სოფელ წნელისის ტყესთან მისასვლელი გზა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ფიჩხით ჩახერგეს, ტერიტორია კი საღებავით მონიშნეს და იქ ადგილობრივ მოსახლეობას შესვლა აუკრძალეს. - ეს ინფორმაცია თავდაპირველად ანტისაოკუპაციო მოძრაობამ გაავრცელა, მოგვიანებით კი დეტალებზე იმ მონადირემ ილაპარაკა, რომელსაც ტყეში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები შეხვდნენ, იარაღი წაართვეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გააფრთხილეს, რომ ტყეს აღარ მიახლოებოდა. ბესო მჭედლიძე სოფელ კოდის მკვიდრია. მან რუსეთის მესაზღვრეების დანაბარები თანასოფლელებსა და სამართალდამცავებს გადასცა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მონიშნული ტერიტორია პოლიციელებმაც ნახეს და საქმის კურსში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩააყენს. ბესო მჭედლიძე ამბობს, რომ წნელისის მიმდებარე ტყით ყოველთვის სარგებლობდნენ კოდის მცხოვრებლები და იქ მანამდე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები არ უნახავთ.
Your browser doesn’t support HTML5
კოდის მცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ბორდერიზაციის ახალ ეტაპს იწყებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სოფელი კოდა ტყის გარეშე დარჩება.
ზაფხულის შემდეგ კოდის გზაზე ყველა მოქმედება შეწყდა, მაგრამ ახლა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სოფლის ტყეში ისევ გამოჩნდნენ და ახალი ტერიტორიების შემოსაზღვრა დაიწყეს.
სოფელ კოდის პრობლემები რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ღობეები და მავთულხლართები დაამონტაჟეს. მაშინ კოდელებმა რამდენიმე ათეული ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაკარგეს.
2017 წელს ღობეების მონტაჟი, დაახლოებით, 300 მეტრზე ისევ გააგრძელეს, მაგრამ კოდაში დაწყებული ბორდერიზაცია ამით არ დასრულებულა. შარშან ივნისში დე ფაქტო პარლამენტში შეიქმნა დემარკაციის კომისია, რომელმაც სოფელ კოდის დამაკავშირებელ გზასა და დოლომიტის საბადოზე პრეტენზია გამოაცხადა. ამ შემთხვევაში სოფელი წნელისი მთლიანად ოკუპირებული იქნება, ასევე ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცევა კოდასთან დამაკავშირებელი 200-მეტრიანი საგზაო მონაკვეთიც და ეს სოფელი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიას მთლიანად მოსწყდება.
საქართველოს ხელისუფლებამ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ივნისში დაწყებული მოქმედებები ჟენევის დისკუსიის ფორმატში გააპროტესტა, სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა კი ოსურ მხარეს მოქალაქეთა ჰუმანიტარული პრობლემების მოსაგვარებლად ერთობლივი გამოსავლის მოძებნა შესთავაზა.
ზაფხულის შემდეგ კოდის გზაზე ყველა მოქმედება შეწყდა, მაგრამ ახლა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სოფლის ტყეში ისევ გამოჩნდნენ და ახალი ტერიტორიების შემოსაზღვრა დაიწყეს. კოდელები საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ, რადგან, მათი თქმით, სოფლის დამაკავშირებელი ერთადერთი გზა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ამ საკითხს „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე განიხილავენ.