Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის აუდიტმა 50 მილიარდი რუბლის დარღვევები აღმოაჩინა ქვეყნის კოსმოსურ დარგში


რუსეთის უმაღლესმა სააუდიტო ორგანომ, სააღრიცხვო პალატამ 2018 წლის პერიოდისთვის 50 მილიარდი რუბლის დარღვევები აღმოაჩინა ქვეყნის კოსმოსურ დარგში. ეს 730 მილიარდზე ნაკლებია შარშანდელ დარღვევებთან შედარებით. უწყების ხელმძღვანელმა ალექსეი კუდრინმა ამხელა სხვაობა ახსნა „ცვლილებებით დარღვევების რეგულირებასა და შეფასებაში“.

სააღრიცხვო პალატის პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ 50 მილიარდი რუბლის თანხა ეხება შემოწმებებს, რომლებიც არ არის გასაიდუმლოებული.

მანამდე კუდრინი იტყობინებოდა, რომ „როსკოსმოსში“ აღმოჩენილია 760 მილიარდი რუბლის მოცულობის დარღვევები. ეს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ყველაზე მასშტაბური დარღვევებია 2017 წელს. „რამდენიმე მილიარდი დაიკარგა, ანუ, ფაქტობრივად, მოპარულ იქნა“, განუცხადა კუდრინმა სააგენტო ტასს.

გუშინ „როსკოსმოსმა“ ანგარიში წარმოადგინა 2010-2018 წლებში რაკეტების ავარიებით მიყენებული ზარალის შესახებ, რამაც 35 მილიარდი რუბლი შეადგინა.

2019 წელს კოსმოსური მრეწველობის საწარმოებში ტარდება მასობრივი აუდიტი, აღძრულია სისხლის სამართლის 14 საქმე.

  • 2018 წელს „როსკოსმოსს“ სათავეში ჩაუდგა ყოფილი ვიცე-პრემიერი დმიტრი როგოზინი. მან არაერთხელ გააკეთა განცხადებები რუსეთის კოსმოსური ამბიციების შესახებ უახლოეს ათწლეულებში. კერძოდ, როგოზინმა პირობა დადო, რომ 2024 წლისთვის შეიქმნება „მთვარემდე ტრანსპორტის სისტემა“, 2030 წლისთვის კი იქ დაფუძნდება ბაზა, კოსმოსური მომსახურების ბაზრიდან განიდევნება ილონ მასკი და შეიქმნება „კვანტური ძრავა“.
  • იანვარში რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელობას მოუწოდა, „შეწყვიტონ განუხორციელებელი პროექტებით გატაცება“.
  • აპრილში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის სარაკეტო-კოსმოსური დარგი გააკრიტიკა არარეალისტური ვადებისა და ბიუჯეტებისთვის.
XS
SM
MD
LG