რუსეთის ფედერაციის წილი კოსმოსური ხომალდების გაშვებაში ისტორიულ მინიმუმამდე - 12%-მდე დაეცა. სპეციალისტების შეფასებით, ვარდნაზე იმოქმედა რუსეთის ფედერაციისათვის დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა, რომლებიც კრძალავს რუსეთში ამ დარგისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტების იმპორტს. შემოვლითი გზები, საკანონმდებლო ხვრელები და კონტრაბანდა სანახევროდაც კი ვერ აკმაყოფილებს რუსეთის მოთხოვნილებას.
„2022 წელს რუსეთმა 22 ხომალდი გაუშვა, მაშინ როცა მსოფლიოში 178 წარმატებული გაშვება აღირიცხა“, - რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და როსკოსმოსის მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალა სააგენტო „რავენსტვო მედიამ“, რომელიც მონაცემთა ბაზებს აანალიზებს და ფაქტებს ამოწმებს.
შედარებისთვის: 1990 წელს, რუსეთმა წარმატებით გაუშვა 65 რაკეტა, რაც იმ წელს მსოფლიოში გაშვებული ყველა რაკეტის 54%-ია.
„2022 წელს რუსეთის ფედერაციამ წარმატებით გაუშვა 13 რაკეტა სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების თანამგზავრებით, რაც ერთგვარი ანტირეკორდია: 1995 წელს აღირიცხა 15 წარმატებული გაშვება“, - წერენ კვლევის ავტორები, რომელთა თქმითაც, დედამიწის ორბიტაზე გაყვანილი 13 თანამგზავრიდან 3 ეკუთვნის „Глонасс“-ს - რუსეთის გლობალურ სანავიგაციო სატელიტურ სისტემას.
2021 წლიდან მოყოლებული რუსეთი ამცირებს გაშვებული რაკეტების რაოდენობას (ასეთი ტენდენცია შენარჩუნდება 2023 წელსაც), მაშინ როცა შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა 2016 წლიდან მოყოლებული 3-4-ჯერ გაზარდეს „ორბიტალური გაშვებები“.
აშშ - 85
ჩინეთი - 62
რუსეთი - 22
ევროპა - 5
სხვა - 5
სულ - 179
პირველი თანამგზავრის გაშვებიდან, 1957 წლიდან 2023 წლამდე რუსეთმა წარმატებით გაუშვა 2844 რაკეტა, რაც მსოფლიოში ყველა გაშვებული რაკეტის 48%-ია.
მიუხედავად ბოლო წლების უავარიო გაშვებებისა, რუსეთი კარგავს კოსმოსური გადაზიდვების ლიდერის პოზიციას. 2018-2022 წლებში უცხოური სასარგებლო ტვირთის ორბიტაზე გასატანად 29 რუსული რაკეტა გაუშვეს, 2008-2012 წლებში კი - 48.
ჩამორჩენა იზრდება ორბიტაზე მოძრავი მოწყობილობების რაოდენობის მხრივაც - აქ რუსეთის ფედერაცია მეოთხე ადგილზე დაეშვა. „თუ შეერთებულ შტატებს შეუძლია წელიწადში 1000 თანამგზავრის დამზადება, ხოლო ჩინეთს - 450-ისა, რუსეთის ფედერაციის სიმძლავრე მხოლოდ 42 თანამგზავრია“, - ამბობს როსკოსმოსის ხელმძღვანელი იური ბორისოვი.
ასევე ნახეთ რუსეთის აუდიტმა 50 მილიარდი რუბლის დარღვევები აღმოაჩინა ქვეყნის კოსმოსურ დარგში
კოსმოსური ხომალდების გაშვებების რაოდენობის შემცირების მიზეზად ექსპერტები პირველ რიგში რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ასახელებენ. 2022 წლის დეკემბერში, ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტი მოიცავდა საავიაციო და კოსმოსურ ინდუსტრიასთან დაკავშირებული საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვას, მათ შორის საუბარი იყო როგორც თვითმფრინავების ძრავებსა და სათადარიგო ნაწილებზე, ასევე უპილოტო საფრენ აპარატებსა და მის დეტალებზე.
აკრძალვა გავრცელდა მესამე ქვეყნებზეც. ადრე რუსეთს შეეძლო ნაწილების შეძენა შუამავლებისგან - დასავლური კომპანიების (ნეიტრალურ იურისდიქციებში დარეგისტრირებული) პარტნიორებისგან, მაგრამ ახლა, თუ აკრძალული საქონელი რუსეთს გადაეცემა, ამ სტრუქტურებსაც დაუწესდებათ სანქციები. მაგალითად, ირანის უპილოტო საფრენი აპარატები დასავლური კომპონენტებისგან შედგება. თვითმფრინავის ნაწილების უმეტესობას აწარმოებენ კომპანიები აშშ-ში, ევროპასა და დასავლეთის სხვა მოკავშირე ქვეყნებში. საავიაციო ნაწილები, რომლებიც ბევრ ქვეყანაში იწარმოება Boeing-ისა და Airbus-ის ლიცენზიით, რუსეთისათვის მიუწვდომელია.
„ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო 2022 წლის დასაწყისში, როდესაც გაირკვა, რომ როსკოსმოსი ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტდა ევროპულ კომერციულ დამკვეთებთან. პრინციპში, ყველა ქვეყანამ, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ამერიკის აზრი, რომელიც ორიენტირებულია ამერიკასთან კომერციულ თანამშრომლობაზე, ასევე უარი თქვა რუსეთის ფედერაციისათვის მიწოდებაზე. ყველა კომერციულმა სტრუქტურამ, გარდა აფრიკულისა და ირანულისა, დატოვა როსკოსმოსთან დაკავშირებული პროექტები. შესაბამისად, ამის გამო, გაშვებების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, როსკოსმოსმა შეინარჩუნა რაკეტების გაშვების მაღალი სიხშირე ნაწილობრივ კომერციული შეკვეთების წყალობით. ამასთან, როსკოსმოსის მიერ დაკარგული შეკვეთები ხვდება კონკურენტების ხელში, რის გამოც როსკოსმოსის გაშვების სტატისტიკა კიდევ უფრო უარესდება, - ამბობს ვიტალი ეგოროვი, ასტრონავტიკის პოპულარიზატორი, რომლის თქმითაც, რუსეთის „კოსმოსური ინდუსტრია“ კარგავს მნიშვნელოვან კომერციულ შეკვეთებს, რაც დიდწილად უზრუნველყოფდა როსკოსმოსის მუშაობას, - ახლა ასე აღარ იქნება. სახელმწიფოს კი ან მოუწევს ინდუსტრიის დაფინანსების გაზრდა (რაც ნაკლებად სავარაუდოა), ან აქტივობის შემცირება. კოსმოსურ ამბიციებზე მთლიანად უარს არ იტყვიან, მაგრამ შემცირებები ნამდვილად დაიწყება. რუსეთი ვერ შეძლებს იმის გაკეთებას, რაც წინა წლებში ჰქონდა დაგეგმილი“.
ვიტალი ეგოროვის თქმით, დიდი ალბათობით, პირველ რიგში შეზღუდვები შეეხება „პროგრესს“ (სერია სატრანსპორტო უპილოტო სატვირთო კოსმოსური ხომალდებისა, რომლებიც ორბიტაზე გაჰყავდათ „სოიუზის“ რაკეტა-მატარებლებს და გამოიყენებოდნენ ორბიტალური სადგურების მომარაგებისთვის), რადგან სწორედ ეს პროექტი იღებდა დიდ დაფინანსებას კომერციული შეკვეთების შედეგად.
სანქციების დაწესების შემდეგ ბევრი ვარაუდობდა, რომ დარგისთვის საჭირო კომპონენტების შეძენას შეძლებდნენ ოფიციალური არხების გვერდის ავლით.
„ავიაციასთან ანალოგიის გავლებით, კოსმოსური ინდუსტრიისთვისაც შესაძლებელია გარკვეული გამოსავლის პოვნა, - ამბობს ანდრეი პატრაკოვი, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სერვისის დამფუძნებელი, - თუმცა არსებობს თავისებური სპეციფიკა. თუ საავიაციო ინდუსტრიას უჭირს გამოსავლის პოვნა მარაგი ნაწილების დიდი მოცულობიდან გამომდინარე, კოსმოსის სფეროში მოცულობა გაცილებით მცირეა, მაგრამ, მეორე მხრივ, გაცილებით ნაკლებია მომწოდებლების რიცხვიც, რომლებიც ქმნიან აღჭურვილობასა და კომპონენტებს კოსმოსური ტექნოლოგიებისთვის. როდესაც მიმწოდებელთა წრე ასეთი შეზღუდულია, მათთვის თვალყურის დევნებაც უფრო ადვილია. არც ისე ბევრი ქვეყანა ყიდულობს კომპონენტებს კოსმოსური ტექნოლოგიებისთვის, რადგან არც ისე ბევრი ქვეყანა აწარმოებს მას. ზოგიერთ საქონელს შეიძლება ერთადერთი მწარმოებელი და მომხმარებელი ჰყავდეს. ამიტომ იოლია თვალის მიდევნება, ვინ, სად და ვის მიაწვდის“.
როგორია ჩინეთისა და ინდოეთის თანამშრომლობა რუსეთთან კოსმოსის სფეროში? მზად არიან ეს ქვეყნები რისკზე წასასვლელად?
ანდრეი პატრაკოვის თქმით, ავიაციის ანალოგიით შეიძლება ითქვას, რომ ყველა ქვეყანა უფრთხის რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დარღვევას:
„ოფიციალურად ამას არც არავინ აკეთებს. ცალკეული კერძო კომპანიები მოქმედებენ თავიანთი ქვეყნების მარეგულირებელი უწყებების გვერდის ავლით. საქმოსნები, რომლებსაც ფულის შოვნა სურთ, რისკზე მიდიან. მაგრამ ასეთი ერთეული შემთხვევებია, კომპანიებიც მუდმივად იცვლებიან, რადგან ასეთი არხები დროდადრო იკეტება. თავად ხელისუფლებაც თვალს ადევნებს, რადგან შესაძლებელია სანქციები მათზეც გავრცელდეს. ასე მაგალითად, ყაზახეთში, გარკვეული დროის შემდეგ შემოიღეს ყველა საქონლის დეკლარირება, რათა თვალყური ადევნონ "სანქცირებულ საქონელს" და დაიცვან საერთაშორისო კანონმდებლობა. ჩინეთიც არ ჩქარობს რუსეთის დახმარებას, რადგან, რუსეთის ბაზარი, დასავლეთის ბაზართან შედარებით, რომელიც სანქციების შედეგად შეიძლება დაიკარგოს, კაპიკებია. ამიტომ ისინი პრაგმატულ არჩევანს აკეთებენ - არ დაეხმარონ რუსეთს. ამასთან, ევროკავშირი და ჩინეთი მშვენივრად მუშაობენ. გადაწყვეტილია, რომ ჩინეთი ფრანგებისთვის თვეში 70 (!) Airbus თვითმფრინავს დაამზადებს. უბრალოდ კოლოსალური მოცულობაა! გასაკვირი არ არის, რომ ჩინელები არ ჩქარობენ ასეთი თანამშრომლობის გაფუჭებას რუსეთის მწირი ბაზრის სანაცვლოდ. ეს იმას ნიშნავს, რომ აეროფლოტს მოუწევს ირანში გაფრენა. თეირანი არის რუსეთის ერთადერთი მოკავშირე, რადგან მისთვის სულერთია, ის უკვე სანქციების ქვეშ ცხოვრობს“, - ამბობს ანდრეი პატრაკოვი.
კოსმოსური კლასტერის ფონდ „სკოლკოვოს“ ექსპერტმა, რომელმაც ანონიმურობის დაცვა მოითხოვა, განაცხადა, რომ დასავლური კომპანიების მონაწილეობის გარეშე რუსეთის კოსმოსური ინდუსტრია ვერ შეძლებს საჭირო მოწყობილობების 100%-ის შეძენას.
„ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმეს ჰქონდეს ყველაფერი თავისი. სრულ ციკლთან ყველაზე ახლოს შეერთებული შტატები არიან, შემდეგ მოდის - ჩინეთი. ამიტომ, რუსეთის მთელი იმედი ახლა კონტრაბანდაზეა, - ამბობს ექსპერტი, - აშშ და მთელი ევროკავშირიც კი ახლა ინდივიდუალურად ვერ აწარმოებენ თანამედროვე კომპონენტებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ყველაზე მოწინავე თვითმფრინავი, რომელიც აშშ-ში ეწყობა, Boeing 787 Dreamliner, შეიცავს დიდი რაოდენობით ევროპულ ტექნოლოგიას საბორტო კომპონენტებისა და სისტემების სახით. ასე რომ, აშშ-იც კი დამოკიდებულია ევროპულ ტექნოლოგიებზე. დანარჩენი ქვეყნები, როგორც წესი, კიდევ უფრო დიდად არიან დამოკიდებული საჰაერო კოსმოსური სექტორის ევროპულ ტექნოლოგიებზე“.
ვიტალი ეგოროვის თქმით, ვერც კონტრაბანდა და ვერც ახალ მომწოდებლებზე გადასვლა, რომლებსაც შეუძლიათ დასავლური კომპონენტების კოპირება, ვერ მისცემს როსკოსმოსს შესაძლებლობას იმუშაოს თუნდაც 2021 წლის დატვირთვით:
„ტექნიკურად, ალბათ, ჩინეთს შეუძლია მიაწოდოს რუსეთს საჭირო ელექტრონიკა, ერთადერთი საკითხია, აწყობს თუ არა ჩინეთს ამის გაკეთება. იმის გამო, რომ ჩინეთი აქტიურად ვითარდება ახალი ბაზრების - აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი, შორეული აღმოსავლეთი - მიმართულებით, პეკინი არ არის დაინტერესებული თავისი პოტენციური კონკურენტების განვითარებით, რუსეთი კი სწორედ ამ მიმართულებით იყურება და ვითარდება. მეორე მხრივ, თუ როსკოსმოსი გადავა ჩინური კომპონენტების შესყიდვაზე, ეს გარემოება რუსეთის კოსმონავტიკას თითქმის 100%-ით დამოკიდებულს გახდის ჩინეთზე. რუსული კოსმოსის გასაღები ჩინეთში აღმოჩნდება, რაც აშკარად უგუნურებაა გრძელვადიანი პროექტების თვალსაზრისით“.
ასევე ნახეთ როგორ მიჰყვება უკან რუსეთის ეკონომიკა რუსეთის ჯარსოფიციალურად ჩინეთი ჯერ არაფერს აწვდის როსკოსმოსს. რუსეთის ფედერაციის კოსმოსურ ინდუსტრიას ერთ წელზე მეტია თავი ძველი მარაგებით გააქვს:
„მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩინეთი ხვალიდან ოფიციალურად დაიწყებს დასავლური პროდუქტების ანალოგების მიწოდებას რუსეთისათვის, როსკოსმოსი მაშინვე ვერ შეძლებს ახალი რაკეტების და თანამგზავრების აწყობას. არ შეიძლება სხვა მწარმოებლისგან სხვა ჩიპის ყიდვა და მისი განთავსება იქ, სადაც ადრე ევროპული ჩიპი იყო. ყველაფერი უნდა "გადაიგეგმოს", შენადნობიდან დაწყებული - კოსმოსური ხომალდების კორპუსებითა და აპარატებით დამთავრებული. ეს არის 5-8 წლის კოლოსალური სამუშაო. როცა ეს სამუშაო დასრულდება, მხოლოდ მაშინ შეიძლება თქმა, რომ მიღწეულია იმპორტის ჩანაცვლება“.
მომზადებულია რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის მასალების მიხედვით.