იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო საკუთარი ხარჯებით დააბრუნებს უკან. ოფიციალურ განცხადებებში ჯერჯერობით არ კონკრეტდება, რა მარშრუტებსა და რა სახის სატრანსპორტო საშუალებებს შესთავაზებენ მგზავრებს. იტალიაში მყოფი ტურისტები საქართველოს საელჩოს უნდა დაუკავშირდნენ. მთავრობის გადაწყვეტილება - იტალიასთან პირდაპირი ავიარეისების შეჩერების შესახებ, მალევე მოჰყვა ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულ საპირისპირო შინაარსის განცხადებას. მინისტრი ტრანსპორტირების რისკებზეც ლაპარაკობდა.
კორონავირუსი ძირითადად იტალიიდან გავრცელდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის - საქართველოშიც. ამ ეტაპზე საქართველოში დადასტურებული ინფიცირების 9 შემთხვევიდან 7 სწორედ იტალიაში მოგზაურობას უკავშირდება.
6 მარტს, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა, რომ იტალიასა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისები დროებით შეჩერდება. გადაწყვეტილება დღესვე (6 მარტს) შევიდა ძალაში.
„მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, ვინც იტალიიდან პირდაპირი რეისით აპირებდა საქართველოში გამომგზავრებას, ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამ თვალსაზრისით, რომ მათი ჩამოყვანა ორგანიზებულად მოხდეს - ამაზე იზრუნებს სახელმწიფო და ამ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ იტალიასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის საკითხის კომენტირებისას.
ასევე ნახეთ კორონავირუსის გამო მსოფლიოში საავიაციო სექტორი, დაახლოებით, 28 მილიარდ დოლარს იზარალებსრა გზებით დააბრუნებენ იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში?
„მიმდინარეობს ტექნიკურ დეტალებზე მუშაობა მთავრობასთან, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად. ჩვენი უწყებაც ჩართულია. სხვადასხვა შესაძლებლობები განიხილება იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები დაბრუნდენ საქართველოში. აღნიშნულის შესახებ მოგვიანებით ეტაპობრივად ეცნობებათ თვითონ იმ მოქალაქეებს და საზოგადოებას“, - უთხრეს ინტერპრესნიუსს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
- ბევრი ვარაუდობს, რომ მგზავრთა ორგანიზებული ტრანსპორტირება საჰაერო ტრანსპორტით მოხდება ისევე, როგორც ეს ჩინეთის შემთხვევაში იყო;
- თუმცა იყო ირანის მაგალითიც - (მართალია, ირანი იტალიაზე გაცილებით ახლოს არის, მაგრამ) როდესაც მოულოდნელად შეწყვეტილი ფრენების გამო, ირანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, საელჩო მათ სახმელეთო ტრანსპორტით გადაადგილების რეკომენდაციებს აძლევდა.
ტრანსპორტის სახეობისა და მარშრუტების შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას ვერც იტალიაში მოქმედი საქართველოს საელჩო გვაწვდის.
საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ:
- საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს იტალიაში მყოფი საქართველოს იმ მოქალაქეების დაბრუნებას, რომლებსაც მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შეძენილი ან დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები იმ რეისებზე, რომლებიც გაუქმდა საქართველოს მთავრობის 6 მარტის გადაწყვეტილებით;
- ამ სერვისის მისაღებად, საქართველოს მოქალაქეებმა იტალიაში საქართველოს საელჩოს უნდა გაუგზავნონ პირადი მონაცემები, პასპორტის, ბილეთების, ან ბილეთების ჯავშნის ასლები;
- მონაცემები უნდა გაიგზავნოს იტალიის საელჩოს ელექტრონულ მისამართზე - hotline.rome@mfa.gov.ge.
ტრანსპორტირების საკითხის დეტალების დაზუსტებას რადიო თავისუფლება შეეცადა როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ასევე ეკონომიკის სამინისტროში, თუმცა - უშედეგოდ.
იტალიიდან დაბრუნებასთან დაკავშირებული შეკითხვები ჯანდაცვის მინისტრის განცხადებამაც გაამძაფრა.
6 მარტს, ეკატერინე ტიკარაძის მიერ გაკეთებული საწინააღმდეგო შინაარსის განცხადება დაახლოებით ორი საათით უსწრებდა წინ პრემიერის დაქვემდებარებაში მოქმედი უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებას იტალიასთან ავიარეისების შეჩერების შესახებ.
კერძოდ, მინისტრმა ტიკარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ იტალიასთან ფრენების შეწყვეტა არ იგეგმებოდა გარკვეული რისკების გამო:
- „ჩვენ არ ვაპირებთ ამ ეტაპზე იტალიასთან ფრენების შეჩერებას, ვინაიდან იქ იმყოფებიან ქართველი მოქალაქეები და ჩვენ მათ შევუქმნით კიდევ დამატებით პრობლემებს და მათ მოუწევთ გადაადგილება და სხვა გზებით დაბრუნება საქართველოში, რაც ასევე გაართულებს ჩვენთვის საზღვრის მონიტორინგს“;
- „ამ ეტაპისთვის ჩვენთვის ცნობილია, თუ საიდან მოდიან ისინი და ვახერხებთ მათ დროულ იზოლაციას... სხვა შემთხვევაში, პაციენტების გაფანტვა მოხდება სხვადასხვა რეისებზე და ისინი წამოვლენ სხვა ქვეყნებიდან, რაც მენეჯმენტს მნიშვნელოვნად გაართულებს“.
როდემდე გაგრძელდება შეზღუდვა იტალია-საქართველოს პირდაპირ ავიარეისებზე?
ეს ჯერჯერობით უცნობია. როგორც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, „შეზღუდვა მოქმედებს იტალიის რესპუბლიკაში შექმნილი ეპიდსიტუაციის რისკების შემცირებამდე“.
ჯერჯერობით იტალიაში კორონავირუსის გავრცელების მზარდი საფრთხე არსებობს. 6 მარტის ოფიციალური მონაცემებით, იტალიაში აღირიცხება:
- ინფიცირების 3 858 შემთხვევა;
- გარდაცვალების 148 შემთხვევა;
- კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების 351 შემთხვევა;
- გამოჯანმრთელების 414 შემთხვევა.
სულ კორონავირუსმა უკვე 95 ქვეყანა და ტერიტორია მოიცვა; 6 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით 100 379 შემთხვევა აღირიცხა; დაიღუპა 3 408 ადამიანი; გამოჯანმრთელდა 55 991 ადამიანი.
იტალიასთან საჰაერო მიმოსვლის დროებითმა შეზღუდვამ ბევრი შეკითხვა და პრობლემა გაუჩინა საქართველოს მოქალაქეებს და ეს კარგად ჩანს სოციალურ ქსელ ფეისბუკში. ადამიანები შეწუხებული არიან იმის გამო, რომ:
- ჯერჯერობით არ მიუღიათ შეტყობინება ავიაკომპანიებისგან - ბილეთის ფულის დაბრუნების თაობაზე და არ იციან, მოხდება თუ არა ეს;
- ტურისტული სააგენტოები ვერ აძლევენ მათ კონკრეტულ პასუხებს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები;
- ვეღარ მიდიან იტალიაში, მაგრამ მათ დაჯავშნილი ნომრების საფასურს არ უბრუნებენ იტალიის სასტუმროები.
ასევე ნახეთ კორონავირუსის გამო მსოფლიოში საავიაციო სექტორი, დაახლოებით, 28 მილიარდ დოლარს იზარალებს
რადიო თავისუფლება 6 მარტს დაუკავშირდა არაერთ ტურისტულ კომპანიას. როგორც მათ გვითხრეს:
- ყველანაირად ცდილობენ, რომ ზარალი აუნაზღაურონ ყველას, ვინც იტალიაში გასამგზავრებლად ემზადებოდა, მაგრამ ახლა ამას ვეღარ ახერხებს;
- არკვევენ სიტუაციას ავიაკომპანიებთან (დაჯავშნილი ბილეთების საკითხი ჯერ გაურკვეველი იყო, მთავრობის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათის შემდეგ);
- იტალიასთან პირდაპირი ავიარეისების შეზღუდვის შემდეგ, მათ სრულად დაკარგეს იტალიაში გამგზავრების მსურველთაგან მისაღები მწირი შემოსავალიც;
- კორონავირუსის შიშით ხალხი მასობრივად ამბობს უარს სხვა მიმართულებებზეც.
ტურისტული კომპანიები ამბობენ, რომ მათი ბიზნესი ურთულეს მდგომარეობაშია და ახლა ახალი შეკვეთების მიღების ნაცვლად, ძირითადად მხოლოდ თანხების დაბრუნების მიმართულებით უწევთ მუშაობა.
ასევე ნახეთ კორონავირუსი - ტურიზმის მტერი საქართველოში(ც)იტალიიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს კიდევ მთელი რიგი პროცედურების გავლა მოუწევთ. იტალიის გარდა, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის პროცედურები გამკაცრდა კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ჯგუფში შემავალ კიდევ სამ ქვეყანასთან მიმართებით, ესენია: ჩინეთი, ირანი და სამხრეთი კორეა. რეგულაციების გამკაცრება შეეხებათ როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც.