„ქვეყნების სიაც გვექნება, რომლებსაც აქვთ უსამართლო დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ინტერვიუში აზერბაიჯანულ პროსახელისუფლებო ტელევიზია Real TV-სთან.
ინტერვიუ, რომელიც 12 დეკემბერს ჩაიწერა, 13 დეკემბერს გავიდა პირდაპირ ეთერში აზერბაიჯანული გახმოვანებით. ირაკლი კობახიძე ქართულად საუბრობდა და მის ციტატებს კობახიძის ადმინისტრაციის პრესცენტრი ავრცელებს.
ირაკლი კობახიძეს ამ სიაში შესაყვანი ქვეყნები არ დაუსახელებია:
„დღეს არ მინდა, ეს ქვეყნები დავაკონკრეტო, რათა მათ დავუტოვოთ შანსი, შეიცვალონ საკუთარი ქცევა“, - განაცხადა მან.
„რუსული სახელმძღვანელოდანაა“
ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს ინიციატივა ჰგავს რუსეთის ფედერაციაში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინიციატივით შექმნილ „არამეგობრული ქვეყნების“ სიას.
„არამეგობრული ქვეყნების“ სია აქვს ბელარუსსაც, რომელსაც ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა მართავს.
„კობახიძის ეს ინიციატივა, როგორც მისი ყველა ბოლო ინიციატივა, არის რუსული სახელმძღვანელოდან გადმოღებული და ამ სახელმძღვანელოს ადაპტაციის მცდელობა ქართულ რეალობაზე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი მელაშვილი, „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ დამფუძნებელი.
იგი საუბრობს „ქართული ოცნების“ „სიებით ობსესიაზე“: „ბევრი მსგავსება შეიძლება დავინახოთ რუსეთთან, - სხვადასხვანაირი სიით ობსესია, მათ შორის „აგენტების“, „არამეგობრული ქვეყნების“, - რაც ჯდება პროპაგანდისტულ გზავნილებში, თითქოს საქართველოს ნამდვილი მტერი ჰყავს არა რუსეთის სახით, არამედ დასავლეთის სახით“, - ამბობს ის.
„ქართულმა ოცნებამ“ 2024 წელს, ხელმეორედ - წინა წელს კანონპროექტის მიღებისა და პროტესტის ფონზე გაწვევის შემდეგ - მიიღო რუსული სტილის „აგენტების კანონი“.
ასევე ნახეთ სრული სიმართლე „აგენტების კანონზე“„გლობალური ომის პარტია“
აზერბაიჯანულ ტელევიზიასთან ინტერვიუში კობახიძემ ასევე ისაუბრა „გარკვეული ძალების“ სურვილზე, „საქართველო გამხდარიყო მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ“.
მან გაიმეორა, რომ „ამ ძალებს აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა როგორც ევროკავშირზე, ასევე ამერიკის მოქმედ ადმინისტრაციაზე“.
ეს ფრაზა ნაწილია „ქართული ოცნების“ და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შეთქმულების თეორიებისა „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ.
ასევე ნახეთ მივაგენით, ვინ არის „გლობალური ომის პარტია“ და რატომ ერჩის ივანიშვილს - შეთქმულების ამ თეორიის სათავეებთან„ასეთი, „არამეგობრული ქვეყნების“ მსგავსი სიის შექმნა კარგად ჯდება რუსული ტიპის კონსპიროლოგიაში, რითაც „ქართული ოცნება“ ცდილობდა ამომრჩეველზე ზეგავლენას. ეს აბსოლუტურად იდენტურია დეზინფორმაციაზე რუსული სახელმძღვანელოსი“, - ამბობს გიორგი მელაშვილი.
ვინ არის რუსეთის სიაში?
ვლადიმირ პუტინმა ჯერ კიდევ 2018 წელს გადაწყვიტა, რომ რუსეთს არამეგობრული ქვეყნები უნდა აღენუსხა.
2022 წლიდან არსებობს ორი მსგავსი სია, რომლებშიც 50-ზე მეტი ქვეყანა მოხვდა.
მათ შორის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, ავსტრალია, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა და მათი სხვა მოკავშირეები.
საქართველო რუსეთის არამეგობრული ქვეყნების სიაში არ არის შეყვანილი.
ასევე ნახეთ რუსეთის არამეგობრული ქვეყნების ორი სია - საქართველო არც ერთში არაადემონსტრაციების მე-16 დღე
საქართველოში უკვე მე-16 დღეა, საპროტესტო დემონსტრაციები იმართება „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების გამო, უარი თქვან ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებების გახსნის დღის წესრიგში დაყენებაზე „2028 წლამდე“.
„ქართული ოცნების“ ეს გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა 28 ნოემბერს - ერთი თვის თავზე საპარლამენტო არჩევნებიდან, რომლის შედეგებსაც არ აღიარებენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური პარტიები.
ევროპარლამენტის ბოლო, 28 ნოემბრის რეზოლუცია საქართველოს შესახებ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს, არ აღიარებს მის შედეგებს და მოითხოვს „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებას.
დასავლელი პარტნიორების უმრავლესობას „ქართული ოცნებისათვის“ არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცავს.
ასევე ნახეთ ევროპარლამენტი 26 ოქტომბრის არჩევნების აღიარებას არ აპირებს - რა წერია რეზოლუციის პროექტში