კახეთში მარტის ბოლოს დახურული საკვირაო ბაზრობები ამ დრომდე არ მუშაობს. ასეთი რეგიონში სულ 5 ბაზარია. ერთ-ერთი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში მდებარეობს. თვითდასაქმებულები, რომლებიც ამ ბაზარში მუშაობდნენ, ამბობენ, რომ ობიექტის დახურვის შემდეგ მათი შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდა, რადგან უმეტესობას ვაჭრობის საშუალება აღარ აქვს, ზოგი კი ქუჩაში ვაჭრობს. დაზარალებულები ამბობენ, რომ ადგილების შეცვლის გამო მუდმივი კლიენტი დაკარგეს, რაც ავტომატურად აისახა მათ ფინანსებზე.
“აქ, ბოდბისხევის ბაზარში, მოდიოდნენ მთელი კახეთიდან როგორც მყიდველები, ისე რეალიზატორები. ორ კაპიკს ვაკეთებდით. ახლა წნორის ბაზარში გადავედი, მაგრამ კლიენტი არ არის და მთელი დღე მხოლოდ წინდებს ვქსოვ. ამბობენ, კახეთში კორონავირუსი არ არისო... გახსნან ეს ბაზრები, რომ საკვების ფული მაინც გამოვიმუშაოთ“, - განაცხადა ერთ-ერთმა თვითდასაქმებულმა.
ასევე ნახეთ დაპირების მიუხედავად, კახეთში ე.წ. საბითუმო ბაზარი არ გახსნილაბოდბისხევის გარდა, საკვირაო ბაზრები დახურულია გურჯაანში, თელავში, ყვარელსა და ლაგოდეხშიც. ლაგოდეხში, სოფელ კაბალში, მხოლოდ ყოველდღიური ბაზარი მუშაობს, სადაც ძირითადად ბოსტნეული იყიდება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ბაზარი მცირე ტერიტორიაზეა მოწყობილი და, კორონავირუსის პანდემიის პირობებში მოქმედი შეზღუდვების გამო, იქ ვაჭრობას ყველა ვერ ახერხებს.
როგორც კი დააკმაყოფილებენ იმ პირობას, რაც არის მათზე მიცემული, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მათ უკვე ექნებათ ბაზრების გახსნის უფლება...ირაკლი შიოშვილი
სახელდახელოდ მოწყობილ ბაზარში შემსვლელებს სიცხეს უზომავენ და ხმის გამაძლიერებლებით ფიზიკური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ. კახეთში საკვირაო ბაზრების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს, თუმცა ჩვენთან პირად საუბრებში თქვეს, რომ საკვირაო ბაზრების გახსნას ვერ ახერხებენ, რადგან ასეთი ბაზრები დიდ ტერიტორიებზეა მოწყობილი და შეუძლებელია იმ რეკომენდაციების დაცვა, რომელთაც ჯანდაცვის სპეციალისტები იძლევიან.
მათი თქმით, ბაზრებში, რომლებიც 5-6 ჰექტარ ტერიტორიაზეა მოწყობილი, შეუძლებელია დახლების სველი წესით დამუშავება, ადამიანებისთვის სიცხის გაზომვა და ფიზიკური დისტანციის დაცვა.
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ საკვირაო ბაზრები გაიხსნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დაცული იქნება შესაბამისი უწყებების მიერ გაცემული რეკომენდაციები.
რეგიონში სახელმწფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, ირაკლი შიოშვილი, ამბობს, რომ მთავარი მიზანია ბაზრის ტერიტორიებზე შეიქმნას მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო და ყველა წესი იქნეს გათვალისწინებული.
„საკვირაო ბაზრების ადმინისტრაციას მიეცა რეკომენდაციები და ყოველდღიურად მიმდინარეობს მონიტორინგი. როგორც კი დააკმაყოფილებენ იმ პირობას, რაც არის მათზე მიცემული, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მათ უკვე ექნებათ ბაზრების გახსნის უფლება და ჩვეულ რეჟიმში ვაჭრობის საშუალება“.
ოფიციალური სტრუქტურები გადაჭრით ვერ ამბობენ, როდის გაიხსნება რეგიონში საკვირაო ბაზრები, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი კი გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოუწოდებს, დროულად მოხსნან დაწესებული შეზღუდვები, რადგან საკვირაო ბაზრები იყო ის ადგილი, სადაც ყველა სახის პროდუქტს არა გადამყიდველებისგან, არამედ თავად მწარმოებლებისგან შეღავათიან ფასში ყიდულობდნენ და თავის რჩენა უფრო იაფი უჯდებოდათ. აღსანიშნავია, რომ, საკვირაო ბაზრების გარდა, ზოგ მუნიციპალიტეტში ამ დრომდე არც ყოველდღიური აგრარული ბაზარი მუშაობს, რადგან ადმინისტრაციამ ვერ შეძლო რეკომენდაციების შესრულება.