თანამდებობის პირები ძალაუფლებას იყენებენ პირადი სარგებლის მისაღებად (68,8%), თანამდებობის პირები თანხის სანაცვლოდ მფარველობენ ბიზნესს (58,6%), თანამდებობის პირთა ნათესავები უფრო იოლად შოულობენ სამსახურს (68,8%) - საზოგადოების უარყოფითი აღქმები CRRC-ის ახალმა კვლევამაც დაადასტურა.
კორუფციის - პოლიტიკური ზეგავლენების, მფარველობისა თუ ნეპოტიზმის ფაქტებს - ფართოდ გავრცელებულ ტენდენციას უწოდებენ გამომძიებელი ჟურნალისტები. ელიტური კორუფციის რისკებზე ლაპარაკობენ საერთაშორისო ორგანიზაციები და სტრუქტურები.
აღქმა და ფაქტები
CRRC-ის კვლევა ცხადყოფს, რომ საზოგადოება მწვავედ აღიქვამს კორუფციის არაერთი სახის გამოვლინებას საქართველოში.
„ეს აღქმა ჰაერიდან არ მოდის, საზოგადოების აღქმა ზუსტია - ხალხმა ბევრად მეტი იცის, ვიდრე საჯაროდ ხმაურდება... კორუფციის ფაქტები აშკარად გახშირებულია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გამომძიებელ ჟურნალისტთა სტუდია „მონიტორის“ რედაქტორი, "თავისუფლების მონიტორის" ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი.
"თავისუფლების მონიტორმა" ბოლო პერიოდში არაერთი ფაქტი გამოიკვლია, ასე მაგალითად:
- როგორ უადვილდებათ ხელისუფლების წარმომადგენელთა ოჯახის წევრებსა და ნათესავებს საჯარო სამსახურებში დასაქმება, ხოლო თავად ისინი ამას ბუნებრივ მოვლენად თვლიან;
- როგორ იგებდნენ მილიონიან ტენდერებს ბოლნისის მერის ნათესავი და მეგობრები, რომელთაგან ერთ-ერთი ქვემო ქართლის პროკურორის მოადგილის ძმაა. თავის მხრივ, ბოლნისის მერი სუსის უფროსის მოადგილის ნათესავია;
- როგორ ბლოკავს საქართველოს რკინიგზა სომხეთში ტვირთის გადატანის მსურველ კომპანიებს და როგორ უწყობს ის ხელს მონოპოლიის გაძლიერებას;
- როგორ შეწყდა მოსამართლეების - მიხეილ ჩინჩალაძის, მამია ფხაკაძისა და ბადრი შონიას - წინააღმდეგ პროკურატურის გამოძიება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. იყო თუ არა ამის მიზეზი ხელისუფლებასთან გარიგება?
ნინო ზურიაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული გამდიდრებული და გაძლიერებული ადამიანების გამოკვეთილი მაგალითია - ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე - ის ხელშეუხებელია მრავალი ბრალდების (მათ შორის ძალადობაში მხილების) მიუხედავად.
ასევე ნახეთ რა დგას ოთარ ფარცხალაძის ძალადობის უკან?კორუფციასთან დაკავშირებული ეჭვების აღმძვრელი მრავალი ფაქტის დასახელება შეუძლია გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტსაც“ (ifact.ge). თუმცა ამ ფაქტებით არასოდეს ინტერესდებიან სამართალდამცველი სტრუქტურები.
როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელი ნინო ბაქრაძე გვეუბნება:
„ხშირია, ნეპოტიზმის გამოვლინებები. ხშირია, როცა ტენდერები რომელიმე კომპანიისთვის მორგებული პირობებით ტარდება და ხდება სამუშაოების დასრულების გადავადება ჯარიმების დაკისრების გარეშე.
ლოგიკურად ჩნდება შეკითხვა - რატომ მიდიან დათმობაზე დამკვეთი სახელმწიფო სტრუქტურები და ჩინოვნიკები, თუკი ისინი კერძო სარგებელს არ იღებენ?!“.
Ifact-ის გამოძიებათა შორის არის, მაგალითად, შემდეგი ფაქტები:
- ეკონომიკის სამინისტროს მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებმა თავიანთი ბიზნესის გასაფართოებლად სახელმწიფო რესურსები გამოიყენეს. აქ ფიგურირებს ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის სახელიც.
- სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო მიწა თბილისში ერთ-ერთ კომპანიას საბაზრო ფასზე ნაკლებად მიჰყიდა - საბოლოოდ კი, ამ კომპანიის მიერ აშენებულ სახლში ბინა იაფად შეიძინა სააგენტოს უფროსის ოჯახის წევრმა.
- ლენტეხში ტენდერებს იგებდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლის დედა. შესრულებული სამუშაოს ხარისხს დაინტერესებული მხარე ამოწმებდა და ფუჭად იხარჯებოდა მასშტაბური საბიუჯეტო თანხები.
უკვე კარგა ხანია, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია სვამენ შეკითხვებს ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირების ქონებასთან დაკავშირებით.
ამ შინაარსის შეკითხვა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ პირდაპირ დაუსვა თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიასაც - 4 აპრილს, საპარლამენტო მოსმენის ფარგლებში.
რა არის კორუფცია?
კორუფციის ცნება საქართველოში ძირითადად მექრთამეობასთან იგივდება. თუმცა მექრთამეობა კორუფციის მხოლოდ ერთ-ერთი გამოვლინებაა. მოწინავე დემოკრატიული ქვეყნების კლასიფიკაციით, კორუფციად არის მიჩნეული, მაგალითად:
- თანამდებობის გამოყენება კერძო სარგებლისთვის, გამორჩენისთვის ან კერძო მიზნებისთვის;
- ეს შეიძლება იყოს ერთი ადამიანის პირადი გამორჩენა, ასევე ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა თუ სხვა ჯგუფების მიერ მიღებული სარგებელი;
- თუკი მოსამართლე იმყოფება გარკვეული ჯგუფის, მთავრობის, პოლიტიკური პარტიის ან რაიმე სხვა ჯგუფის გავლენის ქვეშ და მის სასარგებლოდ მოქმედებს;
- კორუფციაა ნეპოტიზმი - მეგობრებისა და ნათესავების დანიშვნა თანამდებობებზე, არასაკმარისი კვალიფიკაციის შემთხვევაშიც კი;
- ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის მმართველი პარტიის მხრიდან, ან მმართველი პარტიის კანდიდატის მხრიდან.
ელიტური კორუფცია
წვრილმან და საშუალო დონის კორუფციასთან ბრძოლა დადებითად არის შეფასებული ევროპარლამენტის 2018 წლის 14 ნოემბრის რეზოლუციაში.
თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ საქართველოში სერიოზულ პრობლემად რჩება ელიტური კორუფცია.
2019 წლის იანვრის ბოლოს გამოქვეყნებული „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მიხედვით, საქართველოს პოზიცია მცირედით გაუმჯობესდა.
თუმცა ამ კვლევასთან მიმართებით „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ ანალიზში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ემუქრება „უკუსვლა დემოკრატიის სფეროში, რაც მაღალი დონის კორუფციის საფრთხეს ზრდის და გულისხმობს, რომ ქვეყანა მომავალში დაკვირვებას საჭიროებს.“
ასევე ნახეთ სახელმწიფოს მიტაცების სახიფათო ნიშნები საქართველოში
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის, ერეკლე ურუშაძის თქმით, საქართველოს წინაშე მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება:
- „მთავარი გამოწვევაა მაღალი დონის (ელიტური) კორუფციის შემთხვევები და მათი გამოუძიებლობა“;
- „სისხლის სამართლებრივი დევნა და დასჯა მხოლოდ იმ შემთხვევებში ხდება, როცა საქმე ეხება დაბალი ან საშუალო რგოლის თანამდებობის პირებს“;
- „პრობლემაა, როდესაც კანონის გვერდის ავლით ხდება მმართველი პარტიისთვის შემოწირულობათა ჩარიცხვა ე.წ. „ფიქტიური შემომწირველების“ საშუალებით";
- "ხოლო პარტია იყენებს თავის გავლენას სამართალდამცველ სტრუქტურებზე, რათა პასუხისმგებლობა აირიდოს“.
„თავისთავად ის, რომ ჩვენს ქვეყანაში გვაქვს ძალაუფლების კონცენტრაციის მაღალი ხარისხი და ფაქტობრივად - ერთპარტიული მმართველობა, თავისთავად ეს გარემოება შეიცავს კორუფციის და განსაკუთრებით - მაღალი დონის კორუფციის რისკებს“, - ამბობს ერეკლე ურუშაძე.
2018 წლის ოქტომბერში „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ (Transparency International) ბერლინის სამდივნო საქართველოსთან მიმართებით „სახელმწიფოს მიტაცების“ მზარდ ნიშნებზე ალაპარაკდა.
„სახელმწიფოს მიტაცება“ კორუფციის განსაკუთრებით მძიმე და სახიფათო ფორმაა, რომლის დროსაც მთელი სახელმწიფო სისტემა გარკვეული ჯგუფების ინტერესებს არის მორგებული და სრულიად უგულებელყოფილია საზოგადოებრივი ინტერესები.