მამუკა მამულაშვილი: რუსებისთვის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ვართ

მამუკა მამულაშვილი, უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაური

უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა უარყო და რუსეთის მხრიდან გავრცელებული მორიგი „ფეიკი“ უწოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 24 აპრილის ცნობას, რომლის თანახმად, „ისკანდერის“ ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში „ქართული ლეგიონის“ 60 მებრძოლი განადგურდა. რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, „ისკანდერის“ იერიში 21 აპრილს განხორციელდა „ქართული ლეგიონის“ დისლოკაციის ადგილზე.

22 აპრილს კი უკრაინაში მებრძოლ ერთ-ერთ უძველეს და უდიდეს უცხოელ მოხალისეთა დანაყოფ „ქართულ ლეგიონს“ დაარსების მე-9 წლისთავი შეუსრულდა.

„ეს არის კიდევ ერთი ფეიკი, რაც, ალბათ, ემსახურება საკუთარი ჯარის მოტივაციის ამაღლებას, იმიტომ რომ ერთ-ერთი პირველადი მიზანი ვართ რუსებისთვის და ცდილობენ, რომ რამენაირად რომელიმე დანაყოფი მაინც გაანადგურონ. თანაც მათ იციან, რომ 22 აპრილი „ქართული ლეგიონის“ დღეა და ამიტომ კიდევ ერთი ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს“, - უთხრა მამუკა მამულაშვილმა რადიო თავისუფლებას.

რაც უფრო ძლიერდება მოსკოვის მხრიდან „ქართული ლეგიონის“ დისკრედიტაციისა თუ მისი წევრების ფიზიკური განადგურების მცდელობები, მით უფრო ძლიერდება დანაყოფის მებრძოლთა მოტივაცია და ქართველი მოხალისეების ავტორიტეტი როგორც უკრაინის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ, რაზეც „ქართული ლეგიონის“ რიგების ზრდაც მოწმობს.

დეზინფორმაცია, რომელსაც რუსული პროპაგანდა იმეორებს

„ქართული ლეგიონის“ მებრძოლების რამდენიმე ჯგუფი, სარდლობის დავალებას უკრაინის ფრონტის სხვადასხვა ცხელ წერტილში - ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებაზე ასრულებს, მაგრამ, როგორც მამუკა მამულაშვილი ამბობს, ქალაქ კონსტანტინოვკაში დანაყოფის მებრძოლები არ იმყოფებიან და არც სხვა მიმართულებაზე განხორციელებულა მის თანამებრძოლებზე გამანადგურებელი შეტევა.

„მართალია „ისკანდერის“ სისტემის რაკეტაც მოფრენილა ჩვენს პოზიციაზე, სურათიც მქონდა მე გამოქვეყნებული [ფეისბუკის გვერდზე], მაგრამ ამ შემთხვევაში ესაა ყალბი ინფორმაცია, რასაც რუსეთი ავრცელებს. ჩემ წინააღმდეგ მე-8 საქმეა აღძრული რუსეთში, ასე რომ, მსგავს ინფორმაციაზე არანაირი შეგრძნება არ მაქვს. უბრალოდ ცდილობენ, რომ ყველანაირი მეთოდებით გვებრძოლონ და ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ გამოუძახეს პოლიციას“, - ხუმრობს მამუკა მამულაშვილი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ ოპერატიულ-ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექს „ისკანდერიდან“ 21 აპრილს დაბომბეს ქალაქ კონსტანტინოვკის ბიბლიოთეკა, რომელსაც თავს აფარებდნენ უცხოელი დაქირავებულები. იერიშის შედეგად განადგურდა „ქართული ლეგიონის“ 60 „ბოევიკი“ და 15 ერთეული სამხედრო ტექნიკა. კიდევ 20 დაქირავებული კი მძიმედ დაიჭრა.

მამუკა მამულაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ზუსტად მსგავსი შინაარსის დეზინფორმაცია რუსეთის სამხედრო უწყებამ „ქართული ლეგიონის“ წევრებზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ გასული წლის ივნისის ბოლოსაც განაცხადა.

ასევე ნახეთ უკრაინაში ქართველი მებრძოლების განადგურების შესახებ ცნობას “ქართული ლეგიონის” მეთაური დეზინფორმაციას უწოდებს

მაშინ "რია ნოვოსტი" რუსეთის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერდა, რომ "განადგურებულ", "დაქირავებულ მებრძოლებს" შორის იყვნენ "ქართული ლეგიონის" ის წევრები, რომლებიც „მარტის დასაწყისში კიევთან რუსი სამხედროების სასტიკ წამებასა და მკვლელობაში მონაწილეობდნენ“.

ამა წლის 24 აპრილს. რუსეთის სამხედრო უწყებაზე დაყრდნობით გავრცელებულ ცნობაში ასევე ხაზგასმულია, რომ ქალაქ კონსტანტინოვკაში დახოცილთა შორის არიან ის ბოევიკებიც, რომლებიც კიევის ოლქში რუსი სამხედროების სასტიკ წამებასა და მკვლელობაში მონაწილეობდნენ.

უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ სიმბოლიკა

ტყუილია ეს ინფორმაცია, არც "ქართული ლეგიონის" წევრები, არც სხვა ქართველი მებრძოლები და არც უცხოელი მოხალისეები ამ დასახელებულ ადგილას არ იბრძვიან და დეზინფორმაციაა გავრცელებული ცნობა“, - უთხრა მამუკა მამულაშვილმა რადიო თავისუფლებას.

„ქართული ლეგიონის“ მეთაური ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან ამ „ფეიკებს“ უკვე მიეჩვია. მით უფრო, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმა თავის უწყებას „ქართული ლეგიონის“ მეთაურის მამუკა მამულაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაც დაავალა.

ერთ-ერთ ინტერვიუზე დაყრდნობით, რუსეთის საგამოძიებო უწყებამ მამულაშვილი დაადანაშაულა უკრაინაში მიმდინარე „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილე რუსეთის ჯარისკაცების წინააღმდეგ დესტრუქციული და ძალადობრივი მოქმედებისკენ მოწოდებაში, მათ განადგურებამდე.

ასევე ნახეთ რუსეთმა მამუკა მამულაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

მამულაშვილი აცხადებს, რომ საგამოძიებო კომიტეტის გაცხადებაში მოყვანილი, თითქოს მის მიერ რუს ტყვეებთან დაკავშირებით ნათქვამი სიტყვები, არსად და არასოდეს უთქვამს და რუსეთის პროპაგანდამ მისი ფრაზა კონტექსტიდან ამოგლიჯა.

„კონტექსტი სულ სხვა იყო მაგ შემთხვევაში, სამწუხაროდ, მოხდა ფრაზების ამოღება, რაც სჩვევია რუსულ პროპაგანდას. მე ვთქვი, რომ „ქართული ლეგიონი“ არ არის სამხედრო პოლიცია და არ არის დაკავებული ტყვეების აყვანით; ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ტყვეები შევინახოთ და ნაწილში გვყავდეს და სწორედ ამ კონტექსტში იყო ეს ფრაზა ნათქვამი. მაგრამ, რა თქმა უნდა, რუსულმა მედიამ ეს ყველაფერი გაბერა და ცდილობენ სამხედრო დამნაშავეებად გამოგვაცხადონ, გამოგვაცხადეს კიდეც. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ „ქართული ლეგიონი“ არის ფაქტობრივად პირველი დანაყოფი უკრაინაში, რომელსაც ისეთ ორგანიზაციასთან აქვს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი, როგორიცაა Geneva Call-ი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც აკონტროლებენ ომების წესებს“, - ამბობს მამუკა მამულაშვილი.

„ქართული ლეგიონის“ მეთაური დარწმუნებულია, რომ რუსეთის მხარემ ასეთი დეზინფორმაცია სპეციალურად შეთხზა და ის დაამთხვია ავტორიტეტული დანაყოფის შექმნის მე-9 წლისთავს, როდესაც დანაყოფის სახელზე მსოფლიოდან უამრავი მოსალოცი მოდის და რამდენიმე გამორჩეული მებრძოლი უკრაინის ხელისუფლებამ ჯილდოზეც წარადგინა.

„ვემსახურებით არა მხოლოდ საქართველოს და უკრაინას, არამედ დემოკრატიულ პრინციპებს“

„არსებობის 9 წლის თავზე „ქართული ლეგიონი“ დღეს არის ყველაზე დიდი უცხოური შენაერთი და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში და მოწინააღმდეგეს საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს ყოველდღიურად. აქედან გამომდინარე, ძალიან გაღიზიანებულები არიან და ცდილობენ, რომ ასეთი ფეიკებით მოტივაცია აუმაღლონ თავის ჯარს“, - ამბობს მამუკა მამულაშვილი და დასძენს, რომ „ქართული ლეგიონი“ არა მხოლოდ საქართველოს და უკრაინის, არამედ დემოკრატიული პრინციპების დაცვასაც ემსახურება“.

ამჟამად მთელ უკრაინასა და მის საზღვრებს გარეთ ცნობილი სამხედრო მეთაური 14 წლის იყო, როდესაც 1992 წელს მამას, გენერალ ზურაბ მამულაშვილს გაჰყვა სოხუმში და იქ სოხუმჰესის დაცვის დროს მასა და სხვა მებრძოლებთან ერთად სეპარატისტებმა ტყვედ აიყვანეს.

იმ დღიდან მოყოლებული, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლა მამუკა მამულაშვილის ცხოვრების კრედოდ იქცა. როდესაც 2014 წელს რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დონბასელმა სეპარატისტებმა ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება წამოიწყეს, მამუკა მამულაშვილმა რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად უკრაინაში მოხალისეთა რაზმი „ქართული ლეგიონი“ შექმნა.

„ქართული ლეგიონი“ არასოდეს დაიშლება, „ქართული ლეგიონი“ იბრძოლებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც ეს დასჭირდებათ იმ ადამიანებს, ვინც კიდევ ერთხელ იგემებს რუსულ აგრესიას“, - ამბობს მამუკა მამულაშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ამ ზაფხულს დაიწყება უკრაინის დეოკუპაცია. „ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა რაოდენობის შეტევითი სახის იარაღი გვექნება კონტრიერიშის დაწყებისთვის“.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან „ქართულ ლეგიონს“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ემატებიან პროფესიონალები. მამუკა მამულაშვილის თქმით, მთლიანობაში „ქართულ ლეგიონში“ ამჟამად 1000-ზე მეტი, სხვადასხვა ეროვნების მოხალისეა გაერთიანებული.

"ქართული ლეგიონის" წვრთნის პროცესი

„30-ზე მეტი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელია „ქართულ ლეგიონში“, ყველაზე მეტი ბრიტანელი და ამერიკელი სამხედროა, იაპონიის ჯარის 8 წარმომადგენელიც მსახურობს. ასე რომ, მრავალფეროვანი დანაყოფი გვაქვს და ყველა წარმოადგენს თავისი ჯარის პროფესიულ გამოცდილებას და ამ ყველაფრის შერწყმა არის ზუსტად „ქართული ლეგიონი“, - ამბობს მამუკა მამულაშვილი.

9 წლის ისტორიის მქონე დანაყოფში არასამხედრო სპეციალობის პროფესიონალებიც მსახურობენ.

„საბრძოლო გამოცდილებას ექცევა ყველაზე დიდი ყურადღება. თუმცა არის გამონაკლისები, როდესაც ადამიანს აქვს გამოცდილება იმ მიმართულებით, რაც „ქართულ ლეგიონს“ ესაჭიროება. მაგალითად, გვყავს IT-სპეციალისტები, რომლებიც არ არიან პროფესიონალი სამხედროები, მაგრამ წარმოადგენენ „ქართულ ლეგიონს“, ასევე ლოგისტიკის სპეციალისტები, რომლებიც თავ-თავიანთი მიმართულებით მუშაობენ ჩვენი ქვედანაყოფის გასაძლიერებლად“, - ამბობს მამულაშვილი, რომელსაც 22 აპრილს ბევრმა ადამიანმა მოულოცა ქვედანაყოფის დაარსების დღე და მრავალ ტოქშოუშიც იყო მიწვეული სტუმრად.

„ქართული ლეგიონი“ არის საქართველოს სახელი და ამიტომ ჰქვია მას „ქართული“. მისი როლი როგორც ფრონტზე, ისე სხვადასხვა უკრაინული დანაყოფების მომზადებაში, ძალიან დიდია. ისინი წარმატებით ებრძვიან მტრებს და ამიტომ „ქართული ლეგიონის“ არსებობა არის კარგი საქართველოსთვის და უკრაინისთვის“, - ამბობს ლადო გამსახურდია, უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი მრავალეროვანი მოხალისეთა დანაყოფის - „კავკასიის ლეგიონის“ მეთაური.

„ქართულმა ლეგიონმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უკრაინის გაძლიერებაში“

„ქართულ ლეგიონს“ მაღალ შეფასებას აძლევენ უკრაინელი პოლიტიკოსები და სამხედრო ექსპერტები.

რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის არმიისა და უკრაინელი ხალხის ბრძოლაში „ქართული ლეგიონის“ წვლილს „ფასდაუდებელს“ უწოდებს მიხაილო სამუსი.

„მე მიმაჩნია, რომ „ქართულმა ლეგიონმა“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უკრაინის შესაძლებლობის გაძლიერებაში, წინ აღდგომოდა რუსეთის ფართომასშტაბიან აგრესიას. რადგან პირველივე წუთებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორედ ომისთვის მზადყოფნის დემონსტრირება, როდესაც რუსეთი ცდილობდა ფსიქოლოგიურად გაეტეხა უკრაინა. და ამ პირველ წუთებსა და პირველ დღეებში სწორედ „ქართული ლეგიონი“ დადგა უკრაინელ სამხედროებთან ერთად ქვეყნის დასაცავად. ამან ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შემდგომში, როდესაც უკრაინამ, თავის მოკავშირეებთან ერთად, უკუაგდო რუსი დამპყრობლები უკრაინის დედაქალაქ კიევის იქით და დაიწყო საკუთარი მიწების გათავისუფლება. ვიმედოვნებ, რომ უკრაინელი და ქართველი ხალხი კვლავაც წარმატებით იბრძოლებენ რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, საბოლოო გამარჯვებამდე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა მიხაილო სამუსმა.

„ქართულ ლეგიონს“ ქართველი ერის საუკეთესო წარმომადგენლებისგან შემდგარ ქვედანაყოფს უწოდებს უკრაინის ვერხოვნა რადის დეპუტატი, ოლექსეი ჰონჩარენკო.

„ისინი დღეს იბრძვიან არა მხოლოდ უკრაინისათვის, არამედ საქართველოს მომავლისთვის. მათ ბრწყინვალედ ესმით, რომ უკრაინის გამარჯვება, ეს საქართველოს გამარჯვებაა და, ღმერთმა არ ქნას, უკრაინის დამარცხება, საქართველოს დამარცხებაც იქნება. ისინი ნამდვილი გმირები არიან“, - უთხრა ჰონჩარენკომ რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტს „ქართულმა ლეგიონმა“, ერთ-ერთმა პირველმა, 2016 წელს მოაწერა ხელი. ეს დასტურდება უკრაინული წყაროებითაც. მეთაური, მამუკა მამულაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დღეს უკრაინული ჯარის „ყველაზე დიდი უცხოური დანაყოფი 1300 სამხედროს აერთიანებს“.

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, „ქართული ლეგიონი“ 54-ე ბრიგადის შემადგენლობაში შედიოდა, რომელიც 2017 წლის დეკემბერში ხელმძღვანელებთან შეუთანხმებლობისა და პროტესტის ნიშნად დატოვა. ამჟამად „ქართული ლეგიონი”, როგორც აცხადებენ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ექვემდებარება.

„ასე მოულოდნელად გავხდი ამ სიბერეში არტილერისტი“

უკრაინაში მეომარი უცხოელი მოხალისეების ანაზღაურება, „ნიუ-იორკ ტაიმსის“ თანახმად, 630$-ის ეკვივალენტია გრივნებში ყოველთვიურად და ბონუსების დამატების შემდეგ - „შეიძლება თვეში რამდენიმე ათასი დოლარიც შეადგინოს“.

ასევე ნახეთ ქართველი მეომრები უკრაინაში - ვინ უხდის, რაში და რამდენს?

უკრაინაში მეომრებს სხვადასხვა მატერიალურ თუ ნივთიერ დახმარებას უწევენ საქველმოქმედო ორგანიზაციები თუ კერძო პირები. მათი უმრავლესობა ანონიმად რჩება. რადიო თავისუფლების ქართული სამსახური ესაუბრა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ მეცნიერს, რომელიც მეგობრებთან ერთად ეხმარება „ქართულ ლეგიონს“.

„როდესაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი დაიწყო, მინდოდა, რომ რაღაცნაირად გვერდში დავდგომოდი იმ ჩვენ ბიჭებს, რომლებიც 2014 წლიდან უკრაინაში იბრძვიან და რომლებიც უკვე ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი კულტურის ნაწილი არიან. ამიტომ მე და ჩემმა მეგობრებმა (ათ კაცზე მეტმა) შევაგროვეთ ფული და დავეხმარეთ „ქართულ ლეგიონს“. მაგრამ მე მგონია, რომ ფინანსურ სახსრებზე უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ადამიანებმა გამოვხატეთ პატივისცემა და გვერდში დგომა ამ თავდადებული ბიჭების მიმართ, რომლებიც ყველა ჩვენგანის საქმეს აკეთებენ: ებრძოდნენ და ებრძვიან ამ ბოროტებას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გერმანიაში მცხოვრებმა ფიზიკოსმა, ირაკლი ქეშელაშვილმა.

თავად „ქართული ლეგიონის“ არც ხელმძღვანელობას და არც რიგით შემადგენლობას არ უყვარს ფინანსურ მოტივაციაზე კითხვები. ისინი ამბობენ, რომ აერთიანებთ ბრძოლა უკრაინისთვის, რაც, მათთვის საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლასაც ნიშნავს.

„ზუსტად ერთი წლის წინ გავხდი „ქართული ლეგიონის“ წევრი. აქ რომ ჩამოვედი, შემთხვევით ვნახე მიხეილ ქამხაძე, ქართველი არტილერისტი, რომელიც ქართველ ბიჭებს ამზადებდა და მივხვდი, რომ ეს საჩემო საქმე იყო, ვინაიდან [სტუდენტობის დროს] სამშენებლოზე ვსწავლობდი და გარდა ამისა, მათემატიკა მიყვარს და მივხვდი, რომ ძალიან სწრაფად გავაკეთებდი იმ ოპერაციებსა და მოქმედებებს, რასაც მიხეილი პოლიგონზე აკეთებინებდა და ასწავლიდა ქართველებს“, - უთხრა კობა ხაბაზმა რადიო თავისუფლებას.

ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან ქართული პოლიტიკის ვეტერანი და საქართველოს პარლამენტის რამდენიმე მოწვევის დეპუტატი, უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ რიგით წევრად უკვე მთელი წლის განმავლობაში იბრძვის.

„პოლიტიკაში ყოფნის მრავალი წლის შემდეგ და ასე მოულოდნელად გავხდი ამ სიბერეში არტილერისტი. ძალიან მიყვარს აქ ყველა, მიყვარს ჩვენი ბიჭები, მიყვარს ჩვენი მებრძოლები, რადგან საოცარი სული, საოცარი გულია აქ „ქართულ ლეგიონში“ და ყველა ქართველი, ვინც აქ არის, უკლებლივ ყველა ცოცხლობს საქართველოსთვის, ფიქრობს საქართველოზე და ოცნებობს იმაზე, რომ საქართველო აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი, მძლავრი სახელმწიფო“, - ამბობს კობა ხაბაზი.