მაჩალიკაშვილები: ტერორისტების მოკავშირის სახელი და სამართალი

მალხაზ მაჩალიკაშვილი

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა სუსის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის პირველი ეტაპი წააგეს. თუმცა პროცესი გრძელდება და, საჭიროების შემთხვევაში, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება.

როგორ დაერქვა ტერორისტების მოკავშირის სახელი 2017 წლის 26 დეკემბერს, სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს და რას ამბობს გამოძიება?

რა გაამთელებს „გატეხილ სახელს“?

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 თებერვალს დაადგინა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ დაურღვევია უდანაშაულობის პრეზუმფცია, როცა სხვადასხვა დროს გაკეთებულ განცხადებებში მან თემირლან მაჩალიკაშვილი ტერორისტებთან კავშირში დაადანაშაულა.

“როდესაც ჩაგვბარდება სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ და ყველა ინსტანციის გავლის შემდეგ,საჭიროების მიხედვით, გამორიცხული არ არის, რომ საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომდეც მივიდეს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტმა, მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა დავით ბერძულმა.

ასევე ნახეთ მაჩალიკაშვილის მშობლები სუს-ს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისთვის უჩივიან

​დავის მხარის პოზიცია უცვლელია. ბერძული ფიქრობს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია არაერთხელ დაირღვა, მაგალითად:

  • 2017 წლის 26 დეკემბერს გაკეთებული განცხადებით;
  • 2018 წლის 4 იანვარს გამოქვეყნებული მტკიცებულებებით;
  • და მთელ ამ საქმესთან დაკავშირებული კონტექსტის გათვალისწინებით.
ასევე ნახეთ ვახტანგ გომელაური: „პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა“

„იმ პირობებში, როდესაც გამოძიების დაწყების ეტაპზევე გაჟღერდა ისეთი ინფორმაციის შემცველი განცხადება, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას შეექმნა წარმოდგენა, რომ პირი მართლაც დამნაშავე იყო, ამით დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია“, - აცხადებს დავით ბერძული.

ამ ფაქტს ადვოკატი განსაკუთრებით საყურადღებოდ მიიჩნევს იმის გათვალისწინებით, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაცვლილია და შეუძლებელია, რომ:

„მის შესახებ წინასწარ გავრცელებული ინფორმაცია სამომავლოდ გაბათილდეს სასამართლოს გამამართლებელი განაჩენით ანდა გამოძიების პროცესში აღმოჩენილი სხვა მტკიცებულებებით“.

გამოძიება და მიუწვდომელი მასალები

ამ ეტაპზე თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით ორი სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს - განმარტავს რადიო თავისუფლებასთან მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი ქეთი ჩუთლაშვილი.

  • ​სპეცრაზმელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების საქმეს, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, პროკურატურა იძიებს;
  • სუსში მიმდინარეობს გამოძიება 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით,. რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს.
ასევე ნახეთ თემირლანის ერთი წელი და არაერთი კითხვა

„მიუხედავად იმისა, რომ თემირლანი გარდაცვლილია და ტერორიზმის მხარდაჭერის ხაზით მიმდინარე საქმეში მას არანაირი პროცესუალური სტატუსი არა აქვს - მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ და არ დაუკავებიათ, თემირლანთან დაკავშირებულ ნაწილში გამოძიება მაინც მიმდინარეობს“,- აცხადებს ქეთი ჩუთლაშვილი.

მისი თქმით, გამოძიების არშეწყვეტასთან დაკავშირებით სუსისა და პროკურატურის განმარტებები დაუსაბუთებელია.

ყველაზე მთავარ პრობლემა კი, მისი თქმით, ის არის, რომ "დაცვის მხარეს საქმის მასალებზე წვდომა არა აქვს და თემირლანი პრაქტიკულად დაუცველი რჩება."

  • „რადგან მასალებზე არ გვაქვს წვდომა, არ ვიცით თემირლანთან დაკავშირებით რა მასალები აქვს სუსს“;
  • „რაღაც მასალები (ფოტო თუ ვიდეო) პერიოდულად ვრცელდება მედიაში, მაგრამ ისინი ცალმხრივია და არცერთი მათგანი პირდაპირ არ ადასტურებს თემირლანის კავშირს ტერორიზმთან“.
ასევე ნახეთ მალხაზ მაჩალიკაშვილი: ამ დასკვნით გამოჩნდა, თემირლანი იწვა, თემირლანს თავი არ აქვს წამოწეული

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს დღემდე არ მიუღია დაზარალებულის სტატუსი. ოჯახმა პროკურატურისგან საბოლოო უარი მიიღო და ეს საქმეც მალე გაიგზავნება სტრასბურგის სასამართლოში. ამ მიმართულებითაც EMC მუშაობს.