კრემლი ახალი ინტერნეტრეგულაციებისთვის ემზადება.
ყველა ადამიანი, ვისაც სოციალურ ქსელებში 1000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, ვალდებული იქნება, სახელმწიფოს შეატყობინოს საკუთარი სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია.
ვინც უარს იტყვის, შავ სიაში მოხვდება და რუსულ კომპანიებს მასთან რეკლამის განთავსება აეკრძალებათ. ბლოგერები ჯერ დაჯარიმდებიან, შემდეგ კი ციხე დაემუქრებათ.
„ეს არ არის… რეგისტრაცია, ეს რეგულატორის ინფორმირებაა იმაზე, რომ ანგარიშის მფლობელი ინფორმაციის გავრცელებითაა დაკავებული“, - უთხრა „როსკომნადზორმა“ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასს“.
რატომაა ეს მნიშვნელოვანი?
ოპოზიციური მედია წერს, რომ ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, ტელეგრამბლოგერების წინააღმდეგაა მიმართული.
ტელეგრამი რუსეთში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი და ინფორმაციის წყაროა. მას ზრდასრული მოსახლეობის თითქმის ნახევარი იყენებს.
კრემლმა მოკლა, დაიჭირა, ან გააქცია თითქმის ყველა კრიტიკული ჟურნალისტი. მკაცრად აკონტროლებს ტელევიზიას. გაზეთები და რუსეთიდან მომუშავე ინტერნეტგამოცემები ერიდებიან ხელისუფლების კრიტიკას, სახიფათო თემებზე, მაგალითად, უკრაინაში ომზე, უმეტესად, მხოლოდ კრემლისთვის მისაღებ ამბებს წერენ.
ინფორმაციის გავრცელება კრემლმა განსაკუთრებით გაამკაცრა უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ამისთვის მიიღო სპეციალური კანონი - რუსული ჯარის შესახებ ე.წ. ყალბი ამბების გავრცელებასა და მის დისკრედიტაციაზე.
გარდა ამისა, რუსეთში დაიბლოკა ათეულობით კრიტიკული გამოცემის ვებგვერდი. მათ შორის, რადიო თავისუფლების.
მაგრამ ტელეგრამზე ყველაფერი განსხვავებულადაა.
რუსეთში ასეულობით ანონიმური არხია, რომელთაც მილიონობით ადამიანი კითხულობს. ტელეგრამში წაიკითხავთ იმას, რასაც ვერ შეხვდებით რუსეთში დაშვებულ მედიაში. მათ შორის, ხელისუფლების კრიტიკას.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, განსაკუთრებით პოპულარულები გახდნენ ე.წ. Z-ბლოგერები, ანუ ისინი, ვინც მხარს უჭერენ უკრაინაში მიმდინარე ომს, მაგრამ თან აკრიტიკებენ კრემლს შეცდომებისთვის.
Z-ბლოგერები ამბობენ იმას, რასაც ვერ ამბობს მედია
მათ კრემლისთვის სარგებელიც მოაქვთ. მაგალითად, მობილიზაციის გამოცხადებისას, კრემლის ერთგულები იყვნენ. ისინი დღემდე აქეზებენ რუსებს ჯარში წასასვლელად, უკრაინელებს „ნაცისტებს“ ეძახიან და ა.შ.
მაგრამ თან იმასაც ამბობენ, რუსეთი უკრაინაში მეტისმეტად ლმობიერად ომობსო. ისინი აკრიტიკებენ ხელისუფლებას. მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს და აწ უკვე ყოფილ მინისტრს, სერგეი შოიგუს.
„ეს ალტერნატიული სამოქალაქო საზოგადოებაა“, - ამბობს „ბიბისის“ რუსული სამსახურის ჟურნალისტი გრიგორ ატანესიანი, რომელმაც 2023 წელს Z-ბლოგერებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო.
მაგრამ თუკი აქტივისტები აგროვებენ ფულს, მაგალითად, პოლიტპატიმრებისთვის კარგი ადვოკატების ასაყვანად, ისინი ფულს აგროვებენ დრონების საყიდლად და უკრაინის დასაბომბად, - განმარტავს ის.
ანონიმები კი ტაბუებს ამსხვრევენ
Z-ბლოგერებს შორის არიან როგორც გამოცდილი სამხედრო კორესპონდენტები - ალექსანდრ სლადკოვი, ალექსანდრ კოცი, სემიონ პეგოვი, ისე ანონიმებიც, რომელთა აუდიტორიაც ასეულობით ათასს აღწევს.
ერთ-ერთი ასეთი არხია “Z ომზე დაცენტრილები” - 750 000-ზე მეტი გამომწერით, მეორე - “უფროსი ედა”, 600 000-ზე მეტი გამომწერით.
რა განსხვავებაა მათ შორის? ანონიმები შეფასებებში უფრო მწვავეები არიან, - ამბობს გრიგორ ატანესიანი.
მაგალითად, ისინი მხარს უჭერდნენ შარშან ივნისში პუტინის ყოფილი მოკავშირის, კერძო ჯარის, „ვაგნერის“ მფლობელის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხს. ახლა კი პირდაპირ ამბობენ, რომ აგვისტოში მისი თვითმფრინავი ვლადიმირ პუტინის ბრძანებით ჩამოაგდეს.
გარდა ამისა, მათი წყალობით, ხანდახან „ჟონავს“ სიმართლე უკრაინის ომზე. რადგანაც ტრიბუნას აძლევენ რუს ჯარისკაცებს, რომლებიც ამხელენ მეთაურებს წამებისა და არაადამიანურ მოპყრობაში, ან არაკომპეტენტურობაში.
გრიგორ ატანესიანის გამოძიების თანახმად, ბევრი Z-ბლოგერი თვეში რეკლამით ათეულობით ათას დოლარს შოულობს. ახლა ანონიმ ბლოგერებს მოუწევთ, გაამხილონ საკუთარი ვინაობა, ანდაც დაემშვიდობონ შემოსავლის დიდ ნაწილს.
კრემლი უკვე დიდი ხანია ცდილობს რუსი მეწარმის, პაველ დუროვის მიერ შექმნილ ტელეგრამზე კონტროლის დამყარებას. მისი დაბლოკვა ჯერ კიდევ 2018 წელს სცადა, მაგრამ უშედეგოდ.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი მუშაობს ანონიმური ბლოგერების მხილებაზეც.
2022 წლის შემოდგომაზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის აკადემიამ შექმნა სახელმძღვანელო ანონიმი ადმინისტრატორების იდენტიფიცირებისთვის.
საამისოდ იყენებენ ორ კომპიუტერულ პროგრამასაც. ერთ-ერთს „ამხანაგი მაიორი“ ჰქვია.
Z-ბლოგერების უმრავლესობას „როსკომნადზორის“ ინიციატივაზე ჯერ არაფერი დაუწერია.