2025 წლის 15 იანვარს, აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენაზე მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ის თავადაც არაერთხელ ყოფილა უცხოური დეზინფორმაციის სამიზნე „მრავალი ქვეყნის მხრიდან“.
„დროთა განმავლობაში ვისწავლე, რომ დეზინფორმაციასთან დაპირისპირების საუკეთესო გზა არის თავისუფალი სიტყვის მხარდაჭერა, რათა საპირისპირო მოსაზრებები და შეხედულებები იქნას მოსმენილი და გაგებული“, - განაცხადა მან.
მომავალმა სახელმწიფო მდივანმა, დეზინფორმაციასთან ერთად, ისაუბრა აშშ-ის წინააღმდეგ მოქმედი შეთქმულების თეორიების შესახებ.
„სხვათა შორის, [პრობლემა] მხოლოდ დეზინფორმაცია არ არის. [პრობლემაა] შეთქმულების თეორიების პროპაგანდა სხვა ქვეყნებს შიგნით, - რაც გავლენას ახდენს სხვა ქვეყნების შეხედულებებზე შეერთებული შტატების შესახებ, - რაც ჩვენ ძირს გვითხრის, ძირს უთხრის ჩვენს პოზიციას, მაგალითად, აფრიკაში. ამას ასევე ვხედავთ დასავლეთ ნახევარსფეროში“, - განაცხადა რუბიომ.
მან ისაუბრა აშშ-ის შესახებ დეზინფორმაციასთან და შეთქმულების თეორიებთან ბრძოლის გზაზეც: „ერთ-ერთი საუკეთესო გზა არის, ჩანდე, ადგილზე იყო, რათა აჩვენო, რას ვაკეთებთ და დავიკვეხნოთ იმით, რასაც ვაკეთებთ“.
„რაც ყველაზე მეტად მაწუხებს: არსებობს პროგრამები, რასაც USAID-ი, - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო - [აფინანსებს], მაგრამ ჩვენ არ გვაძლევენ უფლებას, რომ მივუთითოთ, „დამზადებულია ამერიკაში“, ან „საჩუქრად ამერიკელი ხალხისაგან“, რადგან ლოკალურ დონეზე ვიღაცა შეიძლება ამით შეურაცხყოფილი დარჩეს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, მსოფლიომ იცოდეს, რას აკეთებს შეერთებული შტატები მათი საზოგადოებების მხარდასაჭერად. ჩვენ საკმარისად კარგად არ ვუწევთ პოპულარიზაციას იმას, თუ რა გვიკეთებია წლების განმავლობაში და რასაც ვაგრძელებთ მსოფლიოს გარშემო ადამიანების დასახმარებლად“, - განაცხადა მარკო რუბიომ.
ასევე ნახეთ მარკო რუბიო: ომის დასრულებისთვის უკრაინასაც და რუსეთსაც მოუწევთ დათმობამარკო რუბიო აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი კანდიდატია. რუბიო, რომელიც კუბელი ემიგრანტების შთამომავალია, 2011 წლიდან არის ფლორიდის სენატორი.
2016 წელს რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის ნომინაციის მოპოვებაც სცადა, თუმცა მაშინ დონალდ ტრამპმა დაამარცხა. საარჩევნო კამპანიისას ტრამპი და რუბიო ერთმანეთის მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისგან თავს არ იკავებდნენ, თუმცა ბოლო წლებში მათი ურთიერთობა გაუმჯობესდა.
მარკო რუბიო დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა საგარეო პოლიტიკის „ქორად“, ანუ ისეთ პოლიტიკოსად, რომელიც ამერიკის აქტიურ ჩართულობას ემხრობა საერთაშორისო არენაზე.
ის წლების განმავლობაში კრიტიკული იყო რუსეთის მიმართ და განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა საქართველოსადმი. ოგვიანებით, ანალიტიკოსების თანახმად, მარკო რუბიოს ხისტი პოზიციები შერბილდა. 2024 წლის აპრილში ის იმ 15 რესპუბლიკელ სენატორს შორის იყო, რომლებმაც უკრაინისთვის $95-მილიარდიანი სამხედრო დახმარების წინააღმდეგ მისცეს ხმა.
ასევე ნახეთ ტრამპის საგარეო პოლიტიკის გუნდის კონტურები იკვეთება - რას ველოდოთ?ბოლო სამი წელია, საქართველოს მმართველი „ქართული ოცნება“ ავითარებს შეთქმულების თეორიას „გლობალური ომის პარტიაზე“.
შეთქმულების თეორიის თანახმად, გლოპ-ს დამყარებული აქვს კონტროლი აშშ-ის ხელისუფლებასა და ევროკავშირზე და საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვას ცდილობს; იგი „მარიონეტული“ „აგენტოკრატიის“ დახმარებით მართავდა 2003-12 წლებში საქართველოს, დღემდე ემტერება ბიძინა ივანიშვილს და ცდილობს, ძალით ჩამოაშოროს მისი „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას.
დონალდ ტრამპის ინაუგურაციის მოახლოებასთან ერთად, „ქართულმა ოცნებამ“ ტერმინი „გლობალური ომის პარტია“ ჩაანაცვლა „დიპ სტეიტით“, - ანალიტიკოსების თანახმად, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტისთვის უფრო გასაგები ფრაზით.
ასევე ნახეთ „დიპ სტეიტი“ - რა დგას „ოცნების“ ახალი გზავნილის მიღმაასევე ნახეთ „ოცნება“ ილუზიების ტყვეობაშია და მალე უხეშად „შეაღვიძებენ“ - ტომ როგანი