მონტენეგროში სიტუაცია კვლავინდებურად დაძაბული რჩება მას შემდეგ, რაც ქვეყნის სამართალდამცველმა ძალებმა სულ ცოტა 60 კაცი დააკავეს წუხანდელი არეულობის შემდეგ. ქალაქებში ნიკშიჩსა და პლევლეში დემონსტრანტები პოლიციას დაუპირისპირდნენ მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა კარანტინის წესების დარღვევისთვის სერბი მართლმადიდებელი სასულიერო პირები დააკავეს.
მეზობელ მონტენეგროში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა სერბეთის ხელისუფლება, რომელმაც მწვავედ გააკრიტიკა სერბი მართლმადიდებელი სასულიერო პირების დაკავება, ევროკავშირმა კი დაპირისპირებულ მხარეებს თავშეკავებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემისკენ მოუწოდა.
სერბი ეპისკოპოსის დაუმორჩილებლობა
12 მაისს ქალაქ ნიკშიჩში, დაახლოებით, ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა სერბეთის ერთ-ერთი უდიდესი წმინდანის, ვასილი ოსტროჟელის, ხსოვნისადმი მიძღვნილ მსვლელობაში, რომელიც მონტენეგროში მოქმედი კარანტინის წესების დარღვევით გაიმართა.
გარდა იმისა, რომ კორონავირუსის წინააღმდე მიმართული საგანგებო წესებით მონტენეგროში აკრძალულია მასობრივი თავყრილობები, გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, რომ მსვლელობაში მონაწილეებს არ უკეთიათ პირბადეები და არ იცავენ ფიზიკურ დისტანციას.
სერბი მართლმადიდებლების მსვლელობა ორგანიზებული იყო ბუდიმლიან-ნიკშიჩის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსის, იოანიკისა, და კიდევ რამდენიმე სასულიერო პირის მიერ, რომლებიც პოლიციამ დააკავა საკარანტინო წესების დარღვევის გამო.
„სასულიერო პირები ბრალდებულნი არიან სისხლის სამართლის დანაშაულში, რაც საშიში ინფექცური დაავადების პროფილაქტიკის მიზნით დაწესებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის წესების დარღვევაში გამოიხატება“, - ნათქვამია მონტენეგროს საოლქო პროკურორის, სტევო სეკარიჩის, განცხადებაში.
13 მაისის საღამოს ნიკშიჩის უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან, სადაც დაკავებული 8 სასულიერო პირი მიიყვანეს, რამდენიმე ასეული კაცი შეიკრიბა. მათ გადაკეტეს ქალაქის ცენტრალური გზა და მოითხოვდნენ სასულიერო პირების გათავისუფლებას.
ძალიან მალე აქცია დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებაში გადაიზარდა.
იგივე განმეორდა ქალაქ პლევლეში. ორივეგან აგრესიული ბრბო სამართალდამცველებს უშენდა ქვებს, ბოთლებსა და პეტარდებს. პოლიციას ძალადობის შესაჩერებლად ცრემლმდენი გაზისა და ხმოვანი ბომბების გამოყენება მოუხდა, მოგვიანებით კი სპეცდანიშნულების ნაწილის დახმარებით სამართალდამცველებმა არეულობაში მონაწილე 60 პირი დააკავეს.
მონტენეგროს პოლიციის ცნობით, არეულობის დროს 26 სამართალდამცველი დაშავდა. ერთის მდგომარეობა მძიმეა და იგი კვლავ საავადმყოფოშ რჩება.
რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის ცნობით, დემონსტრაციის დაშლის დროს პოლიციამ დააკავა ასევე Vecernji novosti-ის ჟურნალისტი, ვესილა კადიჩი, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ პოლიციამ დაარღვია კანონი და ხელს უშლიდა მას ჟურნალისტურ საქმიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცველებს წარუდგინა ჟურნალისტის მოწმობა.
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ცენტრი“ მოითხოვს, რომ შეისწავლონ, გადაამეტა თუ არა ძალა პოლიციამ ჟურნალისტ კადიჩის წინააღმდეგ.
ბელგრადისა და სერბეთის ეკლესიის რეაქცია
ბელგრადი უმალ გამოეხმაურა 13 მაისს მომხდარ დაპირისპირებას მონტენეგროში და დაგმო 8 სერბი მართლმადიდებელი სასულიერო პირის დაკავება. სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა, და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ირინეიმ, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც იმედი გამოთქვეს, რომ „სასულიერო პირების დაპატიმრება არ გადაიზრდება არასასურველ დაპირისპირებასა და არეულობაში“.
ამასთან, ალექსანდარ ვუჩიჩმა დასძინა, რომ ეპისკოპოსი იოანიკი და სხვა დაკავებული სასულიერო პირები ძალიან სწრაფად უნდა გათავისუფლდნენ.
ბევრად უფრო რადიკალური იყო სერბეთის თავდაცვის მინისტრი, ალექსანდრ ვულინი, რომელმაც განაცხადა, რომ მონტენეგროს ხელისუფლება შეგნებულად ძაბავს ურთიერთობას სერბეთთან.
„მონტენეგროს ხელისუფლებამ დააპატიმრა ეპისკოპოსი იოანიკი. ის რომ არ ყოფილიყო სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი, მას არ დააპატიმრებდნენ. საწყენია, რომ ეპისკოპოსი იოანიკი ისე მოიტაცეს და დააპატიმრეს, თითქოს ისსიგარეტის კონტრაბანდისტი ყოფილიყოს და არა სასულიერო პირი“, - განაცხადა სერბეთის თავდაცვის მინისტრმა.
მონტენეგროში სერბეთის ეკლესიის ყველაზე უფრო მაღალმა იერარქმა, მიტროპილიტმა ამფილოქიმ, მოუწოდა მონტენეგროს ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლად გააათავისუფლოს საპატიმროდან უდანაშაულო ეპისკოპოსი და 7 სასულიერო პირი.
„მოვუწოდებ მონტენეგროს ხელისუფლებას, რომ ბოროტად არ გამოიყენოს ძალა ხალხის წინაღმდეგ. ამავე დროს, მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ თავისი საქციელით არ მოახდინოს ხელისუფლების პროვოცირება, არამედ, განსხვავებულობის მიუხედავად, გაერთიანდეს ძმური კავშირით“, - ნათქვამია მიტროპოლიტ ამფილოქის მიმართვაში.
კარანტინის წესების დარღვევით მასობრივი მსვლელობის ორგანიზების მუხლით დაკავებულ სერბ მართლმადიდებელ სასულიერო პირებს 72-საათიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. ჩადენილი დანაშაული 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მონტენეგროს პოლიციამ განაცხადა, რომ ისინი ეფექტიანად იმოქმედებენ ყველა სახის ძალადობის წინააღმდეგ.
მონტენეგროს წინააღმდეგ მიმართული სერიოზული ქმედება
ნიკშიჩსა და პლევლეში მომხდარი ძალადობის შემდეგ მოსახლეობისადმი საგანგებო მიმართვა გაავრცელა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა, დუშო მარკოვიჩმა, რომელმაც ამ ქმედებას უწოდა რელიგიური თავისუფლების დაცვის საფარქვეშ მონტენეგროს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება.
„ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა სასტიკი ზეწოლის ქვეშ, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს გაუთვალისწინებელი შედეგი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისათვის. საფრთხე ემუქრება მთელ იმ შრომას, რაც ჩვენ ამ სამი თვის განმავლობაში გავწიეთ. არავითარი გონიერი ახსნა არ მოეძებნება ამ აქციის მონაწილეთა ქმედებას“, - განაცხადა დუშკა მარკოვიჩმა.
ამასთან, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტის, ამფილოქისათვის მიცემული პირობა, რომ წმინდა ვასილი ოსტროჟელის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიების დროს ორგანიზატორებს მკაცრად უნდა დაეცვათ ექიმების ინსტრუქცია.
„რატომ არ დაიცვა სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ეს პირობა? რატომ აღმოჩნდა მისი ინტერესი მოსახლეობის ინტერესის საწინააღმდეგო და რატომ დაემთხვა ის სხვა ძალების ინტერესს?“- რიტორიკულად იკითხა თავის მიმართვაში მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა.
მას მხედველობაში ჰქონდა მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცეში კვირას, 10 მაისს, გამართული მცირერიცხოვანი აქცია, რომელიც პრორუსულად განწყობილი საპარლამენტო დეპუტატის, „ერთიანი მონტენეგროს“ UCG-ს ლიდერის, გორან დანილოვიჩის მიერ იყო ორგანიზებული. მაგრამ გაირკვა, რომ ჰქონდა ფარული დღის წესრიგიც - კერძოდ, მონტენეგროში მოქმედი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვა.
გორან დანილოვიჩი, მონტენეგროს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, წინააღმდეგია ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისა და მხარს უჭერს რუსეთთან ბალკანეთის ამ მცირერიცხოვანი ქვეყნის მჭიდრო ურთიერთობას.
მონტენეგროში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც გასული წლის ბოლოს ქვეყნის პარლამენტმა მიიღო სადავოდქცეული კანონპროექტი „რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს რელიგიური ორგანიზაციების ხელთ არსებული იმ ობიექტებისა და მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნებას, რომლებიც მათ არ ეკუთვნოდათ 1918 წლის 1 დეკემბრამდე.
ასევე ნახეთ სერბეთის პრეზიდენტი მონტენეგროში აღარ ჩავა რელიგიის უფლებების კანონის გარშემო დავის გამოსერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნევს, რომ კანონი მის წინააღმდეგ არის მიმართული და ისდისკრიმინაციულია, რადგან შიშობს, რომ მის საფუძველზე ჩამოართმევენ მონტენეგროს ტერიტორიაზე არსებულ მონასტრებსა და ტაძრებს.
მონტენეგროს მთავრობაში ასეთ განზრახვას უარყოფენ, მაგრამ მანამდე ქვეყნის პრეზიდენტმა, მილო ჯუკანოვიჩმა, არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მაგალითზე მხარს უჭერს მონტენეგროს დამოუკიდებელი ეკლესიის შექმნას.
ამ კანონის გამო სერბეთსა და მონტენეგროს შორის ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა, გააუქმა იანვრის დასაწყისში დაგეგმილი ვიზიტი მონტენეგროში.
ნატოს წევრ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ მონტენეგროში 12 მაისს მომხდარ ძალადობას და დაპირისპირებას გამოეხმაურა ევროკავშირი, რომელმაც მხარეებს მოუწოდა გამოიჩინონ თავშეკავება და პატივი სცენ კანონის უზენაესობას.
„ევროკავშირი მოუწოდებს მონტენეგროს ხელისუფლებას უზრუნველყოს სწორი ბალანსი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების მხარდაჭერასა და პროპორციულ ქმედებებს შორის“, - განაცხადა ევროკომიის პრესმდივანმა, ანი პიზონერომ.