კვლავ უცნობია, აღიარებს თუ არა საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას

12 ოქტომბერს საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის საგანგებო სხდომაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების გადაწყვეტილება მიიღეს. გახდება თუ არა საქართველოს ეკლესიისთვის ეს საბაბი, მხარი დაუჭიროს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას, კვლავ უცნობია.

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სინოდი რას გადაწყვეტს, რთული სათქმელია. სინოდის კრება, რომლის მოწვევაც მხოლოდ პატრიარქს ან მის თანამოსაყდრეს შეუძლია და რომელმაც უნდა გადაწყვიტოს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი, გასული წლის დეკემბრის შემდეგ არ შეკრებილა. უცნობია მომდევნო კრების მოწვევის თარიღი და მასზე განსახილველი საკითხები.

ცალკეული მღვდელმსახურები კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიერ უკრაინისთვის ავტოკეფალიის ტომოსის მინიჭების შემდეგ ამბობდნენ, საქართველოს ეკლესია იმიტომ არ აღიარებს დაუყოვნებლად უკრაინის ავტოკეფალიას, რომ ეს ჯერ სხვა ეკლესიებს არ გაუკეტებიათ. თუმცა ქართულ ეკლესიაში არიან ისეთებიც, ვინც ტომოსის მიცემის შემდეგაც და ახლაც, როცა საბერძნეთის ეკლესიამ აღიარა უკრაინის ავტოკეფალია, თვლის, საქართველოს ეკლესიას, როგორც წლების განმავლობაში თავადაც რუსეთის ეკლესიის გავლენის ქვეშ მყოფს, მართებს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერა. მაგალითად, მეუფე პეტრე ჯერ კიდევ 2018 წლის იანვარში იმედოვნებდა, რომ ქართული ეკლესია სიმართლის მხარეს დადგებოდა. მაშინ ის იმედოვნებდა, რომ სინოდის სხდომის და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება არ დაგვინდებოდა, დღეს კი ამბობს, სინოდის კრების ამ დრომდე არ მოწვევა გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს.

რადიო თავისუფლება ჭყონდიდელ მიტროპოლიტს ტელეფონით 14 ოქტომბერს ესაუბრა.

დააჩქარებს თუ არა საბერძნეთის ეკლესიის მხარდაჭერა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის ქართული ეკლესიის გადაწყვეტილებას?

შევთხოვთ უფალს, არათუ ელადის ეკლესიის გადაწყვეტილება იყოს ბიძგი, არამედ ზეციური ხმა, რათა გადავდგათ სამართლიანი, კანონიკური ნაბიჯი და შევუერთდეთ ამ სამართლიან გადაწყვეტილებას.

ქრისტიანმა ქრისტიანული საქციელი უნდა ჩაიდინოს დაუყოვნებლივ, საჭიროების შემთხვევაში. იმის თქმა, რომ დაველოდოთ სხვებს, როგორც მინიმუმ, ჩემი შეფასებით არის ფარისევლური დამოკიდებულება. დიფტიხის თანახმად, ჩვენ, რა თქმა უნდა, უსამართლოდ, მაგრამ ეს არის ფაქტი, რუსეთის ეკლესიის შემდეგ მოვიხსენიებით. ანუ რა გამოდის, რომ რუსეთის ეკლესიის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ? დანარჩენი თავად საზოგადოებამ განსაჯოს.

თუმცა მეუფე ანანიამ დღეს სწორედ დიპტიხი ახსენა და თქვა, რომ დიფტიხის მიხედვით, ჯერ უნდა ცნოს ალექსანდრიამ, ანტიოქიამ და ა.შ. და მოვა ჩვენი რიგიც და რომ ეს დროში გაწელილი, ხანგრძლივი პროცესია, რომელიც შეიძლება ათწლეულებიც გაგრძელდეს?

დრო ძალიან დაჩქარებულია. მაგალითად ჩვენ ბევრი წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ იმპერიის მმართველობისგან თავი დაგვეღწია. თავისუფლების ხარისხს გააჩნია. არ ვისურვებდი უკრაინის შემთხვევაში ეს ასეთივე ხანგრძლივი პროცესი ყოფილიყო. იყოს ღვთის ნება.

ასევე ნახეთ რატომ დუმს ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიაზე - ღია და დაფარული არგუმენტები

თქვენი შეფასებით, რამდენად თამაშობს პოლიტიკური პროცესები როლს ამ პროცესში? არის ეს შანსი საქართველოს ეკლესიისთვის, რომ მან უარი თქვას რუსული ეკლესიის გავლენებზე?

ჩვენ უნდა ვმოქმედებდეთ კანონიკური სამართლის ნორმებით და ქრისტიანული სულისკვეთებით. რაც შეეხება პოლიტიკას, თუ დავუშვებთ, რომ ეს საკითხი შეიძლება გახდეს პოლიტიკური სპეკულაციების საგანი, მაშინ მე პირადად, როგორც ერთი მღვდელმთავარი, ვთვლი, რომ ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ამის სანაცვლოდ რუსეთის მხრიდან უსამართლოდ აღიარებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმება. მხოლოდ ეს მიმაჩნია პრინციპულ პოზიციად.

შესაძლოა თუ არა საქართველოს ეკლესიის მხრიდან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებამ რუსეთს უბიძგოს მაგალითად აფხაზეთის ან ე.წ. სამხრეთ ოსეთის ეკლესიის ავტოკეფალიის პროცესის დასაწყებად და ამ ფაქტორის გამო აჭიანურებდეს საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის მხარდასაჭერად?

ამ საკითხის ასე დაყენება სპეკულაციაა და მე პირადად არ ვეთანხმები ამ პოზიციას.

ასევე ნახეთ ინაშვილი და თარხან-მოურავი პატრიარქს სთხოვენ არ აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია


უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია 6 იანვარს მოიპოვა. მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ავტოკეფალიის დამადასტურებელი მოწმობა, ტომოსი გადასცა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, მიტროპოლიტ ეპიფანეს. დოკუმენტის საზეიმო გადაცემა მოხდა წირვისას სტამბოლში, წმ. გიორგის ტაძარში. ბართლომემ ტომოსს წინა დღით მოაწერა ხელი. ამით დასრულდა უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 330-წლიანი კონტროლი. 27 აპრილს უკრაინის პატრიარქმა თქვა, რომ აღიარების პროცესს აქტიურად ეწინააღმდეგებოდა მოსკოვი. უფრო ადრე, 31 იანვარს რუსეთის საპატრიარქოში თქვეს, რომ ქართული ეკლესიის მხრიდან უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერა წარმოუდგენლად მიაჩნიათ.

ასევე ნახეთ რა აფერხებს საქართველოს საპატრიარქოს