26 მაისი - რას ინახავს ბათუმის მეხსიერება

ბათუმი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქუჩებში ზეიმით არც ბათუმში აღუნიშნავთ. კორონავირუსის პანდემიამ წლების განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიცია შეცვალა.

ბათუმელებმა სახლებიდან სახელმწიფო დროშები გადმოფინეს. ნატა იმედაიშვილის ოჯახში სხვადასხვა ისტორიის მქონე საქართველოს ხუთჯვრიანი დროშები ინახება. მათ შორისაა 2008 წელს, რუსეთ- საქართველოს ომში ნამყოფი და 2004 წლის „აჭარის რევოლუციის“ დროინდელი დროშები. დღეს ნატამ აივნიდან გადმოფინა უკრაინის ერთიანობისთვის ბრძოლაში ნამყოფი საქართველოს დროშა, რომელიც ოჯახს ერთ-ერთმა ქართველმა მეომარმა აჩუქა.

„ყოველ წელიწადს დროშის გადმოფენა ჩემთვის განსაკუთრებული ტრადიციაა. დღეს არ გავსულვარ ბათუმის ქუჩებში და თუ ადამიანებს დროშები არ აქვთ გადმოფენილი, ძალიან დამწყდება გული. მინდა, რომ ეს მართლა იყოს ეროვნული დღესასწაული და ყველას გვიხაროდეს. გარეგნულადაც ეტყობოდეს ჩვენს ქალაქს, ჩვენს სახლებს და გულებს“,- გვითხრა ნატა იმედაიშვილმა.

აქ ჩატარდა საბჭოთა იმპერიის ისტორიაში ერთ ერთი ყველაზე დიდი მიტინგი. ეს მთელი ტერიტორია ხალხით იყო სავსე. მაშინ ქართველები იბრძოდნენ იმისათვის, რომ ქართული ენა ჩაწერილიყო საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში.
ირაკლი ჩავლეიშვილი

თუმცა, იყო დრო, როდესაც 26 მაისის, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შესახებ ბათუმში უმრავლესობამ არაფერი იცოდა. არქეოლოგი, ეროვნული მოძრაობის წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი იხსენებს, რომ საბჭოთა პერიოდში, 1978 წლის 26 მაისს ბათუმში, ქართული ენის დასაცავად ჩატარდა ყველაზე ხალმხრავალი აქცია. საპროტესტო მიტინგში მონაწილე ბათუმელების უმეტესობას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რამდენად მნიშვნელოვან დღეს დაამთხვიეს იმ დროისთვის ყველაზე მასშტაბური სახალხო გამოსვლა მაშინდელი ლენინის, ახლა კი უკვე თავისუფლების მოედანზე.

„აქ ჩატარდა საბჭოთა იმპერიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიტინგი. ეს მთელი ტერიტორია ხალხით იყო სავსე. მაშინ ქართველები იბრძოდნენ იმისათვის, რომ ქართული ენა ჩაწერილიყო საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში. რაც მანამდე მოხდა თბილისში, იმის გამოძახილი იყო. დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი მაშინ მიჩქმალული იყო და უბრალოდ, საინტერესო დამთხვევა მოხდა. მაგრამ, სამართალმა პური ჭამა და 26 მაისი ისევ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა“, - ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი.

საქართველოს რესპუბლიკის საფოსტო მარკები

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მკვლევარმა და რეჟისორმა შოთა გუჯაბიძემ სოციალურ ქსელში გამოფინა მის უნიკალურ კოლექციაში არსებული ფოტო და დოკუმენტური მასალა. მათ შორისაა 1918-1921 წლებში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში ბათუმსა და თბილისში გადაღებული ფოტოები, საქართველოს სახელმწიფოში გამოცემული საფოსტო მარკები, მნიშვნელოვანი დოკუმენტები და დეპეშები, 1920 წელს ბოლშევიკების მიერ ბათუმის პორტში აფეთქებული გემის და ბრიტანელების მიერ ბათუმში დაკავებული ბოლშევიკების ფოტოები.

ბრიტანელების მიერ დაპატიმრებული ბოლშევიკები ბათუმში

შოთა გუჯაბიძეს ეამაყება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წელს, ბათუმში გადაწყდა - ქალაქში, რომლის ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა მაშინ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ბათუმი მაშინდელი ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო და მასზე, ისევე, როგორც საქართველოს სხვა ტერიტორიებზე, ოსმალეთი პრეტენზიას აცხადებდა. შოთა გუჯაბიძის თქმით, მაშინ ქართველი დიპლომატები ბათუმში თეთრი დროშებით, მატარებლით ჩამოვიდნენ. მათთან ერთად ოსმალეთთან მოლაპარაკებაში გერმანელებიც ჩაერთნენ, რამაც ბათუმისა და დამოუკიდებელი რესპუბლიკის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა:

„ჭკუით უნდა მოგვეგო ომი. სხვა შანსი აღარ გვქონდა. აღარც ძალა. რამდენიმე დღე გრძელდებოდა ეს მოლაპარაკებები და ოსმალეთი სულ უფრო მეტ ტერიტორიას ითხოვდა საქართველოსგან. გერმანიამ შუამავლობა იკისრა მაშინ, როცა მოლაპარაკების წარმატებით დასრულების არანაირი შანსი აღარ იყო. დიპლომატების ჯგუფმა ხრიკი მოიგონა. თავზეხელაღებული ნაბიჯი გადადგეს და გადაწყვიტეს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა. ოსმალეთმა გამოგზავნა 26 მაისს, 10 საათზე დეპეშა და თქვა, რომ უპირობოდ უნდა მიგვეღო ყველა მისი ულტიმატუმი და კიდევ ახალ ტერიტორიას - ნახიჭევანს ითხოვდა. ჩვენი პასუხი იყო ის, რომ სახელმწიფო, რომელთანაც თქვენ პრეტენზია გაქვთ აღარ არსებობს. იმიტომ, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა უკვე 4 საათის გამოცხადებულია“.

ბრიტანეთის ჯარი ბათუმში (დღევანდელი რუსთაველის ქუჩა).

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ 1921 წლის თებერვლამდე იარსება. ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრები ქვეყანას სწორედ ბათუმის პორტიდან დატოვებენ. გენერალი გიორგი მაზნიაშვილი კი, თავის რაზმთან ერთად ბათუმის დასაცავდ დარჩება და ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ ბათუმელებთან ერთად იბროლებს ერთიანი საქართველოს საზღვრებში ქალაქის დარჩენისთვის.

დაღუპული მებრძოლების საფლავებსა და გიორგი მაზნიაშვილის ბრძოლების ისტორიას საბჭოთა ხელისუფლება 70 წელს დამალავს. და მხოლოდ საბჭოთა კავშირის დანგრევის და 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქალაქის დამცველთა საფლავები ბათუმისთვის გახდება დამოუკიდებელი საქართველოს სიმბოლო.