კოვიდზე მკურნალობისას გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ექიმს გირაო შეუფარდეს

ვახტანგ ჩარკვიანი

ახალგაზრდა ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულს, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს, 12 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდეს.

შსს-სა და პროკურატურის თანახმად, 2021 წლის 11 აგვისტოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს კოვიდით დაინფიცირებული პაციენტი ვახტანგ ჩარკვიანი.

გამოძიების ვერსიით, კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელმა, რომლის ინფორმირებით და უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და მას მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაენიშნა.

მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, 2021 წლის 10 სექტემბერს, ჩარკვიანი გარდაიცვალა.

პროკურატურა აცხადებს, რომ პროტოკოლის დარღვევების ფონზე ჩატარებული მკურნალობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა, რის გამოც იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

ასევე ნახეთ კორონავირუსით გარდაცვლილი ვახტანგ ჩარკვიანის საქმე - უფროს ექთანს ბრალდება წარუდგინეს 

2023 წლის იანვარში პროკურატურამ ბრალი წარუდგინა კლინიკის უფროს ექთანს და მას ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში დასდო ბრალი.

ასევე ნახეთ კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმე: ბრალი წარუდგინეს კლინიკის განყოფილების ხელმძღვანელს

2023 წლის 24 ნოემბერს კი ბრალი წარედგინა კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს, ქეთევან ცერცვაძეს.

პროკურატურამ მას ბრალდება წარუდგინა პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია.

25 ნოემბერს ცერცვაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 12 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

„სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა, რასაც ბრალდების მხარე ითხოვდა“, - უთხრა საქმის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ ჟურნალისტებს.

ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალებიდან მალევე მამამისმა, გაიოზ ჩარკვიანმა, გენერალურ პროკურატურას მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა. პარალელურად, საქმის მოკვლევის განცხადებით მან მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსაც.

ასევე ნახეთ რეგულირების სააგენტო კოვიდით გარდაცვლილი ფეხბურთელის მკურნალობის ხარვეზებზე საუბრობს

ასევე ნახეთ რაში ადანაშაულებს კლინიკას კოვიდით გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი? 
ასევე ნახეთ რატომ კვდებიან კოვიდ-პაციენტები საქართველოში?