Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაში ადანაშაულებს კლინიკას კოვიდით გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი? 


კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ოჯახი გამოძიების დაწყებას ითხოვს. ვახტანგ ჩარკვიანის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა, 7 ოქტომბერს გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმართა და მისი შვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. ვახტანგ ჩარკვიანი COVID19-ით 8 აგვისტოს დაინფიცირდა.11 აგვისტოს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. ერთთვიანი მკურნალობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 20 წლის ფეხბურთელი 10 სექტემბერს გარდაიცვალა.

გარდაცვლილის მამა გამოძიების დაწყებას სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით ითხოვს. მათ შორის, 116-ე მუხლით - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით. მისივე თქმით, შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს ასევე 130-ე მუხლით, რაც ავადმყოფის განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს. გაიოზ ჩარკვიანი თვლის, რომ არ არის გამორიცხული, ადგილი ჰქონოდა 342-ე მუხლის დარღვევასაც, ანუ სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც გამოიწვია ადამიანის გარდაცვალება. კიდევ ერთი მუხლი, რომლის ჩართვასაც გაიოზ ჩარკვიანი გამოძიებაში მოითხოვს, ეს არის 370-ე მუხლი, ცრუ ინფორმაციის მიწოდება.

გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა ამბობს, რომ ის ფლობს და ინახავს მტკიცებულებებს, მათ შორის შვილთან სატელეფონო მიმოწერისა და აუდიო გზავნილების ჩანაწერებს, რაც ამყარებს ოჯახის ეჭვებს რესპუბლიკური საავადმყოფოს მხრიდან სავარაუდო გადაცდომების შესახებ. თუმცა, გაიოზ ჩარკვიანის თქმით, იმ დრომდე, სანამ გენერალური პროკურატურა არ დაიწყებს გამოძიებას და თავად ის და მისი ოჯახის წევრები არ გამოიკითხებიან, ამ მტკიცებულებებს არ გაასაჯაროებს.

ერთ-ერთი პრეტენზია, რასაც გაიოზ ჩარკვიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოს უყენებს, ეს არის მისი შვილის შესახებ მედიით ცრუ ინფორმაციის გავრცელება. გარდაცვლილის მამა ამბობს, რომ ოჯახს რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის არ მიუცია უფლება, ესაუბრა მათი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მისივე თქმით, ამ გარემოებას ართულებს ისიც, რომ კლინიკის ექიმმა, საზოგადოებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა:

გაიოზ ჩარკვიანი
გაიოზ ჩარკვიანი

„10 სექტემბერს, როდესაც ჩემი შვილი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული, ერთ-ერთ ტელეკომპანიას, პირდაპირ ეთერში ჩაერთო რესპუბლიკური კლინიკის ექიმი, დევი ტაბიძე. ჟურნალისტმა მას ჩვენი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეკითხვა დაუსვა, სადაც მან თქვა, რომ მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო და იმყოფებოდა კვლევაში. პირველ რიგში, ამ საკითხზე საუბრის უფლება მე მისთვის არ მიმიცია. მან გააჟღერა პერსონალური მონაცემები და მას არ ჰქონდა ამის უფლება. რაც მთავარია, მან საზოგადოება მოატყუა ჩემი შვილის მდგომარეობის შესახებ. როდესაც ის ამბობდა, რომ მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო, ჩემ შვილს ზუსტად იმ დროს უკვე გულის ხელოვნურ მასაჟს უკეთებდნენ ახალგაზრდა გოგო-ბიჭები. მისი კომენტარის შემდეგ, რამდენიმე წუთში, 45-50 წუთში, ჩემი შვილი გარდაიცვალა. მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ჩემი შვილის საქმე საერთოდ არ იცოდა და თქვა ის, რაც არ უნდა ეთქვა“.

10 სექტემბერს, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ, ტელეკომპანია რუსთავის 2-ის ეთერში, გადაცემაში „დღის კურიერი“, მას შემდეგ გააკეთა მცირე კომენტარი 20 წლის ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რას მას გადაცემის წამყვანმა კითხვა დაისვა: „გავრცელებულია ინფორმაცია, რომ თქვენთან წევს 20 წლის სპორტსმენი, რომელიც სასტუმროდან გადმოიყვანეს. როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა? ჩვენ, ბუნებრივია, მის სახელსა და გვარს არ გეკითხებით“.

გადაცემის წამყვანის კითხვას, დევი ტაბიძე, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ამ ფორმულირებით პასუხობს:

„მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ჯერჯერობით, კვლევაშია. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება. გამომწვევ მიზეზებზე, კონკრეტული განმარტების მოცემის უფლება არ მაქვს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მედიცინა ორჯერ ორი ოთხი არასდროს არის და ამიტომ რაღაც გარკვეული წინაპირობა ალბათ არსებობდა და როცა კვლევები დასრულდება, აუცილებლად ჩაგაყენებთ საქმის კურსში“.

კიდევ ერთი საკითხი, რაც გარდაცვლილი ფეხბურთელის მამას კითხვის ნიშნებს უჩენს, ეს არის კლინიკის ადმინისტრაციის მხრიდან მიღებული უარი საავადმყოფოს ტერიტორიაზე არსებული სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების გადაცემაზე. წერილი, რომელშიც უარის მიზეზია ახსნილი, გაიოზ ჩარკვიანმა 29 სექტემბერს მიიღო:

„შვილის გარდაცვალების შემდეგ, მე და ჩემმა კოლეგამ მივმართეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოს. მოვითხოვეთ ჩემი შვილის იქ ყოფნის პერიოდში არსებული ყველა დოკუმენტაცია. ვითხოვდით ვიდეო-ჩანაწერების ასლებს, სადაც დაფიქსირებული იქნებოდა ვახტანგ ჩარკვიანის კლინიკაში შეყვანის ფაქტი, მისი განთავსებისა და გადაადგილების ამსახველი ჩანაწერები, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ყოფნის დროს მასზე განხორციელებული ყველა ჩანაწერი. პასუხად მივიღეთ, რომ ჩემი შვილის საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში, ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ტერიტორიაზე არსებული ვიდეო-კამერები, გამოსული იყო მწყობრიდან და არ ხდებოდა ვიდეო ჩაწერა. ვსვამ ლოგიკურ კითხვას, ვისი დარწმუნება უნდათ, რომ თურმე, ერთი თვის განმავლობაში, ჩაწერა არ ხორციელდებოდა? აქედან გამომდინარე, მინდა მივმართო პროკურატურას, დაუყოვნებლივ მოხდეს აღნიშნული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღება, მათ შორის, სარეანიმაციო ბლოკში შემავალი კამერების, რათა არ მოხდეს მათი განადგურება. ჩემი შვილი რეანიმაციაში 12 დღის განმავლობაში იწვა, უნდა არსებობდეს ჩანაწერები, რა ხდებოდა იქ 12 დღის განმავლობაში“.

ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან გოფოძე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ კლინიკა მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და გადასცეს მათ ყველა საჭირო ინფორმაცია გარდაცვლილი პაციენტის შესახებ. მისივე თქმით, კლინიკის ექიმებმა მაქსიმალური ძალისხმევა გასწიეს ახალგაზრდა ფეხბურთელის გადასარჩენად:

ლევან გოფოძე
ლევან გოფოძე

„იმ ბრალდებებს, რასაც ოჯახი გვიყენებს, ჩვენ ვერაფრით დავეთანხმებით, მაგრამ ეს გამოძიების საგანია. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ მისი სიცოცხლე შეგვენარჩუნებინა. თავს ზევით გადახტნენ ექიმები და უყურადღებობა კი არა, ერთი წამით არავის შეუჩერებია ამ პაციენტის მიმართ ზრუნვა. სამწუხაროდ, ვერ გადავარჩინეთ ბიჭი. მისი სიკვდილი თითოეულმა თანამშრომელმა ძალიან მძიმედ გადაიტანა. ისინიც დაიხოცნენ. მამას, ოჯახს, აქვს უფლება მოითხოვოს გამოძიება. ჩვენ ყველანაირად ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან. ჩვენს ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი გამჭვირვალეა, ამიტომ პრობლემა არ იქნება. იმედია, რომ ყველაფერი გაირკვევა და ოჯახიც მიიღებს იმ პასუხს, რისი მიღებაც სურს“.

გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა შეხვედრას ითხოვს ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან. ოჯახმა მოკვლევის დაწყების მოთხოვნით, 4 ოქტომბერს მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსაც.

როგორც რეგულირების სააგენტოში განუმარტეს რადიო თავისუფლებას, სააგენტო უახლოეს პერიოდში მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით, რის შემდეგაც უწყება საქმის მოკვლევას და დოკუმენტაციის შესწავლას დაიწყებს.

რეგულირების სააგენტოს ინფორმაციითვე, 2021 წელს, კოვიდით გარდაცვალების საქმეზე უწყებაში 16 განცხადებაა შესული. მათგან დაწყებულია 14 საქმის მოკვლევა.

7 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილია 9 162 ადამიანი. ბოლო 24 საათში კოვიდით გარდაიცვალა 28 პაციენტი.

XS
SM
MD
LG