ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ დაძაბულობის განმუხტვა ჯერჯერობით ვერ მოახერხა. გაჩნდა დაპირისპირების ახალი კერები. სოციალურ ქსელებში ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ ხელმომწერთა და შეთანხმებაზე უარის მთქმელთა მხარდამჭერები, ანუ ისინი, ვინც ადრე ერთ პოზიციაზე იდგა. განხეთქილების ვაშლი, ამ ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხია.
- არის თუ არა გამოსავალი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტია?
- როგორ წარმოუდგენიათ მელიას გათავისუფლება შეთანხმებაზე ხელის მომწერ პოლიტიკოსებს?
- რას მოითხოვს „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები, რომლებიც შეთანხმებაზე ხელმოწერას ნაადრევ და მცდარ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ?
- როგორია მელიას პოზიცია?
ვიდრე მელია ისევ ციხეშია
შეთანხმების მიუხედავად, ჯერ ისევ გაურკვევლად რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი.
21 აპრილს, რუსთავის ციხესთან, მელიას მხარდამჭერებმა მორიგი გამამხნევებელი აქცია გამართეს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს მისი უპირობო გათავისუფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც პარალელურად 15 მაისის მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადება, გამორიცხავს შეთანხმების ხელმოწერასა და პარლამენტში შესვლას.
ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი გვეუბნება, რომ პარტიისთვის კატეგორიულად მიუღებელია ამ ეტაპისთვის გამოკვეთილი ორივე შესაძლო გამოსავალი:
„ნიკა მელიას დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და მის გასათავისუფლებლად ასევე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო.
მელიასთვის კატეგორიულად მიუღებელია უსამართლო „გირაოს გირაოს“ გადახდა და ამ წესით გამოსვლა ციხიდან... მას რომ ეს სამართლიანად ჩაეთვალა, აქამდეც გადაიხდიდა.
რაც შეეხება ამნისტიას, ეს რას ნიშნავს? ჯალათები და თვალთხარია ადამიანები უნდა გავცვალოთ კეთილსინდისიერ პოლიტიკოსში?!“
იმის გამო, რომ ნიკა მელია ჯერ მსჯავრდებული არ არის, კანონმდებლობის თანახმად, მისი შეწყალების უფლება არა აქვს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. შესაბამისად, შეწყალების მექანიზმი გავრცელდება მხოლოდ „მთავარი არხის“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე, გიორგი რურუაზე, რომელიც საპატიმროს, წინასწარი ინფორმაციით, 27 აპრილს დატოვებს. მელია იმ დროისთვის, ძალიან დიდი ალბათობით, ჯერ ისევ საპატიმროში იქნება.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ თვლიან, რომ პარტიებსა და ცალკეულ პოლიტიკოსებს ხელის მოწერამდე უნდა გაეაზრებინათ, რომ შარლ მიშელის მიერ მომზადებული შეთანხმება არ ასახავდა ნიკა მელიასთვის მისაღებ პირობებს; ხოლო ახლა ხელმომწერებს პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე მოუწევთ. პარტიაში ფიქრობენ, რომ ყოფილი თანამოაზრეები ნიკა მელიას უსამართლოდ მოექცნენ.
„არც ნიკა მელია და არც ჩვენ ასე არ მოვიქცეოდით... ასეთ პოლიტიკურ დევნაში რომ იყოს რომელიმე კოლეგა პოლიტიკოსი, ნიკა მელია მას ხელმოწერის შესახებ ასე ტელევიზიის საშუალებით არ შეატყობინებდა“ - გვეუბნება ხაბეიშვილი.
ასევე ნახეთ სამადაშვილი: პოლიტიკოსებს გვიწევს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც შეიძლება ყველასთვის მისაღები არაა
შეთანხმების ხელმომწერი პარტიები და ცალკეული პოლიტიკოსები კი აცხადებენ, რომ ამ შეთანხმების ხელმოწერის გარეშე პრაქტიკულად გამორიცხული იქნებოდა ნიკა მელიას გათავისუფლება და უსამართლობას მათზე თავდასხმა უფრო წარმოადგენს.
„მე ნიკას პოზიცია მესმის, რასაც ამბობს, ყველაფერს სწორს ამბობს... ნუ მოვთხოვთ ადამიანს, გვითხრას, წადით ჩემს გამო კომპრომისზეო - თუნდაც ამნისტიის კანონთან დაკავშირებით. რანაირად უნდა მოველოდე ამას?! პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ვიღაცამ, თუ გვინდა, რომ ნიკა მელია გათავისუფლდეს... მაშინ უნდა ვთქვათ, რომ არ თავისუფლდება და რჩება საპატიმროში“ - განაცხადა რადიო თავისუფლების პროგრამა „დილის საუბრებში“ შეთანხმების ხელმომწერმა პოლიტიკოსმა, სალომე სამადაშვილმა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ოფიციალურად არ დაუტოვებია, მაგრამ პარტიის სახელით აღარ მოქმედებს.
შესაძლებლობები და ვადები
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით მიმდინარე პროცესში, ნიკა მელიას გათავისუფლების ორგვარი შესაძლებლობა გამოიკვეთა:
- ზეპირი შეთანხმების მიხედვით - ევროკავშირის თავდებობით გირაოს გადაიხდიდა ევროპის დემოკრატიული ფონდი, რის შემდეგაც პატიმარი უმოკლეს ვადებში დატოვებდა საკანს;
- წერილობითი შეთანხმების პირველი პუნქტის მიხედვით - მელიას გათავისუფლება შესაძლებელია ამნისტიის შესახებ კანონით, რომელიც შეეხება „2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას“.
ნიკა მელიას კატეგორიული უარის გამო გირაოს საკითხი გამოირიცხა; თუმცა მთელი რიგი პრობლემები იჩენს თავს ამნისტიის კანონთან დაკავშირებითაც.
მწვავე დისკუსიასა და კამათს იწვევს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებები, რომ ამნისტია შეეხება ყველას, ვის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და მათ შორის - სამართალდამცველებსაც.
ამნისტიას აპროტესტებენ 20 ივნისს, ე.წ. „გავრილოვის ღამეს“ დაზარალებული ადამიანები და მათ შორის - მაკო გომური, რომელმაც თვალი დაკარგა. მათთვის წარმოუდგენელია პერსპექტივა, რომ მოძალადე სამართალდამცველებს ყველაფერი ეპატიოთ.
ასევე ნახეთ 20-21 ივნისს აქციის დაშლისას დაშავებულებისთვის მიუღებელია ამნისტიაპარტიის „ტრიბუნა“ ლიდერისთვის დავით ჭიჭინაძისთვის დამაიმედებლად არ ჟღერს მაგალითად „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განმარტება, რომ პოლიციელებისგან განსხვავებით, ამნისტია არ გავრცელდება გადაწყვეტილების მიმღებზე და მათ შორის - შს იმდროინდელ მინისტრზე, გიორგი გახარიაზე. გახარია ბრალდებული არ არის და ამნისტია ისედაც ვერ შეეხება.
„ვფიქრობ, ეს საკითხი კიდევ უფრო გაზრდის დაპირისპირებას საზოგადოებაში... ჩვენ ყველას იმ 20 ივნისის კადრები თვალწინ გვიტრიალებს და თუ გვინდა, რომ ოდესმე გავიგოთ სიმართლე, რა მოხდა 20 ივნისს და მსგავსი აღარასოდეს გამეორდეს, უნდა გამოვიძიოთ ეს საქმე და დამნაშავეებიც უნდა დაისაჯონ.
ამნისტიის სამართალდამცველებზე გავრცელება პრინციპულად არასწორია. ამით ყველა კვალი წაიშლება. აი, მაგალითი ნარკოტიკების წვრილ რეალიზატორს ყველაფერი რომ აპატიო, მსხვილი რეალიზატორის დანაშაულზე ხომ ვერასდროს გახვალ?!“ - გვეუბნება დავით ჭიჭინაძე.
- შეთანხმების ტექსტის მოხედვით, ამნისტიის შესახებ კანონის პარლამენტში ინიცირება ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში უნდა მოხდეს და პარტიების ამჟამინდელი გათვლით, ეს ვადა 27 აპრილს იწურება;
- შემდეგ უნდა გაიმართოს სამი საკომიტეტო მოსმენა და საკითხი ასევე სამი მოსმენით უნდა დამტკიცდეს უკვე პლენარული სხდომების ფარგლებში;
- ოპოზიცია აცხადებს, რომ საკითხის განხილვას მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში შეეცდებიან;
- თუმცა როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, ამნისტიის შესახებ კანონპროექტის, როგორც ახალი დოკუმენტის, განხილვა ვერ მოხდება დაჩქარებული წესით და მის დამტკიცებას ერთ თვემდე პერიოდი დასჭირდება.
მაგრამ იმისათვის, რომ საერთოდ დამტკიცდეს, ჯერ კანონპროექტის შინაარსი უნდა შეთანხმდეს, რაც არცთუ იოლი პროცესი იქნება. გარდა იმისა, რომ სამართალდამცველების ამნისტირებას ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს; ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ ამნისტიის სამართალდამცველებზე გავრცელება საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოც იქნება.
ასევე ნახეთ საია: დაუშვებელია ამნისტიის გავრცელება 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზესაიაში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე გასამართლებულ სამ სამართალდამცველს, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად.
„ერთი პრობლემაა, როცა საქმის წარმოება არასწორი კვალიფიკაციით იწყება... მაგრამ ამნისტია 333-ე მუხლს რომ შეეხოს, ეს გადაწყვეტილებაც წინააღმდეგობაში მოვა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან.
ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი გვეუბნება, რომ დაუშვებელია სამართალდამცველების მიერ ჩადენილი მნიშვნელოვანი და სერიოზული დარღვევების მოქცევა ან ამნისტიის ან შეწყალების ქვეშ“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას საიას ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი.
შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის ბრძოლა მათთვის პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს და ვიდრე ის არ გათავისუფლდება, შეუძლებელი იქნება მუშაობა შეთანხმებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე. ამნისტიის კანონზე სამუშაოდ ოპოზიციას პარლამენტში მომავალი კვირიდან აუცილებლად მოუწევს მისვლა, რისთვისაც ისინი მზადყოფნას გამოხატავენ.
მანამდე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ამნისტიის კანონის ტექსტის შეთანხმება, შესაძლოა, დისტანციურ რეჟიმშიც წარიმართოს.
ასევე ნახეთ თაკო ჩარკვიანი გიორგი ვაშაძეზე: მე მას პრემიერობა შევთავაზე, მან ელისაშვილის გვერდით დგომა აირჩიადაძაბული ფონი
ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის გაფორმებულმა შეთანხმებამ ჯერჯერობით ვერ მოახერხა ვითარების განმუხტვა საქართველოში. ფეისბუკის სივრცეში გაჩაღებული დაუნდობელი დისკუსიები უფრო საპირისპიროზე მეტყველებს.
დაძაბულობამ იმატა - უწინ ერთ პოზიციაზე მდგომი ადამიანები ერთმანეთს „მოღალატეებს“, „გამყიდველებსა“ და „რუსეთის აგენტებს“ უწოდებენ. ვირტუალურ თუ რეალურ ცხოვრებაში საზოგადეობის ნაწილის მიერ ყველა ის პარტია თუ პოლიტიკოსი გაიკიცხა, რომელმაც შეთანხმებას ნიკა მელიას ციხეში ყოფნის პირობებში მოაწერა ხელი.
ასევე ნახეთ ვინ შედის პარლამენტში და ვინ რჩება გარეთ?ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდნენ პოლიტიკოსებიც. ისინი ერთმანეთს - ღალატში, სიტყვის გატეხაში, უპასუხისმგებლობასა და მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ზრუნვაში ადანაშაულებენ. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საქართველოს დასავლელ პარტნიორებსაც გადასწვდა და შეთანხმების ხელმოწერას „სპეცოპერაცია“ უწოდა.
თუმცა როგორც ლევან ხაბეიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო მტრად ერთმანეთს არავინ გადაეკიდება, ხიდები არ იწვება და ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც ხალხის თუნდაც მცირედი მხარდაჭერა აქვთ, სამომავლოდ ერთმანეთთან თანამშრომლობა მაინც მოუწევთ.
დასავლეთი შეთანხმების შესრულების მოლოდინში
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, როგორც ევროკავშირის მედიაციის პროცესის უშუალო ინიციატორმა, საერთაშორისო თანამეგობრობას თბილისიდან სხვადასხვა სახით არაერთხელ აცნობა, რომ საქართველოში პოლიტიკური შეთანხმება შედგა. „პოლიტიკური კრიზისი გადავლახეთ“ - ვკითხულობთ ფეისბუკგვერდზე მის მიერ თბილისიდან გამგზავრების წინ გამოქვეყნებულ კიდევ ერთ განცხადებაში.
თუმცა შარლ მიშელს შეთანხმების შესრულება არანაკლებ რთულ ეტაპად მიაჩნია, ეს მან ბოლო დღეებში თბილისშიც არაერთხელ თქვა და თავის ბოლო ფეისბუკპოსტშიც გაიმეორა:
„ეს ნიშნავს დასაწყისს, დაძაბული მუშაობის დასაწყისს, რომელიც საქართველოს წინ წასწევს ევროატლანტიკურ გზაზე... კომპრომისი ევროპული სიძლიერეა. ეს არ არის სისუსტე... ეს არის თქვენი მიღწევა და ახლა თქვენი საზრუნავია, რომ ის ამოქმედდეს“.
ასევე ნახეთ შარლ მიშელის თქმით, შეთანხმება უნდა აღსრულდეს6-თვიანი კრიზისის ფონზე ხელმოწერილი შეთანხმება აუცილებლად რომ უნდა შესრულდეს, ამისკენ საქართველოს პოლიტიკურ ძალებს ბრიუსელის გარდა, ვაშინგტონიდანაც მოუწოდებენ. გულითად მოლოცვასთან ერთად იგრძნობა მკაფიო მინიშნება, რომ საქმის ბოლომდე მიყვანა გადამწყვეტია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისთვის.
განცხადებები გაკეთდა აშშ-ის როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში.
საქართველო ერთ-ერთი მთავარი თემა იყო 20 აპრილს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე. პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა თქვა, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება შეთანხმების შესრულება და ამერიკელი პარტნიორები მზად არიან დაეხმარონ საქართველოს.
შეთანხმებით გაწერილია ყველა კონკრეტული საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებული ვადები, თუმცა - ოპოზიციის განცხადებით, სხვა საკითხებზე მუშაობა ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ დაიწყება.
ენმ-ს თავმჯდომარე საკანში უფლებადამცველებმა 21 აპრილს, საღამოს მოინახულეს და ციხიდან გამოსვლისას მისი პოზიცია გაახმოვანეს: ნიკა მელია მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების შესახებ პროკურატურამ უნდა მიიღოს - ან სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტით, ან აღკვეთის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით.