გაასამართლა ახალგორის რაიონში 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც და ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა. ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან 2019 წლის 28 დეკემბერს დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის „შეწყალების“ შედეგად გაათავისუფლეს.რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ვაჟა გაფრინდაშვილმა თქვა, რომ ცხინვალის ციხეში გენადი ბესტაევს შეხვდა. გაფრინდაშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ ბესტაევის გასათავისუფლებლად მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ.
ბესტაევის გათავისუფლების მოთხოვნით ხელისუფლების წარმომადგენლები პრინციპულ განცხადებებს არ აკეთებენ, ამისთვის არც სამოქალაქო აქტივისტების მიერ ეწყობა საპროტესტო აქციები. „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრებიც ზაფხულის შემდეგ ჩაშლილია და ბესტაევის საკითხი არც მხარეებს შორის მოლაპარაკებებზე განხილულა.