არც უიმედოდ უნდა ვიყოთ, არც ზედმეტად იმედიანად - მდინარაძე ტრამპის ინაუგურაციაზე

მამუკა მდინარაძის თქმით, თუ ტრამპი „დიპ სტეიტს“ ვერ დაამარცხებს, „ტურბულენტობა გაგრძელდება“.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საქართველომ „ზედმეტი იმედები“ არ უნდა დაამყაროს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადაზე.

„ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდგომ პერიოდზე“, - უთხრა მდინარაძემ 23 დეკემბერს ჟურნალისტებს.

აქამდე „ქართული ოცნების“ ლიდერები, მათ შორის მდინარაძე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ამბობდნენ, რომ 20 იანვრის, - ტრამპის ინაუგურაციის, - შემდეგ საქართველოსთან მიმართებით აშშ-ის დამოკიდებულება შეიცვლება.

მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ახსენა „ტრამპის ორი მთავარი დაპირება“ და თქვა, რომ ორივე დაპირების შინაარსი აწყობს საქართველოს:

  1. „ერთი - ომის დამთავრება, სადაც ბუნებრივად ქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესი;
  2. მეორე – „დიპ სტეიტის“ დამარცხება“.

„ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება დამოკიდებული იქნება 20 იანვრის შემდეგ იმ მოვლენებზე, რამდენად შეძლებს დონალდ ტრამპი თავისი დაპირებების შესრულებას“, - განაცხადა მან და დასძინა:

„თუ ის შეძლებს, მთლიანად ამოძირკვოს და დაამარცხოს [არაფორმალური გავლენები/„დიპ სტეიტი“], შესაბამისად, ჩვენზე წნეხი ნებისმიერი მიმართულებით იხსნება. მაგრამ, სამწუხაროდ, თუ ეს ვერ მოხდა, მაშინ, ბუნებრივია, ტურბულენტობა გაგრძელდება“.

ტერმინი „დიპ სტეიტი“ (Deep State - „ჩრდილოვანი სახელმწიფო“) ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კონტექსტში პირველად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოიყენა და ამით ჩაანაცვლა მანამდე გამოყენებული ტერმინი, „გლობალური ომის პარტია“.

ასევე ნახეთ კობახიძე გლოპ-ის ნაცვლად „დიპ სტეიტზე“ საუბრობს და ტრამპს მასთან ბრძოლაში წარმატებებს უსურვებს

მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა: „ომის პარტიას ჩვენ რომ ვამბობდით, გლობალურს ვამატებდით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს გაერჩია, ვინ იყო ადგილობრივი, ლოკალური ომის პარტია – „ნაცმოძრაობა“ და მის კლასტერი, აგენტურა. გლობალური ომის პარტია – გარეთ მოქმედი დავალების მიმცემები“.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა განმარტა, რომ როდესაც „დიპ სტეიტზე“ საუბრობენ, საუბრობენ „ბიუროკრატიაში ჩაბუდებულ არაფორმალურ გავლენებზე“.

მმართველი პარტიის მესვეურები შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუარესებას „გლობალური ომის პარტიას“ აბრალებენ და აცხადებდნენ, რომ 2025 წლის 20 იანვრიდან, - არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან, - შტატების მიდგომები შეიცვლებოდა.

2024 წლის 1 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ „დროებითი მოვლენა” უწოდა აშშ-ის გადაწყვეტილებას საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ.

„როგორც იტყვის ტრამპი, იქნება ისე. მანამდე სხვა ვიღაც ამბობდა რაღაცას და იმას მიყვებოდა ჰელსინკის კომისია. რასაც იტყვის ტრამპი, იქნება ისე. ამიტომ ჩვენთვის მთავარია დონალდ ტრამპთან ურთიერთობა“, - განაცხადა მან რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს დღემდე არ ჰქონიათ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან ან მის მომავალ ადმინისტრაციასთან პირდაპირი კომუნიკაცია.

ასევე ნახეთ კობახიძე: როგორც იტყვის ტრამპი, იქნება ისე
ასევე ნახეთ მივაგენით, ვინ არის „გლობალური ომის პარტია“ და რატომ ერჩის ივანიშვილს - შეთქმულების ამ თეორიის სათავეებთან

19 დეკემბერს, გვიან საღამოს, ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი იყო, სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის („ხარებას„) მოადგილეს, მირზა კეზევაძეს. ორივე მათგანი გლობალურ „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანეს.

სამი თვით ადრე, 16 სექტემბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის, დამატებითი სავიზო შეზღუდვები დაუწესა 60-ზე მეტ პირს, მათ შორის - „ქართული ოცნების“ ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, „რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით“.

ასევე ნახეთ რით დაიწყო და როგორ გაგრძელდა "ოცნების" დასჯა - ყველაფერი ერთად სანქციებზე